საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-6 ტურის ცენტრალურ შეხვედრას თბილისი სპორტის სასახლემ უმასპინძლა. თბილისის “დინამო” საქართველოს გასული სეზონი ჩემპიონ, “შსს-აკადემიას” შეხვდა. მატჩი ნომინალური მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
პირველი მეოთხედი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. დიდი უპირატესობის მოპოვებას ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა. მოთამაშეები მაღალ ტემპში ცდილობდნენ თამაშს, თუმცა ეს არც თუ ისე კარგად გამოსდიოდათ. ორივე გუნდის მოქმედებაში შეინიშნებოდა ტექნიკური წუნი. თუმცა, დინამოელები შედარებით ზუსტები იყვნენ და მეოთხედიც მათი გამარჯვებით, 19-14 დასრულდა.
მეორე მეოთხედის პირველი წუთებიდან “დინამო” გაქცევას ცდილობდა, მაგრამ აკადემიელები ბოლომდე იბროძოდნენ და იოლად არაფრის დათმობას არ აპირებდნენ. აღსანიშნავია, რომ პერიოდის მიწურულს, როგორც დინამოს, ასევე შსს-ს შემადგენლობაში ქულები მხოლოდ ექვს მოთამაშეს ჰქონდათ.
შეხვედრაში გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე პერიოდი. მიუხედავად კარტერის ტრავმისა, რომელიც მან დავით უგრეხელიძესთან ორთაბრძოლაში მიიღო, დინამოელებმა მაინც შესძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. ლიდერობა საკუთარ თავზე მილოშევიჩმა და პეშიჩმა იტვირთეს. ბალკანურ დუეტს მხარი გამყრელიძემაც აუბა. “დინამოს” 23 ქულა მესამე პერიოდში, “აკადემიამ” მხოლოდ 4 დაუპირისპირა და შესაბამისად გუნდები 30 ქულიანი სხვაობით გავიდნენ მცირე შესვენებაზე.
უკანასკნელი პერიოდი მწვრთნელებმა ახალგაზრდა მოთამაშეებს დაუთმეს, თუმცა ამან თამაშის სურათი არ შეცვალა. დინამოელებმა მშვიდად მიიყვანეს შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე – 85-49.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): მთელი ათი დღე ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ყველა კომბინაცია გვქონდა გავლილი, ბიჭებმა ზუსტად შეასრულეს ის დავალებები, რომლებითაც ხელი შეუშალეს ,,შსს აკადემიას’’ მოგებაში. მეტოქე გუნდს დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს ჩვენ ვიყავით ფავორიტები. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს კარგი თამაშისთვის. წარმატებას ვუსურვებ აკადემიას მომავალში, დარწმუნებული ვარ მოუმატებენ და კარგ შედეგს აჩვენებენ.
დრაგან პეტრიჩევიჩი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, პირველი 15 წუთი კარგ კალათბურთს ვთამაშობდით და თანაბრად მიდიოდა თამაში, მაგრამ მეორე პერიოდის ბოლო ხუთ წუთში უმარტივესი შეცდომები დავუშვით, რამაც ,,დინამოს’’ საშუალება მისცა კომფორტულად ეგრძნო თავი და დიდი უპირატესობა მოეპოვებინა. დიდი არჩევანი არ მქონია არც შეცვლებზე. მრცხვენია იმის, რაც მესამე პერიოდში მოხდა, საშინლად ჩავატარეთ მესამე მეოთხედი, თუმცა არ მრცხვენია ამ მოთამაშეების, ისინი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეები არიან, მათთან ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც შეიძლება დღეს არ ჩანს, თუმცა ისინი ბოლოს აუცილებლად აჩვენებენ შედეგს და ჩვენს შრომას. დღევანდელი მარცხი უნდა დავივიწყოთ და ხვალიდან ,,რუსთავის’’ წინააღმდეგ სათამაშოდ მოვემზადოთ.
მიხეილ ჭოჭუა(,,დინამო’’): მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. მწვრთნელის დავალებები ზუსტად შევასრულეთ, ნაკლები შეცდომა დავუშვით, კარგად ვითამაშეთ და ამან განაპირობა დღევანდელი შედეგი.
ვილი ისიანი(,,შსს აკადემია’’): პირველ რიგში, მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა და თამაშისთვისაც აშკარად კარგად იყვნენ მომზადებულები. შორი სროლები არ წაგვივიდა და ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა შევეცდებით მომავალ შეხვედრებში იგივე ხარვეზები არ გვქონდეს.
ცალკე უნდა აღინიშნოს თენგიზ ჩიკვილაძე ინერტული თამაში. “აკადემიის” ლიდერის ანგარიშზე მხოლოდ 4 ქულაა. რაც მისი დონის მოთამაშისთვის კატასტროფული შედეგია.
დღევანდელი მოგებით “დინამო” მეორე ადგილზე გადავიდა და ას პროცენტიანი შედეგი აქვს. მრავალგზის ჩემპიონს მხოლოდ “ქუთაისი” უსწრებს, რომელსაც ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. აკადემია კი მეხუთე ადგილზე იმყოფება ორი მოგებითა და სამი წაგებით.
მატჩის სტატისტიკური მონაცემები: http://superleague.ge/ge/results.php?lang=ge&gameid=759