კოლო ტურეს მალარია შეეყარა

ESPN-ის ცნობით, კოტ დივუარის ნაკრების მცველ კოლო ტურეს მალარია შეეყარა. წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი სამშობლოში დაავადდა. გამოჯანმრთელებას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება. ტურეს ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგურ მატჩის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ კოტ დივუარს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად იაპონიის, კოლუმბიისა და საბერძნეთის ნაკრებების ჰყავს. აფრიკელები მსოფლიო პირველობაზე პირველ შეხვედრას 15 ივნისს იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

ბუფონი: „ინგლისსა და ურუგვაიზე მეტი ეტაპის დაძლევა შეგვიძლია“

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალში გასვლა მისი გუნდის მინიმალური ამოცანაა.

„თუ მინიმუმ 1/4 ფინალში მოვხვდებით, ტურნირს ჩვენთვის წარმატებულად ჩავთვლით. რა თქმა უნდა, ნაჩვენები შედეგით ბოლომდე კმაყოფილი ვერასდროს იქნები. ამ მომენტისთვის არ შემიძლია ვთქვა, რომ ფინალში გასვლას მოვახერხებთ.

ჩვენმა გუნდმა უფრო სტაბილურად თამაში უნდა დაიწყოს და ის მატჩები მოიგოს, რომლებშიც ფავორიტად ითვლება. ზოგჯერ, როდესაც ფავორიტები არ ვართ, გულშემატკივრებს სიურპრიზებს ვთავაზობთ. ამ მომენტისთვის იმ გუნდთა კატეგორიას მივეკუთვნებით, რომელთაც სატურნირო ბადეში ინგლისსა და ურუგვაიზე მეტი ეტაპის დაძლევა შეუძლია.

რაც შეეხება ტურნირის ფავორიტებს, მათ შორის ბრაზილიას, ესპანეთს, გერმანიასა და არგენტინას დავასახელებდი“, – განაცხადა ვეტერანმა მეკარემ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ორიგინალური რეკლამა მუნდიალისთვის

ტელეკომპანია ESPN-მა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის საკმაოდ კარგი რეკალამა გამოუშვა.

ბუკმეკერთა ვერსიით, ბრაზილია მუნდიალის ფავორიტია

ერთ-ერთმა იტალიურმა საბუკმეკერო კონტორამ „Snai“-მ მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულთან დაკავშირებით თავისი კოეფიციენტები წარადგინა.

ფავორიტად კვლავ ბრაზილია ითვლება, რომლის კოეფიცენტიც 3,75-ს შეადგენს. შემდეგომ არგენტინა (5,50) და გერმანია (6,50) მოდიან. მსოფლისო მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები კი მხოლოდ მეოთხე ადგილზე – კოეფიციენტი მის მოგებაზე კი 7,5-ს შეადგენს.

ალექსანდრე მატევოსოვი

კლოზე: „იდეალურ ფორმაში არ ვარ, თუმცა მუნდიალის დაწყებამდე დრო ჯერ კიდევ არის“

გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სასურველ ფიზიკურ ფორმას დაიბრუნებს.

„საუკეთესო კონდიციებში არ ვარ, თუმცა ნერვიულობას აზრს არ აქვს, რადგან წინ გველის ვარჯიშები და საკონტროლო მატჩები. ამ პერიოდში ფორმის დაბრუნება სრულიად შესაძლებელია. ბრაზილიის მუნდიალზე კლიმატური პირობები ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება, ამიტომ ტურნირს იდეალურ ფიზიკურ ფორმაში უნდა შევხვდეთ“, – კლოზეს სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად პორტუგალიის, განისა და აშშ-ის ნაკრებები ჰყავს. იოაჰიმ ლიოვის გუნდი პირველ მატჩს 16 ივნისს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბექა დოგრაშვილი

სნეიდერი: „3-5-2 სქემა ჩემთვის მისაღებია“

ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 3-5-2 სქემით ითამაშებს. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ მისთვის აღნიშნული სქემა მისაღებია.

„მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ. თანდათან უკეთეს ფორმაში შევდივარ და ვფიქრობ, მუნდიალის მიმდინარეობის დროს საუკეთესო მდგომარეობაში ვიქნები. რაც შეეხება 3-5-2 სქემას, მივესალმები. ასეთი განლაგების შემთხვევაში, უფრო მეტ დროს დავუთმობ შეტევას“, – სნეიდერის სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

ჰოლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ესპანეთის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებები ჰყავს. ლუი ვან გალის გუნდი პირველ მატჩს 13 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბექა დოგრაშვილი

ვან პერსიმ, შესაძლოა, მუნდიალი გამოტოვოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ, შესაძლოა, ბრაზილიაში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს.

როგორც გაირკვა, 30 წლის ფორვარდმა ჰოლანდიის ნაკრების ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა.

ტრავმის სირთულის შესახებ კი ამჟამად არაფერია ცნობილი. დეტალურ ინფორმაციას ჰოლანდიელთა სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები მოგვიანებთ გაავრცელებენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ხუთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშიათ

ერთ-ერთმა უცხოურმა საფეხბურთო პორტალმა დაასახელა ის ხუთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშიათ.

5. პელე (ბრაზილია) – მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატი
17 წლის, 7 თვისა და 23 დღის

Pele-001

4. სალომენ ოლემბე (კამერუნი) – მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატი
17 წლის, 6 თვისა და 3 დღის

4

3. ფემი ოპაბუნმი (ნიგერია) – 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი
17 წლის, 3 თვისა და 9 დღის

3

2. სამუელ ეტოო (კამერუნი) – მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატი
17 წლის, 3 თვისა და 7 დღის

2

1. ნორმან ვაითსაიდი (ჩრდილოეთ ირლანდია) – 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი
17 წლის, 1 თვისა და 10 დღის

1

პელე: „2014 წლის მუნდიალი ბრაზილიის სირცხვილია“

ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა პელემ ქვეყნის ხელისუფლება მუნდიალისთვის მოსამზადებელ პერიოდში გასაკეთებელი საქმეების შეუსრულებლობისთვის გააკრიტიკა.

„ქვეყანას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ სტადიონები სრულ მზადყოფნაში მოეყვანა. მიუღებელი სიტუაციაა. ნამდვილი სირცხვილია!

ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამასთან ბრაზილიის ნაკრებს არანაირი კავშირი არ აქვს. ყველაფერში დამნაშავე კორუფციაა. ცბიერმა ხალხმა სტადიონების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა მოიპარა, არენები კი ვერ აშენდა.

აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ არის ბრაზილიაში რთული პოლიტიკური ვითარება. ხალხს კორუფციასთან ბრძოლის უფლება აქვს“, – პელეს სიტყვები ბრიტანულმა „სანმა“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 22 დღეს დარჩა.

ბექა დოგრაშვილი

პორტუგალიის 23-კაციანი განაცხადი მსოფლიოს ჩემპიონატისათვის

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაულო ბენტუმ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის 23-კაციანი განაცხადი წარადგინა.

მეკარეები: რუი პატრისიო, ბეტო, ედუარდო.

მცველები: ანდრე ალმეიდა, ბრუნო ალვეში, ფაბიო კოენტრაო, ჟოაო პერეირა, ნეტო, პეპე, რიკადრო კოშტა.

ნახევარმცველები: ჟოაო მოუტინიო, მიგელ ველოზუ, რაულ მეირელეში, რუბენ ამორიმი, უილიამ კარვალიო.

თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდუ, ედერი, ჰელდერ პოშტიგა, უგო ალმეიდა, ნანი, რაფა, ვარელა, ვიერინია.

მანუელ ნოიერი და ფილიპ ლამი მუნდიალზე თამაშს მოახერხებენ

მიუნხენის „ბაიერნის“ სამედიცინო შტაბმა მეკარე მანუელ ნოიერისა და მცველ ფილიპ ლამის ტრავმები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ თასის ფინალურ მატჩში დაშავდა.

როგორც გაირკვა, მიუნხენური კლუბის სამედიცინო შტაბმა ნოიერსა და ლამს ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მისცა. ორივე მათგანი „ბუნდესტიმს“ უკვე შეკრებაზე შეუერთდება.

ნოიერს მხრის პრობლემა დაუდგინდა, რის გამოც მას სპეციალური სამკლაურიც გაუკეთეს. რაც შეეხება ლამს, მან ფეხი იტკინა, რის გამოც 5-7 დღის განმავლობაში დაისვენებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

სუარესი: „თუ მუნდიალზე ჯერარდი ცუდს გამიკეთებს, საპასუხოდ იგივეს მიიღებს“

„ლივერპულის“ თავდამსხმელის ლუის სუარესის თქმით, მსოფლიოს ჩემპიონატზე იგი ყურადღებას არ მიაქცევს იმას, რომ ურუგვაის ნაკრების მეტოქეთა რიგებში მისი თანაკლუბელები ითამაშებენ.

„ყველაფერი არც ისე ადვილი იქნება, რადგან, მსურს, საკუთარ ქვეყანას დავეხმარო, ისევე, როგორც ჯერარდს, რომელიც ინგლისზე ფიქრობს. ყველასთვის ცნობილია, რომ სტივი ჩემ კარიერაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „ლივერპულის“ ისტორიაში იგი საუკეთესო ფეხბურთელია და ჩემთვის იგი საუკეთესო პარტნიორად სამუდამოდ დარჩება. ჯერარდი კაპიტანია, რადგან მთელ გუნდს ეხმარება.

ასევე ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში იმიტომაც გაგვიჭირდება, რომ მოედნის გარეთ მეგობრები ვართ. თუმცა თამაშის დროს ყველაფერს ვივიწყებთ. თუ იგი რამე ცუდს გამიკეთებს, საპასუხოდ იგივეს მიიღებს. ამაში გასაკვირი არაფერია.

ურუგვაის ნაკრებს ჩინებული გუნდი ჰყავს. წინა ტურნირზე ცუდად არ გვითამაშია. თუ მუნდიალისთვის მშვიდად მოვემზადებით, მაშინ ნახევარფინალამდე მისვლას კვლავ შევძლებთ. მაგრამ, თუ ყველა იყვირებს, რომ ურუგვაი საუკეთესოა, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ“, – განაცხადა სუარესმა.

ალექსანდრე მატევოსოვი