მამა: “ჰუმელსს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს”

მატს ჰუმელსის მამის თქმით, დორტმუნდის “ბორუსიას” მცველს ზაფხულში რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. მამამისის თქმით, დორტმუნდში გატარებული 7 წლის შემდეგ, მან შესაძლოა ეს კლუბი დატოვოს.

27 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ძლიერ დაინტერესებულები არიან ინგლისიდან : საუბარია “ლივერპულის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” ინტერესზე. რაც შეეხება გერმანულ “ბაიერნს”, ბავარიელები ჰუმელსის გადაბირების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან.

“მატსს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. “დორტმუნდი” ევროპის საუკეთესო კლუბების რიგებში დაბრუნდა, ასე რომ, მას გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო გაუჭირდება.

თუ ის “დორტმუნდის” დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ მას არჩევანის გაკეთება იმ 5-6 ტოპ კლუბს შორის მოუწევს. რა თქმა უნდა, მათ შორის “ბაიერნიც” არის.”

“ნიცას” 29 წლის წლის ფეხბურთელით “ლივერპული” და “პსჟ” არიან დაინტერესებულნი

ინგლისური “ლივერპულისა” და ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ჰატემ ბენ არფას გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ამ ინფორმაციას RMC ავრცელებს.

29 წლის ფეხბურთელი მართლაც რომ შესანიშნავ სეზონს ატარებს საფრანგეთში – მან წლევანდელ სეზონში 16 გოლისა და 4 ასისტის ჩაწერა მოახერხა აქტივში (30 მატჩში).

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბენ არფას, რომლის გადაბირებაც მიმდინარე სეზონის ბოლოს უფასოდ იქნება შესაძლებელი, ყიდვით “მილანი” და “ატლეტიკოც” იყო დაინტერესებული.

მერსისაიდული დერბი “ლივერპულის” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

დღეს ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის გადადებული მატჩები გაიმართა: “ლივერპულმა” “ენფილდზე” თანაქალაქელი “ევერტონი” მიიღო. პირველი ტაიმის ბოლოს “წითლებმა” ერთბაშად ორი გოლი გაიტანეს: თავი დივოკ ორიგიმ და მამადუ სახომ გამოიჩინეს. მატჩის მეორე ნახევარში იურგენ კლოპის გუნდმა კიდევ ორი ბურთი გაიტანა: “წითლების” უპირატესობა დანიელ სტარიჯმა და ფილიპე კოუტინიომ გაზარდეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 50-ე წუთიდან “კანფეტები” მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, ვინაიდან უხეში თამასისთვის მოედნიდან რამირო მორი გააძევეს. ამ ეპიზოდში ორიგი მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს. ბელგიელმა თამასის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

საბოლოო ჯამში, “ლივერპულმა” მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

ინგლისის პრემიერლიგა
27-ე ტური
“ლივერპული” — “ევერტონი” 4:0 (2:0)

გოლები: ორიგი 43′, სახო 45+2′, სტარიჯი 61′, კოუტინიო 76′.
გაფრთხილებები: მილნერი 8′ — ლენონი 42′.
გაძევება: მორი 50′.

ლოვრენის ულტიმატუმი ჩაჩიჩს: “ან ძირითადში ვითამაშებ, ან საფრანგეთში საერთოდ არ წავალ”

დეიან ლოვრენი ევროპის ჩემპიონატის ცქერას სათადარიგოთა სკამისკენ არ აპირებს, ის ანტე ჩაჩიჩს გადაწყვეტილების მიღებისაკენ მოუწოდებს. ასე გამოხატა ლოვრენმა უკმაყოფილება იმ ფაქტის მიმართ, რომ მას ძირითადში თამაში გარანტირებული არ აქვს.

მათ შორის ურთიერთობა პირველად უნგრეთის ნაკრებთან გამართული ამხანაგური მატჩის მიმდინარეობისას გამწვავდა, როდესაც ლოვრენმა გახურება შეწყვიტა და მწვრთნელის ნებართვის გარეშე სკამზე დაჯდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩაჩიჩმა შემდეგნაირი განცხადება გააკეთა:”მას თამაშზე უარი ნამდვილად არ უთქვამს, რამეთუ მე მისთვის ამის ნება არ მიმიცია.”

Sportske novosti-სთან საუბრისას ლოვრენმა განაცხადა: “ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ან საფრანგეთში წავალ, როგორც ძირითადის ფეხბურთელი, ან საერთოდ არ წავალ.

ყოველთვის ვბრაზდები, როცა გაზეთები მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ. მწვრთნელმა მითხრა, რომ 10-15 წუთის მანძილზე გავხურებულიყავი, მეც დავთანხმდი. 15 წუთი გავიდა, თუმცა მწვრთნელს არ მოვუხმივარ. ციოდა, მე კი ჟაკეტი არ მქონდა, ამიტომაც დავბრუნდი სათადარიგოთა სკამზე”.

ორიჯის პროგრესი სახეზეა – “მას უფრო დიდი ზომის ფორმა სჭირდება”

იურგენ კლოპმა “ლივერპულელთა” ახალგაზრდა თავდამსხმელი, დივოკ ორიჯი შეაქო და აღნიშნა, რომ კლუბში მოსვლის დღიდან მან დიდი პროგრესი განიცადა.

“ყველა ხედავს, თუ რამდენად თავდაჯერებულია ის. ვფიქრობ, როცა მოვიდა, მან საკუთარ თავს უთხრა, რომ აქ ყველაფერი სხვაგვარად უნდა ყოფილიყო.

ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელია, თუმცა აქ ყველა მომთხოვნია. თავდაპირველად მცირე და ხშირი ტრავმების პრობლემა ჰქონდა, როცა მოვედი ის ფორმაში არ იყო. თუმცა მან ეს ნამდვილად გამოასწორა.

ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმის შენარჩუნებაა. ლაზარეთში ბოლოს ყოფნისას მან ბევრი იშრომა – ახლა უფრო დიდი ზომის მაისური და ფორმა სჭირდება! მისი კუნთების მასა გაიზარდა.” – განაცხადა იურგენ კლოპმა.

ჰენდერსონს ევრო-2016-ის გამოტოვება ემუქრება

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა, შესაძლოა, უახლოესი ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს, წერს „სქაი სპორტსი“.

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ევროპის ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში „ლივერპულის“ მოთამაშემ მუხლი დაიზიანა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფეხბურთელი თამაშს ექვსიდან რვა კვირამდე ვერ შეძლებს. წყარო ცნობით, მსგავსი ტრავმების დროს ფეხბურთელებს ხშირად სამი თვის გამოტოვებაც უწევთ, მაგრამ მერსესაიდელთა შუახაზელის შემთხვევა შედარებით ნაკლებად სერიოზულია.

ჰუმელსი:”საკმარისად კარგები ვერ ვიყავით”

დორტმუნდის “ბორუსიას” კაპიტანი, მატს ჰუმელსი აღიარებს, რომ მისმა გუნდმა “ლივერპულთან” არც თუ ისე კარგად ითამაშა. საუბარია ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩზე (“ბორუსია” 1-1 “ლივერპული”).

“ნამდვილად არ ვიცი, უნდა ვიყო თუ არა კმაყოფილი. საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. მეტი შანსის შექმნა შეგვეძლო, თუმცა ვერ მოვახერხეთ.

გოლი რომელიც ჩვენ გავუშვით, ძალიან მარტივი იყო. არასწორად ვიმოქმედე, არ უნდა გამოვსულიყავი მეგონა, რომ კომფორტულ სიტაუციაში ვიყავი, თუმცა შევცდი.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ შედეგს არა უშავს.” – განაცხადა გერმანელმა მცველმა.

“ელ კლოპიკო” ფრედ დასრულდა (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში დორტმუნდის “ბორუსიამ” “ლივერპული” მიიღო. შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა, ორივე გუნდი უტევდა და მაყურებელსაც მოწყენის საბაბი არ მისცემია. ხაზგასასმელი იყო იურგენ კლოპის ფაქტორიც. როგორც მოგეხსენებათ, გერმანელი სპეციალისტი 2008-დან 2015 წლამდე “ბორუსიას” თავკაცობდა, დღეს კი “სიგნალ იდუნა პარკზე” მეტოქე გუნდის ხელმძღვანელის ადგილი ეკავა. აღნიშნული ფაქტორის გამო ამ გუნდების დაპირისპირებას “ელ კლოპიკოც” კი უწოდეს. მატჩამდე ორივე გუნდის ქომაგებმა ერთად შეასრულეს You’ll never walk alone (“არასდროს იქნები მარტო”), რომელიც როგორც “ბორუსიას”, ასევე “ლივერპულის” ჰიმნი გახლავთ.

ანგარიში შეხვედრის 36-ე წუთზე მერსისაიდულმა გუნდმა გახსნა, გოლი დივოკ ორიგიმ გაიტანა და მატჩის პირველი ნახევარი “წითლების” გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმი სამი წუთის დაწყებული იყო, როცა მათს ჰუმელსმა კუთხურის შესრულების შემდეგ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. საყაიმო ანგარიში მერსისაიდულ გუნდს უფრო აძლევდა ხელს და შესაბამისად, შეტევაში მასპინძლები უფრო აქტიურად თამაშობდნენ, ინგლისელები კი კონტრშეტევებიუს მეშვეობით ცდილობდნენ მეტოქის დასჯას, თუმცა, საბოლოო ჯამში, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. საყაიმო შედეგით “ლივერპულმა” გარკვეული უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ყველაფერი მაინც “ენფილდზე”, საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც ერთი კვირის თავზე გაიმართება.

ევროპის ლიგა
მეოთხედფინალური ეტაპი (პირველი მატჩი)
“ბორუსია” (დორტმუნდი) — “ლივერპული” 1:1 (0:1)

“ბორუსია”: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სვენ ბენდერი (პაპასტატოპულოსი 76′), ჰუმელსი, შმელცერი, ვაიგლი, დურმი (შაჰინი 46′), კასტრო, მხითარიანი, როისი, ობამეიანგი (პულიშიჩი 77′).
მთავარი მწვრთნელი: თომას ტუხელი.
“ლივერპული”: მინიოლე, კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო, ჰენდერსონი (ალენი 46′), ემრე ჯანი, ლალანა (ფირმინო 77′), კოუტინიო, მილნერი, ორიგი (სტარიჯი 84′).
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
გოლები: ჰუმელსი 48′ — ორიგი 36′.
გაფრთხილებები: ვაიდენფელერი 45+5′, როისი 52′, პაპასტატოპულოსი 81′ — ჯანი 9′, ლალანა 45′.
მთავარი მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).

“დორტმუნდისა” და “ლივერპულის” ფანები ერთად შეასრულებენ ლეგენდარულ “You’ll Never Walk Alone ever-ს”

თბილისის დროით 23:05 საათზე “სიგნალ იდუნა პარკზე” დორტმუნდის “ბორუსიასა” და ინგლისური “ლივერპულის” 65, 000 გულშემატკივარი ერთად შეასრულებს “ლივერპულის” უკვდავ ჰიმნს.

უკიდეგანო სივრცე შავ-ყვითელი შარფების – პლუს წითელი შარფების მცირე რაოდენობა კუთხეებში – და ლეგენდარული კლუბები ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ და დასამახსოვრებელ You’ll Never Walk Alone-ს შეასრულებენ.

სიტყვები You’ll Never Walk Alone ორივე ამ კლუბის დევიზია, ისევე როგორც მათი მილიონობით გულშემატკივარის და როცა ეს ორი უდიდესი ტრადიციების მქონე კლუბი ერთმანეთს შეხვდება, ნამდვილ სენსაციას უნდა ელოდო.

რაც შეეხება უშუალოდ მუსიკას, YNWA ოსკარ ჰამერშტეინისა და რიჩარდ როჯერსის მიერ არის შექმნილი სპეციალურად მიუზიკლ “კარუსელისთვის”. აღნიშნული სიმღერა ბევრმა ცნობილმა მომღერალმა შეასრულა, რამაც YNWA-ს დიდი პოპულარობა მოუტანა.

1945 წელს შექმნილი სიმღერა მალე “ლივერპულის” განუშორებელ ატრიბუტად იქცა. ფანები ერთხმად, გულმხურვალედ ასრულებენ ამ სიმღერას მატჩის დაწყების და დასასრულის დროს.

კლოპი: “დორტმუნდის “ბორუსიას” კარში გატანილ გოლს აღვნიშნავ”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა დორტმუნდის “ბორუსიასთან” გასამართი შეხვედრის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და თქვა, თუ როგორ მოიქცევა იმ შემთხვევაში თუ მისი გუნდი გოლს გაიტანს.

“რა თქმა უნდა, გატანილ გოლს აღვნიშნავ. ასე მოვიქეცი მაშინაც, როცა “მაინციდან” “დორტმუნდში” წავედი. აღნიშვნა იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რომელ წუთზე გავიტანთ გოლს. ვფიქრობ, თუ მატჩის დასაწყისშივე დავწინაურდებით, მაშინ ჩემს სირბილს ვერ ნახავთ. მე ყველაფერი გავაკეთე “მაინცისათვის” და “ბორუსიასთვის”, ახლა კი ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ “ლივერპულმა” წარმატებას მიაღწიოს”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.Com.

შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს, თბილისი დროით 23 საათსა და 05 წუთზე დაიწყება.

ზაფხულში “ატლეტიკოს” მთავარი სამიზნე “ლივერპულის” თავდამსხმელი იქნება

Todo Mercado Web-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრისტიან ბენტეკე მადრიდული “ატლეტიკოსთვის” მთავარი სამიზნე იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას.

როგორც იცით, ბელგიელი ფეხბურთელი “ენფილდზე” 32.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ აგვისტოში შეუერთდა, თუმცა მისი არასახარბიელო ასპარეზობიდან გამომდინარე მან იურგენ კლოპის ნდობა დაკარგა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ატლეტიკოს” მთავარ სამიზნედ დიეგო კოშტას მოიხსენიებდნენ, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა ახალხან განაცხადა, რომ ეს ესპანელი ფეხბურთელის გადაბირება ამ დროისთვის თითქმის შეუძლებელი არის.

კეინი: “კლოპმა მხოლოდ სამი სიტყვა ჩამჩურჩულა”

ჰარი კეინმა ინგლისურ მედიას ის სიტყვები გაუმხილა, რომელიც მას “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ენფილდზე” გამართული მატჩის შემდეგ ჩასჩურჩულა.

საუბარია “ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირებაზე, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა. მატჩის შემდეგ მერსესაიდელთა გერმანელი სპეციალისტი კეინთან მივიდა და რამოდენიმე სიტყვა ჩასჩურჩულა.

“მან მხოლოდ 3 სიტყვა ჩამჩურჩულა: “რა გოლი იყო!”. კიდევ ერთი რომ გამეტანა, ის ამას აღარ მეტყოდა.” – განაცხადა კეინმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კეინმა აღნიშნული გოლით გარეთ ბეილის რეკორდი დაამხო. აქამდე ბეილი “ტოტენჰემის” რიგებში ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ერთ სეზონში 22 გოლი ჰქონდა გატანილი. ახლა მას კეინიც შეუერთდა.