ბლატერმა მადრიდის „რეალს“ ბოდიში მოუხადა

ფიფას პრეზიდენტმა იოზეპ ბლატერმა ოქსფორდის უნივერსიტეტში გაკეთებული განცხადების გამო პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდუს ბოდიში მოუხადა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა რონალდუს მესისთან შედარების დროს აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას. ბლატერის ამ განცხადებამ „რეალის“ ხელმძღვანელთა აღშფოთება გამოიწვია. მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფიფას მისამართით სპეციალური წერილი მოამზადა.

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ ბლატერის საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა:

„თქვენი წერილის შინაარსმა გამაკვირვა. მინდა განვმარტო, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს არ განვიხილავდი. შეხვედრის ბოლოს რონალდუს მესისთან შედარება და ერთ-ერთი მათგანის ამორჩევა მთხოვეს. მე ვთქვი, რომ მესი ჰგავს შვილს, რომლის ყოლასაც ნებისმიერი დედა ისურვებდა. კიდევ ერთხელ უნდა განვმარტო, რომ ჩემთვის რონალდუც და მესიც ერთ დონეზე არიან. ორივენი გამორჩეული მოთამაშეები არიან. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ სიტუაციამ ასეთი რეაქცია გამოიწვია, ამისთვის ბოდიშს ვიხდი. არასდროს მქონია „რეალის“ მოთამაშეთა და გულშემატკივართა მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა განზრახული“.

ანალოგიური სახის წერილი ბლატერმა პორტუგალიის ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტ ფერნანდუ გომეშსაც გაუგზავნა.

ბექა დოგრაშვილი

მოჯი: „შესაძლებელი იყო, რონალდუს „იუვენტუსში“ ეთამაშა“

„იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ თავის დროზე შესაძლებელი იყო, კრიშტიანო რონალდუ „სპორტინგიდან“ არა „მანჩესტერ იუნაიტედში“, არამედ ტურინულ კლუბში გადასულიყო.

„სპორტინგთან“ რონალდუს მარსელო სალასთან გაცვლის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. სალასი პორტუგალიაში ჩავიდა, თუმცა შემდეგ უკან დაბრუნდა და „რივერ პლეიტში“ გადავიდა. ამ დროს გამოჩნდა „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელმაც „სპორტინგს“ ისეთი წინადადებით მიმართა, რომ ჩვენ სიტუაციას გამოვეთიშეთ და იდეაზე უარის თქმა მოგვიხდა“, – აღნიშნა მოჯიმ.

ბექა დოგრაშვილი

კრიშტიანო რონალდუმ “სანტიაგო ბერნაბეუს” მოუბოდიშა

მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალმა” “მალაგა” ანგარიშით 2 – 0 სძლია. ამ მატჩში ერთ-ერთი გოლი კრიშტიანო რონალდუმ პენალტის საშუალებით გაიტანა. მან გოლის აღნიშვნის დროს “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილ პუბლიკას ჟესტის საშუალებით გამოუყენებელი მომენტების გამო მოუბოდიშა. აღნიშნული ფაქტი მატჩის მთავარ ეპიზოდად იქცა.

 

რონალდუმ საცვლების გამოშვება დაიწყო

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდუმ ახალი საქმე წამოიწყო. 28 წლის ფეხბურთელმა სპეციალურად ბიჭებისათვის საცვლებისა და შარვლების გამოშვება დაიწყო.

რიბერი: „მოედანზე მეტს ვმუშაობ, ვიდრე მესი და რონალდუ“

მიუნხენის  „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ საკუთარი თავი  „ოქროს ბურთის“ სხვა პრეტენდენტებს შეადარა.

„მე მოედანზე უფრო მეტს ვმუშაობ, ვიდრე მესი და კრიშტიანო რონალდუ. გაცილებით ხშირად ვეხმარები მცველებს და გაცილებით მეტ შედეგიან გადაცემას ვაკეთებ.

კარგი იქნებოდა  „ოქროს ბურთის“ მოპოვება. ახლა საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი და ეს მოედანზეც ჩანს.

ფორმის პიკში ვარ, ბევრს ვიტან და ჩემი თამაშისგან დიდ სიამოვნებასაც ვიღებ“, – ციტირებს რიბერის სიტყვებს გერმანული გამოცემა  „კიკერი“.

ბექა დოგრაშვილი

გოდინი: “დერბიში ყველაზე სახიფათო რონალდუ იქნება”

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი, დიეგო გოდინი აცხადებს, რომ მადრიდულ დერბიში ყველაზე სახიფათო პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდუ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩში, “რეალი” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკოს” მიიღებს.

“ვფიქრობ, ისკო ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელმაც “რეალი” კიდევ უფრო გააძლიერა, თუმცა ჩვენ დავიდ ვილა, დიეგო კოშტა, კოკე და არდა ტურანი გვყავს. ჩემი აზრით, მადრიდულ დერბიში ყველაზე სახიფათო კრიშტიანო რონალდუ იქნება”, – ამბობს გოდინი.

რონალდუს გოლი ჯარიმიდან “ელჩესთან” გამართულ შეხვედრაში

როგორც იცით, ესპანეთის პრიმერა დივიზონის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “ელჩემ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ მატჩში, ანგარიში 51-ე წუთზე გაიხსნა, როცა კრიშტიანო რონალდუმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.

რონალდო: „რონალდუ სრულყოფილ ფეხბურთელად „რეალში“ იქცა“

მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რონალდო მიიჩნევს, რომ კრიშტიანო რონალდუ სრულყოფილ ფეხბურთელად „სამეფო კლუბში“ იქცა.

„კრიშტიანო ძალიან კარგი მოთამაშეა. „რეალში“ ის გაცილებით უფრო სრულყოფილი გახდა. მისი თამაშისგან ყველა დიდ სიამოვნებას იღებს. რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედშიც“ ბევრ გოლს იტანდა, თუმცა მადრიდში ის ბომბარდირად მოგვევლინა“, – განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ, რონალდო „რეალის“ საწვრთნელ ბაზას ეწვია, სადაც პორტუგალიელ რონალდუსაც შეხვდა.

ბექა დოგრაშვილი

რუნიმ რონალდუს პრანჭიაობაზე ისაუბრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი უეინ რუნი თავის ახალ წიგნში ბევრ საინტერესო თემასთან ერთად კრიშტიანო რონალდუს შესახებაც საუბრობს, რომელიც „წითელი ეშმაკების“ რიგებში” 2003–2009 წლებში გამოდიოდა.

„გასახდელში, რონალდუს ადგილთან ახლოს სარკე ეკიდა. იმ დროის განმავლობაში, როცა ის ჩვენთან ერთად თამაშობდა, ერთ გარემოებას მივაქციე ყურადღება: კრიშტიანოს უბრალოდ არ შეეძლო სარკესთან ჩავლა საკუთარი თავის შექების გარეშე და ეს იმ შემთხვევაშიც ხდებოდა, როცა ცხვირწინ მატჩი გვქონდა“, – ეს გახლავთ ციტატა რუნის წიგნიდან „ჩემი ათწლეული პრემიერლიგაში“.

„ყოველი შეხვედრის წინ ის ამგვარ ცერემონიალს აწყობდა: იცვამდა ფორმას, ბუცებს და იყურებოდა სარკეში. ასეთი თავდაჯერებული ადამიანი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს“, – წერს „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი თავის წიგნში.

რუნიმ გვერდი არ აუარა მასსა და რონალდუს შორის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამართულ ჩხუბს. შეგახსენებთ, რომ მაშინ ინგლისელმა ფეხბურთელმა რიკარდო კარვალიუს უხერხულ ადგილზე ფეხი განზრახ ჩაარტყა, რონალდუ კი მსაჯთან მივარდა და რუნისთვის წითელი ბარათის ჩვენება მოითხოვა, რაც არბიტრმა გააკეთა კიდეც. ამას „სამი ლომის“ თავდამსხმელის გაღიზიანება მოჰყვა და მოედნის დატოვებამდე ინგლისური გინებების მარაგი სულ პორტუგალიელზე დახარჯა.

„როდესაც მინდვრიდან გვირაბში გავედი, მივხვდი, რომ რონალდუ დამნაშავე არ იყო. ის საკუთარი ნაკრების გამარჯვებისკენ იყო მოწადინებული, – ამბობს რუნი. – ვიცოდი, რომ ჩვენს შორის სიტუაცია დაცხრებოდა და როდესაც გვირაბში ერთმანეთს შევხვდით, მე მას ვუთხარი: „გულშემატკივრები ამ ამბისგან დიდ სკანდალს ააგორებენ და მთელი ზაფხული ამაზე ილაპარაკებენ“. მან მე გამიგო. მოგვიანებით გაზეთებში დაიწერა, რომ ის მადრიდის „რეალში“ მიდიოდა, ჩვენ კი ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით. ეს სრული სისულელე იყო. სიმართლე კი ისაა, რომ კრიშტიანო ყოველთვის მომწონდა. კარგია, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს“.

ბექა დოგრაშვილი

ბეილი: „რეალში“ ჩემი გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი რონალდუა“

მადრიდის „რეალის“ ახალწვეულმა გარეტ ბეილმა განაცხადა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ „სამეფო კლუბში“ გადაბარგების ერთ-ერთი მიზეზი კრიშტიანო რონალდუ იყო.

„კრიშტიანო შესანიშნავი ადამიანია. ის დამეხმარა, რომ გუნდში თავი კომფორტულად მეგრძნო. შემიძლია ვთქვა, რომ კრიშტიანო ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც „რეალში“ გადმოვედი. ვიმედოვნებ, ჩვენ ერთად კარგად ვითანამშრომლებთ მოედანზე“, – ციტირებს ბეილის სიტყვებს ესპანური პრესა.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ 24 წლის უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა გაიღო. 2 სექტემბერს ბეილმა „რეალთან“ 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სავარაუდოდ, ბეილის დებიუტი ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში შედგება, როცა „რეალი“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 15 სექტემბრის 00:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ფიგუ: „რონალდუს ეუსებიოსთან შედარება არასწორია“

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლუიშ ფიგუ მიიჩნევს, რომ კრიშტიანო რონალდუს ეუსებიოსთან შედარება არაკორექტულია. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში რონალდუმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, სანაკრებო დონეზე 43 გოლი მოაგროვა და პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ეუსებიო უკან ჩამოიტოვა.

„ეს უსამართლო შედარებაა. არა მგონია, რომ ეუსებიოსთან ვინმეს შედარება შეიძლებოდეს. ჩემთვის ის მეფეა. ასეთი შედარება სუბიექტური მიდგომაა. ვიღაცას მოსწონს რონალდუ, ვიღაცას – ფიგუ, ვიღაცას კი მარადონა ან ეუსებიო. ყველას თავისი აზრი აქვს“, – ციტირებს ფიგუს სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“.

ბექა დოგრაშვილი

რონალდო ბეილი-რონალდუს ტანდემის შესახებ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო დარწმუნებულია, რომ გარეტ ბეილი და კრიშტიანო რონალდუ მადრიდის „რეალში“ კარგ ტანდემს შექმნიან და ერთობლივ წარმატებასაც მიაღწევენ.

„ვფიქრობ, რომ ამ ორ მოთამაშეს კარგი ტანდემის შექმნა და „რეალის“ გულშემატკივართა გაბედნიერენა შეუძლია. ისინი ერთად გაიმარჯვებენ, ქომაგები კი მათი ერთად თამაშით დატკბებიან. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ისინი დიდ წარმატებას მიაღწევენ. დიდ ფეხბურთელებს ყოველთვის ესმით ერთმანეთის“, – ციტირებს რონალდოს სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.

ბექა დოგრაშვილი