ანრი: “პედროს იმ ფეხბურთის თამაში შეუძლია, რომელსც ვან გაალი ითხოვს”

ლონდონის “არსენალისა” და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტი ტიერი ანრი ამბობს, რომ არ გაუკვირდება, თუ ერთ დღესაც კატალონიური გუნდის თავდამსხმელი პედრო როდრიგესი “მანჩესტერ იუნაიტედში” აღმოჩნდება.

“პედროს იმ ფეხბურთის ჩვენება შეუძლია, რომელსაც ვან გაალი ითხოვს. “ბარსელონაში” ერთად ვთამაშობდით და ვიცი, რომ მას როგორც პრესინგზე თამაში, ასევე ფლანგებზე გახსნაც შეუძლია. სწორედ ამიტომ, ჰოლანდიელს ძალიან სურს ამ ფეხბურთელის დამატება.

ვან გაალი გუნდში იმ მოთამაშეებს იმატებს, რომლებიც მის სათამაშო ფილოსოფიას კარგად ერგებიან. ამის კარგი მაგალითია ბასტიან შვაინშტაიგერის შემთხვევა”, – ანრის სიტყვები “ასმა” გამოაქვეყნა.

 

ვან გაალმა პრესკონფერენციაზე “ბითლზის” სიმღერიდან ნაწყვეტი წაიმღერა

ინგლისის პრემიერლიგის პირველ ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ “ტოტენჰემ ჰოთსპური” კაილ უოკერის ავტოგოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს იუბილე ჰქონდა, მას 64 წელი შეუსრულდა.

ჟურნალისტებმა ჰოლანდიელ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე დაბადების დღე მიულოცეს. პასუხად ვან გაალმა “ბითლზის” ცნობილი სიმღერიდან — When I’m Sixty Four — ნაწყვეტი წაიმღერა.

“ამ სიმღერაში მღერიან, რომ 64 წელში მათი ყველა სურვილი ახდება. მეც იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემი ყველა სურვილი ასრულდება”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ვან გაალმა შვაინშტაიგერი გააკრიტიკა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა “სან ხოსესთან” გამართული ამხანაგური მატჩის (3:1) შემდეგ კლუბის ახალწვეული ბასტიან შვაინშტაიგერი გააკრიტიკა. გერმანელი ფეხბურთელი აღნიშნულ შეხვედრაში მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისას გამოვიდა, თუმცა ამ 45 წუთში გუნდის თავკაცზე კარგი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

“შვაინშტაიგერმა ცუდად ითამაშა. ერთადერთი ნათელი წერტილი ანდრეას პერეირა იყო. რა თქმა უნდა, შესაძლოა, რომ ფეხბურთელმა ცუდად ითამაშოს, როდესაც მოსამზადებლად სამი-ექვსი დღე აქვს და მხოლოდ 45 წუთით ათამაშებენ. შვაინშტაიგერმა პირველ მატჩში ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა მეორე შეხვედრაში ცუდად მოქმედებდა. ეს გარდაუვალიც კი არის, როდესაც მოსამზადებლად მხოლოდ ერთი კვირა გაქვს.

პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ. დაცვა ორგანიზებულად მოქმედებდა, ბევრი მომენტი შევქმენით და ორი გოლიც გავიტანეთ. ყოველთვის შეიძლება უკეთესად თამაში, მაგრამ ამითაც კმაყოფილი ვარ.

მეორე ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ხშირად ვკარგავდით ბურთს და ერთადერთი აღსანიშნავი პერეირას მიერ გატანილი გოლი გახლდათ. ნახევარდაცვაში ისე კარგად ვერ ვითამაშეთ, როგორც შეხვედრის პირველ ნახევარში”, – ვან გაალის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

“წითელი ეშამკების” მხრიდან გოლები ხუან მატამ (32′), მემფის დეპაიმ (37′) და ანდრეას პერეირამ (61′) გაიტანეს. ამერიკელთა რიგებიდან პრესტიჟის გოლი ფატაი ალაშმა (42′) გაიტანა.

 

Sport1.de: “მანჩესტერი” მიულერის სანაცვლოდ 100 მლნ ევროს ამზადებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” მიუნხენის “ბაიერნიდან” ბასტიან შვაინშტაიგერის გადმობირების შემდეგ გერმანული კლუბის კიდევ ერთი ლიდერის დამატებას შეეცდება.

გერმანული ინტერნეტპორტალი Sport1.de იუწყება, რომ “წითელი ეშმაკები” ტომას მიულერის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ბავარიული კლუბისთვის წინადადებით მიმართვას აპირებენ.

წყაროს თანახმად, ინგლისელები მზად არიან, 25 წლის გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. თავად მიულერთან ხუთწლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ.

 

ვან გაალი: “მესი ძალზედ მოკრძალებულია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი გამოტყდა, რომ “ბარსელონას” ლიდერ ლეო მესის ძალიან აფასებს.

“მესი თითქმის თითოეულ მატჩში საოცარი დონის ფეხბურთს გვიჩვენებს.

მიუხედავად უდიდესი ნიჭისა, ის ყოველთვის ძალზედ მოკრძალებულია. ვაფასებ მესის ამ თვისებას და მას დიდ პატივს ვცემ”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს საფეხბურთო პორტალი Goal.com-ი.

 

ვან გაალი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემი ბოლო სამუშაო ადგილია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ ფეხბურთიდან წავა.

“უკვე დავბერდი. ეს ჩემი უკანასკნელი სამუშაო ადგილია. ამას დაზუსტებით გეუბნებით. მინდა, რომ ყურადღება ჩემს შვილებზე, შვილიშვილებსა და მეუღლეზე გადავიტანო. ისინი ამას იმსახურებენ. მე მათ საკმარის ყურადღებას ვერ ვაქცევ. ჩემი შვილიშვილის დაბადების დღესაც კი ვერ დავესწარი. მე ეს არ მომწონს”, – ვან გაალის სიტყვები “დეილი ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი 63 წლისაა.

 

კარაგერმა “მანჩესტერ იუნაიტედი” და ვან გაალი დაიცვა

“ლივერპულისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი და ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტი და “დეილი მეილის” მესვეტე ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მიმართ კრიტიკა უმართებულოა.

“თუ გგონიათ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, საკუთარ თავს ატყუებთ. კლუბმა ტრანსფერებში 150.2 მილიონი ფუნტი დახარჯა, ავტორიტეტული მთავარი მწვრთნელი მოიყვანა, თუმცა “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტიზე” წინ დადგომის შანსი არ ჰქონია.

ზოგიერთები ისე საუბრობენ, რომ აშკარაა, მათ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხილვა სატურნირო ცხრილის ლიდერად სურდათ და არა – საუკეთესო ოთხეულისთვის მებრძოლად.

van Gaal

გასულ სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედმა” მეშვიდე პოზიცია დაიკავა, გუნდს განახლება სჭირდებოდა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ კლუბმა ბევრი დახარჯა. “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონი გახდა, თუმცა ახალი ფეხბურთელებისთვის 88 მილიონი ფუნტი გამოყო. “ლივერპულმა”, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, 114 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ასე რომ, ეს საკამათო საკითხია.

ვან გაალის მიმართ კრიტიკა მესმის. ამბობენ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” არ თამაშობს, გუნდს უბრალოდ უმართლებს. ფაქტია, რომ გუნდს შედეგი აქვს. როდესაც “ჩელსი” იგებს, ჟოზე მოურინიოს ყველა მაღალ შეფასებას აძლევს, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედის” გამარჯვების შემთხვევაში, ვან გაალთან მიმართებაში ასე არ ხდება. ჰოლანდიელი სპეციალისტი თავის გზას ადგას და ბევრი ამას ვერ ხვდება”, – დაწერა “დეილი მეილისთვის” კარაგერმა.

 

ვან გაალი: “ქომაგთა მხრიდან სტვენის ხმა არ გამიგონია”

ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ “სანდერლენდი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მასპინძლებმა ორივე გოლი მატჩის მეორე ტაიმში გაიტანეს  — კერძოდ, 66-ე წუთზე უეინ რუნიმ ჯერ პენალტით გაიტანა, 84-ე წუთზე კი თამაშიდანაც შეძლო მეტოქის დამწუხრება.

მატჩი “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა შეაფასა.

“პირველ ტაიმში ქომაგების მხრიდან სტვენის ხმა არ გამიგონია. შესაძლოა, თქვენ უკეთესი სმენა გაქვთ.

მატჩი ცუდად დავიწყეთ, თუმცა შესვენების შემდეგ ცივსისხლიანად ვმოქმედებდით და თამაში გამოვასწორეთ.

უეს ბრაუნის გაძევებას რაც შეეხება, ფეხბურთელებმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათ იცოდნენ, რომ ბრაუნს უსამართლოდ აძევებდნენ, თუმცა შეცდომა ყველას მოსდის.

ჩვენს გზას ვადგავართ და საუკეთესო ოთხეულში ვართ მე-10 თუ მე-12 კვირაა. ჩვენ საუკეთესო ოთხეულის სტაბილური გუნდი ვართ. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოსაც აქ ვიქნებით”, – ვან გაალის სიტყვები BBC-მ გამოაქვეყნა.

 

ვან გაალი: “ფალკაოს რამდენიმე კვირა ექნება საკუთარი თავის წარმოსაჩენად”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ კლუბის კოლუმბიელ თავდამსხმელ რადამელ ფალკაოს რობინ ვან პერსის ტრავმიანობის პერიოდში საკუთარი თავის წარმოჩენის შანსი მიეცემა.

“როდესაც ერთი ფორვარდი ტრავმას იღებს, მას შემცვლელი სჭირდება. ფალკაოს რამდენიმე კვირა მიეცემა იმისთვის, რომ თავისი სიტყვა თქვას. მართალია, ვან პერსის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა მის გამოჯანმრთელებას გარკვეული დრო დასჭირდება”, – ვან გაალის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფალკაოს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში ოთხი გოლი აქვს გატანილი.

 

“ვან გაალმა იანვარში რონალდუს დამატებაზე უარი თქვა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა იანვარში მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს დამატებაზე უარი თქვა.

ამ ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი ალფრედო დურო ავრცელებს. მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ სკაუტ მარტინ ფერგიუსონს შეხვდა და რონალდუს ტრანსფერის შესაძლებლობა განიხილა.

აღნიშნული მოლაპარაკების შემდეგ ფერგიუსონმა ვან გაალთან სცადა საკითხის განხილვა, თუმცა “წითელი ეშმაკების” ჰოლანდიელმა თავკაცმა რონალდუს ტრანსფერზე უარი თქვა.

 

ვან გაალი: “რუნი, ალბათ, საუკეთესო ფორვარდია, მაგრამ ის ისევ ნახევარდაცვაში ითამაშებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი უეინ რუნის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად თვლის, თუმცა მის გამოყენებას კვლავ ნახევარდაცვის ხაზში აპირებს. ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ამ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

“რუნი, ალბათ, საუკეთესო ფორვარდია, თუმცა უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ ზოგიერთ პოზიციაზე საკმარისად ძლიერი ფეხბურთელები არ მყავს. როტაციას მივმართავ, რათა გავარკვიო, მოედნის ამა თუ იმ მონაკვეთზე ვის შეუძლია საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა. ინგლისის ნაკრების თავკაცი რომ ვიყო, რუნის თავდამსხმელის პოზიციაზე ვათამაშებდი. ჩემთვის გუნდის წყობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ცალკეული მოთამაშე”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს ESPN-ი.

 

“მანჩესტერ იუნაიტედს” ახალი ვიცეკაპიტანი ჰყავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ გუნდის ახალი ვიცეკაპიტანი მაიკლ კერიკი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა სეზონის დასაწყისში “წითელი ეშმაკების” ვიცეკაპიტნად დარენ ფლეტჩერი გაამწესა, თუმცა როგორ ჩანს, ვან გაალმა გადაწყვეტილება შეცვალა და ახლა ეს პასუხისმგებლობა კერიკს დაავალა.

“სამი კაპიტანი მყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული თანმიმდევრობა მაქვს დაწესებული: პირველი კაპიტანი უეინ რუნია, მეორე მაიკლ კერიკი, მესამე კი – დარენ ფლეტჩერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ხაზის კაპიტნები მყავს.

კერიკი გამოცდილი და მშვიდია. კარგია, რომ მისი გამოყენება სხვადასხვა პოზიციებზე შემიძლია. კაპიტნის რანგში მას მოედანზე ჩემი სათამაშო ფილოსოფიის შეცვლა შეუძლია”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს sportsmole-ი.