გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.
ამის შესახებ გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმა ნიურნბერგის კონგრესზე განაცხადა. გერმანია ევრო-2020-ის მატჩების ერთ-ერთ მასპინძლადაც არის გამოცხადებული. მოგეხსენებათ, ტურნირი ევროპის კონტინენტის 13 ქალაქში ჩატარდება, მათ შორის მიუნხენიც არის დასახელებული.
„ამ მიზნისკენ უკვე დიდი ხანია მივიწევთ. უმაღლესი დონის ტურნირების ჩასატარებლად საჭირო გამოცდილება გვაქვს. გარდა ამისა, მზად არის საფეხბურთო სტადიონები, რომლებზეც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები შედგა. სხვა არენების მოდერიზაციისთვის 9 წელი კიდევ გვაქვს“, – განაცხადა გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმა.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ადგილს უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 2018 წლის ზაფხულში გამოაცხადებს. ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადგენილა განაცხადის წარდგენის ვადები. უცნობია ისიც, ერთი ქვეყანა უმასპინძლებს ტურნირს თუ რამდენიმე.
ბექა დოგრაშვილი