ჰარუმაფუჯის მეორე და გაგას მესამე მარცხი

ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე მოპოვებულ პირველ გამარჯვებას, სამწუხაროდ, ისევ მარცხი მიაყოლა გაგა ჯუღელმა. ქართველი გოლიათი იმ მასუნოიამასთან (ა-მ14) დამარცხდა, რომელსაც აქამდე ფაქტიურად ყველგან უგებდა, სადაც შეხვდებოდა და ამ მარცხის მიზეზი მეტოქის აქტიურობაზე უფრო მეტად, თავად ჩვენებურის პასიურობა გახლდათ.

გაგამარუმ უკვე მე-4 ორთაბრძოლა ჩაატარა ბაშოზე და ჯერ-ჯერობით მისი საფირმო, ერთი ამოსუნთქვით მიძალება ვერ ვიხილეთ. მასუნოიამასთანაც რატომღაც ჩვეულ სტილს არ მიმართა გაგამ, რითაც ბუნებრივია ისარგებლა მეტოქემ და აქტიურად შეუტია ჩვენებურს. თავიდან იაპონელი იორიკირით ცდილობდა ტავარას მიღმა გაგამარუს გაყვანას. თუმცა, შემდეგ უფრო მარტივი გამოსავალი მონახა, ოდნავ უკან დაიხია და უვატენაგეთი დასცა დოჰიოზე ქართველი გოლიათი.

გაგას მომდევნო მეტოქე “პატარა ტანკად” წოდებული, იაპონელი მე-11 მაეგაშირა, ტაკეკაძე იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 6:3-ს უგებს ჩვენი ჯილა. თუმცა, თუ გაგამარუმ თავის ბრძოლაში რაღაც არ შეცვალა და ოდნავ არ გააქტიურდა, ძნელია რაიმე წარმატებაზე ფიქრი.

ბაშოს მე-4 დღე მთელი რიგი სენსაციებითა და მოულოდნელი შედეგებით იყო აღნიშნული, თუმცა მთავრი სენსაცია დღის დასკვნით ორთაბრძოლაში ელოდა გულშემატკივარს, სადაც მონღოლმა იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ კიდევ ერთი შერკინება დათმო, ამჯერად ბულგარელ გოლიათ, აოიამასთან და მეორედ მოიყვანა “ბალიშების წვიმა” კოკუგიკანის დარბაზში. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მონღოლს ალბათ ბაშოს დასრულებისთანავე მისცემენ სუმოს მამები “რეკომენდაციას”, დიდი სუმოდან წასვლაზე, თუკი რა თქმა უნდა დარჩენილ ორთაბრძოლებში ჰარუმაფუჯიმ რაიმე არ შეცვალა და რადიკალურად არ გარდაიქმნა, რაც ფსიქოლოგიური წნეხის ფონზე, კიდევ უფრო რთული იქნება მისთვის.

ჰარუმაფუჯის მარცხამდე თავისი ორთაბრძოლა წააგო აქამდე დაუმარცხებელმა ორმა ოძეკიმ – კოტოშოგიკუმ და კაკურიუმ. იაპონელ ოძეკის თანამემამულე სეკივაკე გოეიდომ სძლია, ხოლო მონღოლ ოძეკის იაპონელმა კომუსუბი ტოჩიოძანმა აჯობა.

ამრიგად, 4 დღის თავზე აკი ბაშოს 4 დაუმარცხებელი სეკიტორი შემორჩა: მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო (რომელიც კვლავ შთამბეჭდავ ფორმაშია და თავის 27-ე საჩემპიონო ტიტულს უმიზნებს), ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ, მონღოლი მე-6 მაეგაშირა კიოკუტენჰო და იაპონელი მე-8 მაეგაშირა იოშიკაძე.

 

Day 5

 

 

პირველი გამარჯვება აკი ბაშოზე

იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე საშემოდგომო ბაშოს მე-3 დღე პირველი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა თეიმურაზ ჯუღელისათვის. აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას სტატუსით მოასპარეზე ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა, იაპონელი გოლიათი, ფუჯიაძუმა მძლავრი მიძალებით დაჯაბნა და ოშიტაოშის ილეთით დასცა დოჰიოზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს შერკინება გაგამარუსა და ფუჯიაძუმას შორის რიგით მე-5 იყო და გამარჯვება ხუთივეჯერ ჩვენ სუმოისტს დარჩა.

როგორც გითხარით, გაგასთვის ეს პირველი მოგება იყო მიმდინარე ბაშოზე, პასივში კი ისევ 2 მარცხი რჩება.

ჩვენებურის მომდევნო მეტოქე კიდევ ერთი მძიმეწონოსანი იაპონელი, მე-14 მაეგაშირად განთესილი, მასუნოიამა იქნება, რომელიც სუსტი ფილტვებითა და სუნთქვის უკმარისობით გამოირჩევა. იაპონელს აკი ბაშოზე ქართველის მსგავსი ბალანსი აქვს (1 მოგება, 2 მარცხი). აი ურთიერთშეხვედრებში კი ჩვენი სეკიტორი საგრძნობ უპირატესობას ფლობს – განვლილი 6 შერკინებიდან 5 გაგას სასარგებლოდ დასრულდა.

რაც შეეხება დღის სხვა შეხვედრებს, ბაშოს მე-3 დღესაც ფაქტობრივად ყველა ფავორიტმა გამარჯვება იზეიმა, გარდა იაპონელი ოძეკი კისენოსატოსი. იაპონელთა მთავარ იმედს თანამემამულე მე-2 მაეგაშირა ოკინოუმისთან შეემთხვა მარცხი.

3 დღის თავზე საერთო ჯამში 7 დაუმარცხებელი სუმოისტი ყავს სექტემბრის ბაშოს. ესენი არიან: იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკები – კაკურიუ, კოტოშოგიკუ, კოტოოშუ და რიგითი მაეგაშირები – კიოკუტენჰო, იოშიკაძე, ტამავაში.

gagamaru-teimuraz-juxeli-56456456

 

gag 4