ბლატერის თქმით, მუნდიალის ყატარში გამართვის შესახებ გადაწყვეტილება შეცდომაა

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა აღიარა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყატარში გამართვის შესახებ გადაწყვეტილება შეცდომაა.

„კი ბატონო, ეს, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, თუმცა თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რომ ადამიანი ცხოვრებაში შეცდომებს ხშირად უშვებს. ვერც გეოპოლიტიკურ ვითარებას გავექცევით“, – განაცხადა ბლატერმა ტელეარხ RTS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ფიფას ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას საფრანგეთი და გერმანია ლობირებდნენ. ბლატერმა საზოგადოებას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისა და ყატარის ემირის შეხვედრა გაახსენა, რომელზეც უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინიც მიიწვიეს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მაისში ფიფას მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებია. ზეპ ბლატერს პოსტის შენარჩუნება სურს. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში მას უეფას ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიშელ პლატინი შეეცილება, რომელიც ბლატერის ყველაზე დიდ კონკურენტად სახელდება, თუმც ფიფას პრეზიდენტი ფრანგს  კონკურენტად არ მიიჩნევს.

„არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემი და პლატინის კარიერა ერთმანეთთან დაკავშირებულია. მიშელი ჩემი მოსწავლე იყო და 1998 წელს ფიფას პრეზიდენტად გახდომაში დამეხმარა. ჰკითხეთ, სურს თუ არა ჩემი პოსტის დაკავება. არა მგონია, „მამის მკვლელობის“ სურვილი ჰქონდეს. ვფიქრობ, ის ჩემს წინააღმდეგ არ წარადგენს კანდიდატურას“, – ამბობს ბლატერი.

ყატარის მუნდიალის ზამთარში გადატანის შესახებ დასმულ კითხვას ფიფას პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში გადატანა სრულიად შესაძლებელია“.

ბექა დოგრაშვილი

ეტოომ მოურინიოს სულელი უწოდა

ლონდონის „ჩელსის“ კამერუნელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ კიდევ ერთხელ ისაუბრა საკუთარი ასაკის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ფრანგულმა ტელეარხმა „კანალ პლუსმა“ ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.

„მყავს გუნდი, მაგრამ არა – თავდამსხმელი. „ჩელსის“ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გოლის გამტანი არ გვყავს. მხოლოდ სამუელ ეტოოა, რომელიც 32… ან ვინ იცის, იქნებ 35 წლისაც კია“, – სწორედ ამ სიტყვებს ამბობდა მოურინიო გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში.

ინტერვიუ სამუელ ეტოოსთან africanfootball.com-მა გამოაქვეყნა.

— ფიქრობთ, რომ აფრიკა თავის სიტყვას იტყვის ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე?
— იმედი მაქვს, რომ იტყვის. აფრიკის მაცხოვრებლებს ძალიან ეიმედებათ, თუმცა მეტოქეები პატივს არ გვცემენ. შეხედეთ წამყვან ევროპულ კლუბებს, რამდენი აფრიკელი ბრწყინავს! მაგალითად, „მანჩესტერ სიტი“ ავიღოთ. შეხედეთ, რამდენი გოლი გაიტანა იაია ტურემ. ეს მესი რომ  ყოფილიყო, ამაზე სამი წლის განმავლობაში ისაუბრებდნენ.
დღესდღეობით საუკეთესო აფრიკული გუნდი კოტ დივუარის ნაკრებია. ისინი ქაღალდზე ყველას აღემატებიან, თუმცა ამის დასამტკიცებლად უნდა მოიგონ კიდეც. აფრიკამ უნდა იბრძოლოს იმდენად, რამდენადაც ეს შეუძლია და ტურნირზე მაქსიმალურად შორეულ ეტაპზე უნდა გავიდეს. რატომაც ვერ უნდა მოვიგოთ მსოფლიოს ჩემპიონატი?! ხალხი იტყვის, რომ გავგიჟდი, მაგრამ აბა, სხვა რა განწყობით უნდა ჩავიდე ბრაზილიაში? დასასვენებლად?

— როგორ გრძნობთ თავს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც შესაძლოა თქვენთვის ბოლო გამოდგეს. რას ფიქრობთ „ჩელსიში“ თქვენს მომავალზე?
— მადლობას გიხდით შეხსენებისთვის, რომ ეს ჩემი ბოლო მუნდიალია. მე 33 წლის ვარ. იმ სულელს არ უნდა დაუჯეროთ, ბებერი რომ მიწოდა. ალბათ, შეამჩნევდით, რომ ამ ბებერმა ბევრ ახალგაზრდას აჯობა.
ზოგი ფიქრობს, რომ კარიერას აშშ-ში ან ახლო აღმოსავლეთში დავასრულებ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჯერ კიდევ სიამოვნებას მანიჭებს. ვაპირებ, რომ ამავე დონეზე თამაში გავაგრძელო. რომელ გუნდში? ამას არ გეტყვით. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ და თამაშის გაგრძელებასაც ვაპირებ.
მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 37 წლის ვიქნები. ზოგიერთს 42 წლის ასაკშიც უთამაშია მუნდიალზე. ასე რომ, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზეც შეიძლება, რომ ვითამაშო.

— გეშინიათ ბრაზილიის ნაკრების? (ჯგუფურ ეტაპზე კამერუნის ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა)
— არასდროს არ მეშინია. შიშის გრძნობა, რომ მქონოდა, ფეხბურთელი ვერ გავხდებოდი. მეტოქე უნდა დააფასო. 11 კაცი 11 კაცს დაუპირისპირდება. კი ბატონო, კამერუნი 1994 წელს ბრაზილიასთან დამარცხდა, მაგრამ მე იმ გუნდის წევრი ვიყავი, რომელმაც „სელესაოს“ კონფედერაციის თასზე მოუგო. 88-ე წუთზე დიდას დიდებული გოლიც გავუტანე. შემდეგ ბრაზილიელები ოლიმპიურ თამაშებზეც დავამარცხეთ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთი ზუსტი მეცნიერება არ არის.
რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მეშინია. ჩვენ ჩვენი შანსები გვექნება და ეს უნდა გამოვიყენოთ.

ბექა დოგრაშვილი

ზლატანს ბრაზილიაში ეპატიჟებიან

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ბრაზილიაში ეპატიჟებიან. ბრაზილიელებმა სპეციალური ვიდეო დაამზადეს, რომლის მეშვეობითაც ისინი შვედ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატზე დასწრებას სთხოვენ. გულშემატკივრებმა სპეციალური ჰეშთეგიც შექმნეს: #VEMIBRA შეგახსენებთ, რომ შვედეთის ნაკრები მუნდიალზე ვერ მოხვდა, თუმცა ბრაზილიელებს იმედი აქვთ, რომ ზლატანი მსოფლიოს ჩემპიონატს მაყურებლის რანგში მაინც დაესწრება. ვიდეოში იბრაჰიმოვიჩს ისეთი ფეხბურთელებიც მიმართავენ, როგორებიც არიან დანი ალვესი, რონალდო, ბებეტო, დენილსონი და სხვა.

მოგვიანებით იბრაჰიმოვიჩი ბრაზილიელებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა: „ბრაზილია! ვფიქრობ, დაგეგმილი არდადეგების შეცვლა მომიწევს“.

 

დეშამმა ახსნა, რატომ არ შეიყვანა ნასრი სამუნდიალო განაცხადში

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის 23-კაციანი განაცხადი წარადგინა, რომელშიც ვერ მოხვდა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი სამირ ნასრი. „მამალთა“ დამრიგებელმა მოგვიანებით ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

„ნასრი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ის არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც საფრანგეთის ნაკრებში სათამაშოდ არის საჭირო. მას არ მოსწონს, როცა ცვლიან და ამას ღიად გამოხატავს, რაც ნეგატიურად აისახება გუნდის ატმოსფეროზე. ჩვენ ფეხბურთელებს ვაფასებთ არამხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ პიროვნული თვისებებითაც. დამიჯერეთ, ეს განაცხადი სამ დღეში არ შემიდგენია“, – დეშამის სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ჰოლანდიის ნაკრების გაფართოებული სამუნდიალო განაცხადი

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გალმა გაფართოებული სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა.

მეკარეები: იასპერ სილესენი („აიაქსი“), მიშელ ვორმი („სუონსი“), იერუნ ზუტი („პსვ“), ტიმ კრული („ნიუკასლი“);
მცველები: დალეი ბლინდი, ჟოელ ველტმანი (ორივე „აიაქსი“), კარიმ რეკიკი („პსვ“), დარილ იანმატი, მარტინს ინდი, ტერენს კონგოლო, სტეფან დე ვრეი (ყველა „ფეინოორდი“), რონ ფლარი („ასტონ ვილა“), პატრიკ ვან ანჰოლტი („ჩელსი“), პოლ ვერჰაგი („აუგსბურგი“);
ნახევარმცველები: იორდი კლასი, ტონი ვილჰენი (ორივე „ფეინოორდი“), ჯონათან დე გუზმანი („სუონსი“), ლარუა ფერი („ნორვიჩი“), ნაიჯელ დე იონგი („მილანი“), კუინსი პრომესი („ტვენტე“), არიენ რობენი („ბაიერნი“), უესლი სნეიდერი („გალათასარაი“), რაფაელ ვან დერ ვარტი („ჰამბურგი“), გეორგინიო ვეინალდუმი („პსვ“);
თავდამსხმელები: ჟან-პოლ ბოეტიუსი („ფეინოორდი“), მემფის დეპაი („პსვ“), ჯერმეინ  ლენსი („დინამო“ კიევი), რობინ ვან პერსი („მანჩესტერ იუნაიტედი“), დირკ კიუიტი („ფენერბაჰჩე“), კლას-იან ჰუნტელარი („შალკე“).

ჰოლანდიელთა საბოლოო შემადგენლობა 2 ივნისამდე გაირკვევა.

 

ბელგიის ნაკრების გაფართოებული სამუნდიალო განაცხადი

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა გაფართოებული სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა.

სიაში 24 მოთამაშეა, საიდანაც ოთხი მეკარეა. საბოლოო განაცხადში სამი კიპერი უნდა იყოს. შესაბამისად, 2 ივნისამდე სიიდან ერთი მეკარე ამოვარდება და მივიღებთ ბელგიელთა საბოლოო სამუნდიალო განაცხადს.

მეკარეები: კურტუა („ატლეტიკო“), მინიოლე („ლივერპული“), კასტეელსი („ჰოფენჰაიმი“), პროტო („ანდერლეხტი“);
მცველები: ვანდენ ბორე („ანდერლეხტი“), კიმანი („სტანდარდი“), კომპანი („მანჩესტერ სიტი“), ვან ბუიტენი („ბაიერნი“), ვერმალენი („არსენალი“), ლომბერტსი („ზენიტი“), ვერტონგენი („ტოტენჰემი“), ალდერვეირელდი („ატლეტიკო“);
ნახევარმცველები: ვიტსელი („ზენიტი“), დეფური („პორტუ“), ფელაინი („მანჩესტერ იუნაიტედი“), დემბელე („ტოტენჰემი“), შადლი („ტოტენჰემი“), აზარი („ჩელსი“), იანუზაი („მანჩესტერ იუნაიტედი“), დე ბრიუინე („ვოლფსბურგი“);
თავდამსხმელები: ლუკაკუ („ევერტონი“), მერტენსი („ნაპოლი“), მირალასი („ევერტონი“), ორიგი („ლილი“).

 

აშშ-ის ნაკრების გაფართოებული სამუნდიალო განაცხადი

აშშ-ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა სამუნდიალო განაცხადის გაფართოებული ვერსია გამოაქვეყნა:

მეკარეები: გიუზანი („ასტონ ვილა“), ჰოვარდი („ევერტონი“), რიმანდო („სოლტ ლეიკი“);
მცველები: ბისლი („პუებლა“), ბესლერი („კანზას სიტი“), ბრუკსი („ჰერტა“), ქემერონი („სტოკ სიტი“), ჩანდლერი („ნიურბერგი“), ევანსი („სიეტლი“), გონსალესი („გალაქსი“), გუდსონი („სან-ხოსე“), ჯონსონი („ჰოფენჰაიმი“), პარკჰერსტი („კოლამბუსი“), იედლინი („სიეტლი“);
ნახევარმცველები: ბეკერმანი („სოლტ ლეიკი“), ბედოია („ნანტი“), ბრედლი („ტორონტო“), კორონა („ტიხუანა“), დეივისი („ჰიუსტონი“), დემპსი („სიეტლი“), დისკერუდი („რუსენბორგი“), დონოვანი („გალაქსი“), ედუ („ფილადელფია“), გრინი („ბაიერნი“ 2), ჯონსი („ბეშიქთაში“), ზუსი („კანზას სიტი“);
თავდამსხმელები: ალტიდორი („სანდერლენდი“), ბოიდი („რაპიდი“), იოჰანსონი („ალკმაარი“), ვონდოლოვსკი („სან-ხოსე“).

ამ 30 ფეხბურთელიდან საბოლოო სამუნდიალო განაცხადში 23 მოთამაშე დარჩება, რომელთა ვინაობაც, სავარაუდოდ, 2 ივნისს გახდება ცნობილი.

 

„სიმპსონების“ მიერ გაკრიტიკებული ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატი

2014 წლის 30 მარტს ტელეარხ „ფოქსზე“ ნაჩვენები იქნა მულტსერიალ „სიმპსონების“ 546-ე სერია, რომელიც ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს მიეძღვნა. შემქმნელებმა აღნიშნული ეპიზოდი შემდეგნაირად დაასათაურეს: „მსაჯივით არ უნდა იცხოვრო“.

სერიაში ღიად არის ტურნირი გაკრიტიკებული. კერძოდ, ანიმატორები ფიფაში არსებულ კორუფციაზე, სამხრეთ ამერიკის მაფიოზურ დაჯგუფებებსა და ფეხბურთელთა მხრიდან სიმულაციაზე ამახვილებენ ყურადღებას. მულტფილმის მთავარ გმირ ჰომერ სიმპსონს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის განსჯა მოუწევს. „მარაკანაზე“ გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებები ხვდებიან. ჰომერს მატჩამდე ერთ მილიონ დოლარს სთავაზობენ იმისთვის, რომ მან ბრაზილიის ნაკრებს გაამარჯვებინოს. სიმპსონების ოჯახის უფროსი შემოთავაზებას თანხმდება, თუმცა ოჯახის წევრებთან დიალოგის შემდეგ გადაწყვეტილებას ცვლის და მატჩს სამართლანად სჯის. მულტსერიაში ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც აშკარად ნეიმარის პროტოტიპია, მეტოქის საჯარიმო მოედანზე განზრახ წაიქცევა, მთელი სტადიონი პენალტის დანიშვნას ითხოვს, თუმცა ჰომერი თერთმეტმეტრიანს არ ნიშნავს. საბოლოოდ, გერმანიის ნაკრები ანგარიშით 2:0 იმარჯვებს, ჰომერს კი მატჩის შემდეგ მოკვლით ემუქრებიან. საბოლოო ჯამში, მას მეუღლე გადაარჩენს, რომელიც ამასობაში პორტუგალიური ენის სწავლას ცდილობს.

„სიმპსონების“ შემქმნელების მიერ დასმული ეს ტენდენციები მაშინვე მოექცა ფეხბურთის მოყვარულთა ინტერესის სფეროში და ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება, თუ ქართველი გულშემატკივარიც იხილავს ტელევიზიის ისტორიაში დღემდე ყველაზე ხანგრძლივი, წარმატებული და აქტუალური მულტსერიალის აღნიშნულ ეპიზოდს.

ამ სერიას აქვე გთავაზობთ.

 

ბექა დოგრაშვილი

იოახიმ ლიოვი: „არამგონია, მარიო გომესი მუნდიალისთვის მზად იყოს“

დღეს გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც „ფიორენტინას“ თავდამსხმელი მარიო გომესი ვერ მოხვდა.

„მსურს, რომ მარიო კარგ ფორმაში იყოს, თუმცა სექტემბრიდან მოედანზე მან დაახლოებით 280 წუთი გაატარა, ამიტომაც, არამგონია, იგი ტურნირისთვის მზად იყოს.

ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდა მეკარეები გვყავს, თუმცა, გადავწყვიტე, ორი გამოცდილი და ერთი პერსპექტიული გოლკიპერი წამეყვანა.

რატომ არ არის კრუზე? ფოლანდმა ბოლო წლებში მოუმატა და კრუზეს პოლონეთთან მატჩისთვის აღარ გამოვიძახეთ.

მოგვიანებით სამი ხედირაც შემოგვიერთდება. დურმი? მან ნაკრებში ადგილი დაიმსახურა.

მიროსლავ კლოზე დიდ ტურნირებზე ყოველთვის წარმატებულად თამაშობდა. ასე რომ, იგი ძალიან გამოგვადგება“, – განაცხადა „ბუნდესტიმის“ თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდუ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხ პირად მცველს ითხოვს, კოლუმბიელები – ბანანებს

რაც დრო გადის, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი მით უფრო გვიახლოვდება. ბრაზილიურმა გაზეთა Lance-მ კი საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ბრაზილიაში ჩასატარებელ მუნდიალზე მონაწილე გუნდების მოთხოვნებია თავმოყრილი.

ალჟირი: ნაკრების ყველა ფეხბურთელისა და ოფიციალური წარმომადგენლის ოთახში უნდა იდოს ყურანი.

ჩილეს: ყველა ოთახში ახლადშეძენილი საწოლი და ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი უნდა იყოს.

ეკვადორის: ყველა ოთახში ბანანებით სავსე კალათები უნდა იდოს.

კოლუმბია: კოლუბმბიელებმა “სან პაულუს” ხელმძღვანებლობას თხოვეს, რომ კლუბის თხუტმეტ ახალგაზრდა ფეხბურთელს ნაკრების ვარჯიშში მონაწილეობა მიეღო.

ურუგვაი: ურუგვაელები ითხოვენ, რომ ყველა ოთახში იყოს ისეთი კონდიციონერი, რომელსაც ხმა არ ექნება.

საფრანგეთი: ფრანგები ყველა სააბაზანო ოთახში თხევად საპონს ითხოვენ, ისინი სხვა სახის საპონს არ გამოიყენებენ.

ჰონდურასი: ჰონდურასელები ექვს ესპანურ და ორ ჰონდურასულ სატელევიზიო არხს ითხოვენ.

იაპონია: იაპონელები ყველა ოთახში ჯაკუზის ითხოვენ.

ავსტრალია: ავსტრალიელები მსოფლიოს ყველა კუთხიდან გაზეთებს ითხოვენ.

შვეიცარია: ორი მთავარი მოთხოვნა – სწრაფი ინტერნეტი და შვეიცარიული სატელევიზიო არხები.

პორტუგალია: პორტუგალიელებს ექვსი ადამიანი დაიცავს, აქედან ოთხი კი კრიშტიანო რონალდუს.

მუნდიალის თასი მსოფლიოს უკლებლივ ყველა ნაკრებს

სათაურიდან გამომდინარე, არ გეგონოთ, რომ საქართველის ნაკრებს ვინმე მსოფლიოს ჩემპიონატის თასს ჩუქნიდეს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ სანამ მსოფლიოს ჩემპიონატის რეალური თასი პლანეტის გარეშე მოგზაურობს, ჩინეთის ხელისუფლებამ გასაყიდად გამზადებული მუნდიალის ათასობით ყალბი თასის კონფისკაცია მოახდინა. ჩინეთის საბაჟოს ოფიცრებმა ლიბიაში გასაყიდად გაგზავნილი 1020 ოქროს ყალბი თასი აღმოაჩინეს. მანამდე კი, ქალაქ სიამინში 1008 ყალბი თასის კონფისკაცია მოახდინეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნამდვილი თასი 18-კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული და მალაქიტის მწვანე ფერის ორი ზოლით ბოლოვდება.  ნამდვილ და ჩინეთში აღმოჩენილ ყალბ თასებს შორის შეუარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა განსხვავების შემჩნევა: ყალბ თასებს შედარებით  ღია ფერი დაკრავდა.

სხვათა შორის, ბრაზილიის ნაკრების მუდმივ საკუთრებაში არსებული ჟიულ რიმეს თასიც არ გეგონოთ ნამდვილი. 1970 წელს ბრაზილიის ნაკრები მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და წესის მიხედვით, თასის მუდმივ საკუთრებაში ქონის უფლება მიიღო. 1983 წლის 19 დეკემბერს, რიო დე ჟანეიროშო მდებარე ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფისიდან ჟიულ რიმეს თასი მოიპარეს. ტიტული სპეციალურად დამზადებულ ფოლადის კარადაში იყო შენახული, რომელსაც ტყვიაგაუმტარი მინა იცავდა. მინა 2 სანტიმეტრის სისქის ხის ჩარჩოში იყო ჩასმული, რითაც მძარცველებმა ისარგებლეს და თასის მოპარვა მოახერხეს. ჟიულ რიმეს ტიტული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. შესაძლოა, ის გადაადნეს კიდეც. საბოლოო ჯამში, ოთხი ადამიანი დაუსწრებლად სცნეს დამნაშავედ. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ 1,8 კგ. ოქროსგან კომპანია „ისთმენ კოდაკს“ თასის ასლი დაამზადებინა. ტიტულის ასლი პირველად ბრაზილიის პრეზიდენტმა 1984 წელს წარმოადგინა.

ჩინეთში გაწაფულები არიან საავტორო უფლებების დარღვევით ნივთების დამზადებაში. ცოტა ხნის წინათ, სიამინის საბაჟოს ოფიცრებმა ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის 21 648 ცალი მაისური ამოიღეს, რომელთაც „ნაიკის“ ფირმის ორიგინალი ფორმებისგან პრაქტიკულად ვერც განასხვავებდით.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

ტევესი: „მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ყურებას არ ვაპირებ, ოჯახთან ერთად „დისნეიუორლდს“ მოვინახულებ“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ყურებას არ აპირებს.

„არამგონია, რომ არგენტინის ნაკრების მატჩებს ტელევიზორში ვუყურო. უკვე ვიყიდე „დისნეიუორლდის“ ბილეთები, რომელსაც ცოლთან და ბავშვებთან ერთად მოვინახულებ.

მათ ამას დიდიხანი ვპირდები. ჩემს გუნდთან ერთად სკუდეტოსა და ევროპის ლიგის მოგება მსურს, რის შემდეგაც დასვენებაზე უარს არ ვიტყოდი.

არ მწყინს, რომ მუნდიალზე არ ვიქნები. როდესაც ეს გავიგე, ბევრი ადამიანი მხარდაჭერას მიცხადებდა

საბველია თავის ახალ პროექტში დარწმუნებულია, მან შემადგენლობა უკვე აირჩია“, – განაცხადა ტევესმა.

ალექსანდრე მატევოსოვი