ამბავი, რომელმაც მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო: ესპანური, ყოველდღიური გამოცემა A Bola ირწმუნება, რომ კრიშტიანუ რონალდუმ “რეალის” დატოვება გადაწყვიტა. ესპანელი ჟურნალისტები ამ პროცესს “გარდაუვალად” თვლიან.
როგორც იცით, ოქროს ბურთის 4-გზის მფლობელი ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაში იმყოფება. გასულ სეზონში მის მიერ გატანილმა გოლებმა “ლოს ბლანკოსს” ბოლო ხუთ წელიწადში ლა ლიგის პირველი ტიტული და ბოლო ოთხ სეზონში მესამე ჩემპიონთა ლიგა მოაგებინეს.
რაც შეეხება მოედანს მიღმა განვითარებულ მოვლენებს, კრიშტიანუს 14.7 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებენ, კლუბი კი მის დასაცავად არაფერს აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი გასული წლის ნოემბერში გაახანგრძლივა – შეთანხმების თანახმად, ის “რეალში” 2021 წლამდე უნდა დარჩეს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდ ევროს შეადგენს.
ეს რიცხვი 10-ჯერ აღემატება თანხის იმ ოდენობას, რაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოლ პოგბას ტრანსფერში გასულ ზაფხულს გადაიხადა და მსოფლიო სატრანსფერო ბაზარზე რეკორდიც დაამყარა.
მიუხედავად იმისა, რომ 32 წლის ასაკშიც ბრწყინვალედ თამაშობს და ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე 10 გოლის გატანა შეძლო, ეს თანხა ნამდვილად არ შეესაბამება მის რეალურ ფასს.
იგივე A Bola ერთი კვირის წინ აცხადებდა, რომ რონალდუს სანაცვლოდ ერთ-ერთი კლუბი 180 მილიონ ევროს იხდიდა, რაც ნამდვილად ახლოსაა მის რეალურ ფასთან, მაგრამ არც ისაა გასაკვირი, რომ “რეალი” კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორის სანაცვლოდ მეტს ითხოვს.
“იუნაიტედი” რონალდუს გადაბირების მთავარი ფავორიტია, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ “მანჩესტერელთა” ამჟამინდელ თავკაცს, ჟოზე მოურინიოსა და კრიშტიანუ რონალდუს არც ისე კარგი ურთიერთობა აკავშირებთ.
კიდევ ერთი კლუბი, რომელიც პორტუგალიელის ტრანსფერზე ფიქრობს, “პარი სენ-ჟერმენია”. ლიგა 1-ის “მონაკოსთან” დათმობის შემდეგ, ფრანგული გრანდის ხელმძღვანელები განრისხებულები არიან და ყველაფრის გაკეთებას აპირებენ, რათა კუთვნილი ადგილი დაიკავონ.
შესაძლოა, რონალდუ ჩინურ ან ამერიკულ კლუბებშიც ვიხილოთ…
თავად ფეხბურთელი, ისევე როგორც მადრიდული გრანდი ჯერჯერობით რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს – დიდი ალბათობით, ყველაფერი კონფედერაციის თავის დასრულებისთანავე გაირკვევა.