ჰანოვერის მცხოვრებლებმა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე არხეინად მოსიარულე დედალი ღორი იპოვეს, რომელსაც ადგილობრივი კლუბის შარფი ჰქონდა შემოხვეული, სხეულზე კი – ასევე „ჰანოვერის“ ლოგო ჰქონდა გამოსახული.
სამართალდამცავებმა ღორი ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ მოხვდა ოთხფეხა არსება ქუჩაში კლუბის შარფით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ბრაუნშვაიგის „აინტრახტის“ ქომაგთა ნამოქმედარია. გერმანიის ბუნდესლიგის დამდეგ ტურში ქვედა საქსონიის დერბია – „ჰანოვერი“ „აინტრახტს“ უმასპინძლებს. სწორედ ამ მატჩს უნდა უკავშირდებოდეს აღნიშნული ფაქტი. სხვათა შორის, ეს დერბი ბოლო 37 წლის მანძილზე პირველად შედგება.
მატჩი „ჰანოვერსა“ და „აინტრახტს“ შორის პარასკევს, ჩვენი დროით 23:30 საათზე აიღებს სტარტს.
ბექა დოგრაშვილი