ბუფონი სეზონის ბოლოს “იუვენტუსს” დატოვებს

ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ კლუბს დატოვებს.

“გადავწყვიტე, რომ “იუვენტუსთან” კონტრაქტი არ გავახანგრძლივო და სეზონის ბოლოს გუნდი დავტოვო”, – თქვა ბუფონმა BeIn Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 43 წლის მეკარე.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი “იუვენტუსის” ღირსებას 2001-დან 2018 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა. 2019 წელს იტალიელი კიპერი “ბებერი სინიორას” რიგებში დაბრუნდა.

ჯანლუიჯი ბუფონმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და შვიდი ბურთი გაუშვა.

ბუფონი “იუვენტუსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იუწყება. მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულება ვადა ზაფხულში ეწურება.

ხვალ ვეტერან კიპერს 43 წელი შეუსრულდება. თუ ინფორმაცია დადასტურდება, ბუფონს რომის “ლაციოს” ყოფილი მეკარის, მარკო ბელოტის რეკორდის მოხსნის შანსი ექნება. ცნობისათვის, ეს უკანასკნელი სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულ ფეხბურთელად ითვლება (44 წელი, 1 თვე და 8 დღე).

ჯანლუიჯი ბუფონმა მიმდინარე სეზონში ექვსი მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაუშვა და სამ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

ბუფონი სასკოლო მერხს მიუჯდება

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ სკოლაში დაბრუნებას და საშუალო განათლების მიღებას აპირებს. ცნობისთვის, ტიტულოვან კიპერს სკოლის დიპლომი არ აქვს.

“კარიერის დასრულების შემდეგ ერთწლიან შემოქმედებით შვებულებას მოვიწყობ და დროს მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახს დავუთმობ. გარდა ამისა, მინდა, რომ საშუალო სკოლა დავამთავრო, მშობლები 30 წლის განმავლობაში ამას მიჩიჩინებდნენ”, – თქვა ბუფონმა.

ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა 2000 წელს საშუალო სკოლის ყალბი დიპლომი დაამზადებინა, რათა პარმის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩარიცხულიყო. დიპლომის გაყალბებისთვის იტალიელი მეკარე ოთხწლიან პატიმრობას გადაურჩა, თუმცა ექვსი მილიონი იტალიური ლირის გადახდა მოუწია, რაც, დღევანდელი გაანგარიშებით, დაახლოებით 3 ათასი ევროს ეკვივალენტია. ბუფონი მისი ცხოვრების ამ ეპიზოდს ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფაქტად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ 42 წლის მეკარემ რამდენიმე დღის წინ “იუვენტუსთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლის ვადით გაახანგრძლივა.

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

“ინტერმა” რაჯა ნაინგოლანი ტრანსფერზე დააყენა

მილანის “ინტერმა” გუნდის ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

მილანურ გუნდში ბელგიელი ფეხბურთელის პირველი სეზონი არაერთმნიშვნელოვანი გამოდგა: ნაინგოლანმა დიდი პერიოდი ლაზარეთში გაატარა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა საკმაოდ კარგი თამაშებიც.

“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “ნერაძურიმ” ფეხბურთელთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელობამ ნაინგოლანის აგენტ ალესანდრო ბელტრამის უკვე აცნობა, რომ ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული.

ბუფონს “ბრეშა” ეპატიჟება

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“პარი სენ-ჟერმენიდან” წამოსვლის შემდეგ 41 წლის კიპერი, სავარაუდოდ, სამშობლოს მიაშურებს. Football Italia წერს, რომ ბუფონის დამატებით “ბრეშა” არის დაინტერესებული, რომელმაც ვეტერანი მეკარისთვის წინადადება უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, რომ “ბრეშამ” იტალიის სერია B მოიგო და დამდეგ წელს სერია A-ში იასპარეზებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა გასული სეზონი “პარი სენ-ჟერმენში” გაატარა, რომლის რიგებშიც ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. იტალიელი კიპერი პარიზული კლუბის გარდა კარიერის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსისა” და “პარმას” ღირსებას იცავდა.

ბუფონი მესამე მეკარე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 50 “მშრალი” მატჩი ჩაატარა

“პარი სენ-ჟერმენის” კიპერი ჯანლუიჯი ბუფონი მესამე მეკარე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გაშვებული გოლის გარეშე 50 მატჩი ჩაატარა. ამ მაჩვენებლის მისაღწევად ჯიჯის 121 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.

კიდევ ერთი “მშრალი” მატჩის ჩატარების შემთხვევაში, ბუფონი ჰოლანდიელ კიპერ ედვინ ვან დერ სარს გაუთანაბრდება, რომელმაც 98-დან 51 მატჩში მოედანი გაშვებული გოლის გარეშე დატოვა.

ჩემპიონთა ლიგაზე “მშრალი” შეხვედრების რაოდენობით რეკოდსმენი იკერ კასილასი გახლავთ, რომელმაც 174 მატჩიდან 57 თამაშში კარი “ნულზე” დაიცვა.

ბუფონი: “ეს ჩემი ბოლო სეზონია და ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შევცვლი”

ტურინის “იუვენტუსის” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას მიმდინარე სეზონის ბოლოს აპირებს და ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეცვლის.

“ეს ჩემი ბოლო სეზონია. ამაში სრულად დარწმუნებული ვარ. კიდევ ერთი-ორი წლით თამაში ისეთ არაფერს შემმატებდა, რასაც ჯერ ვერ მივაღწიე. მშვიდად ვარ და მომავლის არ მეშინია. მას ენთუზიაზმით ვხვდები, ეს საკუთარი თავის გამოცდაც არის.

ჩემი ამ გადაწყვეტილების შეცვლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეუძლია. ასეთ შემთხვევაში, “იუვენტუსი” საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდება და ამ ტურნირზე თამაშის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებ”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს “სქაი იტალია”.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა “იუვენტუსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ გააღწია (2002-2003, 2014-2015 და 2016-2017) და სამივეჯერ დამარცხდა.

ამრიგად, თუ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების გამარჯვებული ვერ გახდება, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჯანლუიჯი ბუფონის პროფესიულ კარიერაში უკანასკნელი ტურნირი იქნება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ფიფამ ჯანლუიჯი ბუფონი გასული წლის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.

ბუფონი: “გვეგონა, რომ მოსაგებად ყველაფერს სწორად ვაკეთებდით”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მადრიდის “რეალთან” დამარცხების შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა კომენტარი გააკეთა.

“ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, ვინაიდან გვეგონა, რომ მოსაგებად ყველაფერს სწორად ვაკეთებდით. პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ და “რეალს” ბევრი პრობლემა შევუქმენით, ამიტომ ცოტა გასაკვირია, თუ როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები. გული ძალიან დაგვწყდა. აშკარაა, რომ ასეთი ტურნირის მოსაგებად ნებისმიერ დაბრკოლებასთან გამკლავება უნდა შეგეძლოს.

პირველ ნახევარში “რეალს” უპირატესობა არ დავუთმეთ, ბევრი ვირბინეთ მაგრამ ეს სასიკეთოდ ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროა. მეორე ტაიმში “რეალმა” თავისი კლასი, ძალა და შესაძლებლობა აჩვენა, რაც ასე საჭიროა ასეთი მატჩების მოსაგებად. მეტოქემ ეს გამარჯვება დაიმსახურა”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.

“იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგაზე საკლუბო რეკორდი დაამყარა

ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს.

ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე “მონაკოსთან” ჩატარებული შეხვედრა (2:0) “ბებერი სინიორასთვის” მიჯრით მეექვსე მატჩი გამოდგა, რომელშიც გოლი არ გაუშვია. “იუვენტუსმა” პლეიოფის ყველა შეხვედრაში მშრალად დაიცვა კარი, ასევე გოლი არ გაუშვა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ზაგრების “დინამოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში.

ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგაზე მიჯრით ექვსი “მშრალი” შეხვედრა პირველად ჩაატარა.

ბუფონმა ჩეხის შედეგი გააუმჯობესა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის გამართული პირველი მატჩი “ბებერი სინიორას” გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

ტურინელთა კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე 112-ე მატჩი ჩაატარა. ამ მაჩვენებლით იტალიელმა პეტრ ჩეხს გადაუსწრო და ახლა მეკარეებს შორის მეორე ადგილი უკავია.

ჩემპიონთა ლიგაზე მეკარეებს შორის ყველაზე მეტი მატჩი იკერ კასილასს აქვს ჩატარებული. ესპანელმა კიპერმა ტურნირზე 168 შეხვედრა ჩაატარა.