რონალდუს დედა: “პარიზი? მირჩევნია ჩემი შვილი მანჩესტერში დაბრუნდეს”

კრიშტიანუ რონალდუს მადრიდული მომავალი ბურუსითაა მოცული, რასაც არც მისი გარემოცვა უარყოფს. რონალდუს შემდეგი კლუბის შესახებ კითხვა მის დედას, დოლორეშ ავეირუს, დაუსვეს.

“პარიზი ძალიან მომწონს, იქ აქამდეც ვყოფილვარ და მომავალშიც წავალ. ბოლოს პარიზში მაშინ ვიყავი, როდესაც ჩემმა ვაჟმა “ოქროს ბურთი” მოიგო. ყოველ ჯერზე, როდესაც იმ ქალაქში ვარ, პატივისცემას ვგრძნობ, ყველა ძალიან კარგად მექცევა.

სიმართლე გითხრათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ პარიზში გადასვლას მირჩევნია, კრიშტიანუ მანჩესტერში დაბრუნდეს,” – აცხადებს დოლორეშ ავეირუ.

გეტყვით იმასაც, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” უკვე გაუკეთა შეთავაზება მადრიდულ გრანდს – იხილეთ სტატია.

“პსჟ” “რეალს” რონალდუს ტრანსფერში 150 მილიონს სთავაზობს, ფეხბურთელს კი – 45 მილიონს

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს, გარშემო არსებულ სიტუაციას სერიოზულად აკვირდებიან ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები.

As-ის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, პარიზელები უკვე დაუკავშირდნენ “ბლანკოსის” ხელმძღვანელობას და კონკრეტული ციფრებიც დაასახელეს. “პსჟ” 150 მილიონს იხდის მაშინ, როცა რონალდუს გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდს შეადგენს.

საქმე ის არის, რომ “პარი სენ-ჟერმენს” ამ საქმეში რონალდუს დახმარების იმედი აქვს. რონალდუ წელიწადში 45 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს მიიღებს (ნეიმარი 37 მილიონს იღებს), თუ “რეალთან” კონტრაქტს გაწყვეტს.

როგორც იცით, საფრანგეთის ჩემპიონის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რასაც მბაპე-ნეიმარი-რონალდუს ტრიოს მეშვეობით აპირებს.

რონალდუს მეგობარი: “კრიშტიანუ ნაწყენია, არ მოსწონს, “რეალი” სიმართლეს რომ მალავს”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მეგობარი და ჟურნალისტი, ნუნო გომეში, El Larguero-სთან იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც პორტუგალიელი ფეხბურთელისა და მადრიდული კლუბის ურთიერთობას ამძიმებს.

“არამგონია, რონალდუ “რეალიდან” წავიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ნაწყენი და გაბრაზებულია. მას არ მოეწონა, როდესაც “რეალმა” მთელ მსოფლიოს აცნო, რომ კონტრაქტი განახლდებოდა, თუმცა არაფერი მომხდარა.

ისინი მალე გამონახავენ საერთო ენას. რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მას საკმარისს არ უხდიან. “ბარსელონაში” კი სხვაგვარად არის, ჩავის, ინიესტასა და მესის ნაბიჯ-ნაბიჯ უზრდიდნენ ხელფასს – ეს სასიამოვნოა.

ფლორენტინოსთან მისი ურთიერთობა ცოტა არ იყოს, ცივია. მას დაპირდნენ, რომ ხელფასს გაუზრდიდნენ. როდესაც გახანგრძლივება მოსთხოვა, უთხრეს, რომ შესაფერისი მომენტი არ იყო. სეზონი დასრულდა და არაფერი ხდება. ამის გამო თავს მოტყუებულად გრძნობს.

მის მომდევნო კლუბზე საუბარი ძალიან ადრეა. კრიშტიანუსთვის “რეალზე” უკეთესი კლუბი არ არსებობს. მას მოსწონს ქალაქი. “პარი სენ-ჟერმენი” სულ ცდილობდა მის გადაბირებას. ან “პსჟ” ან “იუნაიტედში” დაბრუნება. თუმცა ახლა მას მხოლოდ “რეალში” თამაში და აღიარება უნდა,” – აცხადებს ნუნო გომეში.

რონალდუ: “ეს “ლივერპული” რამდენიმე წლის წინანდელ “რეალს” მახსენებს”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა “ლივერპულთან” გასამართი ფინალური მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა. კრიშტიანუმ დღევანდელი “ლივერპული” რეალის წარსულ სახესაც შეადარა.

“ლივერპული” რამდენიმე წლის წინანდელ “რეალს” მახსენებს, როდესაც შეტევაში სამი ძლიერი და სწრაფი თავდამსხმელი მოქმედებდა,” – აცხადებს კრიშტიანუ პრეს-კონფერენციაზე.

“ფინალი ყოველთვის განსაკუთრებული რამ არის, მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინაა შენი მეტოქე. ნამდვილად არ ვთვლი, რომ იოლი მატჩი იქნება, ისინი ფინალში ღირსეულად მოვიდნენ.

ვფიქრობ, “რეალს” უფრო ძლიერი გუნდი ჰყავს, თუმცა ეს ყოველივე მოედანზე უნდა დავამტკიცოთ,” – დაამატა პორტუგალიელმა გოლეადორმა.

მესი რონალდუსთან მეტოქეობაზე: “არ ვცდილობ, საუკეთესო ვიყო”

საიდუმლო არავისთვის არაა, რომ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, ლეო მესისა და კრიშტიანუს შორის უკეთესის არჩევას გვავალდებულებს. თუმცა საფეხბურთო სამყარო ერთ დასკვნამდე ჯერაც ვერ მისულა.

მესიმ პრესასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა რონალდუსთან მეტოქეობის შესახებ:”არ ვცდილობ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვიყო, ეს უბრალოდ არ მაინტერესებს. არასოდეს მითქვამს, რომ პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე ვარ.

ყოველ ჯერზე, როდესაც სეზონი იწყება, ჩემს თავს მიზნად ყველაფრის მოგებასა და გასულ წელთან შედარებით უკეთესი ფეხბურთის თამაშს ვუსახავ.

მოედანზე გასვლისას ყველაფერს უკან ვიტოვებ და ვცდილობ ჩემი თავისა და თანაგუნდელებისათვის ბოლომდე დავიხარჯო. ჩემთვის უმნიშვნელოა, თუ ვინ იქნება ან არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი,” – აცხადებს არგენტინელი ფეხბურთელი.

რონალდუს მულტიპლიკაციური პროექტი, სადაც მთვარი გმირი თავადაა

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, მორიგ კომერციულ სვლას აკეთებს. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მულტიპლიკაციური სერიალის შექმნას აპირებს.

ამ მიზნის განსახორციელებლად კრიშტიანუ რონალდუ Graphic India-ს დაუკავშირდა, რომელიც კომიქსებსა და მულტფილმებზე მუშაობს. საქმეში ამერიკული კომპანიებიცაა ჩართული. სერიალს კი სახელად “Striker Force 7” ერქმევა.

როგორ გამოეხმაურა არბელოა რონალდუს გოლს

3 აპრილს მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსს” ეწვია და “ბებერ ქალბატონს” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველივე მატჩში მოუკლა ნახევარფინალში გასვლის ყველანაირი იმედი (0-3).

აღნიშნული მატჩის გმირი დუბლისა და საგოლე გადაცემის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. რომლის მეორე გოლიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გოლს მისი ყოფილი თანაგუნდელი, ალვარო არბელოა გამოეხმაურა: “ახლა კი მას ნამდვილად შეუძლია დედამიწა დატოვოს და მარსელებთან ერთად ითამაშოს. მან აქ თავისი საქმე უკვე გააკეთა”.

ჯორჯინა როდრიგესი: “ოთხზე მეტი შვილი? არ წარმომიდგენია”

ჯორჯინა როდრიგესი, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს პირველი შვილი გასული წლის ნოემბრის თვეში გაუჩინა, სრულიად კმაყოფილია ოთხშვილიანი ოჯახით და მომავალში ცვლილებების შეტანას არ გეგმავს.

“მომავალში ჩემს თავს ოთხ შვილთან ერთად წარმოვიდგენ. ოთხზე მეტი შვილის ყოლაზე, ამ დროისთვის, ნამდვილად არ ვფიქრობ,” – აცხადებს 23 წლის ჯორჯინა.

როგორც ვხედავთ, ჯორჯინას გეგმები ეწინააღმდეგება 33 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ამბიციებს, რომელსაც სურს, რომ 7-შვილიანი ოჯახი ჰყავდეს.

რონალდუმ პორტუგალიას ბოლო წუთებზე გაფორმებული დუბლით მოაგებინა (ვიდეო)

ამხანაგურ მატჩში ძალები პორტუგალიისა და ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრებებმაც მოსინჯეს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თავი არცერთ მათგანს არ დაუზოგავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეს დაპირისპირება მუჰამედ სალაჰისა და კრიშტიანუ რონალდუს ჯახად იქცა და მატჩის ბედიც სწორედ ამ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს.

ანგარიში “ეგვიპტელმა მესიმ” გახსნა შეხვედრის 56-ე წუთზე, რის შემდეგაც პორტუგალიელებმა კიდევ უფრო გააძლიერეს ზეწოლა მეტოქეზე. გამარჯვების გოლების გატანა კი რონალდუმ შეზლო 92-ე და 94-ე წუთებზე – 2:1.


პორტუგალია: ბეტო; გერეირო, ალვეში, როლანდო, სედრიკი; სილვა (მარტინსი 65′), მოუტინიო (ანდრე გომეში 65′), ნევესი, მარიო (ქუარეჟმა 61′); კრიშტიანუ რონალდუ, ანდრე სილვა (გედეში 76′)

მთავარი მწვრთნელი: ფერნანდო სანტუში

ეგვიპტე: ალ შენავი; ფატი, გაბრი, ჰეგაზი, მუჰამედ აბდულ შაფი; ელ-საიდი (ვარდა 66′), ელნენი, ჰამედი (აშური 87′); სალაჰი (აბდელრაზეკი 79′), ჰასანი, ტრეზეგე

მთვარი მწვრთნელი:ჰექტორ კუპერი


კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის ჩემპიონატში მე-300 გოლი გაიტანა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ კვლავაც შეუჩერებელია. ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში, “ხეტაფეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გატანილი გოლი მისთვის რიგით მე-300 აღმოჩნდა ლა ლიგის ისტორიაში.

რონალდუ რიგით მეორე ფეხბურთელი გახდა ლეო მესის შემდეგ, რომელიც ამ ნიშნულს გასცდა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელი გოლეადორის ანგარიშზე დღეისათვის ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი 372 გოლია.

მიმდინარე სეზონის 20 მატჩში რონალდუს 15 გოლი აქვს გატანილი.

ჩავი: “უსამართლობაა “რეალმა” ასე რომ მოიგო”

კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი ლეგენდა, ჩავი ჩემპიონთა ლიგაზე “რეალსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩს გამოეხმაურა, რომელიც მადრიდელთა გამარჯვებით (3-1) დასრულდა.

“მადრიდელებს” რაღაც განსაკუთრებული აქვთ. მათთან თამაშისას შანსებს თუ ვერ გამოიყენებ, განწირული ხარ, აუცილებლად დაგსჯიან. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ “რეალს” შეუძლია მეტოქეს არაფრის კეთებითაც აჯობოს – კონტრშეტევები საკმარისი აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად… ჯანდაბა.

თითქმის ყველასთვის უსამართლობაა, “რეალმა” ასე რომ მოიგო. “პარი სენ-ჟერმენს” ამხელა სხვაობით არ უნდა წაეგო. შეხვედრა 1-1, 2-2 ან 1-2 უნდა დასრულებულიყო “პარიზელთა” სასარგებლოდ.

შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ იგებს “რეალი” მაშინაც, როდესაც ვერ თამაშობს. ესპანურ არხზე ვუყურებდი ამ თამაშს და კომენტატორმა სრული სიმართლე თქვა. მატჩი რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული ფაზისგან შედგებოდა, რომელთა უმეტესობაშიც “პსჟ” დომინირებდა.

იყო თუ არა “რეალი” “პარი სენ-ჟერმენზე” უკეთესი? ჩემთი აზრით, არა. მაგრამ მათ სულ არ აინტერესებთ, ვინ არის უკეთესი მოედანზე. მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. ამიტომაც არის ასეთი რთული მათ წინააღმდეგ თამაში,” – აცხადებს ჩავი.

კრიშტიანუ რონალდუ: “უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ რამდენიმე წელი შევძლებ”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ კმაყოფილია ბოლო წლებში მიღწეული წარმატებებით და კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს.

“პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, ფანტასტიკური პერიოდია ჩემთვის. მყავს ოჯახი, რომელიც ყოველდღიურ ზრდას განიცდის და ბედნიერი ვარ.

რაც შეეხება პროფესიონალურ დონეს, ბოლო ორი წელი ჩემთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში და ასე მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე იქნება.

ცხოვრების ყოველი ასპექტი ერთგვარი გამოწვევაა და ყოველთვის ვცდილობ, რომ თითოეულ მათგანს საუკეთესო მდგომარეობაში შევხვდე. ჩემს პროფესიაში ეს აუცილებელია. ყოველ გამოწვევას სერიოზულად ვიღებ,” – აცხადებს რონალდუ.