მუნდიალის თასი მსოფლიოს უკლებლივ ყველა ნაკრებს

სათაურიდან გამომდინარე, არ გეგონოთ, რომ საქართველის ნაკრებს ვინმე მსოფლიოს ჩემპიონატის თასს ჩუქნიდეს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ სანამ მსოფლიოს ჩემპიონატის რეალური თასი პლანეტის გარეშე მოგზაურობს, ჩინეთის ხელისუფლებამ გასაყიდად გამზადებული მუნდიალის ათასობით ყალბი თასის კონფისკაცია მოახდინა. ჩინეთის საბაჟოს ოფიცრებმა ლიბიაში გასაყიდად გაგზავნილი 1020 ოქროს ყალბი თასი აღმოაჩინეს. მანამდე კი, ქალაქ სიამინში 1008 ყალბი თასის კონფისკაცია მოახდინეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნამდვილი თასი 18-კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული და მალაქიტის მწვანე ფერის ორი ზოლით ბოლოვდება.  ნამდვილ და ჩინეთში აღმოჩენილ ყალბ თასებს შორის შეუარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა განსხვავების შემჩნევა: ყალბ თასებს შედარებით  ღია ფერი დაკრავდა.

სხვათა შორის, ბრაზილიის ნაკრების მუდმივ საკუთრებაში არსებული ჟიულ რიმეს თასიც არ გეგონოთ ნამდვილი. 1970 წელს ბრაზილიის ნაკრები მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და წესის მიხედვით, თასის მუდმივ საკუთრებაში ქონის უფლება მიიღო. 1983 წლის 19 დეკემბერს, რიო დე ჟანეიროშო მდებარე ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფისიდან ჟიულ რიმეს თასი მოიპარეს. ტიტული სპეციალურად დამზადებულ ფოლადის კარადაში იყო შენახული, რომელსაც ტყვიაგაუმტარი მინა იცავდა. მინა 2 სანტიმეტრის სისქის ხის ჩარჩოში იყო ჩასმული, რითაც მძარცველებმა ისარგებლეს და თასის მოპარვა მოახერხეს. ჟიულ რიმეს ტიტული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. შესაძლოა, ის გადაადნეს კიდეც. საბოლოო ჯამში, ოთხი ადამიანი დაუსწრებლად სცნეს დამნაშავედ. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ 1,8 კგ. ოქროსგან კომპანია „ისთმენ კოდაკს“ თასის ასლი დაამზადებინა. ტიტულის ასლი პირველად ბრაზილიის პრეზიდენტმა 1984 წელს წარმოადგინა.

ჩინეთში გაწაფულები არიან საავტორო უფლებების დარღვევით ნივთების დამზადებაში. ცოტა ხნის წინათ, სიამინის საბაჟოს ოფიცრებმა ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის 21 648 ცალი მაისური ამოიღეს, რომელთაც „ნაიკის“ ფირმის ორიგინალი ფორმებისგან პრაქტიკულად ვერც განასხვავებდით.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

ამერიკელთა ორ მესამედს მსოფლიოს ჩემპიონატი არ აინტერესებს

ამერიკის შეერთებული შტატების მაცხოვრებელთა უმეტესობას მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი ნაკრების გამოსვლა დიდად არ აინტერესებთ. „როიტერ/იპსოსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ყოველი სამი ამერიკელიდან მხოლოდ ერთი აპირებს მუნდიალზე საკუთარი ნაკრების მატჩებისთვის თვალყურის მიდევნებას, გამოკითხულთა მხოლოდ 7 პროცენტი გეგმავს მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრების ცქერას.

გამოკითხულთა 86 პროცენტს საფეხბურთო მუნდიალის შესახებ ან არაფერი, ან ძალიან ცოტა რამ სმენია. გარდა ამისა, გამოკითხულთა ორ მესამედზე მეტმა ისიც არ იცოდა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილია მასპინძლობს.

გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის ესპანურენოვან მაცხოვრებელთა დაახლოებით 30 პროცენტი აპირებს მუნდიალისთვის თვალყურის მიდევნებას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 58 დღე დარჩა.

იხილეთ: 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

ზეპ ბლატერსა და ბრაზილიის პრეზიდენტს შორის სატელეფონო დიალოგი შედგა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა იოზეფ ბლატერმა ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იქნება.

რუსეფმა განაცხადა, რომ მასსა და ბლატერს შორის ათწუთიანი სატელეფონო დიალოგი შედგა. ფიფას ხელმძღვანელმა ბრაზილიის პრეზიდენტი 10 ივნისს, მუნდიალის დაწყებამდე ორი დღით ადრე, სან პაულუში, ფიფას კონგრესის გახსნაზე დაპატიჟა.

„ბლატერი დარწმუნებულია, რომ ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატი ყველა დროის საუკეთესო ტურნირი იქნება“, – რუსეფის სიტყვებს „როიტერი“ ავრცელებს.

ბექა დოგრაშვილი

სად ჩატარდება 2022 წლის მუნდიალის გახსნითი და ფინალური მატჩები

როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში გაიმართება. ტურნირის გახსნითი და ფინალური მატჩები ქალაქ ლუსაილში ჩატარდება, რომლის მშენებლობაც 2006 წელს დაიწყო. მშენებლობის დასასრულს ქალაქის მაცხოვრებელთა რაოდენობა 455 000 ადამიანს უნდა აღწევდეს, ფართობის კი – 35 კვადრატულ კილომეტრს.

სწორედ ლუსაილის მთავარ სტადიონზე შედგება 2022 წლის მუნდიალის პირველი და ბოლო მატჩები. სხვა სტადიონების მსგავსად, ლუსაილის არენაც ეკოლოგიური იქნება: მზის ენერგეტიკის მეშვეობით გაგრილდება, ექნება ნახშირბადის ნულოვანი გამონაბოლქვი. სტადიონის ტევადობა 86 250 იქნება.

 

КГБ — World Cup 2018

როგორც ჩვენი ჟურნალის წინა ნომრებში ვწერდით, ამერიკელმა სენატორებმა ფიფას პრეზიდენტ იოზეპ ბლატერს რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევის თხოვნით წერილი მიწერეს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმაც არ დაახანა და განაცხადა, რომ ბოიკოტზე არავინ ფიქრობს და მუნდიალს, უეჭველად, რუსეთი მიიღებს.

ამ საკითხს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ყაზახეთში გამართულ კონგრესზე გამოეხმაურა: „უკვე დავიღალეთ ასეთი მოთხოვნების მოსმენით. ბოიკოტი გამოუცხადეთ საელჩოებს, მიმართეთ ეკონომიკურ სანქციებს. რატომღაც ყოველთვის სპორტი ხდება სამიზნე. ბევრს არ უყვარს სპორტი და ამიტომ ითხოვენ ამგვარ ბოიკოტს. ვთვლი, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკას უნდა მიხედონ, სპორტი კი გამაერთიანებელი ელემენტი უნდა გახდეს“.

დიახ, 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება. ქვეყანა, რომელსაც არად უღირს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ხელყოფს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს, სადაც ჟურნალისტებს ქუჩაში ხოცავენ, ოთხ წელიწადში უდიდეს საფეხბურთო ზეიმს უმასპინძლებს.

„ბებერმა“ ევროპამ თვალი დახუჭა ყოველგვარ მორალურ ფაქტორზე და არც ჩვენ ვაპირებთ ვინმე კონკრეტული ადამიანის (ქვეყნის წარმომადგენლის) პატიოსნებაზე მსჯელობას, თუმცა განვიხილოთ რამდენიმე სრულიად ობიექტური მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაიმართოს მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში:

როდესაც გადაწყდა, რომ 2010 წლის მუნდიალი სამხრეთ აფრიკაში უნდა გამართულიყო, კოხტაპრუწა ევროპელებმა ვიშვიში ატეხეს: აქაოდა, აფრიკაში საშინელი კრიმინოგენური ვითარებაა და ვინ იცის, საერთოდაც, იქნებ ლომმა იმსხვერპლოს რომელიმე გზააბნეული ფანიო (ზოგიერთი იმაზეც შეშფოთდა, აფრიკაში პროსტიტუცია მძვინვარებს და შიდსს არ გადავეყაროთო… პროსტიტუცია და შიდსი რუსეთში ნახეთ, ბატონო ევროპელებო).

აფრიკულმა მუნდიალმა მეტნაკლებად ექსცესების გარეშე ჩაიარა. აი, რუსეთში კი, ნამდვილად აქვთ ევროპელ ფანებს შიშის მიზეზი. ქვეყნა, რომლის საგარეო პოლიტიკა შოვინიზმზეა აგებული და ქუჩებში ასობით შეიარაღებული ნეოფაშისტი დაძრწის, აშკარად საშიშია მოწინააღმდეგე ნაკრებების ფანებისათვის. სხვა საქმეა რასიზმი. ერი, რომელიც კავკასიელებს „შავებს“ ეძახის, არამგონია, აფრიკული ქვეყნის ნაკრებების გულშემატკივრებს სტუმართმოყვარეობით შეხვდეს. გავიხსენოთ შარშან მოსკოვში მომხდარი ინციდენტი, როდესაც „ცსკა“-ს ქომაგებმა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი იაია ტურე რასისტული შეძახილებით „შეამკეს“.

რუსეთში ჩასულ ქომაგს, სამწუხაროდ, არც იქაური მილიციის იმედია არ უნდა ჰქონდეს. თავად რუსები აღიარებენ, რომ მათ სამართალდამცავ სტრუქტურებში საშინელი კორუფცია მძვინვარებს.

კიდევ ერთი: მუნდიალის მასპინძელ ქვეყანას სამ რეგიონში თითქმის საომარი მდგომარეობა აქვს. დღე არ გავა, ჩრდილოეთ კავკასიაში (ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში) ინციდენტი არ მოხდეს. ყირიმის ანექსიაზე, აფხაზეთსა და შიდა ქართლში მათ მიერ განხორცილებულ ბარბაროსობაზე აღარც ღირს საუბარი.

მოკლედ, რუსეთში ფეხბურთის საქომაგოდ ჩასულ კაცს ცალი თვალი უნდა გეჭიროს, ვინმე მუსლიმანმა ტერორისტმა მძევლად არ აგიყვანოს და მერე რუსმა სამართალდამცავმა ორივეს ერთად არ გაგიხვრიტოთ შუბლი (ჩვენ მეზობლად ხომ მძევლის „გამოხსნის“ ასეთი მეთოდი დიდი ხანია დანერგილია).

როგორც ჩანს, ზემოთ აღნიშნული ფიფას სულ არ ანაღვლებს. მუნდიალის ჩატარების სურვილი ისეთ ქვეყნებს ჰქონდათ, როგორებიცაა: ჰოლანდია-ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი, ინგლისი, თუმცა… ფიფამ ყველას რუსეთი არჩია.

ევროპაში უკვე იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ფიფა რუსული მაფიის გავლენას განიცდის. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მუშაობა კა-გე-ბესაც კი შეადარეს.

ფაქტი ერთია, 2018 წლის მუნდიალი რუსეთში გაიმართება. ალბათ, მას ვლადიმირ პუტინი გახსნის… ალბათ, ალა პუგაჩოვაც იმღერებს…

ცოტნე ცხვედიანი
ჟურნალი Fanebi.com

„ბარსელონას“ პირველი კომენტარი ფიფას გადაწყვეტილების შესახებ

„ბარსელონას“ წარმომადგენელმა კატალონიური კლუბის მიმართ ფიფას მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.

„სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. ფიფას განმარტებას წარვუდგენთ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. 90 დღე გვაქვს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება გავასაჩივროთ. ავხსნით, თუ რატომ გავაფორმეთ ამ ფეხბურთელებთან კონტრაქტები.

ფიფას მხრიდან საუბარია ახალი მოთამაშეების რეგისტრაციის აკრძალვაზე არა დამდეგი ორი წლის, არამედ უახლოესი ორი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნა „ბარსელონას“ მხრიდან უფლებამოსილმა პირმა „ასის“ ჟურნალისტთან საუბრისას.

 

სან პაულუში 2014 წლის მუნდიალის ბრაზილიაში გამართვა გააპროტესტეს

სან პაულუში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრაზილიაში ჩატარების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა.

„ფრანს პრესი“ იუწყება, რომ პოლიციის ცნობით, აქციაზე 600 კაცი შეიკრიბა, თუმცა მიტინგის ორგანიზატორთა თანახმად, 2014 წლის მუნდიალზე სახელმწიფოს მიერ დიდი ოდენობით თანხის გაღება ათასზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა. წინა დემონსტრაციებისგან განსხვავებით, ბოლო აქციაზე მომიტინგეთა და სამართალდამცავთა შორის შეტაკება არ მომხდარა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ თანხები განათლებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოიყოს და არა – მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ბექა დოგრაშვილი

რუსი დეპუტატების პასუხი ამერიკელი სენატორების წერილს: „გარიცხეთ აშშ ფიფადან“

Fanebi.com-ის მკითხველს მოეხსენება, რომ ამერიკელმა სენატორებმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მარკ კერკმა და დენ კოუტსმა ფიფას პრეზიდენტ იოზეპ ბლატერს რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლების ჩამორთმევისა და ფიფადან გარიცხვის თაობაზე წერილი მიწერეს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვეს და პარტია „ედინაია რასიას“ წევრმა ალექსანდრ სიდიაკინმა და „სპრავედლივაია რასიას“ წევრმა მიხაილ მარკელოვმა ფიფას ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების 2014 წლის მუნდიალიდან მოხსნისა და მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო ორგანოდან გარიცხვის თაობაზე მიმართეს.

