ხვალ დიდი სუმო იწყება

ხვალიდან 15 დღის მანძილზე სუმოს გულშემატკივრებს მოწყენის საშუალება ნამდვილად აღარ გვექნება, რადგან იანვრის (ჰაცუ) ბაშო იღებს სტარტს. წლის პირველ სუპერტურნირს ტრადიციულად ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანი უმასპინძლებს.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ამ ბაშოზე მონაწილეობას არ მიიღებს ჩვენი ლევან გორგაძე, რათა კარგად დაისვენოს და ბოლომდე აღიდგინოს ტრავმირებული კუნთოვანი ქსოვილები. ეს რჩევა ტოჩინოშინს პირადმა ექიმმა და კლუბის პრეზიდენტმა, ოიაკატა კასუგანომ მისცეს, იმისთვის რომ ტრავმის განმეორების შანსი ბოლომდე გამორიცხონ.

რაც შეეხება ჩვენს მეორე სუმოისტს, გაგამარუს, იგი როგორც იცით, აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირად გახლავთ განთესილი და თავის პირველ ორთაბრძოლას დასავლეთის მე-11 მაეგაშირა, იაპონელ იოშიკაძესთან გამართავს. გაგა ჯუღელი ტანმორჩილ იაპონელს აქამდე ზუსტად 10-ჯერ გადაეყარა დოჰიოზე და აქედან 4-ჯერ დაამარცხა.

ჰაცუ ბაშოს გამოტოვება მოუწევს მოქმედ ჩემპიონს, მონღოლ იოკოძუნა ჰარუმაფუჯის. “მზიურ ცხენს” ტკივილი აწუხებს ტერფის არეში, რის გამოც მას ბაშოსწინა ვარჯიშებისა და სპარინგების გამოტოვებაც მოუხდა. ჰარუმაფუჯის მარცხენა ფეხი დეკემბრის მეორე ნახევარში, ერთ-ერთ ვარჯიშზე გადაუბრუნდა, რამაც მისი ტერფის მყესების ნაწილობრივი დაზიანება გამოიწვია. შედეგად ამისა, მონღოლ იოკოძუნას ტელეეკრანიდან მოუწევს ბაშოსთვის თვალყურის მიდევნება.

პრეცედენტი იოკოძუნას მხრიდან ბაშოს გამოტოვებისა ბოლოს დაახლოებით 5 წლის წინ მოხდა – 2008 წლის ნოემბრის ბაშოზე იოკოძუნა ასაშორიუ დისკვალიფიკაციის გამო არ დაუშვეს.

იანვრის ტურნირზე ვერ მიიღებენ მონაწილეობას აგრეთვე იაპონელი მე-7 მაეგაშირა ჰომაშო და იაპონელი მე-17 მაეგაშირა კოტოიუკი. ჰომაშომ დაახლოებით 1 კვირის წინ აპენდიციტის ოპერაცია გაიკეთა, ხოლო კოტოიუკიმ ნოემბრის ბაშოზე ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და ჯერ-ჯერობით კვლავ მკურნალობს.

კოტოიუკის თანაგუნდელი იაპონელი ოძეკი კოტოშოგიკუ ბაშოს კადობანში ჩაყენებული ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად “ღიპმაისტერს” უცილობელი კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) ჭირდება. კოტოშოგიკუმ წინა ბაშო მე-2 ტურში მიღებული ტრავმის გამო  ნაადრევად შეწყვიტა და ამის გამო აღმოჩნდა იგი კადობანში. კადობანიდან კი თავის დაღწევა ვერ მოახერხა კიდევ ერთმა მათმა თანაგუნდელმა, ბულგარელმა კოტოოშუმ, რომელმაც ასევე ტრავმის გამო ნაადრევად შეწყვიტა უკანასკნელი ბაშო და 8-წლიანი ტარების შემდეგ ოძეკის ტიტულს დაემშვიდობა. კოტოოშუ სეკივაკეს წოდებით დაიწყებს ჰაცუ ბაშოს და დებულების თანახმად, თუკი მინიმუმ ათ ორთაბრძოლას მოიგებს ამ ტურნირზე, პრესტიჟულ ტიტულს კვლავ დაიბრუნებს.

მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას იაპონელი ოძეკი კისენოსატოც. სტაბილურად მაღალ დონეზე ჩატარებული ბოლო რამდენიმე ბაშოს შემდეგ (განსაკუთრებით კარგად ნოემბერში გამოვიდა კისე), იაპონური სუმოს მამებმა მას ცუნატორის (იოკოძუნობის პრეტენდენტი) სტატუსი მისცეს. მის წინაშე წაყენებული პირობა ასეთია: იმ შემთხვევაში, თუ კისენოსატო გახდება ჰაცუ ბაშოს ჩემპიონი, ისე რომ მოიგოს მინიმუმ 13 ორთაბრძოლა, მაშინ მას იოკოძუნას ესოდენ ნანატრ ტიტულს მიანიჭებენ.

სუმოს მამები ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობენ, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ კისენოსატო 14 შერკინებას მოიგებს, მაგრამ ჩემპიონი მაინც ვერ გახდება, ან თუ ჩემპიონი გახდება, მაგრამ 2-ზე მეტ მარცხს იწვნევს, ანუ 13 მოგებას ვერ მიითვლის.

მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო ბატალიები და დაძაბული ბაშო გველის!

ჩვენ კი წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გაგამარუს!

გაგას ჩაგდებული ბაშო და ჰაკუჰოს მორიგი ტრიუმფი

მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოს 27-ე ტრიუმფით დასრულდა ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანში აკი ბაშოდ წოდებული წლის რიგით მე-5 სუპერტურნირი სუმოში. “თეთრმა ფენიქსმა” ჯერ კიდევ ბოლოსწინა (მე-14) ტურში გაიფორმა ოფიციალურად ჩემპიონობა, თუმცა ბაშოს ბოლო დღეს მაინც მოტივირებული გამოვიდა დოჰიოზე, თანამემამულე იოკოძუნა ჰარუმაფუჯის წინააღმდეგ და 14 მოგებით დაასრულა სექტემბრის ტურნირი.

ჰაკუჰო “მზიურ ცხენს” თავიდანვე მთელი ძალით ეკვეთა, კარგად დაიჭირა კორპუსით და კოტენაგეს მოხდენილი გდებით დოჰიოზე დასცა. შედეგად, ჰარუმაფუჯიმ მე-5 მარცხი მიითვალა ბაშოზე, ბოლო 4 ტურნირზე კი საერთო ჯამში 20 წაგება მოუგროვდა, რაც იოკოძუნას ტიტულის მფლობელისათვის ზედმეტად ბევრია. არაა გამორიცხული, რომ 29 წლის მონღოლმა ძალიან მალე მიიღოს სუმოს მამებისაგან დიდი სუმოდან წასვლის “რეკომენდაცია”, რომელიც ფაქტიურად სავალდებულო მოთხოვნის ტოლფასია და სუმოისტი ვალდებულია უსიტყვოდ დაემორჩილოს მას.

რაც შეეხება “თეთრ ფენიქსს”, მან წლეულს მიჯრით მე-4 ბაშო მოიგო, საერთო ჩემპიონობათა რიცხვი 27-მდე გაზარდა და ნელ-ნელა უახლოვდება ლეგენდარული იოკოძუნა ტაიჰოს აბსოლუტურ რეკორდს, რომელიც 32 საჩემპიონო ტიტულს ითვლის.

დაჯილოდვების ცერემონიალზე ჰაკუჰომ პირველ რიგში იაპონელებს 2020 წლის ოლიმპიადაზე განაცხადებში ტოკიოს გამარჯვება მიულოცა და გამოტყდა, რომ ოცნებობს თავისი კარიერის სწორედ ამ დრომდე გაგრძელებაზე. მან ისიც აღნიშნა, რომ 45 წლის წინ მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე მისმა მამამ ვერცხლის მედალი აიღო.

სამწუხაროდ, მარცხით დაასრულა აკი ბაშოზე გამოსვლა ქართველმა გოლიათმა, გაგა ჯუღელმა. გაგამარუმ თავისი ბოლო შერკინება მისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქე, იაპონელ ჰომაშოსთან (დ-მ13) დათმო იორიკირით და საბოლოოდ 9 წაგება მიითვალა ბაშოზე (6 მოგების საპირისპიროდ), რაც მე-9 მაეგაშირას სტატუსის სეკიტორისთვის საკმაოდ ცუდი შედეგია.

აღნიშნული რეზულტატი დაახლოებით 2-დან 4 საფეხურამდე დააქვეითებს გაგას მომდევნო ბაშოსთვის რეიტინგში, რომელიც ოფიციალურად 28 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

რაც შეეხება ჩვენს მეორე სეკიტორს, ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს, მან როგორც იცით, ივლისის ბაშოზე მიღებული ტრავმის გამო სექტემბრის ტურნირი, რომელზეც ჯურიოს დივიზიონის პირველ ნომრად იყო განთესილი, სრულად გამოტოვა. მოგეხსენებათ, გამოტოვებული ორთაბრძოლები სუმოში წაგების ტოლფასად ითვლება და შესაბამისად, ლევანს მკვეთრად დააქვეითებენ მომდევნო ბაშოსთვისაც. თუმცა, შესაძლებელია, რომ დივიზიონი მაინც არ დაატოვებინონ და ჯურიოს მე-14 ნომრის სტატუსი მიანიჭონ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტოჩინოშინმა უკვე გაიკეთა ოპერაცია ტრავმირებულ მუხლზე და აღდგენითი პროცესი საკმაოდ ნორმალურად მიდის. სხვათა შორის, ლევანმა იძულებითი პაუზით ისარგებლა და მუხლთან ერთად ოპერაცია ნატკენ იდაყვზეც გაიკეთა, რომელიც ქრონიკულად აწუხებდა ბოლო წლებში. მისი სრულად გამოჯანმრთელების ზუსტი ვადა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა თუ ყველაფერი კარგად იქნა, სავარაუდოდ იანვრის ბაშოსთვის უნდა შეძლოს დოჰიოზე დაბრუნება.

სექტემბრის ბაშოს ვიცე-ჩემპიონები 11-11 მოგებით იაპონელი ოძეკი კისენოსატო და იაპონელი სეკივაკე გოიდო გახდნენ. ამ უკანასკნელმა ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი ჩაატარა კარიერაში და ვიცე-ჩემპიონობასთან ერთად, ბრწყინვალე ასპარეზობისთვის დაწესებული სპეციალური პრიზი, შუკუნ-შოც დაიმსახურა.

აქვე გეტყვით, რომ მებრძოლი სულის გამოვლენისათვის დაწესებული პრიზი, კანტო-შო იაპონელმა პირველმა მაეგაშირა, შოჰოძანმა მიიღო, რომელმაც ტურნირზე 1 იოკოძუნა, 2 ოძეკი და თითო სეკივაკე-კომუსუბი დაამარცხა.

შოჰოძანი მომდევნო ბაშოზე კომუსუბის ტიტულით მოგვევლინება.

რაც შეეხება მესამე სპეციალურ პრიზს, გინო-შოს, რომელიც ტექნიკური ორთაბრძოლების ჩვენებისათვის გადაეცემათ სუმოისტებს, იგი ამჯერად გაუცემელი დარჩა.

წლის დასკვნითი სუპერტურნირი, რომელიც კიუშუ ბაშოს სახელითაა ცნობილი, ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში 10-დან 24 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

 

 

 

092710sumo

hak 1

hak

 

გაგამ მაკე-კოში გაიფორმა, ჰაკუჰომ – ჩემპიონობა

ქართველმა გოლიათმა გაგა ჯუღელმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლო ჩვენი იმედების გამართლება, დადებით ბალანსზე გასვლასთან დაკავშირებით და ბაშოს დასრულებამდე 1 ტურით ადრე მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმა, რაც მე-9 მაეგაშირად განთესილ ჩვენებურს რეიტინგში კიდევ უფრო დააქვეითებს მომდევნო ტურნირისთვის.

აკი ბაშოს მე-14 ტურში გაგამარუ იაპონელ ტამაასუკასთან იორიკირით დამარცხდა. ჩვენმა გოლიათმა იაპონელი მე-15 მაეგაშირას მიძალებას ვერაფერი დაუპირისპირა და შერკინებიდან 6 წამში ტავარას (დოჰიოს ხაზი) მიღმა აღმოჩნდა. არადა, ტამაასუკა ნამდვილად არ განეკუთვნებოდა გაგასთვის უძლეველი ან უხერხული მეტოქეების რიცხვს, რაც კიდევ უფრო გულდასაწყვეტია.

თუ დღეს გაგა ბოლო შერკინებას მოგებას მაინც მოახერხებს, რეიტინგში უკუსვლა შედარებით მცირე ექნება. თუმცა, დღეს მას ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქე, იაპონელ ჰომაშოსთან მოუწევს დაპირისპირება. დღემდე იაპონელთან გამართული 8 ორთაბრძოლიდან რვავე (!!!) წაგებული აქვს ჩვენებურს.

ამასობაში, იოკოძუნა ჰაკუჰომ ბაშოს დასრულებამდე 1 დღით ადრე ნაადრევად გაიფორმა ჩემპიონობა და დღეს უკვე ოფიციალურად, 27-ედ ჩაიბარებს იმპერატორის თასს! ამ მიღწევით იგი ნელ-ნელა უახლოვდება ლეგენდარული იოკოძუნების, ტაიჰოსა და ჩიონოფუჯის აბსოლუტურ რეკორდებს, რომელთაც შესაბამისად 32 და 31 ბაშო აქვთ კარიერაში მოგებული. მონღოლ იოკოძუნას კი, როგორც ჩანს, მათი რეკორდების დამხობა დაუსახავს მიზნად, რაც მისი ასაკიდან და სპორტული ფორმიდან გამომდინარე სავსებით რეალურად მოჩანს.

დღის ცენტარლურ პაექრობაში “თეთრმა ფენიქსმა” მისი უახლოესი მდევარი და საჩემპიონო რბოლაში უშუალო კონკურენტი, იაპონელი ოძეკი კისენოსატო ჰატაკიკომით დასცა დოჰიოზე და ყველა კითხვას საბოლოოდ გასცა პასუხი.
ჰაკუჰო: 13 მოგება, 1 მარცხი.
კისენოსატო, ჰარუმაფუჯი, გოეიდო: 10 მოგება, 4 მარცხი.

სექტემბრის ბაშო ოფიციალურად დღეს დასრულდება.

AJ201203120084M

 

330698-sumo_hakuho_092010_cup1_super

30_hakuho_vence_01

hakuho (1)

hakuho-2008-11-26-3-9-27

sumo-hakuho-yusho-0310

ox281286668626983528

 

გაგამარუ დადებით ბალანსზე გავიდა

იაპონიაში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ქართველმა გოლიათმა, გაგა ჯუღელმა მიჯრით მეოთხე (ჯამში კი მეხუთე) გამარჯვება იზეიმა და დადებით ბალანსზე გავიდა. აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირად განთესილმა გაგამარუმ ძალიან კარგი და თან არცთუ იოლი ორთაბრძოლა მოუგო თავის მეგობარ, რუს (წარმოშობით ვლადიკავკაზელ) არანს (იორიკირით), რომელიც მე-7 მაეგაშირას სტატუსით ირჯება.

ორთაბრძოლის სტარტზე გაგას საკმაოდ რთული შეტევის მოგერიება მოუხდა ალან გაბარაევისგან, რის შემდეგაც ჩვენებურმა კარგად დაიჭირა მეტოქე მკლავებით და ეტაპობრივი შეტევა განახორციელა მასზე. როდესაც ჯუღელმა დოჰიოს კიდესთან მიიყვანა არანი, ზედ ტავარაზე (დოჰიოს ხაზი) შემდგარმა რუსმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და ბოლომდე სცადა წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა ჩვენი გოლიათის შეუპოვარმა მიძალებამ სასურველი შედეგი გამოიღო და მეტოქეც ტავარას მიღმა აღმოჩნდა.

ამ გამარჯვებით გაგამ მიმდინარე ბაშოზე პირველად მოახერხა დადებით ბალანსზე გასვლა (5-4) და იმედია, ბოლომდე შეინარჩუნებს მას.

ჩვენებურის მომდევნო მეტოქე იაპონელი გოლიათი, მე-12 მაეგაშირა სადანოფუჯი იქნება, რომელსაც ბაშოზე ზუსტად გაგასნაირი ბალანსი აქვს (5-4). ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობას იაპონელი ფლობს – 4:2.

სატურნირო მდგომარეობაში კი დაუმარცხებლად მოასპარეზე მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა და ახლა უკვე მთელი 2 მოგებით უსწრებს უახლოეს მდევრებს: თანამემამულე იოკოძუნა ჰარუმაფუჯის, იაპონელ ოძეკი კისენოსატოს (რომელიც გუშინ მე-3 მაეგაშირა ჩიოტაირიუსთან დამარცხდა), კიდევ ერთ მონღოლ, მე-6 მაეგაშირა კიოკუტენჰოსა და იაპონელ მე-13 მაეგაშირა ჰომაშოს.

Day 10