„გაგრას“ ჭაბუკებმა „კავკასიის თასი“ მოიგეს

გასულ კვირას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, კერძოდ, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უშუალო ორგანიზებით „კავკასიის თასი“ 1999-2000 წლებში დაბადებულ ფეხბურთელთა შორის გაიმართა. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული ეთნიკური უმცირესობების საფეხბურთო გუნდები გარდაბნიდან, წალკიდან, ლაგოდეხიდან და ა.შ.

ჯგუფში „გაგრამ“ სამი მეტოქე დაამარცხა – 8:0, 11:0 და 2:0, ხოლო ბოლო შეხვედრაში „გარდაბანთან“ 0:1 დამარცხდა. ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ნახევარფინალში მამუკა ფანცულაიას აღზრდილებს, „თბილისის“ გუნდს შეხვდნენ და დიდი ანგარიშით 5:0 გაიმარჯვეს. ფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე სწორედ ის „გარდაბანი“ იყო, რომელმაც ჯგუფში დაგვამარცხა. ამჯერად, ჩვენმა ფეხბურთელებმა კოკაიას და ჩხაიძის გოლების წყალობით რევანში აიღეს, 2:0 იმარჯვეს და საპატიო თასს დაეუფლნენ. გუნდს დავით რუსია წვრთნიდა. გამარჯვებულებს თასი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ბატონმა ნუგზარ კანდელაკმა გადასცა.

FCGagra.GE