ჰარი რედნაპი: “სირცხვილი “ჩელსის”

ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ლონდონის “ჩელსიში” შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და გუნდის თავკაცის პოსტზე ანტონიო კონტეს შესაძლო დანიშვნაზეც გააკეთა კომენტარი.

“კონტემ ტურინის “იუვენტუსში” დიდი სამუშაო გასწია და გუნდს ჩემპიონატი სამჯერ მოაგებინა. მითხრეს, რომ იგი ფეხბურთელებთან საკმაოდ მკაცრია და ალბათ, “ჩელსის” მოთამაშეებს სწორედ ეს აკლიათ.

კონტესთვის მშვენიერი ვარიანტია ლონდონში ჩამოსვლა და იმ გუნდის ჩაბარება, რომელიც მზად არის გარდაქმნისთვის. მესმის, რატომ სურს “ჩელსის” იტალიელის მოწვევა.

ამავე დროს, სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ კლუბი ინგლისელი მწვრთნელების კანდიდატურებს არც კი განიხილავს. 15 წელიწადში პრემიერლიგის არცერთ კლუბს, ალბათ, აღარ ეყოლება ინგლისელი მფლობელი და შესაძლოა, ჩემპიონატში არც ინგლისელი მწვრთნელი დარჩეს.

ირგვლივ ბევრი ნიჭიერი სპეციალისტია, მაგრამ მათ შანსს არ აძლევენ. შეხედეთ ლუის ენრიკეს. მან “რომაში” ვერაფერს მიაღწია, თუმცა ახლა “ბარსელონაში” მუშაობს”, – ჰარი რედნაპის სიტყვები London Evening Standard-მა გამოაქვეყნა.

 

რედნაპი “მანჩესტერს” — იყიდეთ ბეილი და შესაძლოა, წელს პრემიერლიგაც მოიგოთ

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ გარეტ ბეილი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა, “წითელი ეშმაკების” მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

“ბეილი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში შედის. იგი საოცრად ნიჭიერია. თუ მას “მანჩესტერ იუნაიტედი” დაიმატებს, შესაძლოა, გუნდმა ამ სეზონშივე იბრძოლოს პრემიერლიგის მოგებისთვის. მას ძალთა ბალანსის შეცვლა შეუძლია.

ბეილი თამაშებს მოგაგებინებთ. მას გააქვს გოლები და ატანინებს სხვებსაც. შესაძლოა, იგი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდეს და სეზონის ბოლომდე 16-17 გოლი გაიტანოს, რითაც გუნდის საქმეებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ეს საოცარი ტრანსფერი იქნებოდა”, – ციტირებს რედნაპის სიტყვებს “მირორი”.

 

რედნაპმა “ქუინს პარკი” დატოვა

ჰარი რედნაპმა “ქუინს პარკ რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ფეხბურთის 67 წლის სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მუხლზე სასწრაფო ოპერაცია აქვს გასაკეთებელი.

“ქუინს პარკში” ფანტასტიური დრო გავატარე. დირექტორთა საბჭოს, ფეხბურთელებს, თანამშრომლებსა და განსაკუთრებით ფანებს დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. სამწუხაროდ, მუხლზე სასწრაფო ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი, რაც ჩემი საქმიანობის შესრულების შესაძლებლობას არ მაძლევს. კლუბს წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ “ქუინს პარკი” პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს”, – რედნაპის სიტყვები კლუბის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

ჰარი რედნაპი “ქუინს პარკ რეინჯერსს” 2012 წლიდან თავკაცობდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს.

 

ჰარი რედნაპი: „ახალგაზრდა ფეხბურთელებს ინგლისის ნაკრებში თამაში აღარ სურთ“

ფეხბურთის ინგლისელმა სპეციალისტმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებს ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები აკლია. მისივე თქმით, ახალგაზრდებს ეროვნული ნაკრების რიგებში თამაშის სურვილი აღარ აქვთ.

„სულაც არ მაკვირვებს ის ფაქტი, რომ ინგლისის ნაკრებში პრაქტრიკულად არ არიან ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები. ბევრ ფეხბურთელს უბრალოდ არ სურს ნაკრებში თამაში. „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ მუშაობის პერიოდში რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როდესაც მოთამაშეებმა მთხოვეს, რომ ნაკრებში არ გამეშვა.

ჩემი აზრით, მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. ფეხბურთელები კლუბებში ფანტასტიურ თანხებს გამოიმუშავებენ, თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე. მათ აღარ აქვთ ინგლისის ნაკრებში მოხვედრისთვის ბრძოლის მიზეზი“, – განაცხადა რედნაპმა, რომელიც ამჟამად ლონდონური „ქუინს პარკ რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი უკვე დათმო და პლეი-ოფში თამაშის თეორიული შანსიც მოისპო.

 

ბენაიუნი „ქუინს პარკში“ ითამაშებს

ისრაელის ნაკრების კაპიტანმა იოსი ბენაიუნმა, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ გააფორმა კონტრაქტი. ებრაელმა ფეხბურთელმა დასავლეთლონდონურ კლუბთან 18-თვიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ცნობისთვის, „ქუინს პარკს“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია აქვს დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ბენაიუნი უკანასკნელად ლონდონის „ჩელსის“ საკუთრებაში იყო. მიმდინარე წლის ზაფხულში ებრაელ ფეხბურთელს კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. 33 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს სხვადასხვა ევროპული კლუბები იჩენდნენ. საბოლოოდ, ბენაიუნმა შორს წასვლა არ არჩია და „ჩელსის“ მეზობელ გუნდში გადაბარგდა. აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ქუინს პარკის“ მთავარ მწვრთნელ ჰარი რედნაპს

ბექა დოგრაშვილი