ხავიერ ძანეტიმ “ინტერთან” სამუდამო კონტრაქტი გააფორმა

მილანის “ინტერის” ვიცე პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ კლუბთან სამუდამო კონტრაქტი გააფორმა.

“ჩემთვის დიდი პატივია კარიერის დარჩენილი პერიოდის გატარება იმ გუნდში, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. “ინტერი” ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო წლებია.

კლუბის მომავალზე ვფიქრობ. ვფიქრობ, როგორ დავაბრუნოთ “ინტერი” ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე”, – ციტირებს ხავიერ ძანეტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი “ნერიაძურის” ღირსებას 1995-დან 2014 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ხუთჯერ მოიგო სერია A, ოთხ-ოთხჯერ დაეუფლა ქვეყნის თასსა და სუპერთასს, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი.

 

ძანეტი: “მესის რამის დასამტკიცებლად მუნდიალის მოგება არ სჭირდება”

მილანის “ინტერის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ხავიერ ძანეტიმ განაცხადა, რომ “ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ უკვე ყველას ყველაფერი დაუმტკიცა.

“არ მესმის, რატომ ადარებენ მესის მარადონას. ორივე მათგანი უნიკალური ფეხბურთელია. მესიმ “ოქროს ბურთი” ხუთჯერ მოიგო, ოთხჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს და წელიწადში 97 გოლი გაიტანა. მას არ სჭირდება მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება იმისთვის, რომ რაღაც დაამტკიცოს. ლიონელი არგენტინის ელჩია და მე, როგორც არგენტინელი, ამით ვამაყობ”, – ციტირებს ხავიერ ძანეტის სიტყვებს “სანი”.

 

ხავიერ ძანეტიმ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

მილანის “ინტერის” ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ ვარაუდი გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვინ მოიგებს “ოქროს ბურთს”.

“ლეო მესი ტრავმის მოშუშების შემდეგ სულ უფრო კარგად თამაშობს და ეჭვგარეშეა, რომ იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია უჩვეულო რამის გაკეთება. იგი იმსახურებს “ოქროს ბურთის” მეხუთედ მოგებას”, – ციტირებს ხავიერ ძანეტის სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” პრიზზე წარდგენილნი არიან ლეო მესი, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ. დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

რეკობა: “ინტერში” მორატის ფავორიტი ვიყავი”

მილანის “ინტერის” ყოფილი ნახევარმცველი იტალიის სერია А-ს მე-3 ტურში გამართულ მილანურ ჯახს დაესწრო, რომელიც “ნერიაძურის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი “ინტერის” ღირსებას 1997-დან 2007 წლამდე იცავდა.

რეკობამ მილანურ გუნდში თამაშის პერიოდი გაიხსენა.

“იტალიაში მას შემდეგ არ ვყოფილვარ, რაც სათამაშოდ საბერძნეთში გადავედი. საბედნიეროდ, “ინტერმა” წარმატებით ითამაშა. სხვა შემთხვევაში, აქ აღარ მომიწვევდნენ.

მასიმო მორატის ჯერ არ შევხვედრილვარ. “ინტერში” მე მისი ფავორიტი ვიყავი და ეს ნორმალური მოვლენაა. მე მისთვის არაფერი არ მითხოვია.

როდესაც სათამაშოდ იტალიაში გადმოვედი, მუდმივად ხავიერ ძანეტისთან ვიყავი. იგი დილის შვიდ საათზე დგებოდა, მე კი ძილი მიყვარდა.

ტყუილია ხმები იმის შესახებ, თითქოს ვარჯიში არ მიყვარდა, თუმცა ხავიერს ვერ შევედრებოდი, რომელიც ბევრს ვარჯიშობდა და შემდეგ კარგადაც თამაშობდა”, – ციტირებს რეკობას სიტყვებს “კორიერე დელო სპორტი”.

 

ხავიერ ძანეტი: “ინტერი” ფავორიტთა შორის უნდა დაბრუნდეს”

მილანის “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ძანეტის სჯერა, რომ კლუბს იტალიის ჩემპიონატისთვის ბრძოლა შეუძლია, თუმცა არგენტინელი კონკრეტული პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს.

“სეზონი სულ ახლახან დაიწყო, წინ გრძელი გზაა. მნიშვნელოვანია, “ინტერი” ფავორიტთა შორის დაბრუნდეს”, – ციტირებს ძანეტის სიტყვებს Football Italia.

ლეგენდარულმა არგენტინელმა კლუბის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის შესახებაც ისაუბრა:

“ეს როლი მომწონს, რადგან ამ გზით “ინტერში” დარჩენის საშუალება მომეცა, რაც კარიერის ბოლოს ძალიან მსურდა. გამოცდილებას ვიღებ, ბევრს ვსწავლობ, რასაც ისევ კლუბს მოვახმარ. იმედი მაქვს, დიდებული სეზონი გვექნება”.

 

ხავიერ ძანეტი: “იაია ტურესა და ტიაგო მოტას დამატება პროგრესის ნიშანი იქნება”

მილანის “ინტერის” ვიცეპრეზიდენტი ხავიერ ძანეტი იმედს გამოთქვამს, რომ კლუბი “მანჩესტერ სიტიდან” იაია ტურეს გადმობირებას მოახერხებს. გარდა ამისა, არგენტინელი გამოტყდა, რომ ტიაგო მოტას დაბრუნებასაც ელის, რომელიც ამჟამად “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს.

“იაია ტურეს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და იმედია, გარიგება წარმატებით დასრულდება. იაია ხარისხის თვალსაზრისით წინსვლაში დაგვეხმარება.

კარგი იქნება, თუ მოტაც დაბრუნდება. მას დიდი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ვთვლი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. ის ჭკვიანია, იცის, როგორ დაარეგულიროს თამაში, მოედანზე სიტუაციის მართვა შეუძლია.

ასეთი ფეხბურთელების დამატება პროგრესის ნიშანი იქნება”, – ძანეტის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

 

ძანეტი: “ეჭვიც არ მეპარება, რომ “ინტერი” სასურველ შედეგებს მიაღწევს”

მილანის “ინტერის ვიცეპრეზიდენტმა და კლუბის ყოფილმა კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ “ნერიაძური” სწორ გზას ადგას და გუნდი კრიზისის დაძლევასთან ახლოსაა.

“ძალიან ბედნიერი ვარ და ეჭვიც არ მეპარება, რომ სასურველ შედეგებს მივაღწევთ. ვხედავ, როგორ მუშაობენ ბიჭები. გუნდი ბევრს შრომობს და იმედი გვაქვს, ასპარეზობას ასეთივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ”, – ძანეტის სიტყვები “გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

“ინტერმა” იტალიის სერია A-ს ბოლო სამი მატჩიდან სამივე გამარჯვებით დაასრულა, გაიტანა ცხრა გოლი და მიიღო მხოლოდ ორი ბურთი. გუნდი სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციამდე აღზევდა.

 

ხავიერ ძანეტი „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტი იქნება

ხავიერ ძანეტი მილანის „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იმუშავებს.

ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს „ნერიაძურისთან“ მოქმედი კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს ეწურება, 1-ელ ივლისს კი ზემოთ აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ძანეტიმ მაისის დასაწყისში კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა მილანურ კლუბში 19 სეზონი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან 5-ჯერ მოიგო სერია A, 4-ჯერ ქვეყნის თასი, თითო-თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასი.

 

უბერებელი ძანეტი ფეხბურთიდან შეუცვლელი ვარცხნილობით მიდის

ამ კვირის დასაწყისში მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.

არგენტინელი ფეხბურთელი „ნერიაძურის“ ღირსებას 22 წლის ასაკიდან იცავს. ამ ხნის განმავლობაში მან მილანურ კლუბთან ერთად ხუთჯერ მოიგო სკუდეტო, ოთხჯერ კოპა იტალია, დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგის თასი, მოიპოვა უეფას თასი, გახდა კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი.

ქვემოთ „პანინის“ ფირმის სტიკერებია მოცემული, რომელზედაც ხავიერ ძანეტის ტრანსფორმაციაა აღბეჭდილი. ისე კი, ამას ტრანსფორმაცია ძნელად თუ დავარქმევთ, რადგან პირველ და ბოლო ფოტოებს შორის თითქმის არანაირი განსხვავება არ შეიმჩნევა. თითქოს, ძანეტის დაბერების პროცესი შეუჩერებიაო. თანაც, არგენტინელ ფეხბურთელს მთელი ამ ხნის განმავლობაში ვარცხნიბლობა არ შეუცვლია – მაშინ, როდესაც დევიდ ბექჰემს თითქმის ამ პერიოდის მანძილზე საშუალოდ 6,456 სხვადასხვა ვარცხნილობა ჰქონდა მორგებული.

ძანეტი: „სიმეონეს წარმატება არ მაკვირვებს“

მილანის „ინტერის“ კაპიტან ხავიერ ძანეტის თანამემამულე დიეგო სიმეონეს წარმატებები ახარებს.

მადრიდის „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. საერთოდაც, მადრიდული კლუბი ბოლო ხუთ წელიწადში ევროთასებზე ფინალში მესამედ გავიდა (წინა ორი ფინალი ევროპის ლიგაზე ითამაშა და ორივე მოიგო). შეგახსენებთ, რომ სიმეონეს „ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ჟოზე მოურინიოს „ჩელსი“ დაამარცხა. ხავიერ ძანეტი მოურინიოს თავკაცობით ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. მოთამაშის რანგში ორი წელი სიმეონეც იცავდა „ინტერის“ ღირსებას.

„ნერიაძურის“ კაპიტნის თქმით, სიმეონემ წარმატებისთვის ძალიან ბევრი იშრომა.

„სიმეონეს, როგორც ჩემი მეგობრის, წარმატებები ძალიან მახარებს. ვიცი, რამდენი იმუშავა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიეღწია. გულახდილად რომ გითხრათ, არ მიკვირს, რომ დიეგომ ოცნება აისრულა.

მოურინიო დიდ მწვრთნელად დარჩება, მე მასთან ორი ფანტასტიური წელიწადი გავატარე“, – ძანეტის სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.

 

ერიკ თოჰირი: „ჩვენ ძანეტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ“

ორიოდე დღის წინათ გაუწყებდით, რომ ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს თავის გუნდში მილანის „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელის, ხავიერ ძანეტის ხილვა მოუნდა. პორტუგალიელი სპეციალისტის სურვილს „ნერიაძურის“ პრეზიდენტი ერიკ თოჰირი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმე ისე წარიმართება, როგორც თავად ძანეტის მოესურვება.

„ძანეტი ჩვენი გუნდის ლეგენდაა, ჩვენ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. უახლოეს თვეებში განვიხილავთ, გააგრძელებს ის კარიერას თუ კლუბის დირექტორი გახდება“, – ციტირებს თოჰირის სიტყვებს Goal.com-ი.

ძანეტიმ, რომელმაც 2010 წელს მოურინიოს თავკაცობით ერთბაშად სამი ტიტული მოიგო, აღნიშნა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტთან ამ დრომდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.

„მოურინიოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ხშირად ვსაუბრობს, მაგრამ ამ თემაზე არასდროს არ გვილაპარაკია. მჯერა, „ინტერის“ ქომაგებმა იციან, რას ვგრძნობ ჩვენი კლუბის მიმართ. ჩემი თავისთვის ხშირად მითქვამს, რომ „ინტერი“ ჩემი ცხოვრებაა… მინდა, რომ აქ დავრჩე. მეტი არც არაფერია სათქმელი.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი ვარ, ერთი ურყევი პოზიცია მაქვს: ორი შესაძლებლობაა – ან უნდა ითამაშო სასტარტო შემადგენლობაში, ან შეცვლაზე შეხვიდე. შესაძლებლობა მაქვს, გუნდს სარგებლობა კიდევ მოვუტანო, თუმცა ვფიქრობ, ისედაც ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა ხავიერ ძანეტიმ.

ბექა დოგრაშვილი

ძანეტი, მილიტო და კამბიასო სეზონის ბოლოს „ინტერს“ დატოვებენ?

Football Italia-ის ცნობით, არ არის გამორცხული, მიმდინარე სეზონის ბოლოს მილანის „ინტერი“ ერთბაშად სამმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დატოვოს. საუბარია ხავიერ ძანეტიზე, ესტებან კამბიასოსა და დიეგო მილიტოზე.

კლუბის ახალი მფლობელი ერკ თოჰირი გუნდის რეორგანიზაციას გეგმავს, რასაც შესაძლოა, აღნიშნული მოთამაშეები შეეწირნონ.

40 წლის ძანეტი, რომელიც „ინტერის“ ღირსებას 1995 წლიდან იცავს, კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას „ნერიაძურის“ კაპიტანი ზაფხულში აპირებს. 34 წლის მილიტოს „ინტერთან“ მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისის თვეში ეწურება, ახალ შრომით ხელშეკრულებას კი ჯერჯერობით არ სთავაზობენ. რაც შეეხება კამბიასოს, ის შესაძლებელია, დარჩეს კლუბში, თუმც ხელფასი გაუნახევრდება. ამ დროისთვის, მას ჯამაგირის სახით წელიწადში 4,5 მილიონი ევრო აქვს.

ბექა დოგრაშვილი