ოფიციალურად: ბრენდანი “სელტიკს” ჩაუდგა სათავეში

შოტლანდიური “სელტიკის” ოფიციალური გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შოტლანდიური პრემიერ ლიგის ჩემპიონებს სათავეში ბრენდან როჯერსი ჩაუდგება.

როგორც იცით, ბრენდანი სეზონის დასაწყისში “ლივერპულის” მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა, თუმცა არასახარბიელო ასპარეზობის გამო “ენფილდმა” მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “სელტიკის” ახალი მწვრთნელი გავხდი. ჩემთვის ეს დიდი პატივია. მთელი ცხოვრების მანძილზე ვადევნებდი თვალს “სელტიკს”, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი მომეცა და ამ დიდი, შოტლანდიური ოჯახის წევრი გავხდი.

“ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენ გულშემატკივრებს ამაღელვებელი, სასიამოვნო და მომგებიანი ფეხბურთი შევთავაზო” – განაცხადა 43 წლის სპეციალისტმა.

2001 წლის შემდეგ, პირველად…

18 მაისს, ევროპის ლიგის ფინალში, “ლივერპულსა” და “სევილიას” შორის გამართულ მატჩში ანგარიში 35-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა გახსნა.

აღსანიშნავია, რომ დანიელ სტარიჯი 2001 წლის შემდეგ პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ლიგის (უეფას თასი) ფინალში გოლის გატანა მოახერხა.

The Sun: ზაფხულში “ტოტენჰემის” მთავარი სამიზნე ადამ ლალანა იქნება

ინგლისური გამოცემის, The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ადამ ლალანა “ტოტენჰემის” პრიორიტეტული სამიზნე იქნება.

როგორც იცით, “სპურსის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო აქამდეც მუშაობდა ლალანასთან, “საუთჰემპტონში” ყოფნის პერიოდში. პოჩეტინო თვლის, რომ “უაით ჰართ ლეინზე” ლალანა თავისი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენას შეძლებს.

არგენტინელი სპეციალისტი “მამლების” შეფთან, დანიელ ლევისთან ამ საკითხზე დალაპარაკებას სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აპირებს. დიდია ალბათობა, იმისა რომ ლევმა 20 მილიონ ფუნტად შეფასებულ ფეხბურთელზე ნადირობა გამოაცხადოს.

28 წლის ფეხბურთელი “ენფილდზე” 2014 წელს გამოჩნდა, რისთვისაც “წითლებმა” 25 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. მიმდინარე სეზონსი მან 36-ჯერ მოირგო “ლივერპულის” მაისური, თუმცა იურგენ კლოპი კლუბში მარიო გიოტცესა და მარკო როისის მოყვანას აპირებს, ამიტომაც შესაძლოა ლალანას ადგილი გუნდში აღარ დარჩეს.

იურგენ კლოპი: “ამ დროისთვის, ლა ლიგა საუკეთესო ჩემპიონატია”

იურგენ კლოპმა, რომელიც ინგლისურ პრემიერ ლიგაში მოღვაწეობს, აღიარა, რომ მისთვის მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატს ესპანური ლა ლიგა წარმოადგენს. ეს განცხადება მან ესპანურ “სევილიასთან” გასამართ დაპირისპირებამდე გააკეთა.

“ძალიან ბევრ სამხრეთ ამერიკელ ახალგაზრდას უნდა, რომ ესპანეთში წავიდეს, რადგანაც იქ უფრო ადვილია მოწყობა. ძალიან ბევრი მიზეზის გამო, ამ დროისთვის ლა ლიგა ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას და ყველა სხვა ჩემპიონატის მოვალეობაა, რომ ამ დონეს მიაღწიოს.

გერმანია მსოფლიოს ბოლო ჩემპიონი იყო, მანამდე კი ესპანეთი იყო. ასე რომ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს!

ესპანეთმა ეს სტატუსი სრულიად დამსახურებულად მოიპოვა, თუმცა, ოთხშაბათს ეს არ დამტკიცდება, ამას ვერავინ ნახავს.”

