FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური თავდამსხმელები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ცენტრალურ თავდამსხმელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური ფორვარდები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
12. დიეგო კოსტა (“ჩელსი”) 86
11. ედინსონ კავანი (“პსჟ”) 86
10. კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) 87
9. კარიმ ბენზემა (“რეალი”) 87
8. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 87
7. რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 88
6. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 88
5. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 88
4. რადამელ ფალკაო (“მონაკო”) 89
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) 90
2. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) 90
1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) 94

 

რონალდუმ მესის გაუსწრო

უეფას სუპერთასზე “სევილიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0) მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა, რითაც ევროთასებზე გატანილი გოლების რაოდენობით ლიონელ მესი უკან მოიტოვა.

პორტუგალიელი ფეხბურთელის ანგარიშზე 70 (68 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 სუპერთასზე) გატანილი ბურთია, რაც ორით აღემატება “ბარსელონას” ფეხბურთელის მონაგარს.

ევროთასების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში კრიშტიანუ რონალდუ მეორე-მესამე ადგილს ფილიპო ინძაგისთან იყოფს. პირველ ადგილზე კი რაული გახლავთ, რომელმაც 77 გოლი გაიტანა.

საერთო ჯამში, კრიშტიანუ რონალდუს “რეალის” ფორმით ჩატარებულ 247 მატჩში 254 გოლი აქვს გატანილი.

 

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული ფეხბურთელები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ფეხბურთელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მოთამაშეები იქნებიან:

ადგილი: ფეხბურთელი: რეიტინგი:
10. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 88
9. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 88
8. იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”) 88
7. ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”) 89
6. გარეტ ბეილი (“რეალი”) 89
5. არიენ რობენი (“ბაიერნი”) 89
4. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) 90
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) 91
2. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) 93
1. ლეო მესი (“ბარსელონა”) 94

 

მესი “ნაპოლის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს — “ბარსას” განაცხადი

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც ოთხშაბათს, “ნაპოლის” წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

აღსანიშნავია, რომ სიაში ვერ მოხვდნენ ლეო მესი, ხავიერ მასკერანო, ჩავი, ჟერემი მატიე და დანი ალვესი.

“ბარსელონას” შემადგენლობა ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, მონტოია, ბარტრა, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, სერხი რობერტო, რაკიტიჩი, რაფინია, დეულოფეუ, ედგარი, გრიმალდო, სამპერი, ჰალილოვიჩი, ადამა, მუნირი, სანდრო.

“ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის გასამართი ამხანაგური მატჩი დღეს, საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება.

 

ანრი: „მესიც და რონალდუც შესანიშნავი მოთამაშეები არიან, თუმცა მათ შორის განსხვავებაც არის“

ტიერი ანრიმ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

„მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მე კრიშტიანუ რონალდუს შრომასაც პატივს ვცემ. მესი მართლაც საოცარი მოთამაშეა. კარგია, რომ ბავშვებს და ახალგაზრდებს მათი თამაშით ტკბობის საშუალება აქვთ. პირველ მათგანს ბუნებრივი ნიჭი აქვს, მეორემ კი ამ ყველაფერს მძიმე შრომით მიაღწია.

ლუი საას ჩემთვის ნათქვამი აქვს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყველაზე მეტს სწორედ რონალდუ შრომობდა. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ მესი არ შრომობს, თუმცა მას ბუნებისგან აქვს ნაბოძები ეს ნიჭი. კრიშტიანუს ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდა იმისთვის, რომ ამ მწვერვალისთვის მიეღწია. ორივე მათგანს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, თუმც მათ შორის მცირე განსხვავება მაინც არის“, – განაცხადა ანრიმ.

 

მესი: „ბევრი ეჭვის თვალით გვიყურებდა, თუმცა ჩვენი ძალა ვაჩვენეთ“

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნული გუნდის გამოსვლა შეაფასა.

„ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ფინალში გაგვემარჯვა, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა. იმედი მაქვს, ჩვენი გულშემატკივრები მაინც კმაყოფილები არიან.

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი ეჭვის თვალით გვიყურებდა, თუმცა ჩვენმა გუნდმა ძალა აჩვენა. შევეცდებით, რომ კვლავ გავახაროთ ქომაგები“, – აღნიშნა ლეო მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებმა ვერცხლის მედლები მოიპოვა, თავად მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

 

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი დაასახელეს. ფინალური მატჩის შემდეგ არგენტინელ ფეხბურთელს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა — „ოქროს ბურთი“.

„ვერცხლის ბურთი“ წილად ხვდა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ ტომას მიულერს, ხოლო „ბრინჯაოს ბურთი“ ბრაზილიელთა ლიდერ ნეიმარს გადაეცა.

ტურნირის საუკეთესო მეკარედ გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დაასახელეს, რომელსაც „ოქროს ხელთათმანი“ გადაეცა.

6 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად კოლუმბიის ნაკრების შემტევი ხამეს როდრიგესი დაასახელეს, რომელსაც „ოქროს ბუცს“ გადასცემენ.

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე საფრანგეთის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა გახდა.

 

რა სთხოვდა ნიგერიელი მეკარე მთავარ არბიტრს შესვენების დროს?

ვინც მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიგერიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს (2:3) მიადევნა თვალყური, მეორე ტაიმის სტარტზე ყურადღებას მიაქცევდა აფრიკელთა კიპერ ვინსენტ ენიამასა და მთავარ არბიტრ ნიკოლა რიცოლის შორის გამართულ მხიარულ დიალოგს. ტელერეპორტაჟის დროს სიტყვები გარკვევით ისმოდა და ადვილი გასაგები გახდა, თუ რაზე საუბრობდნენ ნიგერიელი მეკარე და იტალიელი მსაჯი.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არგენტინელთა სასარგებლოდ 2:1 იყო, „ალბისელესტეს“ მხრიდან ორივე გოლის ავტორი ლეო მესი გახლდათ. ენიამას, როგორც ჩანს, მეტის გაშვება აღარ სურდა და მსაჯს ამ სიტყვებით მიმართა:

„მესის ბევრი საჯარიმო დარტყმა დაუნიშნე. ორი გოლი უკვე გამიტანა. ძალიან კარგად ურტყამს“.

„ვიცი, მესმის შენი. თუმცა, შენც მაგარი ხარ“, – გაამხნევა იტალიელმა არბიტრმა მეკარე.

„ვცდილობ. მესი ძალიან მაგარია, მე კი ნაგავი ვარ“, – თავი შეიცოდა ენიამამ. (ნათარგმნია ცენზურის გათვალისწინებით).

„კარგი მეკარე რომ არ იყო, აქ არ იქნებოდი“, – დაასკვნა რიცოლიმ.

საბოლოო ჯამში, მატჩი არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

 

ნიგერია — არგენტინა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიგერიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ალბისელესტეს“ ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

მესიმ მოედანზე 63 წუთი დაჰყო, გააკეთა 38 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

მესი: „უკეთ თამაში გვმართებს“

არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ირანის ნაკრების წინაარმდეგ გამართულ მატჩში (1:0) საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

„პირველ ადგილზე ვართ, თუმცა გვესმის, რომ გუნდის თამაში მის შესაძლებლობებს არ შეესაბამება. ირანმა თავი კარგად დაიცვა, ნაკლები თავისუფალი სივრცე მოგვცა, თუმც საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით. საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ, მაგრამ უკეთ თამაში გვმართებს“, – აღნიშნა ლეო მესიმ.

 

არგენტინა — ბოსნია & ჰერცეგოვინა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინასა და ბოსნია & ჰერცეგოვინას ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ალბისელესტეს“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელთა ლიდერი ლიონელ მესი დასახელდა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 62 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

პიკე: „საუკეთესო მესია, მას რონალდუ მოსდევს“

ესპანეთის ნაკრების მცველმა ხერარ პიკემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის თვლის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელად.

„მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ლეო მესია, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ მოსდევს. არცერთი მათგანი ჩვენს ნაკრებში არ თამაშობს, თუმცა ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელთა სიის მესამე, მეოთხე და მეხუთე ფეხბურთელი გვყავს… ჩავი, ინიესტა და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ვისენტე დელ ბოსკეს, ის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია. მან „რეალთან“ ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გაიმარჯვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ის კლუბთან და ნაკრებთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულს დაეუფლა. ამასთანავე, დელ ბოსკე ისეთივე მოკრძალებულ პიროვნებად დარჩა“, – პიკეს სიტყვებს პორტუგალიური ინტერნეტ-გამოცემა A Bola ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი