ფიფამ რიბერის ფოტოსესია გააუქმა ანუ „ოქროს ბურთს“ რონალდუ მოიგებს?

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფიფამ ფრანკ რიბერისთან დაგეგმილი ფოტოსესია გააუქმა.

უცხოელი სპორტული ჟურნალისტები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ დაწინაურდა.

არც ის არის გამორიცხული, რომ რიბერის ფოტოსესიის გაუქმება გამოკითხვის ვადის გახანგრძლივებას გამოეწვია.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვა დაბალი აქტივობის გამო 29 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. წლის საუკეთესო ფეხბურთელს ეროვნული ნაკრებების თავკაცები, კაპიტნები და სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ.

9 დეკემბერს გახდება ცნობილი, თუ რომელი სამი ფეხბურთელი იბრძოლებს „ოქროს ბურთისთვის“. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

ვან დერ ვარტი: „რონალდუ „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“

„ჰამბურგისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვარტი თვლის, რომ წელს „ოქროს ბურთს“ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ იმსახურებს. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ბაძავს რონალდუს.

„ალბათ, ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს, მათ შორის „ჰამბურგის“ მოთამაშეებსაც, სურს, რომ რონალდუს მსგავსი იყოს. ზოგიერთები თვლიან, რომ ის მოედანზე ქედმაღლურად იქცევა, მაგრამ გასახდელში რონალდუ საკმაოდ მოკრძალებული და მშვიდი ადამიანია. ის გასაოცარი ფეხბურთელია და „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“, – ვან დერ ვარტის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

30 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში კოჭის მყესები გაიწყვიტა. ვან დერ ვარტი იმედოვნებს, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება.

„თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, ვიდრე რამდენიმე დღის წინ. დღეს ბევრად კარგად ვარ და ვიმედოვნებ, რომ მოედანს მალე დავუბრუნდები“, – აღნიშნა ვან დერ ვარტმა.

ბექა დოგრაშვილი

ბუფონმა თქვა, ვის მისცა ხმა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე თვლის, რომ „ოქროს ბურთი“ მის თანაგუნდელ ანდრეა პირლოს უნდა გადაეცეს. იტალიელმა კიპერმა პირველი ადგილი სწორედ „ბებერი ქალბატონის“ ნახევარმცველს მიაკუთვნა, მეორე ადგილი – მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდუს, მესამე კი – „ბარსელონას“ ფორვარ ლეო მესის.

„ხმა პირლოსს, რონალდუსა და მესის მივეცი, სწორედ ამ თანმიმდევრობით“, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვა დაბალი აქტივობის გამო 29 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. წლის საუკეთესო ფეხბურთელს ეროვნული ნაკრებების თავკაცები, კაპიტნები და სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ.

პრეტენდენტები არიან:

გარეტ ბეილი (უელსი), ედისონ კავანი (ურუგვაი), რადამელ ფალკა (კოლუმბია), ედენ აზარი (ბელგია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ფილიპ ლამი (გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ლიონელ მესი (არგენტინა), ტომას მიულერი (გერმანია), მანუელ ნოიერი (გერმანია), ანდრეა პირლო (იტალია), ნეიმარი (ბრაზილია), მესუთ იოზილი (გერმანია), ფრანკ რიბერი (საფრანგეთი), არიენ რობენი (ჰოლანდია), კრიშტიანო რონალდუ (პორტუგალია), ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია), ლუის სუარესი (ურუგვაი), ტიაგო სილვა (ბრაზილია), იაია ტურე (კოტ დივუარი), რობინ ვან პერსი (ჰოლანდია), ჩავი (ესპანეთი).

პრეტენდენტთა ეს გაფართოებული შემადგენლობა 9 დეკემბერს სამ ფეხბურთელამდე შემცირდება. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

ბლატერი: „რონალდუს შესახებ აზრი არ შემიცვლია“

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა კიდევ ერთხელ გამოხატა აღტაცება მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდუს მიმართ და კიდევ ერთხელ სცადა დაძაბულობის განმუხტვას.

სამი კვირის წინ, ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას რონალდუს ლეო მესი ურჩევნია.

ფიფას პრეზიდენტის ამ განცხადებას „რეალის“ მხრიდან ლოგიკური აღშფოთება მოჰყვა. მოგვიანებით ბლატერმა მოიბოდიშა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელის შეურაცხყოფაზე არც უფიქრია.

როგორც მოგეხსენებათ, რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრებას არ აპირებს, ამის მიზეზი კი რა შეიძლება იყოს, თუ არა ოქსოფრდში ბლატერის მიერ გაკეთებული განცხადება. აშკარაა, რომ ფიფას პრეზიდენტი პორტუგალიელი ფეხბურთელის მოთაფვლას ცდილობს. შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებთა შორის გამართული მატჩის შემდეგ, ბლატერმა სოციალური ქსელის მეშვეობით რონალდუ გატანილი ჰეთ-თრიკისთვის შეაქო, თუმცა „რეალის“ ფეხბურთელს „ოქროს ბურთის“ ცერემონიალის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.

ბლატერი კიდევ ერთხელ შეეცადა, როგორმე განემუხტა დაძაბული სიტუაცია და რონალდუს მიმართ ამჯერადაც აღმატებით ხარისხში ისაუბრა.

„არაფერს არ ვნანობ. ყოველთვის ვამბობდი, რომ კრიშტიანო რონალდუ გამორჩეული მოთამაშეა და ჩემი აზრი მის შესახებ არ შეცვლილა. მოედანზე ის მეთაურია. სამწუხაროა, რომ ჩემი სიტყვები სხვაგვარად გაიგეს. გულში ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს“, – განაცხადა ბლატერმა იტალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ: “მინდა, კარიერა “რეალში” დავასრულო”

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდუ აცხადებს, რომ მას კარიერის დასრულება “სამეფო კლუბში” სურს.

28 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში, 13 გოლის გატანა მოახერხა, ინტერვიუ ერთ-ერთ ესპანურ რადიოს მისცა.

– ამჟამად საუკეთესო ფორმაში იმყოფებით.
– მართალია. ვცდილობ, კლუბსაც და ეროვნულ ნაკრებსაც წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

– “რეალის” გულშემატკივრების მხრიდან სიყვარულს გრძნობთ?
– “სამეფო კლუბში” უკვე მეხუთე სეზონს ვატარებ და მინდა, გითხრათ, რომ გულშემატკივრების მხრიდან სიყვარულს კარგა ხანია ვგრძნობ. ვფიქრობ, “რეალში” ჩემი თავი ვიპოვე. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და არსად წასვლის სურვილი არ გამაჩნია.

– გინდათ, თქვათ, რომ კარიერის დასრულება “რეალში” გსურთ?
– დიახ, ეს შესაძლებელია. როდესაც ყველაფერი კარგადაა, მოტივაციაც უფრო მაღალი გაქვს. ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე კი, კარიერის დასრულება “რეალში” მსურს. მადრიდი ბრწყინვალე ქალაქია. მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, მეტს ვერაფერს ვიტყვი.

დიტო ჭიჭინაძე

დანი ალვეში: „რონალდუ სხვებზე ძლიერია, მაგრამ „ოქროს ბურთს“ არ იმსახურებს“

„ბარსელონას“ მცველმა დანი ალვეშმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვის უნდა გადაეცეს „ოქროს ბურთი“.

ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, კრიშტიანო რონალდუს სხვებთან შედარებით უპირატესობა აქვს, თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“.

„კრიშტიანო რონალდუ, რა თქმა უნდა, ამ დროისთვის სხვებს აღემატება, თუმცა თუ მესის არ მისცემენ „ოქროს ბურთს“, ჯილდო ფრანკ რიბერის უნდა გადაეცეს. მე ასე მოვიქცეოდი, რადგან „ოქროს ბურთის“ მისაღებად გუნდთან ერთად რაიმე ტიტული უნდა გქონდეს მოგებული“, – ციტირებს დანიელ ალვეშის სიტყვებს Football Espana.

თავად რონალდუ ზეპ ბლატერთან მომხდარი ინციდენტის გამო დაჯილდოების ცერემონიალზე მისვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ფიფამ და ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ დაბალი აქტივობის გამო „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის პერიოდი გაახანგრძლივა.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

კასილასმა თქვა, ვის მისცა ხმა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში

ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილასმა განაცხადა, რომ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხმა თავის თანაკლუბელ კრიშტიანო რონალდუს მისცა.

„ხმა მანამდე მივეცი, სანამ გამოკითხვის პერიოდს გაახანგრძლივებდნენ. პირველი პოზიცია რონალდუს მივაკუთვნე. მან შესანიშნავი წელიწადი ჩაატარა და ჯილდო დაიმსახურა. გამიკვირდება, თუ მას „ოქროს ბურთს“ არ მისცემენ“, – განაცხადა კასილასმა.

ჯილდოს მოპოვების მთავარ კონკურენტებად რონალდუს გარდა ლიონელ მესი და ფრანკ რიბერი ითვლებიან. 9 დეკემბერს გახდება ცნობილი, თუ რომელი სამი ფეხბურთელი იბრძოლებს „ოქროს ბურთისთვის“. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრებას არ აპირებს

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრებას არ აპირებს.

პორტუგალიელი ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ფიფას პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის განცხადება გახდა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინათ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა რონალდუს მისამართით არცთუ სასიამოვნო სიტყვები თქვა. შვეიცარიელმა ამის გამო სოციალური ქსელის მეშვეობით კი მოიბოდიშა, თუმცა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ფიფას პრეზიდენტის ბოდიში არ მიიღო.

რონალდუს ბლატერთან შეხვედრა არ სურს, ამიტომაც არ აპირებს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრებას. თუმცა, პორტუგალიელმა ისიც თქვა, რომ ფიფას პრეზიდენტთან დაკავშირებულ ამ უსიამოვნო ისტორიას წერტილი დაესვა.

გარდა ამისა, „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ხუმრობით ან სერიოზულად განაცხადა, თუ „ოქროს ბურთს“ რონალდუს არ გადასცემენ, საპროტესტო მუხტს ავაგორებო.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩი რონალდუს წინააღმდეგ, რონალდუ იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ

დღეს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ერთმანეთში განმეორებით მატჩს გამართავენ. პირველი შეხვედრა, როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელებმა მინიმალური უპირატესობით მოიგეს – 1:0. რაც არ უნდა აღფრთოვანებული ვიყოთ შვედების დისციპლინებული და პორტუგალიელთა ურთიერთშეთანხმებული თამაშით, ეს მატჩი ქომაგებში მაინც რონალდუ-იბრაჰიმოვიჩის დაპირისპირებად აღიქმება. ფიფას პრესსამსახურმა ეს ორი ფორვარდი შვიდი კრიტერიუმით შეადარა ერთმანეთს.


სიმაღლე: ზლატან იბრაჰიმოვიჩი კრიშტიანო რონალდუზე ათი სანტიმეტრით მაღალია (195 სმ და 185 სმ);

სანაკრებო გოლები: ზლატანს ნაკრების რიგებში ჩატარებულ 95 მატჩში 46 გოლი აქვს გატანილი, რონალდუს კი – 108 შეხვედრაში 44 გოლი;

გოლები ტოპ-კლუბებში: იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა 208 გოლი, რონალდუმ – 304;

გოლები მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ სტადიებზე: იბრაჰიმოვიჩს 5 ჩატარებულ მატჩში არცერთი გოლი არ გაუტანია, რონალდუს  10 შეხვედრაში 2 გოლი აქვს;

სატრანსფერო ღირებულება: ზლატანს 143,5 მილიონი ფუნტით აფასებენ, კრიშტიანოს – 92,2 მილიონით;

ტიტულები: იბრაჰიმოვიჩის კოლექციაში 10 ჯილდოა, ამდენივე ტიტული აქვს რონალდუს;

მატჩები ერთმანეთის წინააღმდეგ: იბრაჰიმოვიჩის აქტივში 1 გამარჯვება, 4 ფრე და 3 წაგებაა. შესაბამისად, რონალდუს აქტივში 3 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხია.

მატჩი შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს და მას გამოცდილი ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ თანამედროვე მოდასა და თავის შეცდომებზე

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინათ მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ საცვლების საკუთარი ხაზი გამოუშვა. ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ვებ-გვერდ shortlist.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თანამედროვე მოდის შესახებ ისაუბრა და იქვე გამოტყდა, რომ ყმაწვილკაცობაში ცუდი იმიჯი ჰქონდა მორგებული.

„პატარაობაში მოდა არ მაინტერესებდა. უფრო მეტად ჩემს ყურადღებას კარგად მოთამაშე ფეხბურთელები იქცევდნენ. როდესაც ლისაბონის „სპორტინგში“ ვთამაშობდი, სულ რუი კოშტასა და ფიგუს ვუყურებდი. ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი და ეს ოცნება ავიხდინე. 16 წლის ასაკიდან პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ, რაც მახარებს.

ზოგჯერ ადამიანები გიჟურად იცვამენ. უნდა ჩაიცვა ის, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობ. სხვისი კოპირება არ ღირს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვარსკვლავია. ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ ცნობილი ადამიანის მსგავსად ჩაიცვამს, მასაც ისევე მოუხდება. არა, ასე არ ხდება.

წარმოვიდგინოთ კაცი, რომელსაც კარგი კოსტიუმი და თეთრი წინდები აცვია. საშინელებაა (იცინის). ცხადია, ის ვერ იქნება თანამედროვე. შეიძლება კარგი წინდები იყოს, მაგრამ კოსტიუმი და თეთრი წინდა?! მაიკლ ჯექსონს დაემსგავსებით.


როდესაც იმ ფოტოებს დავცქერი, რომლებზეც 16-17 წლისა ვარ, ერთი კითხვა მებადება: „რაებს ვაკეთებდი?“ ჩემს ვარცხნილობასა და თმის ფერს ვგულისხმობ. როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას ვიცავდი, თავზე სპაგეტი მქონდა – გრძელი თმა ყვითელი ბოლოებით.

ეს ასაკის ბრალია. ასაკი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდობაში განსხვავებულად ჩაცმა გინდა. ბევრი შეცდომა დავუშვი, თუმცა ამ შეცდომებზე ვისწავლე.

ტანისამოსში გადახდილ ფულს არ ვითვლი, თუმცა მიმაჩნია, რომ ბევრის დახარჯვა არ მიწევს, რადგან ჩემი ბრენდი მაქვს“, – აღნიშნა რონალდუმ.

ჟურნალისტმა ინტერვიუს ბოლოს პორტუგალიელ ფეხბურთელს ჰკითხა, თუ რომელი ვარცხნლობის მორგებას ურჩევდა უეინ რუნის, რაზეც რონალდუმ ასე უპასუხა:

„არ ვთვლი, რომ მას ჩემი რჩევა სჭირდებოდეს. მას თავისი სტილი აქვს. თმა ძალიან უხდება, ახლა უკეთ გამოიყურება. ადრე ცოტა უშნო კი იყო, მაგრამ ახლა ის გაცილებით სიმპათიურია“.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუს ავტომობილების კოლექცია

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ ავტომობილების მოყვარული კაცია. მისი ავტოფარეხი სავსეა ძვირადღირებული მანქანებით. გთავაზობთ რონალდუს ავტოკოლექციის მხოლოდ მცირე ნაწილს.

Bugatti Veyron

599 GTB Fiorano

Lamborghini Aventador LP 700-4

Rolls-Royce Phantom

Ferrari F430

Bentley GT Speed

Bentley Continental GT

Aston Martin DB9

Audi R8

BMW M6

Maserati GranTurismo

Porsche Cayenne

Audi RS6

Audi Q7

Mercedes-Benz C220 CDI

რონალდუ ფიფას ბოიკოტს უცხადებს?

ესპანური AS-ის თანახმად, მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ ფიფას მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ბოიკოტირებას აპირებს. წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი არ აპირებს, დაესწროს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს, რომელიც 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას პრეზიდენტმა იოზეპ ბლატერმა ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, რონალდუ ლეო მესის შეადარა და აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.

ამ განცხადების შემდეგ, ბლატერმა „რეალს“, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასა და რონალდუს ბოდიშის წერილი გაუგზავნა, თუმცა, როგორც ჩანს, კრიშტიანო ფიფას ხელმძღვანელს ამ სიტყვებს არ პატიობს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ოქროს ბურთის“ მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია.

ბექა დოგრაშვილი