საქართველო – ესპანეთი. მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ევროპის 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის საქართველოსთვის ბოლო მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან ერთად 19 წლის ბექა ბურჯანაძე მივიდა. ეპანელთა მხარე მთავარმა მწვრთნელმა ხუან ორენგამ და ხერმან გაბრიელმა წარმოადგინეს.

ბექა ბურჯანაძე:
„პირველ ნახევარში ესპანეთს თანაბარი ბრძოლა გავუმართეთ, თუმცა შემდეგ მეტოქემ გვაჯობა და ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ 2 წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. გადაღლილი იყო გუნდის ბირთვი და ასეთ სიტუაციაში ძნელია ძლიერ მეტოქესთან თამაში. მოხარული ვარ, რომ მწვრთნელმა ახალგაზრდებს და მათ შორის მეც თავის გამოჩენის საშუალება მოგვცა, რითაც დიდი გამოცდილება მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი ნაკრები უკეთეს შედეგს აჩვენებს“.

ხერმან გაბრიელი:
„თამაში თავიდან არ წაგვივიდა, საქართველოს ნაკრებმა სოლიდური წინააღმდეგობა გაგვიწია. შემდეგ რაღაცეები შევცვალეთ და ინიციატივას დავეუფლეთ. საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა“.

იგორ კოკოშკოვი:
„ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვითამაშეთ და მატჩის დაწყებიდან კარგა ხანს მეტოქეს არაფერი დავუთმეთ. მერე კი ესპანეთმა თავისი ძალა გამოაჩინა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენი გუნდის ლიდერები გადაღლილები იყვნენ, შანსი ახალგაზრდებს მივეცით და მათ ღირსეულად ითამაშეს“.

ხუან ორენგა:
„ქართველებმა მატჩი ზონური დაცვით დაიწყეს, რის გამოც პრობლემები შეგვექმნა. თავდაპირველად ვერ ვახერხებდით დაცვის გარღვევას, თუმცა შემდეგ სწრაფმა თამაშმა და სათადარიგო კალათბურთელების აქტიურობამ უპირატესობა მოგვიტანა. საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვება მოვიპოვეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით. ვეცდებით, ფავორიტის სტატუსი გავამართლოთ და ჩემპიონობა მოვიპოვოთ“.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი