ლინას კლეიზა „მილანის“ პირველი ახალწვეულია

„Krepsinis“-ის ინფორმაციით, ლიტველმა ფორვარდმა ლინას კლეიზამ „მილანის“ ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციააციიდან ევროპაში დაბრუნებულმა გამოცდილმა ფორვარდმა განვლილი სეზონი „ფენერბაჰჩეს“ შემადგენლობაში ჩატარა, რომელშიც ევროლიგაში საშუალოდ სათამაშო დროის 21,3 წუთში 10,1 ქულა და 3,5 მოხსნა დააგროვა. მხარეებს კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტის გამოყენება შეეძლოთ, თუმცა თურქულმა კლუბმა კლეიზას გაშვება გადაწყვიტა.

მიმდინარე ზაფხულს ლიტველი „მილანის“ პირველი შენაძენი გახდება. ამ მომენტისთვის იტალიური კლუბის დატოვება გასული სეზონის ლიდერებმა კიტ ლენგორდმა და კერტის ჯერელსმა მოასწრეს.

კლეიზა NBA-ში დაბრუნებას არ აპირებს

ლიტვურ პრესასთან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ლინას კლეიზამ აღიარა, რომ იგი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნებას არ აპირებს.

ცნობისთვის, თავისი კარიერის დიდი ნაწილი ლიტვის ნაკრების ფორვარდმა სწორედ აშშ-ში გაატარა.

2005 წლის დრაფტზე „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა“ იგი 27-ე ნომრად აირჩია. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლინასს „დენვერ ნაგეტსისა“ და „ტორონტო რეპტორსის“ მაისურით აქვს ნათამაშები. 2009/10 წლების სეზონში ლიტველი კალათბურთელი ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ ღირსებას იცავდა.

შგახსენებთ იმასაც, რომ მუხლის სერიოზული ტრავმის გამო კლეიზას ერთი წლის განმავლობაში არ უთამაშია. ბოლოს იგი „რეპტორსში“ გამოდიოდა, რომლის მაისურითაც რეგულარული ჩემპიონატის ოც შეხვედრაში ითამაშა. ერთ მატჩში მისმა საშუალო მონაგარმა 7,4 ქულა და 2,6 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი