თურქული „გალათასარაის“ ოფიციალური საიტის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფორვარდი მანუჩარ მარკოიშვილი თამაშს მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს – გამოცდილმა მოთამაშემ ბოლო ვარჯიშზე კუნთის მძიმე ტრავმა მიიღო.
აქედან გამომდინარე, „გალათასარაის“ მანუჩარის შესაცვლელად, თავისუფალი აგენტების ძებნა მოუწევს. ევროპული გამოცემების ინფორმაციით, თურქულ გრანდს, შესაძლოა, „არმანი ჯინსის“ ამერიკელი ლეგიონერი მალიკ ჰეირსტონი შეუერთდეს, რომლის გაშვებისთვისაც იტალიური კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „გალამ“ ასევე ცენტრი ნათან ჯავაი დაკარგა.
ევროლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშების ორ შეხვედრაში მარკოიშვილის საშუალო მონაგარმა სათამაშო დროის 23 წუთში 4,5 ქულა, 2,5 მოხსნა და 2 გადაცემა შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი