ალეგრი: “იგუაინმა პროფესიული არჩევანი გააკეთა და ამას პატივი უნდა ვცეთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “ნაპოლის” წინააღმდეგ გასამართი დამდეგი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“ეს იქნება ჩემპიონატის ლიდერებს შორის დაპირისპირება. დარწმუნებული ვარ, რომ “ნაპოლის” ქომაგები საკუთარ გუნდს გულმხურვალედ დაუჭერენ მხარს და ფეირ-პლეის კარგ მაგალითს გვიჩვენებენ. ეს ნორმად უნდა იქცეს.

ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ გონსალო იგუაინმა “ნაპოლიში” სამი წელი გაატარა და იქ ძალიან უყვარდათ, მაგრამ მან პროფესიული არჩევანი გააკეთა და ამას პატივი უნდა ვცეთ. გასაგებია, რომ მას ნეაპოლში დაუსტვენენ, ვინაიდან იგი ახლა “იუვენტუსის” ღირსებას იცავს”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. შეგახსენებთ, რომ შეხვედრას “იუვენტუსის” ტიფოზები ვერ დაესწრებიან, ნეაპოლიტანური გუნდის ქომაგები კი გონსალო იგუაინის დასახვედრად საგანგებოდ ემზადებიან.

“ნაპოლისა” და “იუვენტუსს” შორის მატჩი 2 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. 5 აპრილს კი ეს გუნდები იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს (პირველი მატჩი “იუვენტუსმა” 3:1 მოიგო). ორივე შეხვედრა “სან პაოლოზე” შედგება.

“იუვენტუსის” გამარჯვება, იგუაინის მიღწევა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ტურინის “იუვენტუსმა” რომის “ლაციო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

“ბებერი სინიორა” მატჩის დებიუტშივე პაულო დიბალამ დააწინაურა. მე-16 წუთზე გონსალო იგუაინმა სხვაობა ორბურთიანი გახადა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი 2005 წლის შემდეგ “იუვენტუსის” პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც იტალიის ჩემპიონატის მიჯრით ხუთ შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი.

“იუვენტუსმა” 48 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. “ლაციო” 40 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

იტალიის სერია A
21-ე ტური
“იუვენტუსი” — “ლაციო” 2:0 (2:0)
გოლები: დიბალა 6′, იგუაინი 16′.

იგუაინმა 18 წლის მოდელს შიშველი ფოტოების გაგზავნა სთხოვა, გოგონამ მიმოწერა გამოაქვეყნა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი არასასიამოვნო ისტორიის მთავარ გმირად მოგვევლინა.

18 წლის იტალიელმა მოფარიკავემ და ფოტომოდელმა ანტონელა ფიორდელისიმ არგენტინელ ფეხბურთელთან სოციალურ ქსელში შემდგარი დიალოგი გამოაქვეყნა. ეს ისტორია კი ასე დაიწყო. “ნაცნობებთან საუბრისას მკითხეს, რომელიმე ცნობილ სახესთან თუ მქონია თამამი მიმოწერა. მე მათ იგუაინი დავუსახელე, მაგრამ არ დამიჯერეს, რის შემდეგაც მიმოწერა გამოვაქვეყნე, რაც დიდი შეცდომა იყო. ამის ხილვა ყველას შეეძლო. შემდეგ ეს ყველაფერი წავშალე, მაგრამ უკვე გვიანი გახლდათ. ამ მიმოწერის გამოქვეყნება იგუაინის წყენინებას მიზნად არ ისახავდა”, – ჰყვება ლამაზმანი.

“ჩვენი დიალოგი სმაილებით დაიწყო, შემდეგ იგუაინმა ასაკი და წარმომავლობა მკითხა. იგი დაინტერესდა, ვიყავი თუ არა დაკვებული სპორტით. ყველაფერზე ვუპასუხე, შემდეგ კი ჩემი უკანალის ფოტოს გაგზავნა მთხოვა. აინტერესებდა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ჩემი სურათები ფოტოშოპით იყო შელამაზებული თუ ფოტოებს ყოველგვარი კორექტირების გარეშე ვაქვეყნებდი. მე სურათი გავუგზავნე, რომელზეც ვეჯღანებოდი, თუმცა მან ხელმეორედ მთხოვა საჯდომის ფოტო, კვლავ ახლო ხედით გადაღებული სახის სურათი გავუგზავნე, მისგან კი ღიმილები მივიღე. იგი ავადმყოფია”, – თქვა ფიორდელისიმ.

