ანდრეა პირლო საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლო განაცხადა, რომ მისი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. იტალიელი ფეხბურთელის თქმით, გამოჯანმრთელების მიახლოებითი ვადა მომდევნო კვირაში დაგეგმილი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ნახევარმცველმა ბარძაყის კუნთების ტრავმა მიიღო. გამოჯანმრთელებას დაახლოებით 30 დღე დასჭირდება. პირლო წინასასეზონო ტურნირზე დაშავდა.

“რეაბილიტაციის კურსი კარგად მიმდინარეობს. მომდევნო კვირაში რამდენიმე ტესტი მელის, რის შემდეგაც გარკვეულ კითხვებს პასუხი გაეცემა. ვნახოთ, მომცემენ თუ არა ბურთით ვარჯიშის უფლებას. არ ვიცი, მოვასწრებ თუ არა “მილანთან” გასამართ მატჩამდე გამოჯანმრთელებას. ვიმეორებ, უნდა დაველოდოთ ორშაბათის ტესტს.

მეტად მნიშვნელოვანი სეზონი გველის, ისევე რთული, როგორიც წინა იყო. თამაში მომიწევს როგორც იტალიის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, ქვეყნის თასზე და ეროვნულ ნაკრებში”, – ციტირებს პირლოს სიტყვებს Sky Sports-ი.

ცნობისთვის, “მილანსა” და “იუვენტუსს” შორის სეზონის პირველი მატჩი სერია A-ს III ტურში, 20 სექტემბერს, “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება.

 

ალეგრი კმაყოფილია

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი კლუბის სატრანსფერო კამპანიით კმაყოფილია. “ბებერი” ქალბატონის” თავკაცმა ისიც აღნიშნა, რომ გუნდიდან არტურო ვიდალის გაშვებას არ აპირებდნენ.

“ვიდალი ტრანსფერზე არც ყოფილა. კლუბში მაშინვე მითხრეს, რომ ის დარჩებოდა. “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკა მომეწონა. ტრანსფერები მხოლოდ ტრანსფერებისთვის არ გაგვიკეთებია, ჩვენ ზუსტი შენაძენები გვინდოდა. ეს იყო საკითხისადმი გონივრული მიდგომა. რა თქმა უნდა, მეტიც შეგვეძლო, ვგულისხმობ ისეთი ფეხბურთელის დამატებას, რომელიც გუნდის დონეს კიდევ უფრო აამაღლებდა”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს “სქაი იტალია”.

 

ათი ყველაზე ძვირადღირებული მეკარე ფეხბურთის ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე ძვირადღირებული ათი მეკარე დაასახელა.

თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით

10. კრეიგ გორდონი – 9 მილიონი

9. სიმონ მინიოლე – 9 მილიონი

8. სამირ ჰანდანოვიჩი – 9 მილიონი

7. ფერნანდო მუსლერა – 9.9 მილიონი

6. ფრეიზერ ფოსტერი – 10 მილიონი

5. იან ობლაკი – 12.6 მილიონი

4. ანჯელო პერუცი – 15.7 მილიონი

3. დავიდ დე ხეა – 18 მილიონი

2. მანუელ ნოიერი – 19 მილიონი

1. ჯანლუიჯი ბუფონი – 33 მილიონი

El Confidencial: „იუვენტუსი“ დი მარიაში 45 მილიონს იხდის

ესპანური El Confidencial-ის ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ანხელ დი მარიას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ტურინის „იუვენტუსისგან“ წინადადება მიიღო. აღნიშნული წყაროს თანახმად, „ბებერი ქალბატონი“ მზად არის, 26 წლის არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გაიღოს, რაც მხოლოდ 5 მილიონით ნაკლებია იმ თანხაზე, რისი მიღებაც მადრიდელებს აქამდე სურდათ.

„იუვენტუსი“ თავად დი მარიას ხელფასის სახით სეზონში 6 მილიონ ევროს სთავაზობს.

მანამდე არგენტინელ ნახევარმცველს ლონდონის „არსენალთანაც“ აქტიურად აკავშირებდნენ.

ცნობისათვის, დი მარიას მადრიდის „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისს ეწურება.

ბექა დოგრაშვილი

La Stampa: ევრამ „იუვენტუსში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი პატრის ევრა ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოსაა.

Football Italia „ლა სტამპაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ პარასკევს ფრანგი ფეხბურთელი ტურინს ეწვია, სადაც „ბიანკონერისთან“ კონტრაქტის ბოლო დეტალები განიხილა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის მცველს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება. ამდენად, ევრა „ბებერ ქალბატონს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ტურინულმა კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ აგრეთვე უსასყიდლოდ გადმოიბირა ევრას თანამემამულე პოლ პოგბა.

ფრანგი მცველისთვის იტალია უცხო არ არის, რადგან კარიერა სწორედ ამ ქვეყანაში დაიწყო. ის 1998-დამ 2000 წლამდე იტალიურ კლუბებში – „მარსალასა“ და „მონცაში“ გამოდიოდა. ევრა იტალიურ ენასაც თავისუფლად ფლობს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი მცველი „იუვენტუსთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბექა დოგრაშვილი

კიელინიმ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

იტალიის სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა გათამაშების 37-ე ტურში „რომასა“ და ტურნირის „იუვენტუსს“ შორის გამართულ მატჩში (0:1) მომხდარი ეპიზოდი განიხილა. აღნიშნულ შეხვედრაში „ბებერი ქალბატონის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ მასპინძელთა ნახევარმცველ მირალემ პიანიჩს იდაყვით დაარტყა.

სადისციპლინო კომიტეტმა კიელინი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ამრიგად, 29 წლის მცველი სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბოლო ტურში „კალიარისთან“ გასამართ მატჩს და მომდევნო სეზონის ორ შეხვედრას გამოტოვებს.

 

რონალდო: „იუვენტუსმა“ „ინტერს“ ორი სკუდეტო მოპარა“

მილანის „ინტერისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ განაცხადა, რომ ტურინის „იუვენტუსი“ 2006 წლამდე სერია А-ში ბინძური საქმეებით იყო დაკავებული.

2002 წელს მილანის „ინტერი“ ბოლო ტურში რომის „ლაციოსთან“ დამარცხდა (2:4), რითაც „იუვენტუსმა“ ისარგებლა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.

„ძალიან მტკივნეული იყო ბოლო ტურში მარცხის გადატანა, თუმცა კალჩოპოლიმ მაშინ მიმდინარე მოვლენებს ნათელი მოჰფინა. „იუვენტუსმა“ ჩვენ ორი სკუდეტო მოგვპარა: 1998 წელს, როდესაც მარკო იულიანო მეუხეშა, თუმცა პენალტი არ დანიშნეს და 2002 წელს. ორივე შემთხვევაში ჩემპიონი „იუვენტუსი“ გახდა. ტურინულ გუნდს მაშინ ლუჩანო მოჯი, ანტონო ჯირაუდო და რობერტო ბეტეგა ხელმძღვანელობდნენ. ტრიადა…

ჩვენ მაშინაც მივხვდით, რომ უცნაური რამ ხდებოდა, მაგრამ მტკიცებულება არ გაგვაჩნდა. კალჩოპოლიმ დაადასტურა, რომ მართლები ვიყავით“, – რონალდოს სიტყვებს Football Italia ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

„ინტერი“ ჯოვინკოზე ფიქრობს

იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ იუწყება, რომ ტურნირის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი სებასტიან ჯოვინკო მილანის „ინტერის“ ინტერესის სფეროში მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ნერაძური“ 26 წლის ფეხბურთელის გადმობირებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან, თუმცა მოლაპარაკებები შეიძლება, ზამთარშივე დაიწყოს.

ჯოვინკოს „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ფეხბურთელმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ტურინიდან აბარგების წინააღმდეგი არ არის.

მიმდინარე სეზონში სება ჯოვინკომ იტალიის ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა.

ბექა დოგრაშვილი

ბუფონის მშრალი სერია მე-6 ადგილზე შეწყდა

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ბერგამოს „ატალანტასა“ და ტურინის „იუვენტუსს“ შორის გამართული მატჩის (1:4) მე-15 წუთზე მასპინძელთა არგენტინელმა ნახევარმცველმა მაქსიმილიანო მორალესმა ჯანლუიჯი ბუფონის მშრალი სერია შეწყვიტა, რამაც 745 წუთი შეადგინა.

ამრიგად, „სუადრა აძურას“ კიპერმა იმ სიაში, რომელიც გვიჩვენებს, თუ ვის აქვს იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის ისტორიაში ყველაზე დიდი დროით კარი მშრალად დაცული, მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ბუფონი რომის „ლაციოს“ ყოფილ კიპერ ლუკა მარკეჯანის გაუთანაბრდა.

იტალიის ჩემპიონატში ყველაზე დიდი დროის განმავლობაში კარი მშრალად დაცული ამ მეკარეებს აქვთ:

 N  მეკარე:  კლუბი:  წუთი:  სეზონი:
1 როსი „მილანი“   929  1993/94
2 ძოფი „იუვენტუსი“   903  1972/73
3 პოცო „ჯენოა“   791  1963/64
4 პელიცოლი „რომა“   774  2003/04
5 პინატო „ატალანტა“   757  1996/97
6 მარკეჯანი „ლაციო“   745  1997/98
6 ბუფონი იუვენტუსი   745  2013/14
8 დე სანკტისი „რომა“   744  2013/14
9 რეჯინატო „კალიარი“   712  1966/67
10 ჰანდანოვიჩი „უდინეზე“   704  2010/11

 

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსის“ მატჩს 12 200 ბავშვი დაესწრო

იტალიის სერია A-ს XIV ტურში ტურინის „იუვენტუსსა“ და „უდინეზეს“ შორის გამართულ მატჩს (1:0) 12 200 ბავშვი დაესწრო.

მოგეხსენებათ, 10 ნოემბერს, „ნაპოლის“ წინააღმდეგ შემდგარ მატჩში გულშემატკივრები არასათანადოდ მოიქცნენ, რის გამოც „იუვენტუსის“ სტადიონის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტრიბუნებს დისკვალიფიკაცია მისცეს. ცარიელი ადგილების ბავშვებით შევსების ინიციატივით ყოველდრიური გაზეთი „ტუტოსპორტი“ გამოვიდა, რასაც მხარი იტალიური ფეხბურთის ხელმძღვანელობამაც დაუჭირა.

„იუვენტუსმა“ „უდიენეზე“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ერთადერთი გოლი ფერნანდო ლორენტეს ანგარიშზეა.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსი“-„ნაპოლი“ 3:0 – ერთი თაღლითობა, ორი შედევრი

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში შედგა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი „ნაპოლი“ მიიღო. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეორე წუთზე ფერნანდო ლორენტემ ანგარიში გახსნა, თუმცა მომენტის განმეორებით ჩვენებაზე ნათელი გახდა, რომ მსაჯები შეცდნენ – ბასკი ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ასეა თუ ისე, „ბიანკონერი“ დებიუტშივე დაწინაურდა. მაყურებლებს მეორე გოლის სანახავდ საკმაო ლოდინი მოუხდათ, თუმცა ამ დროის გახარჯვა დანარჩენ ორ გოლად ღირდა. 74-ე წუთზე ანდრეა პირლომ ანგარიშში სხვაობა საჯარიმო დარტყმით გაზარდა. საბოლოო შედეგი პოლ პოგბამ დააფიქსირა, რომელმაც მატჩის მე-80 წუთზე იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა – 3:0. ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა პეპე რეინას კარის მიმართულებით ბურთი 101 კმ/სთ სიჩქარით გაგზავნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მასპინძლები 83-ე წუთის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, რადგან სწრაფი კონტშეტევის ჩაშლისთვის მთავარმა არბიტრმა ტურინელთა მცველ ანჯელო ოგბონას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

ამ გამარჯვებით „იუვენტუსმა“ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე პოზიციები გაიმყარა და ლიდერ „რომასთან“ სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა. რაც შეეხება „ნაპოლის“, რაფაელ ბენიტესის გუნდი 28 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა.

იტალიის სერია A
XII ტური
„იუვენტუსი“–„ნაპოლი“ 3:0 (1:0)

გოლები: ლორენტე 2′, პირლო 74′, პოგბა 80′.
გაფრთხილებები: ბონუჩი 51′, ოგბონა 57′, ვიდალი 72′ – ჰამშიკი 61′.
გაძევება: ოგბონა 83′.

ბექა დოგრაშვილი

რითი გააკვირვა ანჩელოტი კონტემ?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, მადრიდის „რეალმა“ ტურინის „იუვენტუსი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ საბოლოო შედეგით კმაყოფილება გამოთქვა. გარდა ამისა, იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ „იუვენტუსისგან“ ოთხი მცველით თამაშს არ მოელოდა.

„ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ „იუვენტუსი“ სამი მცველით ითამაშებდა. ანტონიო კონტემ სქემის შეცვლით გამაკვირვა. ერთი საათის განმავლობაში ორივე გუნდი კარგად გამოიყურებოდა, ბოლო 30 წუთში კი თითქმის აღარაფერი გავაკეთეთ, რადგან მთავარი აქცენტი ბურთის ფლობაზე გადავიტანეთ. შედეგით კმაყოფილები ვართ“, – აღნიშნა ანჩელოტიმ.

3 ტურის შემდეგ „რეალს“ აქტივში 9 ქულა აქვს, მეორე ადგილზე 4 ქულით „გალათასარაი“ გახლავთ, მესამეადგილოსან „იუვენტუსს“ 2 ქულა აქვს, მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ანდერლეხტს“ კი – 1.

ბექა დოგრაშვილი