გვარდიოლა: “ბარსელონაში” ან გერმანიაში არ დავბრუნდები”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გამოტყდა, რომ ინგლისის პრემიერლიგასი მუშაობა ძალიან მოსწონს და ესპანეთში ან გერმანიაში დაბრუნებას არ აპირებს.

“ჩემი სამუშაოს შესასრულებლად ყველაფერი მაქვს. არც “ბარსელონაში” და არც გერმანიაში არ დავბრუნდები. სხვაგან სად მექნება ისეთ შესანიშნავ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა, როგორიც პრემიერლიგაში მაქვს?!” – აღნიშნა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი “მანჩესტერ სიტის” 2016 წლის ზაფხულიდან თავკაცობს. ის გუნდთან ერთად პრემიერლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა.

გვარდიოლა: “სიტი” და “ლივერპული” პრემიერლიგის მოგებას თანაბრად იმსახურებენ”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ მისი გუნდი და “ლივერპული” თანაბრად იმსახურებენ ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს. შეგახსენებთ, რომ “ქალაქელები” სატურნირო ცხრილს 89 ქულით ლიდერობენ, მერსისაიდელებს ერთი ქულით ნაკლები აქვთ, გათამაშების დასრულებამდე კი სამი ტურია დარჩენილი.

“ჩვენ და “ლივერპული” ტიტულს თანაბრად ვიმსახურებთ. გუნდმა, რომელიც ჩემპიონი ვერ გახდება, არ უნდა ინაღვლოს, ვინაიდან გათამაშება თითქმის უდანაკარგოდ განვლო.

დერბიში მოპოვებული ასეთი გამარჯვების შემდეგ წარმატებით ტკბობის საშუალება გვეძლევა, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. დარჩენილ სამ მატჩს მაქსიმალურად მომზადებულნი უნდა შევხვდეთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ჩემპიონები, წინ კიდევ სამი შეხვედრა გველის”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Liverpool Echo.

გვარდიოლას ანტირეკორდი

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში “მანჩესტერ სიტი” გასვლაზე ლონდონის “ჩელსისთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ეს მიმდინარე სეზონში ხოსეპ გვარდიოლას გუნდისთვის რიგით მეექვსე მარცხია. ესპანელი სპეციალისტი ერთი სეზონის განმავლობაში ამ რაოდენობის მატჩში აქამდე არასდროს დამარცხებულა.

გვარდიოლას მიერ დამოძღვრილი “სიტი” მიმდინარე გათამაშებაში “ჩელსისთან” ორჯერ დამარცხდა, წააგო “ტოტენჰემ ჰოთსპურთან”, “ლესტერ სიტისთან”, “ლივერპულთან” და “ევერტონთან”.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2016 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მანამდე ის “ბარსელონასა” და მიუნხენის “ბაიერნს” თავკაცობდა.

გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად ვერ გააღწია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “მონაკომ” “მანჩესტერ სიტი” 3:1 დაამარცხა და მომდევნო სტადიაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

“მანჩესტერ სიტის” თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველად ვერ გააღწია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის პერიოდში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. სხვა შემთხვევებში კი, მისი გუნდი ყოველთვის ახერხებდა ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლას. როგორც მოგეხსენებათ, გვარდიოლას “ბარსელონას” გარდა მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცის პოსტზე უმუშავია.

რუმენიგე: “ბაიერნს” არასდროს უთამაშია უმაზე უკეთ, ვიდრე გვარდიოლას თავკაცობით თამაშობდა”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოსეპ გვარდიოლას მუშაობა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა ბავარიული გუნდი ზაფხულში დატოვა და “მანჩესტერ სიტის” მიაშურა.

“ბაიერნს” არასდროს უთამაშია იმაზე უკეთ, ვიდრე გვარდიოლას თავკაცობის პერიოდში თამაშობდა. ჩვენი გუნდი ყოველთვის იყო წარმატებული, მაგრამ ასე ლამაზად იშვიათად თუ მოქმედებდა. პეპის ხელმძღვანელობისას გუნდი უეცრად დაიმუხტა, თითქოს ტრანსში შევედით. მან კარგი მემკვიდრეობა დატოვა”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს გამოცემა Die Welt am Sonntag.

გვარდიოლას წარუმატებელი სერია

ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურში “მანჩესტერ სიტიმ” სინ “საუთჰემპტონთან” ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა. “ქალაქელებს” ყველა ტურნირზე ერთად ხუთი მატჩია არ მოუგიათ. აქედან ორი შეხვედრა მარცხით დაასრულეს.

“სიტის” მთვარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია 2009 წლის მარტის შემდეგ პირველად აქვს. მაშინ ესპანელი სპეციალისტი “ბარსელონას” თავკაცის პოსტზე სადებიუტო სეზონს ატარებდა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ “მანჩესტერ სიტის” ცხრა ტურის თავზე აქტივში 20 ქულა აქვს, რაც ერთით ნაკლებია გასული სეზონის ამავე პერიოდის მონაგარზე.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას შვიდი წლის მანძილზე 21 ტიტული აქვს მოგებული.

გვარდიოლა: “ბორნმუთი” საუკეთესო კლუბია, რომელსაც ამ სეზონში შევხვდით”

ინლისის პრემიერლიგის V ტურში “მანჩესტერ სიტიმ” შინ “ბორნმუთი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა. შეხვედრის შესახებ “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა.

“ბორნმუთი” საუკეთესო კლუბია იმათ შორის, რომელთა წინააღმდეგაც ამ სეზონში ვითამაშეთ. მეტოქემ ბურთის ფლობისას ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, ისინი გრძელ გადაცემებს ერიდებოდნენ. ვერ ვიტყოდი, რომ იოლი გამარჯვება მოვიპოვეთ, ვინაიდან მოგებისთვის ბევრი მუშაობა დაგვჭირდა”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგის გასულ ტურებში შემდეგ გუნდებთან ითამაშა: “სანდერლენდი” (2:1), “სტოკ სიტი” (4:1), “ვესტ ჰემ იუნაიტედი” (3:1) “მანჩესტერ იუნაიტედი” (2:1).

“ქალაქელები” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობენ.

გვარდიოლა: “იმედია, ანჩელოტის “ბაიერნში” ყველაფერი გამოუვა”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შესახებ კომენტარი გააკეთა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა კარლო ანჩელოტის, რომელიც გუნდს მომავალი სეზონიდან უთავკაცებს.

“ბაიერნმა” შესანიშნავად ითამაშა, თუმცა “ატლეტიკომ” ფინალში გასვლა დაიმსახურა. საკმარისად ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

მსაჯობაზე საუბარი არ მინდა. უმჯობესია, მხოლოდ ფეხბურთზე ვისაუბროთ. მთლიანად დავიხარჯე “ბაიერნისთვის”, თუმცა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა და სწორედ ამით შემაფასებენ. ჟურნალისტები ახლა ყველაფერს დაწერენ, რასაც მოისურვებენ.

იმედი მაქვს, რომ კარლო ანჩელოტის “ბაიერნში” ყველაფერი გამოუვა. ასეთი მწვრთნელის თავკაცობით გუნდს მშვენიერი მომავალი აქვს”, – განაცხადა გვარდიოლამ.

გვარდიოლა: “მეტოქემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, თუმცა ჩვენი შეცდომის შედეგად”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული პირველი შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის შესახებ ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა.

“მეორე ტაიმში განსხვავებული ტემპით ვითამაშეთ. მეტოქემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, თუმცა ეს ჩვენს შეცდომას მოყვა. იმ მომენტში ჩვენ უბრალოდ ვიდექით. ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვერ ვიქნები. გაგვიჭირდება, თუ მათ გაქცევისა და ორთაბრძოლების მოგების საშუალებას მივცემთ. ეს ჩვენთვის კარგი შედეგი არ არის.

საერთო ჯამში, კარგი თამაში გამოვიდა, თუმცა ჩვენ ცუდად დავიწყეთ. გოლი ჩვენი ნელი თამაშის შედეგად გავიდა. ერთი ბრძოლაც კი ვერ მოვიგეთ. მეტოქეს გოლის გასატანად ბევრი არ უწვალია”, – გვარდიოლას კომენტარი უეფას ოფიციალურ ვეგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ წყვილის საპასუხო მატჩი მიუნხენში, 3 მაისს შედგება.

 

გვარდიოლამ ფერგიუსონისა და ანჩელოტის შედეგი გაიმეორა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნმა” ლისაბონის “ბენფიკა” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:2 (1:0; 2:2) დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა.

ეს მოვლენა პირადად ხოსეპ გვარდიოლასთვისაც აღსანიშნავია, ვინაიდან მან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მიჯრით მეშვიდედ მოიპოვა. ოთხჯერ ეს “ბარსელონას” თავკაცის პოსტზე მუშაობის პერიოდში, სამჯერ კი “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის რანგში მოახერხა.

ამ მაჩვენებლით გვარდიოლა სერ ალექს ფერგიუსონსა და კარლო ანჩელოტის გაუთანაბრდა.

 

გვარდიოლა: “მწვრთნელებს პატივს ნაკლებად სცემენ”

მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ დიდ კლუბებში მომუშავე მწვრთნელები მედიის მხრიდან ნაკლებ პატივისცემას გრძნობენ.

“დღესდღეობით მწვრთნელებს პატივს ნაკლებად სცემენ. ყველგან ასეა: მადრიდში, ბარსელონაში, გერმანიასა თუ ინგლისში. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რას ვამბობთ. ადგილობრივ ჟურნალისტებს სამი წლის განმავლობაში ჩემთვის ფეხბურთის შესახებ ერთი კითხვაც კი არ დაუსვამთ.

რატომ არაფერს არ წერთ იმაზე, თუ რას ვეუბნები ფეხბურთელებს მატჩის დაწყებამდე? არ მესმის, თანამედროვე მწვრთნელები რატომ ატარებენ პრესკონფერენციებს”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს DW Sports-ი.

 

“სიტი” გვარდიოლას სატრანსფეროდ 150 მლნ ფუნტს გამოუყოფს

როგორც მოგეხსენებათ, ახალი სეზონიდან მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა სათავეში “მანჩესტერ სიტის” ჩაუდგება. “გარდიანის” ცნობით, ინგლისური კლოუბის ხელმძღვანელობა ესპანელ სპეციალისტს სატრანსფეროდ 150 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს. გარდა ამისა, გვარდიოლას ჯამაგირი 20 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

“სიტის” დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი გვარდიოლას ახლო მეგობარია და პირველ ივლისამდე ანუ მანამ, სანამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიღება, ისინი ახალი ფეხბურთელების დამატებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ხშირ კონსულტაციებსაც გამართავენ.

რაც შეეხება პეპ გვარდიოლას ანაზღაურებას, ესპანელ სპეციალისტს “ბაიერნში” ჯამაგირის სახით წლიურად 17 მილიონი ევრო ეძლევა. ესპანელ მწვრთნელს ინგლისურ კლუბში გადასვლის შემდეგ ხელფასი კიდევ 3 მილიონი ევროთი გაეზრდება.

Pellegrini

საინტერესოა მანუელ პელეგრინის ბედიც. “მანჩესტერ სიტის” ჩილელ სპეციალისტთან უთანხმოება არ აქვს, პრობლემა მხოლოდ სპორტული შედეგებია. “გარდიანი” პელეგრინის მომდევნო შესაძლო კლუბად ლონდონის “ჩელსის” ასახელებს. როგორც მოგეხსენებათ, გუს ჰიდინკი ლონდონური კლუბის მთავარი მწვრტნელის მოვალეობას სეზონის ბოლომდე შეასრულებს, შემდეგ კი კლუბმა ახალი თავკაცი უნდა მოიყვანოს და არ არის გამორიცხული, ეს სწორედ პელეგრინი აღმოჩნდეს, რომელმაც “მანჩესტერ სიტის” გუნდში მისვლის პირველივე წელს პრემიერლიგა მოაგებინა.