„ლომები“ გისოსებს მიღმა

ფეხბურთი გისოსებს მიღმა. ნორმანდიის კუნძულის ციხის ზედამხედველები პატიმრებს ცხოვრების სწორ გზას ფეხბურთის დახმარებით უჩვენებენ. Fanebi.Com-ი მოგიყვებათ, რატომ არის ადგილობრივი პატიმრების საყვარელი ფრაზა: „გაუმარჯოს ჩვენს ციხეს! ყველაზე ჰუმანურ ციხეს მსოფლიოში!“

ოდესმე ყოფილხართ გერნზიში? არის ასეთი პატარა კუნძული ლა-მანშის სრუტეში. მთლად ტაიტი არ არის, თუმცა ეს ადგილიც საკმაოდ ლამაზია. მოსახლეობა 65 ათასია, ფართობი – 25 კვადრატული მილი. კუნძული ექვემდებარება ბრიტანეთის იურისდიქციას, თუმცა საფრანგეთთან უფრო ახლოს არის. რატომ მოხდა ასე, ამას დიდი ისტორია აქვს. თუ ვიქტორ ჰიუგო გიყვართ, მაშინ ამ ადგილის შესახებ რომანი „ზღვის მუშები“ უნდა წაიკითხოთ.

გერნზი ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, მეთიუ ლე ტისიეს (8 მატჩი) სამშობლოა. აქ თავიანთ გმირებს არ ივიწყებენ და რამდენიმე წლის წინათ, ის საფეხბურთო კლუბ „გერნზის“ საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. კლუბი, რომელსაც მეტსახელად „მწვანე ლომები“ ჰქვია, მნიშვნელობით ინგლისის მე-9 დივიზიონში ასპარეზობს.

თავისუფლების 90 წუთი
„გერნზის“ სტადიონიდან რამდენიმე მილის მოშორებით კიდევ ერთი „ცხოველური“ გუნდია და, საბედნიეროდ, ლე ტისიეს მასთან არავითარი ურთიერთობა არ აქვს. გუნდი, რომელიც გერნზის ციხის პატიმრებისგან არის დაკომპლექტებული, „ციხის ლომების“ სახელს ატარებს და კუნძულის საკვირაო ლიგაში გამოდის. გუნდის მწვრთნელმა დევიდ უაიტმა თითქოს შეუძლებელი შეძლო: „ლომებს“ ადგილობრივ სამოყვარულო ლიგაში თამაშის უფლება მისცეს.

„პატიმარიც ადამიანია, ფეხბურთს კი შეუძლია, ადამიანი უკეთესი გახადოს, – საუბრობს დევიდ უაიტი. – ამ იდეის განხორციელებას დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი ციხის უფროსობასა და სამოყვარულო ლიგის პრეიზდენტთან. მიზანს მივაღწიე. 101 პატიმარი გვყავს, ყველა კაცია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფეხბურთს ამ ხალხის გამოსწორება შეუძლია. რა არის ფეხბურთი? ეს არის გუნდში მუშაობის უნარი, ურთიერთგაგება და შრომისმოყვარეობა, მარცხის ღირსეულად მიღების უნარი. ფეხბურთი – ეს იდეების მუშაობაა. ვუყურებ ჩემს მოთამაშეებს და ვხვდები: თამაში მათთვის თავისუფლების 90 წუთია. პატიმართა დიდი ნაწილი არასდროს ყოფილა რაიმე დადებითი და კონსტრუქციული პროექტის ნაწილი. ფეხბურთში წარმატებისთვის ისინი ისეთ თვისებებს შეიძენენ, რაც საზოგადოებაში დაბრუნების შემდეგ გამოადგებათ“.

როგორც ნებისმიერ სამოყვარულო ლიგაში, აქაც მხოლოდ კვირა დღეს თამაშობენ. აქედან მოდის სახელწოდება – საკვირაო ლიგა „მფხანავი ფეხები“ (Itchy Feet Guernsey Sunday League: ანუ იმდენად გინდა ფეხბურთის თამაში, რომ ფეხები გეფხანება). „ლომებს“ მატჩების მუდამ საშინაო არენაზე ჩატარების უპირატესობა აქვთ. ბუნებრივია, პატიმართა გუნდი თავის მეტოქეებს ციხეში მასპინძლობს. სეზონში 15 მატჩი სამ წრედ ტარდება, ჩემპიონატში ექვსი გუნდი იღებს მონაწილეობას.

„ყველამ იცის, რომ ჩვენ გასვლაზე არ ვთამაშობთ და ამაზე არც არავინ წუხს. საფეხბურთო მოედანი ციხის ტერიტორიაზეა და არც ეს წარმოადგენს რაიმე პრობლემას. ზომა სტანდარტულია, საფარი ბუნებრივია. ვთამაშობთ 11-11-ზე, ყველა სრულწლოვანია“, – ამბობს უაიტი.

„მფხანავი ფეხები“ სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის არ არის განკუთვნილი. დავიწყოთ იმით, რომ „ციხის ლომების“ სტუმრებს დიდი ყურადღებით ჩხრეკენ (ისევე, როგორც ციხის ყველა პატიმარს). აქ ესმით, რომ გადამეტებული უხეშობა არავის არგებს.

„ჩვენს გუნდში ციხის რამდნეიმე თანამშრომელიც თამაშობს. ბიჭებმა იციან, რომ მოედანზე გამოვლენილ არასათანადო ქცევას ძალზედ უსიამოვნო შედეგები მოჰყვება – ისინი გუნდში ადგილს დაკარგავენ. ამიტომ, ყველა ცდილობს, სუფთად ითამაშოს, წითელი ბარათის მიღების გარეშე. ბიჭები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ პირველად თამაშობენ, როგორც წესი, ძალიან დაძაბულები არიან ხოლმე, მაგრამ პირველი ათი წუთის შემდეგ ყველა ცხრება“, – ამბობს დევიდ უაიტი.

„ციხის ლომებმა“ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო – ორჯერ მოუგო გერნზის რესტორანის ფეხბურთელთა გუნდს (1:0 და 6:2), დაამარცხა აუდიტორთა გუნდი „დელოიტი“ (2:1). მეოთხე მატჩში „ლომების“ გამარჯვების სერია შეწყდა. საიუველირო მაღაზიის წარმომადგენელთა გუნდმა ციხიდან სამი ქულის წაღება შეძლო.

ბომბარდირი ნარკომოვაჭრე
„ციხის ლომების“ საუკეთესო ბომბარდირი 25 წლის ტომ უოლში გახლავთ.

ხუთი გოლი სამ მატჩში. ტომი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. ის შეუმდგარი ნარკომოვაჭრეა. გასული წლის მარტში პოლიციამ მის მანქანაში პლასტიკური პაკეტით ექსტაზის ორი ათასი აბი იპოვა. ტომი 38 ათასი ფუნტით გამდიდრებას ელოდა, თუმცა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიიღო.

დაცვას 27 წლის ლატვიელი მარტინს აპსკალნსი ამაგრებს. დააკავეს ფულის გათეთრებისთვის, მიუსაჯეს ოთხი წელი. მეწყვილედ 37 წლის რუმინელი კონსტანტინ არმეგი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ არმეგი პროფესიონალი მოკრივეა, თუმცა მოედანზე გაფრთხილება ამ დრომდე არ მიუღია.

გუნდის ერთ-ერთი მეკარე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგი გარეტ მასტერტონი გახლავთ, რომელიც ციხეში იმიტომ მოხვდა, რომ მანჩესტერული დერბის დროს, ბარში „სიტის“ ფანს თავში ლუდის კათხა ჩაარტყა. სხეულის განზრახ დაზინების გამო, მიუსაჯეს 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თადარიგში შეიძლება თვალი მოკრათ ადგილობრივი სარაგბო გუნდის ყოფილ მოთამაშეს და პოლიციელის შვილს, მეფედრონით მოვაჭრეს და უბრალო თაღლითს. რაც არ უნდა იყოს, ეს არის ციხის დრიმ-თიმი.

„გთხოვთ, ნუ მკითხავთ, რა დააშავეს ამ ადამიანებმა. არ მინდა ამაზე საუბარი. როდესაც მათ მოედანზე ვუყურებ, ისინი ჩემთვის თანაბარნი არიან“, – აღნიშნა დევიდ უაიტმა.

გუნდის მეორე ბომბარიდირი 19 წლის კალუმ სმიტია, რომელიც გისოსებს მიღმა სასახლის გაძარცვის გამო მოხვდა. როდესაც პოლიციელები დანაშაულის ადგილზე მივიდნენ, სმიტი მათ სასახლეში დახვდა და თან… ჩაის მიირთმევდა. მომავალი წლის დასაწყისში კალუმი თავისუფალი აგენტის სტატუსს იღებს. ასე რომ, სამწვრთნელო შტაბს ახალი თავდამსხმელის ძიება მოუწევს.

საკვირაო ლიგის პრეზიდენტი როდ ჰემონი გამოტყდა, რომ „ციხის ლომების“ გამო ტურნირის რეგლამენტის შეცვლა მოუწია.

„ჩვენს ჩემპიონატში სატრანსფერო პერიოდი 31 დეკემბერს სრულდება. რა უნდა მოვუხერხოთ სმიტს, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსს შობის შემდეგ მიიღებს? მას გუნდში დარჩენა შეუძლია“, – ამბობს პრეზიდენტი ჰემონი, რომელიც საკვირაო ლიგაში მსაჯადაც მუშაობს.

როი ჰოჯსონს ციხეში ელიან
„ფეხბურთი მათთვის ჯილდოა, რომელსაც კარგი ქცევისთვის იღებენ, – საუბრობს ციხის უფროსი დეივ მეთიუზი. – პატარა გადაცდომა და პატიმრის საფეხბურთო კარიერას ჯვარი დაესმება. შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ფეხბურთი მათთვის ერთგვარი საჰაერო ხვრელია. ციხეში ასეთი გასართობი ბევრი არ არის. არავის სურს, ტურნირში თამაშისა და პრიზების მოგების შესაძლებლობა დაკარგოს. პირველი ადგილისთვის ოქროს მედლები და თასია განკუთვნილი“.

„გვინდა, რომ სტერეოტიპები დავამსხვრიოთ, – აგრძელებს დევიდ უაიტი. – კარგია, რომ ყურადღებას გვაქცევენ. მსმენია, რომ ლათინური ამერიკის ციხის მატჩებს ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელებიც ესწრებიან. იქნებ, ოდესმე როი ჰოჯსონმა პატივი დაგვდოს?! როი, ჩვენ შენ გელით!“

ბექა დოგრაშვილი