რას ფიქრობთ ჩვენი მეტოქე გუნდების შესახებ?
ნოემბრის ტესტებისათვის უდაოდ ძალიან ძლიერი მეტოქეები გვერგო. კანადაზე ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ – ყველამ კარგად იცის, რომ კანადა პროგრესირებს ძალზედ სწრაფი ტემპებით. როგორც მოგეხსენებათ, IRB-ს ეგიდით ტარდება წყნარი ოკეანის ქვეყნების თასი, სადაც ჩვენ მეტოქეებს კანადასა და აშშ-ს უნიკალური საშუალება აქვთ ეპაექრონ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის სამოა, იაპონია, ფიჯი და ტონგა. ამან უდაოდ კიდევ უფრო შეუწყო ხელი კანადური რაგბის განვითარებას. ზოგადად უნდა ითქვას, რომ კანადის რაგბის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული და პროგრესირებადი კავშირია. ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ თავიანთი რაგბის განვითარებისათვის და ჩვენგან უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ. აშშ-ს ნაკრები კანადასთან შედარებით შეიძლება ოდნავ უფრო სუსტ გუნდათ ჩაითვალოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აშშ არ არის ძლიერი და აგრეთვე სერიოზულად პროგრესირებადი მეტოქე. რაც შეეხება სამოას, აქ კომენტარები ზედმეტია – სამოა არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, რომელიც ულამაზეს რაგბს თამაშობს და შემთხვევითი არ არის, რომ დღესდღეობით, მსოფლიო რეიტინგში სამოა მეშვიდე ადგილს იკავებს.
რას ნიშნავს ჩვენთვის ნოემბრის ტეს-მატჩები?
ნოემბრის ტესტ-მატჩები ძალიან სერიოზული გამოცდა იქნება ჩვენთვის. ამ მატჩებმა უნდა გვანახოს თუ რეალურად სად ვართ, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და რაზე გვაქვს სამუშაო. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვნახოთ თუ რა გზით უნდა განვაგრძოთ სვლა იმისათვის, რომ 2014 წლის თებერვალ-მარტში ჩვენი უმთავრესი ამოცანა გადავწყვიტოთ, ანუ ევროპის ერთა თასი მოვიგოთ და შესაბამისად 2015 წლის მსოფლიო თასზე მოვხვდეთ „C“ ჯგუფში.
ეს იქნება გამოცდა ეროვნული ნაკრების მწვრთნელების, მოთამაშეებისა და ზოგადად რაგბის კავშირისათვის. ჩვენ ვაცნობიერებთ სრულად ამ უდიდეს პასუხისმგებლობას და ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ქართული რაგბის გულშემატკივარმა გაიხაროს. აქედან გამომდინარე, ჩვენს ამოცანას წარმოადგენს კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გუნდების დამარცხება. რაც შეეხება სამოას, უნდა ვითამაშოთ ღირსეული და ლაღი თამაში, რათა ყველას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მსოფლიოს წამყვან გუნდთან შეგვიძლია ღირსეული პაექრობა.
ამ შეხვედრების რეზულტატს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ქართული რაგბის განვითარებისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ორი წლის განმავლობაში ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარეთ. მწვრთნელები ეცადნენ, რომ რაღაც ახალი შემოეტანათ ჩვენს სათამაშო სტილში და დადგა დრო, რომ ყველამ ერთად მოვითხოვოთ რეზულტატი, როგორც გულშემატკივრებმა, ასევე რაგბის კავშირმა. ბიჭები მზად არიან, მწვრთნელები ძალიან სეროზულად არიან განწყობილნი.
სამწუხაროდ წელს „ეპიდემია“ გვაქვს ტრავმების სახით. ამ თამაშებზე ტრავმების გამო ვერ დაგვეხმარებიან დავით ზირაქაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ვასილ კაკოვინი, იური ნატრიაშვილი, გიორგი ჟღენტი და ვახტანგ მაისურაძე. რაც შეეხება გიორგი ჟღენტს, მიუხედავად სერიოზული ტრავმისა კლუბში მას მაინც ათამაშებენ და 8 ნოემბერს ის მკურნალობის სპეციალურ კურს გაივლის, რის შემდეგ ის ორი-სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. მინდა ავღნიშნო, რომ გიორგი ჟღენტსაც და ნაკრების სამწვრთნელო შტაბსაც დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ მას ამ მატჩებში მიეღო მონაწილეობა. რამოდენიმე მოთამაშემ, მოგეხსენებათ ახლახანს მოიშუშა ტრავმები. მიუხედავად ყველაფრისა, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ნაკრებში გამოძახებული ბიჭები გავლენ მოედანზე და ყველაფერს გააკეთებენ, რათა კვლავ გაახარონ გულშემატკივარი.
მოსამზადებელი პერიოდი და სათამაშო არენა
როგორც ყოველთვის გვქონდა პრობლემები იმასთან დაკავშირებით, თუ სად ვითამაშებით. ნოემბერი ზოგადად ქართული სპორტისათვის გამოირჩევა დატვირთული საშეჯიბრო კალენდრით. ორივე დიდი სპორტული არენა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები თამაშობს, ნოემბერში დატვირთული იქნება ძირითადად საერთაშორისო საფეხბურთო მატჩებით. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და დინამოს ხელმძღვანელობას, რომლებმაც თავიანთი დაძაბული საერთაშორისო კალენდრის მიუხედავად გამონახეს საშუალება, რათა მოეცათ ჩვენთვის ამ მატჩების ჩატარების საშუალება. შესაბამისად 9 ნოემბერს საქართველო – კანადის მატჩი გაიმართება დინამო არენაზე (16:30 საათზე), ხოლო 23 ნოემბერს, საქართველოსა და სამოას მატჩი ჩატარდება მ. მესხის სახელობის სტადიონზე (16:30 საათზე). რაც შეეხება 16 ნოემბერს აშშ-სთან გასამართ მატჩს – სამწუხაროდ ეს ორივე სტადიონი არის დაკავებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ეს თამაში ჩაგვეტარებინა ქუთაისში და ძალიან ბევრი ვიშრომეთ ამისთვის. რამდენჯერმე ჩავედით ქუთაისში. უამრავი საორგანიზაციო პრობლემა დაგვხდა, რომელიც მოვაგვარეთ, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სპორტის სამინისტროსა და კომპანია ვისოლის ხელმძღვანელობას. სამწუხაროდ რაგბის საერთაშორისო საბჭომ ქუთაისში მატჩის გამართვაზე უარი გვითხრა, იმ მიზეზით, რომ ისედაც მოკლე ერთ-ერთი ჩასათვლელი მოედნის უკან, ვისოლის სტადიონზე არის ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის მოთამაშეთა უსაფრთხოებას. გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან დაგვწყდა გული ამის გამო. ქუთაისი ნამდვილად არის ის სარაგბო ქალაქი, რომელიც ღირსია, რომ იქ ჩატარდეს ასეთი დონის საერთაშორისო მატჩები. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ქუთაისში ჩვენი სარაგბო ბაზის დასრულებას, სადაც ცენტრალურ მოედანს 6 ათასამდე გულშემატკივრის დატევის შესაძლებლობა ექნება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშშ-ს ნაკრებ გუნდთან სათამაშოდ უნდა აგვერჩია ან ავჭალის სტადიონი, რომელიც 2000 გულშემატკივარს იტევს, ან რუსთავის სარაგბო სტადიონი, სადაც 3 400 მაყურებლის განთავსება არის შესაძლებელი. შესაბამისად გადაწყდა ამ მატჩის რუსთავის ახლად აშენებულ სტადიონზე 16 ნოემბერს (14:00 საათზე) ჩატარება, რომელიც ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ სტადიონი გაივსება და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება.
ბილეთები და საორგანიზაციო საკითხები
პირველად ჩვენი რაგბის ისტორიაში ჩვენ შევთავაზებთ გულშემატკივარს ორიგინალურ ბილეთს, რომელიც ერთდროულად იქნება ბილეთიც და საინფორმაციო ბუკლეტიც. პირველი გვერდი იქნება შესაბამისად ბილეთი დამახასიათებელი კონტროლის ნიშნითა და ინფორმაციით. მეორე და მესამე გვერდები დაეთმობა გუნდების შემადგენლობებსა და ურთიერთ-შეხვედრების ბალანსა და ისტორიას. ბოლო გვერდი დაეთმობა გულშემატკივართა ქცევის კოდექს, ინფორმაციას იმ ძირითადი წესების შესახებ რომელიც უნდა დაიცვას რაგბის გულშემატკივარმა.
სტადიონის სალაროების გარდა, იგეგმება ბილეთების გარკვეული ოდენობის ვებ-გვერდ Hotsales.ge-ს მეშვეობით გაყიდვა.
კანადისა და სამოას მატჩებზე ბილეთის ფასი იქნება 3 და 1 ლარი, ხოლო რუსთავში, აშშ-ს მატჩზე ბილეთის ფასი იქნება 3 ლარი. ბილეთები გაიყიდება, როგორც თბილისში, ასევე თამაშის დღეს რუსთავში.
იმის გამო, რომ თავდაპირველად სამივე თამაში დანიშნული იყო დღის 2 საათზე, რაც იმ გულშემატკივრებს, რომლებიც შაბათს მუშაობენ დიდ უხერხულობას უქმნიდა, ჩვენ მივმართეთ თხოვნით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, რათა კანადისა და სამოას მატჩების ტელერეპორტაჟის დრო გადაეტანათ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ, მიუხედავად დიდი სირთულეებისა გაითვალისწინა გულშემატკივრების თხოვნა და შესაბამისად კანადისა და სამოას მატჩების ტელერეპორტაჟი დაიწყება 16:30 საათზე, რისთვისაც საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას. რაც შეეხება აშშ-ს მატჩს, ის დაიწყება 14:00 საათზე, რაც გამოწვეულია რუსთავის სტადიონზე ტელერეპორტაჟის გასამართად საჭირო განათების არ ქონით.
ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ გულშემატკივარი მოვიზიდოთ სტადიონზე, რადგანაც საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება გულშემატკივრების მხარდაჭერა. გავიხსენოთ 2010 წლის საქართველოსა და ამერიკის შეხვედრა დინამოზე, როდესაც დამატებით დროში ჩვენმა ბიჭებმა გამარჯვების ლელო დაუდეს სტუმრებს და ამაში ჩვენ ბიჭებს უდაოდ დაეხმარა ის მუხტი, რომელიც გულშემატკივრებმა შექმნეს სტადიონზე.
ჩვენ შევცვალეთ ჩვეული სარეკლამო კამპანია. დავნერგეთ ბევრი სიახლე. ინტერნეტ სივრცეში, ვიდეო პორტალ Myvideo.ge-ზე განვათავსეთ ნოემბრის ტესტ-მატჩების პრომო ბანერი. ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს. დავდივართ უმაღლეს სასწავლებლებში, ვხვდებით სტუდენტებს, ვესაუბრებით მათ რაგბზე და რაგბის ფასეულობების შესახებ და გვინდა, რომ ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტებში გავაჩინოთ ჩვენი გულშემატკივრების კერები. პარარელურად, რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფის წევრები, ეროვნული ნაკრების მოთამაშეებთან ერთად სკოლებში მართავენ შეხვედრებს. ვფიქრობთ, რომ ღონისძიებები საკმაოდ საინტერესოა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის. შესაბამისად, სტუდენტებსაც და სკოლის მოსწავლეებსაც ჩვენ ვთავაზობთ 1 ლარიან ბილეთებს.
მთელი საქართველოს მასშტაბით საფესტივალო ასაკის მორაგბეებს ჩამოვიყვანთ და უფასოდ დავასწრებთ კანადისა და სამოას თამაშებს, ხოლო რაც შეეხება მატჩს აშშ-ს წინააღმდეგ, იქ რუსთაველ სკოლის მოსწავლეებს დავუთმობთ 400 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას უფასოდ, რათა ბავშვები ეზიარონ რაგბს და უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს.
გვქონდა იდეა იმისა, რომ ბილეთები გაგვეყიდა პრესის გავრცელების ჯიხურებში, მაგრამ სამწუხაროდ დიდი საკომისიო გადასახადის გამო, ამ ეტაპზე ამისაგან თავი შევიკავეთ.
პრომო ვიდეო რგოლი
ჩვენ ვმუშაობთ ორი ტიპის ვიდეო რგოლზე. ერთი იქნება სტანდარტული პრომო-რგოლი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თამაშების ჩატარების ადგილებისა და დროის შესახებ. ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან, რომლის დახმარებით ვგეგმავთ სარაგბო სოციალური ვიდეო რგოლის გადაღებას. იმედია სატელევიზიო ეთერის მეშვეობით მოხდება ამ რგოლის გაშუქება და ყველას ერთად მოგვეცემა ამ ახლებური ქართული სარაგბო რგოლის ნახვის საშუალება.
გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება კინოთეატრ რუსთაველთან და ამირანთან, რათა ყოველი ფილმის ჩვენების წინ, კინოჟურნალში მოხდეს ნოემბრის ტესტ-მატჩების პრომო რგოლის გაშვება. საინფორმაციო რგოლების გაშვება აგრეთვე მოხდება ჩვენ მედია პარტნიორ რადიო-სადგურებში (აფხაზეთის ხმა, რადიო კომერსანტი და რადიო პალიტრა).
ასევე გვაქვს იდეები, რომელთა რეალიზაციას ამ თამაშებისათვის ვერ ვასწრებთ და იმედი გვაქვს, რომ ერთა თასის თამაშებისათვის მოვახერხებთ.
ყველა გულშემატკივარს შევახსენებთ, რომ ჩვენი სლოგანი არის: „რაგბი ჩვენი თამაშია“. იმედი მაქვს, რომ ეს ნამდვილად ჩვენი თამაშია და რომ ჩვენ ყველა ერთად ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ვუგულშემატკივრებთ ბიჭებს და დავეხმარებით მათ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებების მოპოვებაში.
Rugby.GE