მოგვიანებით გონსალო იგუაინმა ანტონელა ფიორდელისი დაბლოკა, გოგონამ კი შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ არგენტინელთან პრეტენზიები არ აქვს:

“გონსალო, ბოდიშს გიხდი. ტურინში ჩამოვალ ან შენ ჩამოდი სალერნოში და ყავაზე დაგპატიჟებ. არ მინდოდა, რომ ჩემ გამო რაიმე პრობლემები შეგქმნოდა. ახალგაზრდული ჟარგონი გამოვიყენე, როდესაც ავადმყოფი გიწოდე. ბოდიშს გიხდი.

სოციალურ ქსელში ყველაფრის გამოქვეყნდება არ შეიძლება. ფოტოებიდან გამომდინარე, შესაძლოა, თავიდან ვინმეს ეგონოს, რომ მარტივი მოსაპოვებელი ვარ, მაგრამ ასე არ არის. მე კარგი გოგო ვარ. კოსმეტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიმიმართავს და ვამაყობ ჩემი ლამაზი ფორმებით”.

იგუაინს ემუქრებიან, ფეხბურთელმა დაცვა აიყვანა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა დაცვის სამსახური დაიქირავა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა ანონიმური პირისგან რამდენჯერმე მიიღო მუქარა, რის შემდეგაც უსაფრთხოების გაძლიერება გადაწყვიტა.

გონსალო იგუაინი უკვე ორი კვირაა, ქალაქში დაცვის წევრების თანხლებით გადაადგილდება.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელი ზაფხულში “იუვენტუსში” “ნაპოლიდან” გადავიდა. ტრანსფერი ნეაპოლიტანელმა გულშემატკივრებმა ღალატად შეაფასეს და არგენტინელი მოთამაშე შეიძულეს.

გონსალო იგუაინმა მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

რეინას იგუაინის “იუვეში” გადასვლამ ფიგუს ტრანსფერი მოაგონა

“ნაპოლიდან” ტურინის “იუვენტუსში” გონსალო იგუაინის გადასვლამ პეპე რეინას 2000 წელს განხორციელებული ტრანსფერი მოაგონა, როდესაც ლუიშ ფიგუმ “ბარსელონა” მადრიდის “რეალზე” გაცვალა.

“ნაპოლის” ტიფოზებმა იგუაინის ტრანსფერი რთულად მიიღეს. ეს შეგვიძლია ფიგუს “ბარსელონადან” “რეალში” გადასვლას შევადაროთ”, – ციტირებს რეინას სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (36 გოლი) “ნაპოლიდან” ტურინის “იუვენტუსში” 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ეს თანხა ორ ტოლ ნაწილად გაიყოფა და კლუბი უახლოესი ორი სეზონის განმავლობაში დაფარავს.

გონსალო იგუაინმა “იუვენტუსში” სათამაშო ნომერი აირჩია (ფოტოები)

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა გონსალო იგუაინმა კლუბში სათამაშო ნომერი აირჩია. არგენტინელი ფეხბურთელი “ბებერი სინიორას” რიგებში 9-ნომრიანი ფორმით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის თავდამსხმელი “ნაპოლიშიც” ანალოგიური ნომრით თამაშობდა.

გასულ სეზონში “იუვენტუსის” 9-ნომრიანი მაისური ალვარო მორატას ემოსა, რომელიც ამ ზაფხულს მადრიდის “რეალში” დაბრუნდა.

“იუვენტუსი” გონსალო იგუაინის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს გაიღებს. ეს თანხა ორ ტოლ ნაწილად გაიყოფა და კლუბი უახლოესი ორი სეზონის განმავლობაში დაფარავს. მხარეებს შორის 5-წლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი. გავრცელებული ინფორმაციით, იგუაინი “იუვენტუსში” ჯამაგირის სახით წელიწადში 7,5 მილიონ ევროს მიიღებს.

“ნაპოლიდან” წამსვლელ იგუაინს გუნდის ფანებმა ახალი მეტსახელი მოუფიქრეს

“ნაპოლის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ტურინის “იუვენტსში” გადასვლასთან ახლოსაა. ბუნებრივია, ეს ამბავი ნეაპოლიტანური კლუბის ტიფოზებს ვერ გაახარებდა. მეტიც, ფანების ნაწილმა თავიანთი გმირი მოღალატედ შერაცხეს და ახალი მეტსახელიც მოუფიქრეს.

“ნაპოლის” ფანებმა უკვე მოუფიქრეს იგუაინს მწარე მეტსახელი – იუდაინი”, – დაწერა მიკრობლოგზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ.

“იუვენტუსმა” მზადყოფნა გამოთქვა, რომ გონსალო იგუაინის სანაცვლოდ 94 მილიონი ევრო გაიღოს.

იგუაინი “იუვენტუსთან” კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდა

“ნაპოლის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი უახლოეს პერიოდში შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” აღმოჩნდეს.

იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გამოაცხადა, რომ 28 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა “ბებერ სინიორასთან” კონტრაქტის პირობები შეათანხმა. კერძოდ, ჟურნალისტი ამბობს, რომ იგუაინი “იუვენტუსთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 7,5 მილიონ ევროს მიიღებს.

კლუბებს გონსალო იგუაინის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმება ჯერ არ მიუღწევიათ. კონტრაქტში წერია, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 94 მილიონ ევროს შეადგენს.

იტალიის სერია A-ს გასულ გათამაშებაში გონსალო იგუაინი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არგენტინელმა თავდამსხმელმა 35 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა

კლოპი იგუაინს პირადად დააკვირდა

კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დაესწრო. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტი “ნაპოლის” თავდამსხმელ გონსალო იგუაინს დააკვირდა. აღსანიშნავია, რომ კლოპი სტადიონზე არგენტინელი ფეხბურთელის ძმასთან და ამავდროულად აგენტთან ერთად იმყოფებოდა.

გონსალო იგუაინი მატჩის 74-ე წუთზე შეცვალეს, ორი წუთის შემდეგ კი კლოპმა სტადიონი დატოვა.

მატჩი არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

KloppKlopp2

ანჩელოტის “ბაიერნში” იგუაინის მიყვანა სურს

მიუნხენის “ბაიერნი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ნაპოლის” თავდამსხმელ გონსალო იგუაინის შეძენას შეეცდება. Tmw-ის ცნობით, 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელის დამატებით პირადად კარლო ანჩელოტი არის დაინტერესებული, რომელიც ბავარიულ გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჩაუდგება სათავეში.

ცოტა ხნის წინათ “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გონსალო იგუაინის მიმართ დაინტერესება დაადასტურა.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 30 მატჩში იგუაინმა 29 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს.

 

იგუაინმა სერია A-ში რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის დასკვნითი მატჩი “სტადიო არტემიო ფრანკიზე” შედგა, სადაც “ფიორენტინამ” “ნაპოლი” მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე “ვიოლას” მცველმა მარკოს ალონსომ გახსნა, თუმცა ნეაპოლიტანელთა თავდამსხმელ გონსალო იგუაინს წონასწორობის აღსადგენად მხოლოდ 67 წამი დასჭირდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი საპასუხო გოლი გაიტანა.

“ნაპოლის” 58 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია უკავია და ლიდერ ტურინის “იუვენტუსს” 3 ქულით ჩამორჩება. “ფიორენტინა” 53 ქულით მეოთხე ადგილზეა.

იტალიის სერია A
27-ე ტური
“ფიორენტინა” — “ნაპოლი” 1:1 (1:1)
გოლები: მარკოს ალონსო 6′ — იგუაინი 7′.
გაფრთხილება: ალბიოლი 53′.

იგუაინი: “იუვენტუსთან” მატჩი ჩემპიონატის რიგითი შეხვედრა იქნება”

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში “ნაპოლიმ” “კარპი” მატჩის 69-ე წუთზე გონსალო იგუაინის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრა თავად არგენტინელმა ფეხბურთელმა შეაჯამა და ტურინის “იუვენტუსთან” გასამართ მომავალ მატჩზეც გააკეთა კომენტარი.

“მძიმე თამაში გამოვიდა. მეტოქე ძირითადად დაცვაში თამაშობდა. ბევრი ვეცადეთ და ბოლოს ვიპოვეთ ხვრელი “კარპის” დაცვის ხაზში.
ასპარეზობა ამავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ. მთელი კვირა გვაქვს მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. “იუვენტუსთან” გასამართ მატჩს არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს ჩემპიონატის რიგითი შეხვედრაა”, – ციტირებს იგუაინის სიტყვებს Football Italia.

ცნობისთვის, მატჩი “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” შორის 13 თებერვალს გაიმართება.