ტრილერი „სანტიაგო ბერნაბეუზე“

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 29-ე ტურის ცენტრალური მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა, სადაც მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ მიიღო. შეხვედრა მეტად დრამატულ ბრძოლაში წარიმართა, მაყურებელმა კი შვიდი გატანილი გოლი იხილა.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, როდესაც ლეო მესიმ ანდრეს ინიესტა მახვილგონივრული გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და ესპანელმა ნახევარმცველმაც მარცხენა ფეხით პირველი გოლი გაიტანა.

მადრიდელებმა ანგარიში მე-20 წუთზე გაათანაბრეს: ანხელ დი მარიას მიერ ჩამოწოდებულ ბურთს მეტოქის საჯარიმო მოედანზე კარიმ ბენზემა გამოეხმაურა, რომლის თავური დარტყმაც ვიქტორ ვალდესისთვის აუღებელი აღმოჩნდა. ზუსტად ოთხ წუთში იმავე დი მარიამ ბენზემას მეორე საგოლე პასი გაუკეთა, ამჯერად ფრანგმა თავდამსხმელმა ფეხით გაიტანა. საერთოდაც, დი მარია ორივე გუნდის შემადგენლობიდან პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„სამეფო კლუბი“ დაწინაურდა და თითქოს მადრიდელებმა გამარჯვებისა ირწმუნეს, თუმცა ეს ნაადრევად მოუვიდათ. ტაიმის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე „რეალის“ საჯარიმო მოედანზე ნეიმარი-მესის მიერ გათამაშებული კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დაგვირგვინდა და ანგარიშიც გათანაბრდა — 2:2. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმი 10 წუთის განახლებული იყო, როდესაც მთავარმა არბიტრმა უნდიანო მალიენკომ „ბარსელონას“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, თუმცა მომენტის განმეორებით ჩვენებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ დანიელ ალვესმა კრიშტიანუ რონალდუ საჯარიმო მოედნის გარეთ წააქცია. პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა და „რეალი“ კვლავ დაწინაურდა — 3:2.

ზუსტად 10 წუთში თერთმეტმეტრიანი დარტყმა უკვე მასპინძელთა კარის მიმართულებით დაინიშნა. სერხიო რამოსმა ხელსაყრელ პოზიციაზე გასული ნეიმარი წააქცია, რისთვისაც ესპანელი მცველი მოედნიდან გააძევეს. პენალტი ზუსტად ლეო მესიმ დაარტყა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა.

მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე არბიტრმა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, კვლავ მადრიდელთა კარის მიმართულებით. ამჯერად ინიესტას წინააღმდეგ ჩაბი ალონსომ დაარღვია თამაშის წესი. პენალტის შესრულება კვლავ მესიმ ითავა და ანგარიში 3:4 გახდა. ამრიგად, მესი ჰეთ-თრიკი გაიფორმა და გახდა „ბარსელონას“ პირველი მოთამაშე, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ერთ მატჩში  სამი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიური გუნდის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „რეალთან“ ჰეთ-თრიკი ორჯერ გაიფორმა. მესი „ელ კლასიკოს“ საუკეთესო ბომბარდირიც შეიქნა, მის ანგარიშზე 21 გატანილი ბურთია.

საბოლოო ჯამში, „ბარსელონამ“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალი“ დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 4:3 დაამარცხა და საჭირო 3 ქულა მოიპოვა.

ამ ყველაფრით იხეირა მადრიდის „ატლეტიკომ“, რომელმაც თავისი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს 70 ქულით ჩაუდგა სათავეში. ამდენივე ქულა აქვს მეორეადგილოსან „რეალს“. ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება მესამე პოზიციაზე მყოფი „ბარსელონა“.

 

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
29-ე ტური
„რეალი“—„ბარსელონა“ 3:4 (2:2)

„რეალი“: დიეგო ლოპესი, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო, კარვახალი, ჩაბი ალონსო, მოდრიჩი (მორატა 90′), ბეილი, დი მარია (ისკო 85′), რონალდუ, ბენზემა (ვარანი 66′).
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
„ბარსელონა“: ვალდესი, დანი ალვესი, პიკე, ალბა, მასკერანო, ფაბრეგასი (ალექსის სანჩესი 78′), ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, ნეიმარი (პედრო 69′), მესი.
მთავარი მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.
გოლები: ბენზემა 20′, 24′, რონალდუ 55′ (პენ) — ინიესტა 7′, მესი 42′, 65′ (პენ), 84′ (პენ).
გაფრთხილებები: დი მარია 35′, პეპე 43′, ალონსო 85′, რონალდუ 86′, მოდრიჩი 88′ — ფაბრეგასი 43′, ბუსკეტსი 66′.
გაძევება: სერხიო რამოსი 63′.
მთავარი მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო.

ბექა დოგრაშვილი

„ელ კლასიკოზე“ დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის პრიმერადივიზიონის 29-ე ტურის ცენტრალური მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგება, სადაც მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ მიიღებს.

23 მარტს გასამართი შეხვედრა გულშემატკივართა დიდ ინტერესს იწვევს. ესპანური „ასის“ ცნობით, ბაზარზე გამოტანილი ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ბილეთების ღირებულება 70-დან 340 ევრომდე მერყეობდა.

ამ დროისთვის ბილეთების შეძენა მხოლოდ „შავ ბაზარზეა“ შესაძლებელი, სადაც მათი ფასი 300-დან 900 (!) ევრომდე აღწევს.

მატჩი „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის 24 მარტს, 00:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ალბერტო უნდიანო მალიენკო განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

სერხიო რამოსი: „ახლა „ბარსელონასი“ ისე აღარ ეშინიათ, როგორც ადრე“

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 29-ე ტურის ცენტრალური მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგება, სადაც მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ მიიღებს. „სამეფო კლუბის“ მცველი სერხიო რამოსი მიიჩნევს, რომ კატალონიური კლუბის კრიზისზე საუბარი გადაჭარბებულია.

„ბარსელონას“ კრიზისზე აქტიური საუბრები მიმდინარეობს, თუმცა კატალონიელები ესპანეთის თასის ფინალში გავიდნენ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს და მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩებიან ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ლიდერს.

ერთადერთი რამ, რაც შეიცვალა, ეს შიშის ფაქტორია. ახლა სხვა კლუბებს „ბარსელონასი“ ისე აღარ ეშინიათ, როგორც ადრე. ძალიან კარგი იქნება, თუ კატალონიელებს დავამარცხებთ. ეს ისტორიული დაპირისპირებაა. „რეალი“ სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს და ვეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ“, – რამოსის სიტყვები „ასმა“ გამოაქვეყნა.

მატჩი „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის 24 მარტს, 00:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

მესიმ ტოტი უკან ჩამოიტოვა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 28-ე ტურში „ბარსელონამ“ „ოსასუნა“ ანგარიშით 7:0 გაანადგურა. ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიკი გაიფორმა და კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად იქცა.

ლეო მესის აქტივში „ბარსას“ მაისურით ოფიციალურ და არაოფიციალურ მატჩებში ერთად 371 გატანილი გოლია. პრიმერადივიზიონში მესის ანგარიშზე 233 გოლი გახლავთ, რაც ერთით მეტია იტალიის სერია A-ში ფრანჩესკო ტოტის მონაგარზე. ევროპის წამყვანი ხუთი ეროვნული ჩემპიონატის შედეგებიდან მესის მაჩვენებელი სარეკორდოა.

გარდა ამისა, კატალონიური გუნდის არგენტინელი თავდამსხმელი მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება მექსიკელ უგო სანჩესს, რომელიც თავის დროზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ ღირსებას იცავდა. ცნობისათვის, ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორად ტელმო სარა („ატლეტიკი“) ითვლება, რომელსაც 252 გოლი აქვს.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანეთის ჩემპიონატის XXII ტურში ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩის (1:1) 75-ე წუთზე „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ბასკთა მცველ კარლოს გუპრეგის სახეში ხელი გაარტყა, რის გამოც პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს.

გასახდელისკენ მიმავალმა რონალდუმ გზად დამხმარე არბიტრს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა. ამის გამო, შესაძლოა, პორტუგალიელი ფეხბურთელი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

„მატჩის 75-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუ მეტოქე გუნდის ფეხბურთელისთვის სახეში ხელის გარტყმისთვის გაძევებულ იქნა. მოედნის დატოვებამდე რონალდუმ ლოყაზე რამდენჯერმე ხელი გაირტყა, ეს ჟესტი მან დამხმარე მსაჯს უჩვენა“, – ნათქვამია მთავარი არბიტრის მოხსენებაში.

დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, „სამეფო კლუბის“ ლიდერი გამოტოვებს „ვილიარეალთან“, „ელჩესთან“ და „ხეტაფესთან“ გასამართ მატჩებს.

ბექა დოგრაშვილი

კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან გააძევეს

ესპანეთის ჩემპიონატის XXII ტურში ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის 75-ე წუთზე „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ბასკთა მცველ კარლოს გუპრეგის სახეში ხელი გაარტყა, რის გამოც პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. ცნობისთვის, რონალდუმ დღეს საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ თავდამსხმელს „რეალის“ შემადგენლობაში 4 წითელი ბარათი აქვს მიღებული, ამდენჯერვე გააძევეს ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობის პერიოდში, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ასეთი რამ არ მომხდარა.

დავამატებთ, რომ რონალდუ „ვილიარეალთან“ გასამართ მატჩს გამოტოვებს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია გაუხანგრძლივონ.

ბექა დოგრაშვილი

დანი ალვესმა კატალონიელთა ქომაგობა დაიწუნა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და სენსაციურად, ანგარიშით 2:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კატალონიელთა ბრაზილიელმა მცველმა დანიელ ალვესმა ქომაგობა დაიწუნა.

„საკუთარ თავში დარწმუნებულნი ვართ. როდესაც გუნდი გამუდმებით იგებს და მოულოდნელად დამარცხდება, ეს ძალიან რთული გადასატანია, მაგრამ „ბარსელონას“ ძალაში ეჭვი არავის შეეპაროს.

რაც შეეხება ქომაგობას, გულშემატკივრებმა გუნდს უფრო აქტიურად უნდა დაგვიჭირონ მხარი. ხანდახან მგონია, რომ სახლიდან ძალიან შორს ვთამაშობთ“, – დანი ალვესის სიტყვებს სპორტული ინტერნეტ-პორტალი Sport.es ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

„ბარსელონამ“ 2012 წლის აპრილის შემდეგ შინ პირველად წააგო

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და სენსაციურად, ანგარიშით 2:3 დამარცხდა. კატალონიურმა გუნდმა 2012 წლის 21 აპრილის შემდეგ „კამპ ნოუზე“ პირველად წააგო. არადა, მასპინძლები მე-7 წუთზე ალექსის სანჩესმა დააწინაურა. 44-ე წუთზე დანი პარეხომ ანგარიში გაათანაბრა. 48-ე წუთზე „ღამურები“ წინ გაიჭრნენ, თავი ამჯერად პაბლო პიატიმ გამოიჩინა. 54-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ლეო მესიმ წონასწორობა აღადგინა. მატჩს საბოლოო წერტილი კი 59-ე წუთზე ფრანსისკო ალკასერმა დასვა. აღსანიშნავია, რომ 78-ე წუთზე მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მოედნიდან ჟორდი ალბა გააძევეს. სათქმელია ისიც, რომ „ბარსელონამ“ პირველად წააგო ოფიციალური მატჩი, რომელშიც მესიმ გოლის გატანა მოახერხა.

„ბარსელონას“ წაგებით დღეს „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შეუძლიათ, ისარგებლონ და სატურნირო ცხრილში კატალონიური გუნდი უკან მოიტოვონ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის „ბარსას“ და „ატლეტიკოს“ აქტივში 54-54 ქულა აქვთ, მესამეადგილოსან „რეალს“ კი – 53.

„ატლეტიკო“ „რეალ სოსიედადს“ მიიღებს, „რეალი“ კი ბილბაოს „ატლეტიკს“ ესტუმრება.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XXII ტური
„ბარსელონა“–„ვალენსია“ 2:3
გოლები: სანჩესი 7′, მესი 54′ (პენ) – დანი პარეხი 44′, პიატი 48′, პაკო ალკასერი 59′.
გაფრთხილებები: ალბა 52′, მასკერანო 79′ – დანი პარეხო 45+1′, რიკარდო კოშტა 53′, დიეგო ალვეში 90+4′.
გაძევება: ალბა 78′.

ბექა დოგრაშვილი

სიმეონე: „მიუხედავად 400 მლნ. ევროიანი სხვაობისა, „ატლეტიკომ“ „ბარსას“ ბრძოლა გაუმართა“

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურის ცენტრალური მატჩი „ვისენტე კალდერონზე“ შედგა, სადაც მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბარსელონა“ მიიღო. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. შესაბამისად, გუნდებმა პირველი წრის ბოლო ტურის შემდეგ აქტივში 50-50 ქულა მოაგროვეს და გათამაშებას კვლავაც ლიდერობენ.

„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ წუხანდელი შეხვედრა ჭადრაკს შეადარა.

„ბარსელონას“ დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენს შორის 400 მლნ. ევროიანი განსხვავებაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ სერიოზული ბრძოლა გავუჩაღეთ. ეს არის ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ყოველ მატჩში სულს და გულს დებს, ამიტომაც გრძელდება ჩვენი ოცნება შეხვედრიდან შეხვედრამდე.

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს შეხვედრა ჭადრაკის თამაშს წააგავდა. ზოგიერთი მატჩი ანგარიშით 0:0 სრულდება, რადგან თამაში ტაქტიკური სვლებითა და გადაადგილებებით არის დატვირთული, რაც დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს. პუბლიკას გოლების ხილვა სურდა… ჩვენ კი ვცდილობდით, რომ ინტელექტუალური ფეხბურთი გვეთამაშა. „ბარსამ“ ბოლო რამდენიმე მატჩი დიდი უპირატესობით მოიგო. კატალონიელებს ჩვენთანაც ჰქონდათ გოლების გატანის შანსი, მაგრამ ვერ შეძლეს და მე ამით ბედნიერი ვარ“, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს ესპანური პრესა.

ბექა დოგრაშვილი

ყველა გზა ლეოსთან მიდის

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს, „ვისენტე კალდერონზე“ შედგება, სადაც მადრიდის „ატლეტიკო“ „ბარსელონას“ მიიღებს. გათამაშების ლიდერთა მატჩზე დასასწრები ბილეთების შოვნა უკვე შეუძლებელია. ესპანელი ჟურნალისტები უბილეთოდ დარჩენილ ინჩასებს თანაუგრძნობენ და იუწყებიან, რომ მატჩზე მოხვედრის ერთადერთი საშუალება მოლოდინია, რომ სეზონური აბონემენტის მქონე რომელიმე ქომაგი სტადიონზე არ მივა. თუმცა, რომელი ჭკუათმყოფელი ამჯობინებს ამ შეხვედრის შინ ყურებას?

დაბრუნება — ნახევარ საათში გაგიჟებული მსოფლიო
მიმდინარე სეზონი ლეო მესისთვის ცოტა უცნაურია. არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე სამჯერ მოასწრო ტრავმის მიღება, რის გამოც ორი თვე და 12 მატჩი გამოტოვა. ამის მიუხედავად, მესიმ ორიოდე დღის წინათ, „ხეტაფესთან“ გამართულ სათასო მატჩში ტრიუმფალური დაბრუნება მოიწყო და შეხვედრის ბოლო 30 წუთში ორი გოლი გაიტანა.

შესრულებულმა დუბლმა ლეო „ბარსელონას“ ბომბარდირთა სათავეში მოაქცია, მატჩის შემდეგ კი ნამდვილი სიგიჟე დაიწყო. ლიდერის დაბრუნებით გახარებულმა თანაგუნდელებმა მესის გასახდელში ცეკვა მოუწყვეს, არგენტინელ ფეხბურთელთან ერთად ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. „მონსტრი დაბრუნდა!“ – ასეთი კომენტარი დატოვა ალექს სონგმა ერთ-ერთ სურათზე.

ჭკუიდან ქომაგებიც გადავიდნენ. „ბარსელონას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყებოდა, რომ დუბლის შესრულების მომენტში მესის გვარი „ტვიტერზე“ 24 ათასჯერ დაიწერა, მთლიანად მატჩის მიმდინარეობისას კი – 300 ათასჯერ.

კატალონიურ გამოცემა „ელ მუნდო დეპორტივოს“ ზედიზედ სამი დღის განმავლობაში პირველი გვერდიდან მესის სურათი არ ჩამოუშორებია. არგენტინულმა გაზეთმა „ოლემ“ კი ერთი დღით გამოცემის სახელწოდება შეცვალა და „ლეო“ დაირქვა. მესის მხოლოდ ნახევარი საათი დასჭირდა იმისთვის, რომ საფეხბურთო მსოფლიო კიდევ ერთხელ გაეგიჟებინა.

ყველა ესპანელი ჟურნალისტი არ არის დარწმუნებული, რომ დღევანდელ მატჩში ლიონელ მესი სასტარტო წუთებიდანვე მოედანზე იქნება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ გარისკვას სჯობს, მესი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ათამაშონ, თუმცა სპორტულ ჟურნალისტთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ლეო ძირითად შემადგენლობაში იქნება. სავარაუდოდ, სასტარტო განაცხადში მოხვდება ნეიმარიც, რომელმაც „ხეტაფესთან“ გამართული შეხვედრა მცირე დაზიანების გამო გამოტოვა.

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, მესიმ დღეს აუცილებლად უნდა გაიტანოს. მისთვის „ატლეტიკო“ ყველაზე სასურველი მეტოქეა. ესპანეთის ჩემპიონატში არგენტინელმა ფეხბურთელმა მადრიდული კლუბის წინააღმდეგ 14-ჯერ ითამაშა და 17 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მესიმ „ატლეტიკოს“ ქომაგთა დამწუხრება სათასო დაპირისპირებაში სამჯერ მოახერხა.

შეხვედრა — სიმულანტი სიმეონე
ცალკე ინტრიგას იწვევს დღეს მონაწილე გუნდთა არგენტინელი თავკაცების დუელი. საუბარია „ბარსას“ მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოსა და „ატლეტიკოს“ დამრიგებელ დიეგო სიმეონეზე.

ესპანელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში სიმეონემ 1987/88 წლების სეზონში მომხდარი ერთი საინტერესო შემთხვევა გაიხსენა. თურმე, „ნიუელს ოლდ ბოისსა“ და „ველესს“ შორის გამართულ მატჩში სიმეონემ მარტინოსთან ორთაბრძოლისას სიმულაციას მიმართა, რის გამოც ხერარდო მოედნიდან გააძევეს. მოგვიანებით წითელი ბარათი თავად დიეგომაც მიიღო, თუმცა მისმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 2:1 მოიგო.

აი, მწვრთნელის რანგში სიმეონეს ხერარდოსთვის არასდროს არ მოუგია. ეს მწვრთნელები სეზონის სტარტზე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ესპანეთის სუპერთასისთვის გაჩაღებულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, თუმცა გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით ტიტული კატალონიელებს დარჩათ. ვნახოთ, ვინ აჯობებს დღეს. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება და მას 36 წლის არბიტრი ანტონიო მატეუ განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

მონტოია: „ნეიმარს შეუძლია, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს“

„ბარსელონას“ მცველი მარტინ მონტოია თვლის, რომ მის თანაგუნდელ ნეიმარს შეუძლია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის წამყვან თავდამსხმელთათვის კონკურენტი იყოს.

„პრესა წერდა, რომ ნეიმარი გოლებს ვერ იტანს, თუმცა, ბოლო ორ მატჩში მან კრიტიკოსებს პასუხი გასცა. თუ იგი ასე გააგრძელებს, მაშინ, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის ბრძოლასაც შეძლებს. ნეიმარი „ბარსაში“ თამაშით ბედნიერია და მას უხარია, რომ გვეხმარება. იქმნება ისეთ შთაბეჭდილება, თითქოს „ბარსელონაში“ იგი რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფება“, – განაცხადა მონტოიამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბუსკეტსი: „მეტოქემ ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით გვაჯობა“

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-15 ტურში „ბარსელონა“ ბილბაოს „ატლეტიკს“ ესტუმრა და ბევრისთვის მოულოდნელად, ანგარიშით 0:1 დამარცხდა. კატალონიური გუნდის ნახევარმცველი სერხი ბუსკეტსი თვლის, რომ პანიკის დრო არ არის, მარცხი კი ფიზიკურმა მოუმზადებლობამ გამოიწვია.

„მეტოქემ ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით გვაჯობა, თუმცა ამის გამო პანიკა არ უნდა ავტეხოთ. მთავარია, რომ მუშაობა გავაგრძელოთ და ხელები არ ჩამოვუშვათ. კი ბატონო, ზედიზედ ორი მატჩი წავაგეთ, დავუშვით რამდენიმე სერიოზული შეცდომა, თუმცა ამით სეზონი არ დასრულებულა“, – ბუსკეტსის სიტყვები სპორტულმა ვებ-პორტალმა sport.es-მა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ბარსელონამ“ დღევანდელი დღე ფეხბურთელებს დასვენებისთვის გამოუყო. გუნდი ვარჯიშს სამშაბათს განაახლებს.

ბექა დოგრაშვილი