იოახიმ ლიოვმა ესპანურის შესწავლა დაიწყო

“მარკას” ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ესპანური ენის შესწავლა დაიწყო.

ესპანელი ჟურნალისტები ამ ფაქტს პრიმერადივიზიონში გერმანელი სპეციალისტის მუშაობის შესაძლო სურვილს უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ იოახიმ ლიოვი წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტს დატოვებს. ის “ბუნდესნაკრებს” 2006 წლიდან ხელმძღვანელობს და 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

ოფიციალურად: იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს 2020 წლამდე უთავკაცებს

როგორც შაბათს გამცნეთ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს შორის კონტრაქტი გახანგრძლივდა. ეს ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

მხარეებს შორის გაფორმებული ახალი შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2020 წლამდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების თავკაცის პოსტზე 2006 წლიდან მუშაობს. 2014 წელს იგი გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2010 წელს კი მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა. 2008 წელს გერმანიის ნაკრებმა ლიოვის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვა, 2012 წელს კი ევროპირველობაზე მესამე ადგილი აიღო.

კრუზე: “მნიშვნელოვანია, რომ ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ბოლო შეხვედრა შინ საქართველოს ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა გამარჯვების გოლის გამტანმა მაქს კრუზემ.

“ანგარიშის გათანაბრების შემდეგ თამაში საყურებლად კარგი არ იყო, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ევროპის ჩემპიონატზე ძველი ძალებით დავბრუნდებით”, – აღნიშნა კრუზემ.

 

იოახიმ ლიოვი: “უკმაყოფილო ვარ”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ბოლო შეხვედრა შინ საქართველოს ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ “ბუნდესთიმის” მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი საკუთარი გუნდის მიმართ პრეტენზიებს არ მალავდა.

“იგივე თამაში ვიხილეთ, რაც დუბლინში. ადრეული გოლი ვერ გავიტანეთ, რამაც იმედები გამიცრუა.

ჩვენ ის მოკრივე ვართ, რომელიც მეტოქეს ბევრ დარტყმას აყენებს, მაგრამ ადრეულ ნოკაუტში ვერ აგდებს.

ასე რომ, როგორც ირლანდიის ნაკრებთან, ისევე დღევანდელ შეხვედრაში უკმაყოფილო დავრჩი. ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ვითხოვთ.

ნოემბერში იმ ფეხბურთელებს გამოვიძახებ, რომლებიც ახლა გუნდთან ერთად არ იყვნენ.

ფლანგიდან შეტევის საშუალება არ გვაქვს, ამიტომ ცენტრიდან ვუტევდით. ფლანგის მცველებს ვერ გამოვიყენებდი, რადგან საკლუბო დონეზე ისინი ასე არ თამაშობენ, ვარჯიშებზე კი ფლანგზე თამაში არ ისწავლება”, – განაცხადა ლიოვმა.

 

ლიოვი: “გვესმის, რომ საქართველოში უნდა მოვიგოთ”

გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის კაიზერსლაუტერნში გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

“ბუნდესგუნდის” მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მატჩი შეაჯამა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან კვირას გასამართ შეხვედრასაც შეეხო.

“გუნდში არსებულ საკადრო სიტუაციაზე მორგება მსურდა. საერთო ჯამში, მატჩი ცოტა არეული გამოვიდა. პირველ ტაიმში ღირსეულად გამოვიყურებოდით, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში სათანადო დონეზე ვერ ვიყავით. რამდენიმე კარგი შანსი მოგვეცა, თუმცა შემდეგ ჩრდილში აღმოვჩნდით. მეორე ტაიმში გამართული სქემით ვერ ვმოქმედებდით და მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში საიმედოდ ვერ ვითამაშეთ. ვერ შევასრულეთ ის, რისი იმედიც გვქონდა. გვესმის, რომ კვირას, საქართველოში უნდა მოვიგოთ”, – ლიოვის კომენტარი გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ლიოვი ყატარის მუნდიალის ზამთარში ჩატარებას ემხრობა

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ზამთარში ჩატარებას ემხრობა. მისი თქმით, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა და ამ თემაზე დავას აზრი არ აქვს.

“წმინდა სპორტული და სამედიცინო თვალსაზრისით კატასტროფა იქნებოდა ტურნირის 40-გრადუსიან სიცხეში ჩატარება, თანაც თანამედროვე ფეხბურთის ინტენსივობის გათვალისწინებით.

ასე რომ, ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში გადატანა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ჩვენ ამ რეალობას უნდა შევეგუოთ, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ზამთარში ჩატარდება და ეს გადაწყვეტილება მიღებულია”, – ციტირებს AFP ლიოვის სიტყვებს.

 

ფიფამ “წლის მწვრთნელის” ჯილდოს პრეტენდენტები დაასახელა

ფიფამ “წლის მწვრთნელის” პრეტენდენტები დაასახელა.

წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე წარდგენილნი არიან: მადრიდის “რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი და მადრიდის “ატლეტიკოს” დამრიგებელი დიეგო სიმეონე.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი “რეალთან” ერთად ესპანეთის სამეფო თასის, ჩემპიონთა ლიგის თასისა და უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა. ლიოვმა გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. სიმეონე “ატლეტიკოსთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, მოიგო ქვეყნის სუპერთასიც და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა 2015 წლის 12 იანვარს, “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

 

გერმანიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს

როგორც მოგეხსენებათ, ფილიპ ლამმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა. შესაბამისად, გერმანიის ეროვნულ გუნდში ახალი კაპიტნის არჩევა გახდა საჭირო. “ბუნდესნაკრების” კაპიტნის სამკლავურს ამიერიდან მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი მოირგებს.

30 წლის შვაინშტაიგერი გერმანიის ნაკრებში 2004 წლიდან თამაშობს. მას ეროვნული გუნდის რიგებში ჩატარებულ 108 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვის თანაშემწედ ტომას შნაიდერი იმუშავებს, რომელიც მანამდე “შტუტგარტს” ედგა სათავეში.

“გუნდის კაპიტანი შვაინშტაიგერი იქნება. წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ვითამაშეთ, 2016 წელს კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში გასვლას ვაპირებთ. ეს არის ჩვენი მიზანი. მატს ჰუმელსი არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საეჭვოა სამი ხედირას თამაშიც, ამიტომ გუნდში “ჰოფენჰაიმის” ნახევარმცველ სებასტიან რუდის ვუხმეთ.
უახლოეს წლებში ნაკრებში სულ უფრო ხშირად გამოვიძახებთ ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან ერიკ დურმი და მათიას გინტერი. აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთებთ. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბევრ ისეთ მოთამაშესთან მქონდა საუბარი, რომლებმაც მუნდიალზე თამაში ვერ მოახერხეს”, – განაცხადა ლიოვმა.

ცნობისთვის, გერმანიისა და არგენტინის ეროვნულ გუნდთა შორის გასამართი ამხანაგური მატჩი ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

მოურინიო ლიოვს ლამთან დაკავშირებით არ ეთანხმება

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ გერმანიის ნაკრების კაპიტანი ფილიპ ლამი ფლანგის მცველის ამპლუაში უკეთ წარმოაჩენს თავს, ვიდრე ცენტრალურ ნახევარმცველად.

„საოცრად მომწონს ფლანგის მცველის პოზიციაზე ლამის თამაში. არ აქვს მნიშვნელობა, მარცხენა ფლანგი იქნება ეს თუ მარჯვენა. ის ყოველთვის აგრესიულად ერთვება შეტევებში, გამოირჩევა კარგი გადაცემებითა და საჯარიმოში ჩაწოდებებით. მარცხენა ფლანგზე თამაშის დროს, ის დასარტყმელად ცენტრში იწევს. მისი თამაში ძალიან მომწონს, თუმცა იოაჰიმ ლიოვი მას ნახევარდაცვის ცენტრში აყენებს. ლიოვს საკუთარი იდეები და მოსაზრებები აქვს, რასაც პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა მოუწინიომ.

 

ლიოვმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, 53 წლის სპეციალისტი აღნიშნულ პოსტზე 2016 წლის ივლისამდე დარჩება.

„ამ გუნდთან ერთად მუშაობა წარმოუდგენელ სიამოვნებას მანიჭებს. მოტივირებული ვარ იმისკენ, რომ ნაკრებში პროგრესს მივაღწიო. ეს გზა ბოლომდე ჯერ არ გაგვივილია. დიდი ამბიციები გვაქვს და გვინდა, რომ დასახული ამოცანა გადავჭრათ. ნდობისთვის მადლობას ვუცხადებ გერმანიის ფეხბურთის ასოციაციას და მის პრეზიდენტ ვოლფგანგ ნირსბახს“, – აღნიშნა ლიოვმა.

 

ოფიციალურად: ლიოვი გერმანიის ნაკრებში 2016 წლამდე რჩება

2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებულად დასრულების შემდეგ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების თავკაცთან იოაჰიმ ლიოვთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურმა ვებ-საიტმაც დაადასტურა.
ცნობილია, რომ ახალი შეთანხმება 2016 წლამდე იმოქმედებს.
ყველაფერთან ერთად, გერმანიის ნაკრებში მინიმუმ ორი წლით მენეჯერი ოლივერ ბირხოფი და მეკარეთა მწვრთვნელი ანდრეას კეპკე დარჩებიან.
შეგახსენებთ, რომ გერმანელებმა „С” ჯგუფში 28 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.
ალექსანდრე მატევოსოვი