საქართველოს ფუტსალის XXI ჩემპიონატი გაიხსნა

დღეს სპორტკომპლექს “არენა II” – ში  საქართველოს ფუტსალის  XXI ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ გათამაშებას საკმაოდ ფართო გეოგრაფია აქვს. ჩემპიონატში მონაწილეობას ცხრა გუნდი მიიღებს და ისინი ერთმანეთში ორ წრეს ითამაშებენ.

პირველ დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი “იბერია” სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელ, “ფარვანას” დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა მოწინააღმდეგე 30-2. მიუხედავად იმისა, რომ “იბერია” ყველა ლეგიონერმა დატოვა, გუნდი მაინც რჩება წამყვან ძალად ეროვნულ ჩემპიონატში და გათამაშების მთავარი ფავორიტიც არის.

მატჩის შემდეგ ჩვენ ფედერაციის წარმომადგენლებს გავესაუბრეთ და გავიგეთ, თუ რას ფიქრობენ ისინი წლევანდელ ჩემპიონატზე.

ლევან ცქიტიშვილი: “ჩემპიონატში ცხრა გუნდი მონაწილეობს. გათამაშება თბილისი მერიის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. ასევე სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია გვეხმარებიან. ვაპირებთ ეროვნული თასის გათამაშებას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩემპიონატში სხვადასხვა რეგიონების გუნდები მონაწილეობენ. გათამაშების მთავარი ფავორიტი, როგორც ყოველთვის “იბერია” იქნება”.

კახა დევდარიანი: “ჩემპიონატში ფაქტობრივად მთელი საქართველოა ჩართული. 1993 წლის მერე, როდესაც პირველი ჩემპიონატი ჩავატარეთ ფუტსალში, ასეთი ფართო გეოგრაფია გათამაშებას ჯერ არ ჰქონია. რაც ყველაზე სასიხარულოა, კიდევ არიან მსურველები და ამ გუნდებს ჩვენ ეროვნული თასის გათამაშებაში მივცემთ თავის გამოჩენის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი ტარდება უფასოდ და არცერთი გუნდი საწევრო გადასახადს არ იხდის. მომავალში ვაპირებთ ბავშვთა და ქალთა ჩემპიონატების ჩატარებას. სურვილი გვაქვს, რომ ფუტსალი ყველა სკოლაში შევიდეს და მასიური გახდეს. ეს ხელს შეუწყოფს სპორტის ამ  სახეობის განვითარებას.”

პირველი ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს “სტუ-თელასი” და თბილისის “გრანდი” დაუპირისპირდნენ.მატჩის დაწყებამდე ჩვენ “გრანდის” სპორტულ დირექტორს, გიორგი შანიძეს გავესაუბრეთ.

გიორგი შანიძე: “გრანდი ისანი-სამგორის რაიონს წარმოადგენს. ახალგაზრდა ფეხბურთელებით ვართ დაკომპლექტებულები. პირველად ვთამაშობთ უმაღლეს ლიგაში და ცოტა ვნერვიულობთ. თუმცა მოვემზადეთ, ამხანაგური თამაშები ვითამაშეთ და ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ცუდი შედეგი არ გვექნება ჩემპიონატში”

შეხვედრა კი “სტუ-თელასის” უპირატესობით მიმდინარეობდა. “გრანდის” ფეხბურთელებს აშკარად ეტყობოდათ ნერვიულობა. საბოლოო ჯამში 14:0 გამოცდილი სტუ-ელების სასარგებლოდ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ “გრანდის” ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც ბევრჯერ ჰქონდათ გოლის გატანის საშუალება, მაგრამ სტუ-ს მეკარე ჩინებულად ირჯებოდა დღევანდელ შეხვედრაში და მეტოქე გუნდის მოთამაშეებს კარის აღების საშუალება არ მისცა.