“სევილია” მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეშვიდე ადგილით დაკმაყოფილდა ლა ლიგაში, თუმცა კლოპი მაინც უფრთხის უნაი ემერის გუნდს.

როცა მას ჰკითხეს, გამოარჩევდა თუ არა მეტოქეთა რომელიმე ფეხბურთელს, მან განაცხადა: “ნამდვილად არ მიყვარს, როცა რომელიმე ფეხბურთელისაკენ ვიშვერ თითს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ სისუსტეს გამოვავლენთ. ისინი იმდენად ძლიერები იქნებიან, რამდენის საშუალებასაც მივცემთ.

“სევილიას” მთელ გუნდს უდიდეს პატივს ვცემ. “სევილიამ” ისევე როგორც “ლივერპულმა” ტურნირს ხელი სერიოზულად მოკიდა.

ამ მატჩში მთავარი ორგანიზებულობა და კონცენტრირებულობა იქნება. ნეიტრალურ გულშემატკივარს დიდებული მატჩი ელის.”

შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ, ოთხშაბათს თბილისის დროით 22:45 წუთზე აიღებს სტარტს.

რამდენს მიიღებს ევროპის ლიგის გამარჯვებული საერთო ჯამში?

“ლივერპული” და “სევილია” ოთხშაბათს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, რათა ევროპა ლიგის 2015/16 წლების სეზონის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი გახდეს. მოგებით თითოეული გუნდი პრესტიჟს კიდევ უფრო აიმაღლებს, თუმცა გარდა ამისა, არის სხვა ფაქტორიც – ფული.

მიმდინარე სეზონში უეფამ ევროპა ლიგის კლუბებს საერთო ჯამში 229 მილიონი ევრო გამოუყო პრიზების სახით. ეს თანხა 65 პროცენტით აღემატება შარშანდელ ფონდს.

გუნდი მით მეტ საპრიზო თანხას იღებს, რაც მეტი ეტაპის გადალახვას მოახერხებს ამ ტურნირში. პლეი-ოფის ყველა ეტაპზე მონაწილეობისათვის, “ლივერპულმა” და “სევილიამ” უკვე მიიღო 3.75 მილიონი ევრო, ამასთანავე “წითლებმა” დამატებით 500,000 ევროც მიიღეს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისათვის და 2.4 მილიონი ევრო ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობისათვის. ესპანელები კი ევროპა ლიგაზე ჩემპიონთა ლიგიდან მოხვდნენ, რაც დამატებით პრიზებს ითვალისწინებს.

ევროპა ლიგაზე მოპოვებული თითოეული გამარჯვება 360,000 ევროთი ფასდება, ფრე – 120,000-ით. ამგვარად, იურგენ კლოპის გუნდს ჯიბეში კიდევ 3 მილიონი ევრო აქვს, “სევილიას” კი 1.7 მილიონი ევრო.

ევროპა ლიგის გამარჯვებული 6.5 მილიონ ევროს გაინაღდებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი კი 3.5 მილიონს. ასე რომ, სხვაობა 3 მილიონს შეადგენს – დღევანდელ რეალობაში კი ეს თანხა არც ისე დიდია.

ღირს ევროპა ლიგის ფინალში გასვლა? თუ “ლივერპული” ტურნირს მოიგებს, კლუბი ამ მძიმე შრომის სანაცვლოდ საერთო ჯამში 16.2 მილიონ ევროს (12.7 მილიონ ფუნტს) მიიღებს (მარკეტინგული თანხების გამოკლებით).

შედარებისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგაში მეოცე ადგილზე გასული “ასტონ ვილა” 10.7 მილიონ ფუნტს მიიღებს.

ოფიციალურად: როსიტერი “ლივერპულიდან” “რეინჯერსში” გადავიდა

ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ჯორდან როსიტერი ამიერიდან კარიერას შოტლანდიურ “რეინჯერსში” გააგრძელებს. როსიტერი მარკ ვარბურტონის მხარეს 2020 წლამდე დაეხმარება.

საკმაოდ კარგი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელმა რამოდენიმე ტოპ კლუბის ყურადღება მიიპყრო, თუმცა გადაწყვიტა, რომ მისთვის საუკეთესო ვარიანტი კარიერის შოტლანდიაში გაგრძელება იქნებოდა.

“რეინჯერსის” 19 წლის ახალწვეულმა 5-ჯერ მოირგო “ლივერპულის” პირველი გუნდის მაისური, მათ შორის ევროპა ლიგის მატჩში, “სიონის” წინააღმდეგ, რომელიც პირველი მატჩი იყო იურგენ კლოპისათვის.

პრესასთან საუბრისას შოტლანდიური კლუბის ბოსმა როსიტერს საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა: “ჯორდანი გასაოცარი, ახალგაზრდა ინგლისელია, რომელიც ჩვენს გუნდს აუცილებლად გამოადგება.”

“ლივერპული” გიოტცეს სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს

“ლივერპულის” ხელმძღვანელები მარიო გიოტცეს სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტის შეთავაზებით აპირებენ დაადასტურონ ის, რომ გერმანელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში “ბორუსიას” არაფერს დაუთმობენ.

როგორც იცით, გიოტცეს, რომელმაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, “ბაიერნში” ძალიან უჭირს. ამიტომაც ის კლუბის გამოცვლას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას კონტარქტი “რეკორდმაისტერთან” კიდევ 12 თვით აკავშირებს.

მარიო გიოტცესთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას დორტმუნდის “ბორუსია” აპირებს, სადაც მან თავისი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ დორტმუნდელი გულშემატკივრები მის მიმართ გულგრილები არიან, რამაც შესაძლოა მის გადაწყვეტილებაზე მოახდინოს გავლენა.

კარაგერი: “სიამოვნებით ჩავიბარებ “ევერტონს”, რათა ჩემპიონშიფში დავაქვეითო”

გუშინ “ევერტონის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რობერტო მარტინესი გაათავისუფლა. ბუქმეიქერებმა უკვე დაიწყეს ფსონების მიღება, თუ ვინ ჩაიბარებს “კანფეტებს”. მოულოდნელად საკმაოდ მაღალი შანსი მიაკუთვნეს “ლივერპულის” ყოფილ მცველ ჯეიმი კარაგერს (66/1). ინგლისელი “ევერტონის” შესაძლო ჩაბარებას იუმორნარევი კომენტარით გამოეხმაურა.

“სიამოვნებით გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა ჩემპიონშიფში დაგაქვეითოთ”, – დაწერა სოციალურ ქსელში კარაგერმა.

ემრე ჩანი: “ლივერპულმა” მომავალ სეზონში პრემიერ ლიგას უნდა დაუმიზნოს”

“ლივერპულის” ამჟამინდელი ფორმა ემრე ჩანს იმაზე ფიქრის საშუალებას აძლევს, რომ მერსესაიდული კლუბი მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

“ყველამ იცის, რომ “ლივერპული” დიდი კლუბია და ჩვენი მიზანი ყოველთვის ტიტულის მოგება უნდა იყოს.

“ლესტერ სიტიმ” წელს ჩემპიონობა დაიმსახურა, რადგანაც მათ დიდებული სეზონი ჩაატარეს. მათ თავი საკმაოდ ძლიერებად წარმოაჩინეს.

რაც შეეხება ჩვენს ფორმას, მიმდინარე სეზონში რამოდენიმე ჩავარდნა გვქონდა, ისევე როგორც აღზევება. მაგრამ, ბოლო თვეებში შესამჩნევია, რომ უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ და მეტ გოლსაც ვიტანთ. ასე თუ გავაგრძელებთ, მომავალ სეზონში ტიტულებსაც მოვიგებთ.”

კლოპი: “ფირმინო ნაადრევად ჩამოწერეს”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ყველა გააფრთხილა, რომ რობერტო ფირმინოსთან დაკავშირებით ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ ღირს. კლოპის აზრით, ის “ლივერპულში” პროგრესირებს.

“არ გამკვირვებია, როცა გავიგე, რომ ხალხს მასში ეჭვი ეპარებოდა. გერმანიაშიც ასე არის.

გერმანული ფეხბურთის დიდი დოზა არ უნდათ. როდესაც “ჰოფენჰაიმიდან” ფეხბურთელს ყიდულობ ყველა ფიქრობს ‘ოჰ, კარგი შენაძენია “ლივერპულისთვის”. მაგრამ ბევრმა არც კი იცოდა მის შესახებ, რადგანაც ის “ბაიერნში”, ან “ბორუსიაში” არ თამაშობდა.

მე მანამდეც ვიცნობდი რობერტოს და როცა გავიგე, რომ “ლივერპულმა” ის გადაიბირა, ვიფიქრე – ‘როგორ მოახერხეს ეს?’.

რობერტო ძალიან მონდომებით ვარჯიშობს და შედეგად პროგრესირებს კიდეც. უნდა ვისწავლოთ, რომ ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ ღირს, როცა საქმე ფეხბურთელს ეხება.”

კლოპი: “ევროპა ლიგაზე ვართ კონცენტრირებულნი, ამიტომაც გვაქვს მხოლოდ 58 ქულა”

იურგენ კლოპს სჯერა, რომ “ლივერპულს” კვლავ შეუძლია ზედა ექვსეულში მოხვედრა. ეს განცხადება გამოცდილმა სპეციალისტმა “უოტფორდთან” მატჩის შემდეგ გააკეთა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.

“ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. მართალია ამ გუნდს გამოცდილება აკლია, თუმცა საკმაოდ კარგები იყვნენ.

პირველი გოლი მართლაც რომ დიდებული იყო, ძალიან ლამაზი, ისევე როგორც მეორე გოლი. ბალახი მშრალი იყო, ამიტომაც ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. თუმცა გამარჯვება მაინც დავიმსახურეთ.

გულწრფელად რომ ვთქვა, ძალზედ კმაყოფილი ვარ. არ მოველოდი, რომ მეტოქეს ასე დავჯაბნიდით, მაგრამ ამ მატჩში ძალიან ბევრი კარგი რამ შევამჩნიე.

რა თქმა უნდა, ევროპა ლიგა ახლა ჩვენი ერთადერთი შანსია ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად. ამიტომაც გვაქვს მხოლოდ 58 ქულა. კარგი იქნება, თუ ექვსეულშიც მოვახერხებთ მოხვედრას.” – განაცხადა კლოპმა.

“ლივერპული” ევროპის ლიგის ფინალშია (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულსა” და “ვილიარეალს” შორის გამართული საპასუხო მატჩი მერსისაიდული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა ესპანელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული.

“წითლებმა” მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მთელი შეხვედრა მათი სათამაშო უპირატესობით წარიმართა, ესპანელები კი მეტად ინერტულად მოქმედებდნენ. “ენფილდროუდელები” მე-7 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც ბრუნო სორიანომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლების მინიმალური უპირატესობით დასრულდა. 63-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა “წითლების” უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. “ვილიარეალის” სიტუაცია 71-ე წუთზე კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც გუნდის ცენტრალურმა მცველმა ვიკტორ რუისმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ზუსტად ათ წუთში ადამ ლალანამ მესამედ შეარხია “ვილიარეალის” კარის ბადე და ესპანელთა იმედებს საბოლოოდ გადაუსვა ხაზი — 3:0.

ამრიგად, “ლივერპული” ევროპის ლიგის ფინალში ითამაშებს, სადაც ინგლისელთა მეტოქე “სევილია” იქნება, რომელმაც, თავის მხრივ, დონეცკის “შახტარის” ბარიერი დაძლია. ფინალური შეხვედრა ბაზელში, 18 მაისს გაიმართება.

ევროპის ლიგა
ნახევარფინალი (საპასუხო მატჩი)
“ლივერპული” — “ვილიარეალი” 3:0 (1:0)

გოლები: ბრუნო სორიანო 7′ (ა.გ.), სტარიჯი 63′, ლალანა 81′.
გაფრთხილებები: კლაინი 35′ — ვიკტორ რუისი 30′, სოლდადო 40′, დენის სუარესი 90+4′.
გაძევება: ვიკტორ რუისი 71′.