ფლეტჩერი: „იმდენად ძლიერი ტკივილები მქონდა, რომ სახლიდან ვერ გავდიოდი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა დარენ ფლეტჩერმა, რომელიც მოედანზე თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ავადმყოფობის დროს გადატანილ ტკივილებზე ისაუბრა.

შოტლანდიელ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემები 2011 წლიდან აწუხებდა. ფლეტჩერმა მაშინ ხანგრძლივი პაუზა აიღო და მოედანს 2012 წელს დაუბრუნდა, თუმცა რამდენიმე ჩატარებული მატჩის შემდეგ მას წყლულოვანი კოლიტი დაუდგინეს. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების XVI ტურში, „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ფლეტჩერის ტრიუმფალური დაბრუნება შედგა.

„იმდენად ძლიერი ტკივილები მქონდა, რომ სახლიდან გასვლასაც ვერ ვახერხებდი. არც ბავშვებთან ერთად პარკში სეირნობა და არც მეუღლესთან ერთად საყიდლებზე სიარული არ შემეძლო. ტკივილი იმდენად მტანჯავდა, რომ უბრალო საქმეებსაც კი ვერ ვაკეთებდი. ოპერაციის დროს გარანტია ვერ მომცეს. რაღაც ისე რომ არ განვითარებულიყო, მოედანსაც ვერ დავუბრუნდებოდი. ფეხბურთზე უარის თქმას არ ვაპირებდი, რადგან ამ საქმისთვის ბევრი რამ გავიღე. ოპერაციას ჩემი ჯანმრთელობისა და ფეხბურთის გამო დავთანხმდი.

ბევრი შიში და შფოთვა გამოვიარე. საბედნიეროდ, დიდებული ქირურგის ხელში მოვხვდი. მე მას სრულად ვენდე. ის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ამას დავძლევდით. მართალი აღმოჩნდა. თქვენს წინაშე წყლულოვანი კოლიტისგან სრულად განკურნებული ვდგავარ. მე ეს დაავადება დავამარცხე. ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი და ფეხბურთსაც ვთამაშობ“, – ფლეტჩერის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის XVI ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სატურნირო ცხრილის მერვე პოზიცია აქვს დაკავებული და ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იაქტიურებს

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედი“ აქტიურობას აპირებს. ბრიტანული „სანის“ ცნობით, დევიდ მოიესს სატრანსფეროდ 90 მილიონ ფუნტს გამოუყოფენ.

„კლუბს თანხა აქვს და რა თქმა უნდა, ამას გამოვიყენებთ. მთავარი სატრანსფერო მიზნების განხორციელებასთან ზაფხულში ძალზედ ახლოს ვიყავით. ახლა ადვილია თქმა, რომ კლუბმა ამ მიმართულებით ვერაფერს მიაღწია, თუმცა სინამდვილეში თითქმის ყველაფერი გამოგვივიდა, მხოლოდ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს ფეხბურთელებმა თავიანთ კლუბებში დარჩენა ან სხვა გუნდში გადასვლა. საქმე ფულში ნამდვილად არ ყოფილა.

ახალგაზრდა ფეხბურთელების შერჩევისას ექვსთვიან პერიოდს კი არ განვიხილავ, არამედ შორეულ პერსპექტივაში ვიყურები. ის მოთამაშეები გვინდა, რომლებიც ექვსი-შვიდი წლის შემდეგაც ჩვენთან იქნებიან“, – აღნიშნა მოიესმა.

ბექა დოგრაშვილი

შინჯი კაგავა იმდენად ბევრს ჭამს, რომ ფეხბურთს ვეღარ თამაშობს

შინჯი კაგავა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ნიუკასლ იუნაიტედს“ შორის გამართული მატჩის (0:1) განაცხადში არ შეიყვანეს. გაინტერესებთ მიზეზი? მან ზედმეტად ბევრი ჭამა, მუცელი გაებერა და ცუდად გახდა. დიახ, ასე ბრძანა „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა დევიდ მოიესმა.

„შინჯი „ევერტონთან“ (0:1) გამართული მატჩის შემდეგ ცუდად გახდა, პარასკევს ცოტა ივარჯიშა, თუმცა არ გავრისკეთ და ტრავმა რომ არ მიეღო, ის არ ვათამაშეთ.
შინჯი ფიქრობს, რომ ზედმეტად ბევრი ჭამა და სწორედ ამიტომაც გაებერა მუცელი. ვფიქრობ, ის უკვე კარგად არის“, – აღნიშნა მოიესმა.

გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას, კაგავას ავტოგრაფი სთხოვეს. იაპონელმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს ხელმოწერილი ფურცელი ისე დაუბრუნა, რომ მისკენ თავიც არ მიატრიალა. საინტერესოა, ამაშიც გაბერილმა მუცელმა შეუშალა მას ხელი?!

ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2002 წლის შემდეგ, მიჯრით პირველად დამარცხდა სახლში. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ რობინ ვან პერსიმ ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. ახლა კი, შინჯკი კაგავა ზედმეტად ბევრს ჭამსო. საინტერესოა, რა ხდება მოიესის თავს.

ბექა დოგრაშვილი

ლუიშ ნანი „იუვენტუსს“ უახლოვდება

იანვრის სატრანსფერო პერიოდში ტურინის „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ ლუიშ ნანის გადმობირებას შეეცდება. „ბიანკონერიში“ პორტუგალიელ ფეხბურთელს ტრავმირებული სიმონე პეპეს შემცვლელად მოიაზრებენ.

არ არის გამორიცხული, იტალიურმა კლუბმა ნანი ნახევარწლიანი იჯარით აიყვანოს, შემდეგში სრულად გამოსყიდვის უფლებით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „იუვენტუსში“ გადასვლაზე 27 წლის ფეხბურთელიც თანახმაა. ნანის სურს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველაზე სექსუალური ქომაგი

22 წლის კოლუმბიელმა მოდელმა სოფია ხარამილიომ ფოტოსესია საფეხბურთო მოედანზე მოაწყო.

ერთ-ერთ ინტერვიუში მოდელმა არ დამალა, რომ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ქომაგობს. ცოტა ხნის წინათ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანების ვებ-გვერდზე ხარამილიომ კლუბის ყველაზე სექსუალურ ქომაგად დაასახელეს.

სამშობლოში ხარამილიო ცნობილია არა მხოლოდ როგორც მოდელი, არამედ რეალითი-შოუ „საპირისპირო სამყაროების“  (Mundos opuestos) 2012 წლის გამარჯვებული, რომლის საპრიზო თანხაც 200 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

 

ფერგიუსონი: „გეტყვით, როდის დაკარგა ბექჰემმა ფეხბურთზე აქცენტი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ კლუბის ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი მაშინ შეიცვალა, როდესაც მან ვიქტორია ადამსი ცოლად შეირთო. ფეხბურთის შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, გამორჩეული სპორტსმენიდან დევიდი ჩვეულებრივ სახედ იქცა.

„როდესაც ბექჰემს პირველად შევხვდი, ის 12 წლის იყო. მაშინ მას ფეხბურთის თამაშის დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, უნდოდა, რომ მაღალ დონეზე ეთამაშა. ის გამორჩეული მოთამაშე იყო, რომელიც მუდმივად ვარჯიშობდა და უკეთესობისკენ მიიწევდა. მისი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როდესაც „The Spice Girls“-ის ერთ-ერთ გოგოს შეხვდა. მან თავისი პრიორიტეტები შეცვალა. სპორტსმენი დევიდისგან ცნობილი სახე მივიღეთ. მან ფეხბურთზე აქცენტი დაკარგა. შემდეგ ჩვენ ის მადრიდის „რეალში“ გავყიდეთ, სადაც ასევე კარგად თამაშობდა, თუმცა ვერაფრით ამიხსნია, რატომ წავიდა „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“. მე იქ არასდროს წავიდოდი. მწვრთნელის რანგში ყველაფერი გავაკეთე, რომ ბექჰემს ისეთ კლუბებში ეთამაშა, როგორებიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რეალი“. ამის შემდეგ დევიდმა კვლავ შეცვალა თავისი ცხოვრება. მოხვდა ინგლისის ნაკრებში და ევროთასებზე „მილანის“ ღირსებას იცავდა. ის ყველა მხრივ გასაოცარი ფეხბურთელია. ეჭვგარეშეა, რომ ბექჰემი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ნამდვილი ხატია“, – ფერგიუსონის სიტყვები ბრიტანულმა „თაიმსმა“ გამოაქვეყნა.

მოიესი: “არ გვყავს მსოფლიო დონის იმდენი მოთამაშე, რომ ლიგის მოგებაზე ვიფიქროთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მის გუნდს არ ჰყავს მსოფლიო დონის იმ  რაოდენობის ფეხბურთელი, რომ “წითელმა ეშმაკებმა” ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლონ.

“ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მსოფლიო დონის ხუთი ან ექვსი მოთამაშე უნდა გყავდეს. შეხედეთ მიუნხენის “ბაიერნს”, მათ მსოფლიო კლასის ამ რაოდენობის  ფეხბურთელი ჰყავთ. “ბარსელონაშიც” თამაშობენ ასეთი მოთამაშეები, მადრიდის “რეალშიც”, განსაკუთრებით კი – მიმდინარე სეზონში. ეს ის დონეა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ბრძოლის საშუალებას გაძლევს. ჩვენ ჯერჯერობით ეს არ გვაქვს, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოცდილი გუნდია”, – განაცხადა დევიდ მოიესმა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურის მატჩი “ვესტ ბრომვიჩთან” ანგარიშით 1:2 დათმო.

ბექა დოგრაშვილი

”მანჩესტერ იუნაიტედმა” შვეიცარიელი ტალანტი დაიმატა

17 წლის საიდი იანკომ ”წითელ ეშმაკებთან” გააფორმა კონტრაქტი.

გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელთა სკაუტები ამ ფეხბურთელით ახალგაზდულ ტურნირზე – Blue Star-ზე დაინტერესდნენ. აღნიშნული ტურნირი მიმდინარე წელს გაიმართა.

ნიჭიერი შვეიცარიელის სანაცვლოდ ”იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ 700 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ საიდის მარცხენა ფლანგის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში.

ალექსანდრე მატევოსოვი