“ინტერმა” სიმონე ინძაგი დაითანხმა

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სიმონე ინძაგი დაინიშნება.

45 წლის სპეციალისტი გუშინ რომის “ლაციოსთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმა იყო, მაგრამ “ნერაძურის” ხელმძღვანელთა პროდუქტიული მუშაობის შედეგად, სიმონე ინძაგიმ პოზიცია შეცვალა და სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება მილანურ გუნდში გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება, იტალიელი სპეციალისტის წლიური ჯამაგირი ოთხი მილიონი ევრო იქნება, კიდევ ერთი მილიონი ევროს გამომუშავება კი საბონუსე სისტემით შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ “ინტერის” თავკაცის პოსტი ვაკანტური გუშინ გახდა. ანტონიო კონტემ სკუდეტოს მოგებიდან სამი დღის შემდეგ “ნერაძურის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რაც გუნდში შექმნილ მძიმე ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება.

თავის მხრივ, “ლაციოს” თავკაცის ვაკანტურ პოსტზე სინიშა მიჰაილოვიჩის ან ვალტერ მაძარის დანიშვნას ელიან.

ლაუტარო მზადაა, “ინტერთან” ახალი კონტრაქტი შეათანხმოს

მილანის “ინტერი” გუნდის ფორვარდ ლაუტარო მარტინესთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მუშაობას იწყებს. სანაკრებო პაუზის დროს არგენტინელი ფეხბურთელის წარმომადგენლები მილანში ჩაფრინდებიან და აღნიშნულ საკითხს დეტალურად განიხილავენ.

ლაუტარო მარტინესი ახალი კონტრაქტის დეტალების განსახილველად მზად არის. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს.

გასულ სატრანსფერო პერიოდში ლაუტარო მარტინესის მიმართ ინტერესს “ბარსელონა” იჩენდა, თუმცა კატალონიურ კლუბში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო გარიგება არ შედგა.

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

“ინტერმა” რაჯა ნაინგოლანი ტრანსფერზე დააყენა

მილანის “ინტერმა” გუნდის ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

მილანურ გუნდში ბელგიელი ფეხბურთელის პირველი სეზონი არაერთმნიშვნელოვანი გამოდგა: ნაინგოლანმა დიდი პერიოდი ლაზარეთში გაატარა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა საკმაოდ კარგი თამაშებიც.

“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “ნერაძურიმ” ფეხბურთელთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელობამ ნაინგოლანის აგენტ ალესანდრო ბელტრამის უკვე აცნობა, რომ ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული.

მოდრიჩი “ინტერში” გადასვლას დასთანხმდა

მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მილანის “ინტერს” სულ უფრო უახლოვდება.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ ხორვატი ფეხბურთელი “ნერაძურიში” გადასვლას დასთანხმდა. წყაროს თანახმად, იტალიური კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ მოდრიჩის მეუღლესა და აგენტს. მხარეებმა ტრანსფერის დეტალები განიხილეს.

როგორც მოგეხსენებათ, მილანის “ინტერში” სერიოზულმა ხორვატულმა დიასპორამ მოიყარა თავი. გუნდში ივან პერიშიჩსა და მარცელო ბროზოვიჩს შიმე ვრსალკო დაემატა და მოდრიჩის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, “ნერაძურის” ხორვატიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე ეყოლება.

ლუკა მოდრიჩსა და “რეალს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს. “სამეფო კლუბს” ხორვატი ნახევარმცველის დათმობა არ სურს.

შესაძლო ტრანსფერის კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ფინანსური ფეარ-პლეი გახლავთ. “ინტერმა” მიმდინარე ზაფხულს რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი უკვე განახორციელა.

“მანჩესტერ სიტი” იაია ტურეს გასაყიდად ემზადება

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” იტყობინება, რომ “მანჩესტერ სიტი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იაია ტურეს გასაყიდად მზად არის.

“ქალაქელები” 31 წლის კოტ დივუარელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ იაია ტურეს მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენს მილანის “ინტერი”. “მანჩესტერ სიტის” სურს, რომ კოტ დივუარელის ნაცვლად კლუბში “ვოლფსბურგის” 23 წლის ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მიიყვანოს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში იაია ტურემ 22 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“პარი სენ-ჟერმენი” ლავესის გაყიდვას არ აპირებს

უკანასკნელი კვირის განმავლობაში ევროპულ პრესაში აქტიურად იწერებოდა ესეკიელ ლავესის მილანის “ინტერში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ. “ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, არგენტინელ შემტევ ნახევარმცველს საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი “პარი სენ-ჟერმენის” დატოვება, თუმცა როგორც ჩანს, ის პარიზში დარჩება.

“ლე პარიზიენის” თანახმად, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობამ “ინტერს” აცნობა, რომ ლავესი არ იყიდება.

პარიზელებს კარგად ესმით, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში ძალზედ რთულია ისეთი ფეხბურთელის მოძებნა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ლავესის ჩანაცვლებას შეძლებს. აქედან გამომდინარე, ფრანგულმა კლუბმა 29 წლის არგენტინელი მოთამაშის გაშვებაზე უარი თქვა.

 

ვალტერ მაცარი: „პროგრესის ნიშნებს ვხედავ“

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი თვლის, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში უკეთ გამოიყურება, ვიდრე – გასულ სეზონში.

„პროგრესის ნიშნებს ვხედავ. ტაქტიკა და გუნდური მუშაობა გაუმჯობესდა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კლუბმა შესაძლებლობის ფარგლებში სეზონი მაღალ პოზიციაზე დაასრულოს. სეზონის საბოლოო შედეგის ხილვის შემდეგ უფრო ადვილი იქნება სამომავლო გეგმების დასახვა.

ვისაც გუნდში დარჩენა სურს, გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ ყველაფერს განვსაზღვრავთ. მაღალ დონეზე დასარჩენად მუდმივი კონცენტრაცია არის საჭირო. ეს ადვილი საქმე არ გეგონოთ, რამდენიმე ფეხბურთელი ამისთვის მზად არ არის“, – მაცარის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

„რომამ“ წაუგებელი სერია ბოლო წუთზე გააგრძელა, „ინტერი“ სახლში „სამპდორიას“ დაუზავდა

მოგეხსენებათ, იტალიის სერია ა-ს მე-14 ტური გუშინ დაიწყო. „პარმამ“ შინ „ბოლონიასთან“ ფრედ – 1:1 ითამაშა. იგივე ანგარიშით „ჯენოასა“ და „ტორინოს“ მატჩი დასრულდა.

დღეს კი, როგორც უკვე გაცნობეთ, „მილანმა“ სტუმრად ბოლო ადგილზე მყოფ „კატანიას“ 1:3 სძლია.

ბერგამოში „ატალანტამ“ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით წაუგებელი „რომა“ მიიღო. ანგარიში მატჩის 51-ე წუთზე ბრივიომ გახსნა. მასპინძლები შეხვედრას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დრომდე იგებდნენ. საბოლოოდ, ანგარიში „ჯალოროსის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კევინ სტროოტმანმა გაათანაბრა, რომელმაც თავისი გუნდის წაუგებელი სერია გააგრძელა.

„ატალანტა“ – „რომა“ 1:1
გოლები: ბრივიო 51′ – სტროოტმანი 90′

„ატალანტა“: კონსილი; სკალონი (ლუკინი 75′), დელო გროსო (ბონავენტურა 30′), კანინი, ბრივიო; კაცოლა, ჩიგარინი, კარმონა; მორალესი, დენისი, ბრიენცა (კონე 66′)

„რომა“: დე სანკტისი; მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო; მარკინიო (პიანიჩი 62′), დე როსი (ლიაიჩი 57′), სტროოტმანი, ბრედლი; ფლორენცი (რიჩი 87′), ჟერვინიო

გაფრთხილებები: ჩიგარინი, კანინი, დენისი – ბენატია, ლიაიჩი

3 ქულის მოპოვება ვერც მილანის „ინტერმა“ მოახერხა, რომელმაც ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გენუის „სამპდორია“ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში ასევე ბოლო წუთებზე გათანაბრდა. არადა, მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო – მე-17 წუთზე ანგარიში ფრედი გუარინმა გახსნა. საბოლოოდ, წონასწორობა 89-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა რენან ფერნანდეს გარსიამ აღადგინა.

„ინტერი“ – „სამპდორია“ 1:1
გოლები: გუარინი 17′ – რენანი 89′

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, როლანდო, ჟუან ჟესუსი, ჟონათანი, ტაიდერი (კოვაჩიჩი 63′), კამბიასო, ალვარესი (ბელფოდილი 85′), ძანეტი, გუარინი (მუდინგაი 82′), პალასიო

„სამპდორია“: და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტერდელო (რეჯინი 43′), ანდრეა კოსტა, პალომბო, ობიანგი (რენანი 86′), გაბიადინი, ედერი, სორიანი, პოცი (სანსონე 73′)

გაფრთხილებები: ალვარესი, კამპანიარო, გუარინი – გაბიადინი, ანდრეა კოსტა, ედერი

სხვა მატჩები შედეგები:

„კალიარი“ – „სასუოლო“ 2:2
გოლები: ნენე 73′, საუ 87′ – მარცორატი 14′, ძაძა 20′

„კიევო“ – „ლივორნო“ 3:0
გოლები: რიგონი 36, თერუ 56′, პალოსკი 79′

დღეს ტურის კიდევ ერთ შეხვედრა გაიმართება – „იუვენტუსი“ „უდინეზეს“ მიიღებს. ხვალ „ფიორენტინა“ „ვერონას“ უმასპინძლებს, ხოლო ზეგ ერთმანეთს რომის „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბერგომი: „მორატიმ „ინტერის“ გაყიდვით სწორი გადაწყვეტილება მიიღო“

მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელი ჯუზეპე ბერგომი ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ „ნერიაძურიმ“ მფლობელი შეიცვალა. ბერგომის თქმით, „ინტერის“ აწ უკვე ყოფილმა მეპატრონემ, მასიმო მორატიმ კლუბის გაყიდვით სწორი ნაბიჯი გადადგა.

მოგეხსენებათ, „ინტერი“ ინდონეზიელი ბიზნესმენის, ერიკ თოჰირის საკუთრებაში გადავიდა. 15 ოქტომბერს თოჰირმა კლუბის აქციათა 70 პროცენტი შეიძინა. „ინტერის“ გულშემატკივართა ერთი ნაწილი ამ ამბით უკმაყოფილო დარჩა, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ეს ცვლილება აუცილებელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, თოჰირმა 250-დან 300 მილიონ ევრომდე გადაიხადა.

„ცხოვრება გრძელდება. ზედმეტი ნოსტალგია არ გვარგებს. მორატიმ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ „ინტერს“ წარმატებებისთვის მიეღწია. კლუბის გაყიდვა აუცილებელი იყო. თუ მორატის „ინტერი“ მართლაც უყვარს, ის სწორად მოიქცა. ვიმედოვნებ, რომ თოჰირი სწორი არჩევანია. არ ვიცი, ერკვევა თუ არა ის ფეხბურთში, თუმცა მართვა შეუძლია“, – განაცხადა ბერგომიმ.

ბექა დოგრაშვილი