ზიკო: „მსოფლიოს ჩემპიონატის თასი სამხრეთ ამერიკაში დარჩება“

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ზიკო მიიჩნევს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპონატის მოგების ყველაზე კარგი შანსი ბრაზილიის ნაკრებს აქვს. მისი თქმით, „სელესაოს“ კონკურენციას ისევ სამხრეთამერიკული ნაკრებები გაუწევენ.

„თუ ჩვენი გუნდის ძირითადი ფეხბურთელები ტრავმებს არ მიიღებენ, მაშინ ბრაზილიის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. „სელესაოს“ ძირითადი კონკურენტები, ჩემი აზრით, იქნებიან არგენტინა, თავისი ლიონელ მესით და ურუგვაი, რომელსაც შესანიშნავ თავდამსხმელთა სამეული ჰყავს: ლუის სუარესი, დიეგო ფორლანი, ედინსონ კავანი. ასე რომ, ვფიქრობ, მუნდიალის თასი სამხრეთ ამერიკაში დარჩება“, – ზიკოს სიტყვებს „გლობო“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

დეშამი: „საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ამბიციური უნდა იყოს“

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცადა, რომ მისი გუნდი ეცდება, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს. ფრანგი სპეციალისტის თქმით, „მამლებმა“ 2010 წელს გამართულ მუნდიალზე განცდილი წარუმატებლობა უნდა დაივიწყონ.

„საფრანგეთის ნაკრები ამბიციური უნდა იყოს. ბრაზილიაში მივდივართ სურვილით, რომ ტურნირზე მაქსიმალურად მაღალი შედეგი ვაჩვენოთ. მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის იმას, რაც 2010 წელს მოხდა. ეს ისტორიად დარჩება, მაგრამ არ უნდა გავიხსენოთ. მთავარი ისაა, რაც წინ გველის: მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ჩვენს კედლებში გაიმართება. გულშემატკივრები მხარს გვიჭერენ. პრესაში ყველაფერი შეიძლება დაიწეროს, თუმცა მე ჩემი ფეხბურთელების მჯერა“, – დეშამის სიტყვები ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთთან ერთად Е ჯგუფში შვეიცარიის, ეკვადორისა და ჰონდურასის ნაკრებები მოხვდნენ.

ბექა დოგრაშვილი

სუარესი: „უოლკოტისა და ფალკაოს შემთხვევებმა შემაშფოთა“

„ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი გამოტყდა, რომ თეო უოლკოტისა და რადამელ ფალკაოს მძიმე ტრავმებმა შეაშფოთა. სავარაუდოდ, უოლკოტსა და ფალკაოს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევთ. აღნიშნულის მიუხედავად, მერსიაიდული გუნდის ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ მუნდიალის გამო ენერგიის დაზოგვასა და ფრთხილად თამაშს არ აპირებს.

„უოლკოტისა და ფალკაოს ტრავმებმა შემაშფოთა. ამ ფაქტებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, ბევრი დაფრთხა კიდეც, თუმცა მე კლუბისთვის ძალებს არ დავზოგავ. ცუდზე ფიქრი არ შეიძლება. თითოეული მსოფლიოს ჩემპიონატი უნიკალური შანსია. ყველას სურს ამ ტურნირზე თამაში, თუმცა მე ინგლისის ჩემპიონატზე ფიქრი მირჩევნია. მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთვები მუნდიალზე“, – სუარესის სიტყვებს A Bola ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

მუნდიალის დაკარგული თასი, კლუბის საფირმო ჰაერი, სოკერის წარმოშობა და განელთა ტრადიცია — „ფეხბურთოლოგია“

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ინტერნეტ-ჟურნალში ახალი რუბრიკა დავამკვიდრეთ – სახელწოდებით „ფეხბურთოლოგია“. წინა ნომერში აღნიშნულ რუბრიკას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს კიდევ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ისტორიას მსოფლიო ფეხბურთის ისტორიიდან.

განელთა ტრადიცია
ვინც 2013 წელს გამართულ კონფედერაციის თასის გათამაშების ტელეტრანსლაციებს თვალყურს აქტიურად ადევნებდით, გემახსოვრებათ კომენტატორმა სანდრო ცნობილაძემ ნიგერიის ნაკრების ნახევარმცველ სანდეი მბაზე რომ თქვა, სახელიდან გამომდინარე, ეს ბიჭი, უეჭველად, კვირა დღეს დაიბადაო. ნიგერიისა რა მოგახსენოთ და განაში ეს ტრადიცია მართლაც არსებობს. ამ ქვეყნის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ დაბადების დღე ადამიანზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მოახდენს გავლენას. განაში თითქმის ყველა ბავშვს პირველ ან მეორე სახელად სწორედ იმას უბოძებენ, რომელ დღესაც დაიბადება იგი. ასე მაგალითად, გაეროს ყოფილ გენერალურ მდივან კოფი ანანის სახელი „პარასკევს“ ნიშნავს. „მილანის“ ცნობილი ფეხბურთელის, მაიკლ ესიენის მეორე სახელი კოჯო გახლავთ, რაც „ორშაბათს“ აღნიშნავს.

მუნდიალის დაკარგული თასი
1966 წლის ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ცოტა ხნით ადრე ტურნირის თასი საჯარო გამოფენიდან მოიპარეს. საქმეში პოლიცია და სკოტლანდ-იარდიც ჩაერთო, მაგრამ, მათი გაფაციცებული ძებნის მიუხედავად, ტიტულს ბერ პოულობდნენ. მთავრობამ თასის მპოვნელს ჯილდოდ 60 ათასი ფუნტ სტერლინგიც დაუწესა. ტიტული მხოლოდ შვიდი დღის შემდეგ იქნა ნაპოვნი და ისიც ძაღლის დახმარებით. სასეირნოდ გასულმა ფინია ძაღლმა სახელად პიკლზმა უცაბედად ბუჩქებისკენ ისკუპა, პატრონიც მიჰყვა და ჰოი, საოცრაბავ, ჟიულ რიმეს სახელწოდების თასი! ის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრებმა მოიგო. ტურნირის ბოლოს გამართულ ბანკეტზე ძაღლიც მიიწვიეს და ფეხბურთელთა თეფშებიდან ჭამის უფლებაც მისცეს.

კლუბის საფირმო ჰაერი
გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს „ფიორენტინა“ ბრწყინავდა. კლუბმა წარმატებული ასპარეზობით მრავალი ქომაგის გულიც მოიგო. ამით „ფიორენტინას“ მესვეურებმა ხეირის ნახვა ისურვეს და კლუბის საფირმო მაღაზიებში ქილით ჰაერის გაყიდვა დაიწყეს. კოლექციაში სხვადასხვა სახელწოდების ჰაერს იპოვიდით: „ტრიბუნის სული“, „გამარჯვების ესენცია“ და „გასახდელის ატმოსფერო“.

სოკერის წარმოშობა
აშშ-ში ფეხბურთს „სოკერს“ უწოდებენ, ტერმინი Football-ი კი მათში სპორტის იმ სახეობას ჰქვია, რომელსაც ჩვენ ამერიკულ ფეხბურთს ვუწოდებთ. ამის მიუხედავად, სიტყვა „სოკერი“ სულაც არ გახლავთ ამერიკული წარმოშობისა. ეს ტერმინი 1880-იან წლებში, ინგლისში ოქსფორდული სლენგიდან გავრცელდა. მანამდე ინგლისში ფეხბურთს ოფიციალურად ერქვა „association football“, რათა რაგბისგან გაერჩიათ (რაგბის სახელწოდება იყო „rugby football“). სიტყვა association-ის შემოკლებითა და სუფიქს er-ის დამატებით მივიღეთ ტერმინი „soccer“-ი.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

ბლატერმა, თქვენ გინდოდეთ, თორემ მე პრეზიდენტობა კიდევ შემიძლიაო

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობა გააგრძელოს. ამის შესახებ მან შვეიცარიულ რადიოსადგურ RTS-ის ეთერში განაცხადა.

„საკმაოდ ჯანმრთელი ვარ და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ვიფიქრო წასვლაზე. თუ ფიფაში შემავალი ასოციაციები არჩევნებში მონაწილეობას მთხოვენ, მე ამაზე უარს არ განვაცხადებ“, – აღნიშნა ზეპ ბლატერმა.

ფიფას პრეზიდენტად არჩევისთვის რამდენჯერმე ასაკობრივი ცენზის შემოღების საკითხიც დაისვა, თუმცა 77 წლის ბლატერი ამბობს, რომ საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის მხრიდან ასეთი ქმედება არაკორექტული იქნება.

„ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რაიმე საქმიანობაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება დისკრიმინაციის ტოლფასი იქნება“, – ამბობს ბლატერი.

აღნიშნულ საკითხზე ფიფას კონგრესმა სან-პაულუში, მიმდინარე წლის ივნისის თვეში უნდა იმსჯელოს.

შეგახსენებთ, რომ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს, როცა ამ პოსტზე მან ჟოაო აველანჟი შეცვალა. დაძაბულ საარჩევნო ბრძოლაში უეფას მაშინდელი პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი დაამარცხა, თუმცა შემდეგ ხმა დაირხა, ბლატერმა ამომრჩეველთა ნაწილი მოისყიდა და ასე გახდა ფიფას ხელმძღვანელიო. მას ამ ხნის განმავლობაში კიდევ არაერთი სკანდალი უკავშირდება და ბევრგან აითვალწუნეს კიდეც, განსაკუთრებით კი – დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. რაც არ უნდა იყოს, ბლატერი იხტიბარს არ იტეხს, თავის მოღვაწეობას დადებითად აფასებს და არც საპრეზიდენტო სავარძლის დათმობის სურვილი აქვს. ცნობისთვის, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას უეფას ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიშელ პლატინიც აპირებს, რომელიც ამ დრომდე ყველაზე რეალურ კანდიდატად გვევლინება.

აქვე გეტყვით, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.Com

ბლატერს ფიფას პრეზიდენტად გახდომა მეხუთედ სურს

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, მსოფლიო ფეხბურთის მმატჩველი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობა გააგრძელოს.

„ჯანმრთელობა ხელს მიწყობს და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ვიფიქრო წასვლაზე. თუ ფიფაში შემავალი ასოციაციები არჩევნებში მონაწილეწობას მთხოვენ, მე ამაზე უარს არ განვაცხადებ“, – აღნიშნა ზეპ ბლატერმა.

შეგახსენებთ, რომ 77 წლის ბლატერი ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს, როცა ამ პოსტზე მან ჟოაო აველანჟი შეცვალა.

ცნობისთვის, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

პოლიტიკა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში, რომელიც ობიექტურობას ვნებს

გთავაზობთ Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეორე ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას სახელწოდებით „პოლიტიკა  „ოქროს ბურთის“  გამოკითხვაში,  რომელიც ობიექტურობას  ვნებს“.

„ოქროს ბურთის“ გამოკითხვის მეთოდი სულ უფრო და უფრო დიდ კრიტიკას იწვევს – მწვრთნელები და ფეხბურთელები უმტესწილად ხმას ცალკეულ სახელებს აძლევენ, რაც გუნდური მიღწევების მნიშვნელობას ამცირებს. აქვე გიჩვენებთ, რომ გამოკითხვაში სუბიექტურ პოლიტიკასა და გაკერპებასაც აქვს ადგილი.

ლიონელ მესიმ ტექნიკურად არ მისცა ხმა კრიშტიანუ რონალდუს, ფრანკ რიბერისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს. არგენტინელმა თავისი ხმები თანაკლუბელებს – ანდრეს ინიესტას, ჩავისა და ნეიმარს გაუნაწილა.

როგორც ჩანს, კრიშტიანუ რონალდუსაც „დაავიწყდა“ თავისი კონკურენტები და საუკეთესო ფეხბურთელად რადამელ ფალკაო დაასახელა. მეორე ადგილი ახალ თანაკლუბელ გარეტ ბეილს, მესამე პოზიცია კი – ძველ თანაკლუბელ მესუთ იოზილს მიაკუთვნა.


სამუელ ეტოო „ოქროს ბურთს“ ყოფილ თანაკლუბელ იაია ტურეს გადასცემდა, რომელიც გასულ წელს ტიტულის გარეშე დარჩა. მეორე ადგილზე ლეო მესი გაიყვანა, მესამეზე კი ახლანდელი თანაკლუბელი ედენ აზარი.

პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა იაკუბ ბლაშიკოვსკიმ მესამე ადგილი რობერტ ლევანდოვსკის მიაკუთვნა. პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ ლევანდოვსკი სულაც პირველ პოზიციაზე გაამწესა.

თურქეთის ნაკრების თავკაცმა ფათიჰ თერიმმა პირველი ადგილი მესუთ იოზილს მიაკუთვნა, რითაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას მიანიშნა, აი, ვინ მაკლდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელადო.

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა თანამემამულე ბეილი მესისა და რონალდუზე მაღლა დააყენა.


ურუგვაის ნაკრების კაპიტანმა დიეგო ლუგანომ პირველი ორი პოზიცია თანამემამულეებს გაუნაწილა – ლუის სუარესსა და ედინსონ კავანის. სუარესს ხმა ასევე მისცეს თანაკლუბელებმა მარტინ შკრტელმა (პირველი ადგილი) და სტივენ ჯერარდმა (მე-3 ადგილი).

რობინ ვან პერსიმ პირველ ადგილზე თანამემამულე არიენ რობენი გაამწესა.

ჯანლუიჯი ბუფონმა უმაღლესი ქულა ანდრეა პირლოს დაუწერა.

ჩვენი ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას არჩევანიც ბევრს გაუკვირდა: 1. ანდრეს ინიესტა; 2. ანდრეა პირლო; 3. ედინსონ კავანი.

ბექა დოგრაშვილი

პლატინი „ოქროს ბურთის“ შედეგებს აკრიტიკებს

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ „ოქროს ბურთი“ მის თანამემამულე ფრანკ რიბერის არ გადაეცა. როგორც მოგეხსენებათ, პრიზი კრიშტიანუ რონალდუს ერგო.

„ფრანკმა 2013 წელს ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, თუმცა „ოქროს ბურთი“ მას არ გადაეცა. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემა არსებობს. ანალოგიური სიტუაცია გვქონდა 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულ ესპანელ ფეხბურთელებთან მიმართებაში.

რაღაც შეიცვალა მას შემდეგ, რაც „ოქროს ბურთს“ ფიფა ათამაშებს. 50 წლის განმავლობაში მთავარი ყურადღება შედეგებსა და ტიტულებს ექცეოდა, მაგრამ ახლა ასე აღარ არის“, – ციტირებს პლატინის სიტყვებს ფრანგული პრესა.

ბექა დოგრაშვილი

2013 წლის სიმბოლური გუნდი

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე უკვე გამოავლინეს წლის სიმბოლური გუნდი.  აღნიშნულ ნაკრებში „ბარსელონას“ ფეხბურთელები სჭარბობენ, მათი რაოდენობა ოთხი მოთამაშისგან შედგება. რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

2013 წლის სიმბოლური გუნდი:
(4-3-3)
მეკარე: მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია);
მცველები: ფილიპ ლამი („ბაიერნი“, გერმანია), სერხიო რამოსი („რეალი“, ესპანეთი), ტიაგო სილვა („პსჟ“, ბრაზილია), დანი ალვეში („ბარსელონა“, ბრაზილია);
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“, ესპანეთი), ჩავი („ბარსელონა“, ესპანეთი), ფრანკ რიბერი („ბაიერნი“, საფრანგეთი);
თავდასხმელები: კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი („პსჟ“, შვედეთი), ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა).

აღნიშნული ნაკრები გამოკითხვის შედეგად შედგა. გამოკითხვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროფესიონალ ფეხბურთელებს შორის ჩატარდა.

 

ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატის მისაღებად მზად არ არის?

დაახლოებით ხუთ თვეში ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს სტარტს, თუმცა სამხრეთ ამერიკიდან საგანგაშო ცნობები ვრცელდება. 2013 წლის ბოლოს ქვეყანას ტურნირის მასპინძელი ყველა სტადიონი უნდა ჩაებარებინა, თუმცა ამ დროისთვის სამუშაოები არენათა საერთო რაოდენობის მხოლოდ ნახევარზეა დასრულებული.

შექმნილი მდგომარეობის გამო, ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ტურნირის მასპინძელი მხარის გაკრიტიკებას არ მოერიდა.

„ბრაზილია ახლაღა მიხვდა, რა არის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზება. იმ დროიდან მოყოლებული, რაც მე მსოფლიოს ფეხბურთის მმართველ ორგანოს ვხელმძღვანელობ, ფიფა საქმის ასეთი გაჯანჯლების წინაშე არასდროს დამდგარა. მათ მუშაობა გაცილებით გვიან დაიწყეს. არადა, ბრაზილია ფეხბურთის ისტორიაში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ტურნირის მოსამზადებლად მთელი შვიდი წელიწადი მიეცა“, – შვეიცარიული გამოცემა „24 საათისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სწორედ ამ სიტყვებით გააკრიტიკა ფიფას პრეზიდენტმა ტურნირის ორგანიზატორები.

გარდა ამისა, ზეპ ბლატერმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ ბრაზილიის უკმაყოფილო მოსახლეობის პროტესტმა კვლავ მოიცვას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქები, როგორც ეს 2013 წელს გამართული კონფედერაციის თასის გათამაშების მიმდინარეობის დროს მოხდა.

„ახალი დემონსტრაციებისა და საპროტესტო აქციების მოლოდინში ვართ, მაგრამ მე ამაზე არ ვნერვიულობ. მჯერა, რომ ბრაზილიელები ფეხბურთს თავდასხმის სამიზნედ არ აირჩევენ. ფეხბურთი მათთვის რელიგიაა“, – აღნიშნა ფიფას პრეზიდენტმა.

ბექა დოგრაშვილი

ჰიტცფელდი: „მუნდიალზე ვიღაცებს პრაქტიკულად ამაზონის ჯუნგლებში მოუწევთ თამაში“

შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი მანაუსში გაიმართება, რომელიც ტურნირის მასპინძელი სხვა ქალაქებისგან მოშორებით მდებარეობს. გერმანელი სპეციალისტის აზრით, ეს გუნდებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. შვეიცარიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს, რომელშიც ჰონდურასის წინააღმდეგ ითამაშებს, სწორედ მანაუსში გამართავს.

„ბრაზილია ძალიან დიდი ქვეყანაა და იმისთვის, რომ სხვა ქალაქიდან მანაუსში მოხვდე, ზოგჯერ ხუთი საათია საჭირო. ეს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ვიღაცებს პრაქტიკულად ამაზონის ჯუნგლების გულში მოუწევთ თამაში“, – განაცხადა ჰიტცფელდმა SWR1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მანაუსში შედგება ტურნირის ოთხი მატჩი:

ინგლისი—იტალია (15 ივნისი);
კამერუნი—ხორვატია (18 ივნისი);
აშშ-პორტუგალია (22 ივნისი);
ჰონდურასი—შვეიცარია (26 ივნისი).

2014 წლის მუნდიალის სრული კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

იერო: „ძალიან საინტერესო მსოფლიოს ჩემპიონატი გველის“

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი ფერნანდო იერო თვლის, რომ წინ მეტად საინტერესო მსოფლიოს ჩემპიონატი გველის. „სამეფო კლუბის“ ყოფილი კაპიტნის თქმით, მოქმედი ჩემპიონის წოდება „ფურია როხას“ დამდეგ მუნდიალზე არავითარ უპირატესობას არ მისცემს.

„თუ ესპანეთის ნაკრები ტიტულის დაცვას მოახერხებს, ეს უდიდესი წარმატება იქნება. რა თქმა უნდა, ტურნირამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ „ფურია როხა“ მოქმედი ჩემპიონია და მეტოქეებმა პატივი უნდა სცენ. ამასთანავე, ყოველთვის ვამბობ, რომ მქომედი ჩემპიონის წოდება გუნდს არავითარ დამატებით ბონუსს არ აძლევს.

საკმაოდ სერიოზული მეტოქეები გვყავს. მაგალითად, ბრაზილიის ნაკრები, რომელიც საკუთარ კედლებში ითამაშებს და გულშემატკივართა მხარდაჭერაც ექნება. ყველასთვის რთული ჩემპიონატი იქნება. ამავე დროს, ძალიან საინტერესო ტურნირი გამოვა“, – იეროს სიტყვები football-espana-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები B ჯგუფში ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი