ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში “კრისტალ პალასმა” საკუთარ მოედანზე იურგენ კლოპის “ლივერპული” მიიღო და საკმაოდ დიდი წინააღმდეგობაც გაუწია. საბოლოოდ, მატჩი მაინც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (1-2).
ანგარიში შეხვედრის მე-13 წუთზე მილივოიევიჩმა გახსნა თერთმეტმეტრიანის საშუალებით. გაშვებული გოლის შემდეგ “მერსესაიდელები” კიდევ უფრო გააქტიურდნენ და პირველ ტაიმში მათ სულ 14 დარტყმა დაუგროვდათ მეტოქეთა კარის მიმართულებით, თუმცაღა შედეგიანი არცერთი გამოდგა.
მეორე ტაიმში უკვე მასპინძლებმა იგდეს ხელთ უპირატესობა და მოწინააღმდეგეს საჯარიმოს არ აკარებდნენ, თუმცაღა სადიო მანემ მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება (49′). მატჩს საბოლოოდ წერტილი მუჰამედ სალაჰმა დაუსვა, რომელმაც 84-ე წუთზე წარმატებით გაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.
ასე რომ, 32 მატჩში დაგროვებული 66 ქულით “ლივერპული” ჯერჯერობით მეორეა, თუმცა მის უშუალო მეტოქეებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. “პალასი” კი 30 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება.
“კრისტალ პალასი”: ჰენესი; ვან ანჰოლტი, სახო, კელი, ვან-ბისაკა (ფოსუ-მენსა 88′); კაბაიე (ლოფტუს-ჩიკი 73′), მილივოიევიჩი, მაკკართური; ზაჰა, ბენტეკე, ტაუნსენდი
მთავარი მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
“ლივერპული”: კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ვეინალდუმი (ლალანა 65′), ჰენდერსონი, მილნერი; სალაჰი, ფირმინო, სადიო მანე (ოქსლეიდ-ჩემბერლინი 63′)
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი