რონალდუ: “2014 წელს, კრიშტიანო რონალდუ იქნება…”

2013 წელი კრიშტიანო რონალდუსათვის მართლაც ბრწყინვალე აღმოჩნდა. მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ოქროს ბურთისათვის ბრძოლაში, ფრანკ რიბერისა და ლიონელ მესის აჯობა.

2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

– ოქროს ბურთის გადმოცემა ძალიან ემოციური გამოდგა. რა აზრმა გაიელვა თქვენს თავში, როდესაც ფურცელზე თქვენი სახელი და გვარი ამოიკითხეს?
– როდესაც მივხვდი, რომ ოქროს ბურთი მერგო, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი. ასეთი ჯილდოს მოპოვებას დიდი შრომა სჭირდება. რა თქმა უნდა, ოქროს ბურთის მეორედ მოგება ძალიან მინდოდა. იმედი მაქვს, მას მომავალ წელს, მესამედაც მივიღებ.

– გარდა იმისა, რომ ოქროს ბურთი მოიგეთ, კიდევ რითი გამოარჩევდით 2013 წელს?
– მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრამ ძალიან გამახარა. შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრები არასოდეს დამავიწყდება.

– პროფესიონალურ კარიერაში გატანილი 400 გოლიდან, რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი?
– ჩემთვის, ყველა გოლი განსაკუთრებულია. შეიძლება, ითქვას, როდესაც ფინალში გაგაქვს, მას უფრო დიდი წონა აქვს. გოლების გატანა ნამდვილად მიყვარს – გოლი ჩემი ნაწილია.

– ბოლო დროს, პორტუგალიურ ფეხბურთში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მათ შორის გამორჩეული კი, ორი იყო: პორტუგალიის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა და ლეგენდარული ეუსებიოს გარდაცვალება…
– ძალიან ვწუხვარ, რომ ეუსებიო გარდაიცვალა. ის ნამდვილი გენიოსი იყო, შესაბამისად, პორტუგალიამ მისი სახით, უდიდესი ადამიანი დაკარგა. თუმცა, ეს ცხოვრებაა და ერთ დღეს ჩვენც წავალთ. ეუსებიო ჩვენს გულებში მუდამ დარჩება.

– რა მიზნები გაქვთ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე?
– იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი ამ ტურნირზე წარმატებას მიაღწევს. ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება რთულია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გულშემატკივრები გავახაროთ.

– ოქროს ბურთის მოგება ორ კლუბში – “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალში” თამაშისას მოახერხეთ…
– მე რომ მკითხოთ, ახლა მსოფლიოს ორ უძლირესს კლუბზე ვსაუბრობთ, ამიტომ მემაყება, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში წარმატებით მიასპარეზია. “მანჩესტერ იუნაიტედში” არაერთი ტიტული მოვიგე, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, ახლა მინდა, იგივე მადრიდის “რეალშიც” მოვახერხო.

– “სამეფო კლუბის” გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის მეათეჯერ მოგებას ითხოვენ. ეს ყოველივე გუნდისათვის წნეხი ხომ არ არის?
– შესაძლოა, გარკვეული წნეხი მართლაც არის, მაგრამ ეს უფრო მოტივირებულებს გვხდის. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურინირია, ამიტომ “რეალს” მისი მოგება ყველა სეზონში სურს. ჩვენ ერთ-ერთი ფავორიტები ვართ. ვნახოთ, რა მოხდება.

– დღევანდელი ფეხბურთელებიდან, ვის გამოარჩევდით?
– ერთი ფეხბურთელის გამორჩევა არ მსურს. დღეს, ფეხბურთში ძალიან ბევრი ძლიერი მოთამაშეა, რომელთა წინააღმდეგაც დიდი სიამოვნებით ვთამაშობ. მომწონს “რეალის”, “ბარსელონას”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ბაიერნის” ფეხბურთელები. კონკრეტულად ერთს კი ვერ დავასახელებ.

– დაასრულეთ წინადადება: “2014 წელს, კრიშტიანო რონალდუ იქნება…”
– …იქნება ისეთივე, როგორიც 2013 წელს იყო.

დიტო ჭიჭინაძე

რიო ფერდინანდი: “თუ რონალდუს ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ქუჩაში შიშველი ვირბენ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი, რიო ფერდინანდი სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთისათვის რიბერი, რონალდუ და მესი იბრძვიან. დაჯილდოების ცერემონიალი კი დღეს, თბილისის დროით, 21:30 საათზე დაიწყება.

“თუ დღეს კრიშტიანო რონალდუ ოქროს ბურთს ვერ მოიგებს… ქუჩაში გავალ და შიშველი ვირბენ”, – წერს ფერდინანდი.

კრიშტიანო რონალდუს ბრწყინვალე ფინტები “რეალის” ვარჯიშზე

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ფინტებს აკეთებს მადრიდის “რეალის” ვარჯიშზე პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდუ.

რონალდუ: „2014 წელი უკეთესი იქნება“

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ თვლის, რომ მომავალი წელი მისთვის უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე 2013 წელი იყო. მიმდინარე წელს პორტუგაელილმა ფეხბურთელმა „სამეფო კლუბის“ ფორმით 60, ეროვნულ ნაკრებში კი ცხრა გოლი გაიტანა. გარდა ამისა, რონალდუმ 2014 წელს ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. რონალდუ ლეო მესისთან და ფრანკ რიბერისთან ერთად „ოქროს ბურთის“ მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია.

„კარგი წელი იყო, თუმცა მომდევნო წელი უკეთესი იქნება“, – ეს კომენტარი რონალდუმ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

გარდა ამისა, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცა.

ბექა დოგრაშვილი

კრიშტიანო რონალდუმ საკუთარი მუზეუმი გახსნა

პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ მშობლიურ მადეირაში საკუთარი მუზეუმი გახსნა. აღნიშნული მუზეუმი პორტუგალიელი ფეხბურთელის კარიერას ეძღვნება და როგორც თავად რონალდუ ამბობს, ერთი ოთახი საგანგებოდ არის განკუთვნილი მეორე „ოქროს ბურთისთვის“. როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანოს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი „ოქროს ბურთი“ აქვს, რომელიც 2008 წელს, „მანჩეტერ იუნაიტედში“ ასპარეზობის პერიოდში მოიგო.

„ჩემთვის დიდი პატივია მშობლიურ ფუნშალში საკუთარი მუზეუმის გახსნა. ძალზედ ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ“, – რონალდუმ ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

ბექა დოგრაშვილი

კრიშტიანო რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რეკორდი დაამყარა

10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დანიურმა “კოპენჰაგენმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა, რომლისთვისაც ის მიმდინარე სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე რიგით მე-9 გამოდგა. შესაბამისად, პორტუგალიელმა, ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების მიხედვით, ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდუს მე-10 გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მან თერთმეტმეტრიანი ზუსტად ვერ შეასრულა.

„ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში სამი კანდიდატი დარჩა

„ოქროს ბურთისთვის“ მებრძოლ ფეხბურთელთაგან სამი კანდიდატი დარჩა: მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ, „ბარსელონას“ ფორვარდი ლეო მესი და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი. გამარჯვებულის ვინაობა 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში გასამართ დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი.

შეგახსენებეთ, რომ თავდაპირველად „ოქროს ბურთისთვის“ მებრძოლ ფეხბურთელთა 23-კაციანი სია გამოაქვეყნეს. დარჩენილ სამ კანდიდატს შორის გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის მეშვეობით შეირჩევა.

რიბერის „ოქროს ბურთი“ კარიერის განმავლობაში ჯერ არ მოუგია; რონალდუმ ეს ჯილდო 2008 წელს დაისაკუთრა; რაც შეეხება მესის, არგენტინელი ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელიც პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად მიჯრით ოთხჯერ გამოაცხადეს – 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში.

ბექა დოგრაშვილი

ლეონარდო: „პსჟ“ კრიშტიანო რონალდუს გადმოსაყვანად ყველაფერს აკეთებდა“

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი სპორტული დირექტორი ლეონარდო გამოტყდა, რომ პარიზული კლუბი მართლაც ცდილობდა მადრიდის „რეალიდან“ კრიშტიანო რონალდუს გადმობირებას.

„რონალდუს ტრანსფერზე ვფიქრობდით და მის გადმოსაყვანად ყველაფერს ვაკეთებდით, თუმცა თავად მას არ სურდა ეს. კრიშტიანომ გვითხრა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მშვენიერი კლუბია, თუმცა მისი გული „რეალს“ ეკუთვნის“, – ლეონარდოს სიტყვებს ფრანგული „ტელეფუტი“ ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში რონალდუმ 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე გადაცემა.

ბექა დოგრაშვილი

რონალდოს ვარაუდი, თუ ვინ მოიგებს „ოქროს ბურთს“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს შორის თავისი ფავორიტი დაასახელა. ფეხბურთის სპეციალისტები სამ მთავარ კანდიდატს გამოყოფენ – მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ, „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი.

„ვფიქრობ, „ოქროს ბურთს“ კვლავ მესი მოიგებს.

მესიმ გასულ ხუთ წელიწადში საკმაოდ ბევრი მატჩი ჩაატარა და მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს ვარსკვლავად იქცა. მისი ტრავმა სერიოზული არ არის და დასვენებით ბატარეების შევსება შეუძლია“, – რონალდოს სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

თავად რონალდოს „ოქროს ბურთი“ კარიერაში ორჯერ აქვს მოგებული – 1997 და 2002 წლებში.

ბექა დოგრაშვილი

მიშელ პლატინი: „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის გამოვლენა წელს ყველაზე რთული იქნება“

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თვლის, რომ „ოქროს ბურთის გამარჯვებულის გამოვლენა წელს ძალიან რთული იქნება. თავად ფრანგი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მიჯრით სამჯერ დაისაკუთრა – 1983, 1984 და 1985 წლებში.

„ჩემი აზრით, ფავორიტები არიან ლეო მესი, კრიშტიანო რონალდუ და ფრანკ რიბერი. მესი და რონალდუ ფანტასტიურად თამაშობენ, რიბერიმ კი ყველაფერი მოიგო, რაც შესაძლებელი იყო.

სამივე დიდებული ფეხბურთელია. „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის გამოვლენა წელს ყველაზე რთული იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა.

გამოკითხვის ხანგრძლივობის გაზრდის ინიციატორი ფიფა გახლდათ და ეს კრიშტიანო რონალდუს მიერ შვედეთის ნაკრების კარში გატანილ ჰეთ-თრიკს დაემთხვა.  არ არის გამორიცხული, ფიფას ეს რონალდუს მოსათაფლად გაეკეთებინა. (იცინის).

გამიკვირდა, როცა 2010 წელს ჯილდო ესპანელმა ფეხბურთელმა ვერ მოიგო. ჩემი აზრით, მაშინ პრიზს ჩავი და ინიესტა იმსახურებდნენ. საბოლოო ჯამში, ჯილდო მესის ერგო. ლეოც დიდებული მოთამაშეა, თუმცა ვთვლი, რომ გამარჯვებული ესპანეთის ნაკრების წევრი უნდა ყოფილიყო“, – პლატინის სიტყვები ესპანურმა AS-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ: „ტელეფონი არ მაქვს“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა, რომ ზეპ ბლატერი მას ბოდიშის მოსახდელად ვერ დაურეკავდა, რადგან პორტუგალიელს ტელეფონი არ აქვს. რონალდუმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთან დაკავშირებული ისტორია ნაკლებად აინტერესებს. დაახლოებით ერთი თვის წინათ, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ბლატერმა რონალდუს მესისთან შედარებისას აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.
მოგვიანებით ბლატერმა ამ სიტყვებისთვის ბოდიშიც მოიხადა.

რადიო „მარკას“ ჟურნალისტი პაკო გარსია კარიდადი დაინტერესდა, დაურეკა თუ არა ბლატერმა რონალდუს პირადად ბოდიშის მოსახდელად.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა:

„ტელეფონი არ მაქვს. (იცინის) ჩემს მდივანს კი აქვს, მაგრამ მე არ ვიყენებ. არ მადარდებს“.

ესპანური გამოცემა „მარკას“ მიერ დაწესებული ალფრედო დი სტეფანოს ჯილდო, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის არის განკუთვნილი, გუშინ სწორედ რონალდუს გადაეცა.

ჟურნალისტი იმითაც დაინტერესდა, დაესწრება თუ არა რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს. პორტუგალიელმა ამ კითხვას თავი დიპლომატიურად აარიდა.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დი სტეფანოს ჯილდოს მიღება. დიდი პატივია, რომ პრიზი თავად მან გადმომცა. ძალიან გახარებული ვარ. აი, რა არის ჩემთვის ღირებული“.

 

ბექა დოგრაშვილი

ანჩელოტი: „ვისურვებდი თუ არა მესის „რეალში“ ხილვას?“

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი „ოქროს ბურთის“ მოპოვების მთავარ ფავორიტად პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდუს თვლის.

„ღმერთმა რონალდუ განსაკუთრებული ნიჭით დააჯილდოვა, ამიტომ მინდა, რომ „ოქროს ბურთი“ მას გადასცენ.

ვისურვებდი თუ არა ლიონელ მესის „რეალში“ ხილვას? ვისურვებდი, რომ ასეთი სიძლიერის მოთამაშე მყავდეს, ოღონდ სხვა პოზიციაზე. ჩვენ ისედაც ბევრი თავდამსხმელი გვყავს“, – ანჩელოტის სიტყვებს Football Italia აქვეყნებს Radio Capital-ზე დაყრდნობით.

9 დეკემბერს გახდება ცნობილი, თუ რომელი სამი ფეხბურთელი იბრძოლებს „ოქროს ბურთისთვის“. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.