ლემარის ტრანსფერისთვის ევროპის უდიდესი კლუბები იბრძვიან

საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონის, “მონაკოს” გარემარბის, ტომას ლემარის გადაბირების სურვილს ევროპის ისეთი კლუბები გამოთქვამენ, როგორებიც არიან: “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი”.

L’Equipe-ს მიერ დადასტურებული ცნობების მიხედვით, “მონაკოელებმა” უკვე უარყვეს “არსენალის” წინადადება, “ტოტენჰემი” კი უახლოეს მომავალში აპირებს მათთან დაკავშირებას.

ფრანგი ფეხბურთელი ბოლო ორი სეზონია, რაც “მონაკოს” შეუცვლელი ფეხბურთელის სტატუსს ატარებს. გასული სეზონის 34 მატჩში მან 9-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

“მონაკო” მბაპეს ხელფასის ცხრაჯერ გაზრდას სთავაზობს

Le Journal du Dimance-ს მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მონაკოს” ხელმძღვანელები მზად არიან, კილიან მბაპეს შესანარჩუნებლად საკუთარი ხაზინიდან საკმაოდ დიდი თანხა გაიღონ.

როგორც ცნობილი ხდება, საფრანგეთის ჩემპიონები ახალგაზრდა ფრანგ შემტევს ხელფასის ცხრაჯერ გაზრდას სთავაზობენ, თუ ის ამ ზაფხულში კლუბს არ დატოვებს.

საქმე ისაა, რომ “რეალის”, “პარი სენ-ჟერმენისა” და “არსენალის” სამიზნე აქამდე კვირაში 18 000 ევროს იღებდა, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კი მისი ხელფასი 162 000 ევრო იქნება შვიდ დღეში.

აბიდალი ევროპას აფრთხილებს: “მბაპე 120 მილიონი ფუნტი არ ღირს”

ერიკ აბიდალმა, რომელიც ახლახან წარადგინეს “ბარსელონას” ელჩის თანამდებობაზე, “მონაკოს” ლიდერსა და წლევანდელი წლის მთავარ აღმოჩენაზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა, რომლის გადაბირებითაც ევროპის თითქმის ყველა დიდი კლუბია დაინტერესებული.

“მბაპე ნამდვილად კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ფასი, 120 მილიონი ნამდვილად შეუფერებელი, ძალიან დიდია.

ჩემის აზრით, ის “მონაკოში” უნდა დარჩეს და მთელ მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია.

მას საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და ამ დროს სათამაშო პრაქტიკაზეც უნდა იფიქროს, რადგანაც წინ მსოფლიო ჩემპიონატი ელის,” – აცხადებს აბიდალი Cadena Ser-თან საუბრისას.

“როდესაც პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდიან, შემდეგ სხვები იძულებულნი ხდებიან, უფრო ნიჭიერი ფეხბურთელის გადაბირებისთვის 200 მილიონი გადაიხადონ, რაც ნამდვილად ასტრონომიური ფასია,” – დაამატა მან.

“არსენალმა” “იუვენტუსს” კუადრადოს ტრანსფერზე ოფიციალური წინადადება გაუგზავნა

The Sun-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა “იუვენტუსს” ოფიციალური წინადადება გაუგზავნეს ხუან კუადრადოს ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა უარი მიიღეს.

როგორც ცნობილი ხდება, არსენ ვენგერი უკვე ეძებს ალექსის სანჩესის შემცვლელს, რომელიც დიდი ალბათობით კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს.

კოლუმბიელი ხუან კუადრადო კი ფრანგ სპეციალისტს საუკეთესო ვარიანტად მიაჩნია და მისი ტრანსფერისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა – ლონდონელებმა ტურინელებს 17 მილიონი ევრო შესთავაზეს.

“იუვენტუსი” “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს ითხოვს.

კილიან მბაპემ თმის ფერი შეიცვალა (ფოტო)

საფრანგეთის ახალი ჩემპიონის, “მონაკოს” შემტევმა, კილიან მბაპემ თმის ფერი შეიცვალა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“რეალი” მბაპეს “მონაკოში” ერთი სეზონით დატოვებს

ესპანური ტაბლოიდის, As-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, მადრიდის “რეალმა” საფრანგეთის ჩემპიონთან კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ესპანური წყაროს ცნობით, მადრიდის “რეალი” მზადაა ახალგაზრდა ფრანგი ვარსკვლავის ტრანსფერში 100 მილიონი გადაიხადოს და მას ერთი სეზონის “მონაკოში” გატარების უფლება მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა კილიან მბაპე 2016/17 წლების სეზონის მთავარი აღმოჩენაა და მისი გადაბირებით ევროპის თითქმის ყველა დიდი კლუბია დაინტერესებული.

ოფიციალურად: ჟარდიმმა 2020 წლამდე გაახანგრძლივა

“მონაკოს” ხელმძღვანელობამ გულშემატკივრებს ძალიან სასიხარულო ინფორმაცია ამცნო, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთის ჩემპიონმა მთავარ მწვრთნელ ლეონარდუ ჟარდიმთან შეთანხმებას მიაღწია.

“მონაკოს” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 42 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა საფრანგეთის ჩემპიონთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ის კლუბში 2020 წლამდე უნდა დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ ჟარდიმი “მონაკოს” 2014 წლიდან წვრთნის. 2016/17 წლების სეზონში კი მან საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც ითამაშა.

ლეონარდუ ჟარდიმი 36-მილიონიან წინადადებას დათანხმდა

“მონაკოს” მთავარი მწვრთნელი, ლეონარდუ ჟარდიმი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას A Bola-ს რედაქცია ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, ჩიელმა მილიარდელებმა საფრანგეთის ჩემპიონის მთავარ მწვრთნელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, წელიწადში კი 12 მილიონი ევრო ხელფასის სახით.

წყაროს ცნობით, ჩინელებს მხოლოდ ჟარდიმსა და “მონაკოს” შორის არსებული კონტრაქტის გაწყვეტისთვის საჭირო თანხის ოდენობა აქვთ გასარკვევი.

ჟარდიმის კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 15 მილიონია მითითებული, “ბეიცზინი” კი მხოლოდ 8 მილიონს იხდის.

“რეალი” მბაპეს სანაცვლოდ 135 მილიონს იხდის

RMC Sport-ის მიერ მოპოვებული ცნობების მიხედვით, მადრიდის “რეალი” კიდევ ერთი რეკორდის დამხობას აპირებს.

როგორც ცნობილი ხდება, ზინედინ ზიდანმა მისი თანამემამულის, კილიან მბაპეს ტრანსფერი მთავარ პრიორიტეტად გაიხადა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

ესპანური პრესის ცნობით, “რეალი” მზადაა 2016/17 წლების სეზონის მთავარი აღმოჩენის ტრანსფერში 135 მილიონი ევრო გადაიხადოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ ტრანსფერისთვის საჭირო თანხის ნაწილის დაგროვებას “რეალი” ხამეს როდრიგესის გაყიდვით გეგმავს – საუბარია დაახლოებიტ 70 მილიონ ევროზე.

ოფიციალურად: ფალკაომ “მონაკოსთან” გაახანგრძლივა

რადამელ ფალკაომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებული ყველა კითხვის ნიშანი გააქრო და ლიგა 1-ის ჩემპიონებთან არსებული კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც იცით, პრემიერ ლიგაში ჩაგდებული ორი სეზონის შემდეგ, კოლუმბიელმა თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატში ძველი ფორმის დაბრუნება მოახერხა და ერთი სეზონის 29 მატჩში 21 გოლის გატანა შეძლო.

კონტრაქტის 2020 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ, კოლუმბიელმა განაცხადა:” ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თავგადასავლები კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება.

ამ ბრწყინვალე სეზონმა უდიდესი მოტივაცია შემიქმნა, რომ მომავალში დიდ წარმატებებს მივაღწიო. მხოლოდ ერთი სურვილი გამაჩნია: მინდა ეს ლამაზი ისტორია გავაგრძელო!,” – აცხადებს ფალკაო.

ფალკაომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

“მონაკოს” კოლუმბიელმა კაპიტანმა, რადამელ ფალკაომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ყველა ის ჭორი გააქარწყლა, რომელთა მიხედვითაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-შემტევი ზაფხულში “მონაკოს” დატოვებას აპირებდა.

“ყველაფრით კმაყოფილი ვარ, აქ თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს. კონტრაქტის ამოწურვამდე კი კიდევ ერთი წელია დარჩენილი.

რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობის პოზიციასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ “მონაკოში” დარჩენისთვის ყველაფერს გავაკეთებ,” – აცხადებს კოლუმბიელი თავდამსხმელი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ინგლისში ჩატარებული ორი წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ფალკაო “მონაკოში” ნამდვილ ვარსკვლავად იქცა – 21 გოლი და 9 საგოლე გადაცემა ლიგა 1-ის 29 მატჩში.

ფაბინიოსთვის “იუვენტუსიც” იბრძოლებს

Football Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” მზადაა “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ გაჩაღებულ ბრძოლაში ჩაერთოს, რომლის გამარჯვებულსაც ჯილდოს სახით “მონაკოს” ნახევარმცველი, ფაბინიო ერგება.

როგორც ცნობილი ხდება, “ბებერი ქალბატონი” საფრანგეთის ჩემპიონს 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს სთავაზობს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აქამდე “ბიანკონერი” “ლიონის” ნახევარმცველის, კორენტინ ტოლისოს ტრანსფერზე მუშაობდა, თუმცა ფრანგულმა და იტალიურმა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ბრაზილიელმა ფაბინიომ მიმდინარე სეზონში 55-ჯერ მოირგო “მონაკოს” მაისური, გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა.