ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა აღიარა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყატარში გამართვის შესახებ გადაწყვეტილება შეცდომაა.
„კი ბატონო, ეს, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, თუმცა თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რომ ადამიანი ცხოვრებაში შეცდომებს ხშირად უშვებს. ვერც გეოპოლიტიკურ ვითარებას გავექცევით“, – განაცხადა ბლატერმა ტელეარხ RTS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ფიფას ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას საფრანგეთი და გერმანია ლობირებდნენ. ბლატერმა საზოგადოებას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისა და ყატარის ემირის შეხვედრა გაახსენა, რომელზეც უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინიც მიიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მაისში ფიფას მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებია. ზეპ ბლატერს პოსტის შენარჩუნება სურს. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში მას უეფას ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიშელ პლატინი შეეცილება, რომელიც ბლატერის ყველაზე დიდ კონკურენტად სახელდება, თუმც ფიფას პრეზიდენტი ფრანგს კონკურენტად არ მიიჩნევს.
„არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემი და პლატინის კარიერა ერთმანეთთან დაკავშირებულია. მიშელი ჩემი მოსწავლე იყო და 1998 წელს ფიფას პრეზიდენტად გახდომაში დამეხმარა. ჰკითხეთ, სურს თუ არა ჩემი პოსტის დაკავება. არა მგონია, „მამის მკვლელობის“ სურვილი ჰქონდეს. ვფიქრობ, ის ჩემს წინააღმდეგ არ წარადგენს კანდიდატურას“, – ამბობს ბლატერი.
ყატარის მუნდიალის ზამთარში გადატანის შესახებ დასმულ კითხვას ფიფას პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში გადატანა სრულიად შესაძლებელია“.
ბექა დოგრაშვილი