კოტე ტუღუში: ”ლიტვასთან თამაშით კმაყოფილები ვართ”

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში ლიტვასთან ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და დამატებით დროში – 83:88 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა 16-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დამარცხებასთან ახლოს იყო, თუმცა მასპინძლებმა დამატებით დროში, საბოლოოდ მცირე სხვაობით იმარჯვეს. ნამატჩევს კაუნასში ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ კოტე ტუღუშს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

– მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, გუნდის თამაშით კმაყოფილები ვართ. ჩვენ ვეთამაშებოდით ნაკრებს, რომელიც ყველა სათამაშო რგოლში ძლიერია და მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოგების სამართლიანი ამბიცია გააჩნია. ლიტვა საკუთარი ქომაგების წინაშე თამაშობდა და როგორც ჩვენთვის, მათთვისაც, ეს ბოლო მოსამზადებელი მატჩი იყო და მოგება, ცხადია, ძალიან უნდოდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიტველებმა მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში მხოლოდ 1 მატჩი წააგეს, ისიც ბერძნებთან.

– იყო ეპიზოდი, როცა 16 ქულით ვაგებდით, თუმცა გათანაბრება მოახერხეთ. რისი დამსახურება იყო ეს?

– კონკრეტულად დაცვის, ან შეტევის, ან რომელიმე მოთამაშის დამსახურება იყოო, ვერ ვიტყვი. სხვათა შორის, სერბეთთან მატჩი გაიხსენეთ, როცა სწორედ 16-18 ქულით ვაგებდით და ჩამორჩნა ხომ გავაბათილეთ, საბოლოოდ მოვიგეთ კიდეც ის მატჩი. ახლაც თითქმის ესე მოხდა. მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი ბევრად ჯობდა ლიტვას და ბოლოს რომ ვერ მოვიგეთ, შემთხვევითობის, გამართლების საქმე იყო. შეიძლებოდა ყველაფერი პირიქით დასრულებულიყო. ამას არც ვაქცევთ ყურადღებას, თამაში ოვერტაიმში გადავიყვანეთ, თუმცა საბოლოოდ დავმარცხდით. სასიამოვნოა, როცა გუნდი ასეთი ბრძოლისუნარიანია და მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, არ ტყდება.

– სათადარიგოებზე რას იტყვით?

– მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ მატჩში ძირითადად სასტარტო ხუთეულის წევრები დაიტვირთნენ, ეს არ ნიშნავს, რომ სათადარიგოების იმედი არ გვაქვს. მათ სლოვენიაშიც მოუწევთ თამაში და იმედი მაქვს, იქ ისეთი სიტუაცია არ შეგვექმნება, რომ დიდი ჩამორჩენის გაბათილება მოგვიხდეს. გუნდის ყველა წევრი მზადაა, ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

– ლიტვასთან მატჩი, რომელიც ბოლო საკონტროლო შეხვედრა იყო ევროპის ჩემპიონატამდე, საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. ნიშნავს ეს, რომ ნაკრები ოპტიმალურ ფორმაშია?

– ნაკრები კარგ ფორმაშია, თუმცა მჯერა, რომ სლოვენიაში უფრო გულიანად და შემართებით ითამაშებენ. დღეს ძირითადის წევრები შედარებით მეტად დაიტვირთნენ და შესაბამისად გადაიღალნენ. 3 დღეში თამაში გვაქვს და ძალებს აღიდგენენ. ევროპის ჩემპიონატზე ძალიან რთული გრაფიკია, ყოველ დღეა თითქმის თამაში, მხოლოდ 1 დღე ვისვენებთ და მთავარია, ფორმა შეინარჩუნონ, ენერგიები ოპტიმალურად გადაანაწილონ.

– ბოლოს რიკი ჰიკმანზე გკითხავთ, რომელმაც დღეს ორჯერ აიღო საკუთარ თავზე თამაში გადამწყვეტ მომენტში. ასე იყო ისრაელში მოგებულ მატჩშიც…

– ჰიკმანი დიდებული შემსრულებელია. სხვათა შორის, დღეს მას დაბადების დღე აქვს, რასაც თქვენი საიტითაც ვულოცავ. ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წამით ადრე  მან 2 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა ოვერტაიმის ბოლო წამებზე გამთანაბრებელი 3-ქულიანი ვერ ჩააგდო. თამაშის შემდეგ თქვა, არა უშავს, სლოვენიაში აუცილებლად ჩავაგდებო.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი