როგორც გუშინ გაუწყეთ, „მილანის“ ნახევარმცველი რიკარდო კაკა იმის საშიშროების წინაშეა, რომ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშოს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2) კუნთის ტრავმა მიიღო. დღეს კაკამ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ რამდენად სერიოზულია დაზიანება.
„როსონერის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს განცხადებით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ ლაზარეთში ყოფნის პერიოდში კაკა კლუბისგან ჯამაგირს არ მიიღებს.
„გუშინ ცუდი რამ შემემთხვა. არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა. ძალიან მიჭირს ამასთან შეგუება. ადრიანო გალიანისთან და ექიმებთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა და გადავწყივიტე, რომ სანამ არ გამოვჯანმრთელდები, „მილანისგან“ სიყვარულისა და მხარდაჭერის გარდა არაფერს მივიღებ. სწორედ ამიტომ ვამბობ უარს ხელფასზე, რომელიც ამ უქმობის დროს უნდა მიმეღო. ერთადერთი რამ, რაც მე მჭიდება თქვენი მხარდაჭერაა, რათა მალე დავბრუნდე“, – ნათქვამია კაკას განცხადებაში.
ბექა დოგრაშვილი