მიზეზი, რის გამოც აშშ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან უნდა მოიკვეთოს და ფიფადან გაირიცხოს, რუსი დეპუტატების აზრით, მთელი რიგი ქვეყნების წინააღმდეგ ამერიკის მიზანმიმართული აგრესიაა, კონკრეტულად ყოფილ იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიასა და სირიაში განვითარებული მოვლენები სახელდება.

„თვალი თვალის წილ, ბურთი ბურთის წილ. არ დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ასპარეზობა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე! გარიცხეთ აშშ ფიფადან“, – ეს განცხადება სიდიაკინმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

ბექა დოგრაშვილი

ამერიკელი სენატორები ფიფადან რუსეთის გარიცხვას ითხოვენ

ამერიკელმა სენატორებმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მარკ კერკმა და დენ კოუტსმა ფიფას პრეზიდენტ იოზეპ ბლატერს რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე წერილი მიწერეს.

„გთხოვთ, რომ სასწრაფოდ მოიწვიოთ ფიფას რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განხილული იქნება ფიფადან რუსეთის გარიცხვის საკითხი. ჩამოართვით რუსეთს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება და მოხსენით ეს ნაკრები 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალიდანაც.

ფიფას წესდების თანახმად, ქვეყნის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ გამოვლენილი ნებისმიერი დისკრიმინაცია აკრძალულია და ისჯება ორგანიზაციის წევრობის სტატუსის შეჩერებით ან გარიცხვით.

როგორც ვიცით, 1992 და 1994 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე იუგოსლავია ამგვარად დაისაჯა“, – ნათქვამია წერილში, რომელიც სენატორთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

UNIAN — უკრაინა ევროკავშირს: „ჩამოართვით რუსეთს მუნდიალის მასპინძლობის უფლება“

unian.net-ის ცნობით, უკრაინა დიპლომატური არხების მეშვეობით ევროკავშირს სთხოვს, რომ რუსეთს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვან.

„უკრაინამ ევროკავშირს სთხოვა, რომ ყირიმში არსებული ვითარების გამო, რუსეთის წინააღმდეგ გადამჭრელი პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მოქმედებები გაატაროს.

უკრაინელები ევროკავშირს სთხოვენ, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგი შეჩერდეს, გარდა ამისა, რუსეთს 2018 წლის მუნდიალის ჩატარების უფლება ჩამოერთვას“, – unian.net-ი ციტირებს ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის სიტყვებს, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

მანამდე რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევის ინიციატივით ყოფილი სპორტული ჟურნალისტი და ამჟამად დეპუტატი იგორ მიროშნიჩენკო გამოვიდა. ამავეს მოითხოვდა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკიან ლუბკივსკი.

ბექა დოგრაშვილი

ფიფამ ჩალმით და ჰიჯაბით თამაში დაუშვა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო საბჭომ ფიფასთან ერთად გუშინდელ სხდომაზე ოფიციალურად დაუშვა ფეხბურთის მუსლიმური თავსაბურავებით – ჰიჯაბითა და ჩალმით თამაში.

ახალი წესის მიხედვით, ჰიჯაბის ფერი გუნდის სათამაშო ფორმის ფერს უნდა ემთხვეოდეს.

გარდა ამისა, ფიფამ ფეხბურთელებს სათამაშო ფორმის შიგნით ჩასაცმელ მაისურებზე რაიმე სახის წარწერის გაკეთება აუკრძალა.

„ამიერიდან სათამაშო ფორმის შიგნით ჩასაცმელ მაისურებზე არც რაიმე სახის გამოსახულებისა და არც წარწერის გაკეთება დაშვებული არ იქნება, თუნდაც ეს მეგობრული შინაარსისა იყოს“, – განაცხადა ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ.

ეს წესი ძალაში პირველი ივნისიდან შევა და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის რეგულაციაზეც გავრცელდება.

ბექა დოგრაშვილი

დოპინგ-ტესტი მუნდიალზე მოთამაშე ყველა ფეხბურთელს ჩაუტარდება

მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში სურთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოთამაშე ყველა ფეხბურთელმა გაიაროს დოპინგ-კონტროლი. ამის შესახებ ფიფას მედიცინის მთავარმა სპეციალისტმა ირჟი დვორაკმა სან პაულუში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირველი მარტიდან მსოფლიოს ჩემპიოანტის დასრულებამდე ტურნირზე მოთამაშე ყველა გუნდის ყველა ფეხბურთელს მინიმუმ ერთი დოპინგ-შემოწმება ჩაუტარდება“, – ციტირებს დვორაკის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო.

შეგახსენებეთ, რომ 2014 წლის მუნდიალი 13 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი, რომელიც Fanebi.com-მა სპეციალურად ქართველი გულშემატკივრებისთვის მოამზადა: 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი