ჟურნალ 4-4-2-ის ვებ-გვერდზე “მილანისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელის, რიკარდო კაკას ინტერვიუ გამოქვეყნდა. ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი განვლილ კარიერასა და ცხოვრებისეულ დეტალებზე საუბრობს.
მივხვდი, რომ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიე…
“როდესაც “მილანში” გადავედი (“სან პაულოდან”, 21 წლის ასაკში), ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევა იყო. ბრაზილიაში მოთამაშე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ევროპის დიდ კლუბში მოხვედრაზე, “მილანი” ერთ-ერთი საუკეთესოა და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი. როდესაც იტალიაში გადავედი, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი – “ოქროს ბიჭუნა”, როგორც მაშინ მეძახდნენ. ახლა კი ვეტერანი ვარ!”
ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ, როდესაც…
“როცა 2002 წელს, ბრაზილიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. მართალია, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და მხოლოდ ერთ მატჩში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ისიც ძალიან მიხაროდა, რომ იმ დიდებული გუნდის წევრი ვიყავი. რონალდო მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
საერთო ჯამში, ყველა დიდი გამარჯვება მაბედნიერებდა: კონფედერაციის თასის მოგება ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, ან თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება “მილანის” მაისურით, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სულ სხვა რამ არის.”
დღე, როდესაც ფეხბურთმა გული მატკინა…
“2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი “ლივერპულის” წინააღმდეგ. როდესაც მატჩს სამბურთიანი სხვაობით იგებ, შეხვედრა შენი გამარჯვებით უნდა დასრულდეს. პენალტებამდე საქმე არ უნდა მიგვეყვანა. იმ საღამოს ეს ნამდვილად არ დაგვიმსახურებია.”
აქამდე არავისთვის მითქვამს, რომ…
“ჩემთვის, “მილანში” თამაში ყოველთვის განსაკუთრებით ემოციური იყო. ვგრძნობდი, რომ კლუბის ისტორიის ნაწილი ვიყავი. “მილანს” ბრწყინვალე ფანები ჰყავდა, რომლებიც უდიდეს სიყვარულს იჩენდნენ ჩემს მიმართ. ჩემს იმ დროინდელ თანაგუნდელებთან დღემდე ვმეგობრობ.”
ფეხბურთელი რომ არა, ვიქნებოდი…
“სასულიერო პირი. ყოველთვის რელიგიური ადამიანი ვიყავი. ამიტომაც მაცვია ხოლმე ფორმის შიგნით მაისური წარწერით “I belong to Jesus” და გატანილი გოლის შემდეგ თითებს ზეცისკენ ვიშვერ. ვცდილობ, ასე გამოვხატო ჩემი გრძნობები და ყველას ვაჩვენო, თუ ვის ეკუთვნის ჩემი გული.”
ჩემი ბავშვობის გმირები იყვნენ…
“ჩემი მშობლები. ისინი ძალიან ბევრს მუშაობდნენ, მე რომ მესწავლა და ბედნიერი ვყოფილიყავი. ისინი რომ არა, დღეს ნამდვილად არ ვიქნებოდი ის, რაც ვარ.”
ყველაზე ამაყი ვიყავი, როდესაც…
“კარლო ანჩელოტიმ მიშელ პლატინის შემადარა. ეს უდიდესი კომპლიმენტია, რომელიც ჩემთვის ვინმეს ოდესმე უთქვამს. პლატინი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო. ძალიან მესიამოვნა, როდესაც მას შემადარეს.”
ერთი რამის შეცვლა რომ შემეძლოს თამაშში…
“2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიისთვის ასე არ უნდა დასრულებულიყო. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, მაგრამ როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, მაშინ დავმარცხდით. ეს ძალიან მტკივნეული იყო. ვფიქრობ, ფინალში ბრაზილიისა და იტალიის ხილვა დიდებული რამ იქნებოდა!”
ჩემთვის ფეხბურთი არის…
“თამაში, რომელსაც ადამიანებისთვის დიდი სიამოვნება მოაქვს. ფეხბურთი საშუალებას მაძლევს, ვიყო ძლიერი და ამით სხვა ადამიანებს დახმარება გავუწიო.”
ჩემი თავის დახასიათება სამი სიტყვით…
“ერთგული, შრომისმოყვარე და მონდომებული. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ეს თვისებები გაგაჩნდეს. ფეხბურთი გუნდური თამაშია, ეგოისტი არ უნდა იყო და სხვებისთვისაც უნდა გაიღო რაღაც.”