ამერიკელთა ორ მესამედს მსოფლიოს ჩემპიონატი არ აინტერესებს

ამერიკის შეერთებული შტატების მაცხოვრებელთა უმეტესობას მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი ნაკრების გამოსვლა დიდად არ აინტერესებთ. „როიტერ/იპსოსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ყოველი სამი ამერიკელიდან მხოლოდ ერთი აპირებს მუნდიალზე საკუთარი ნაკრების მატჩებისთვის თვალყურის მიდევნებას, გამოკითხულთა მხოლოდ 7 პროცენტი გეგმავს მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრების ცქერას.

გამოკითხულთა 86 პროცენტს საფეხბურთო მუნდიალის შესახებ ან არაფერი, ან ძალიან ცოტა რამ სმენია. გარდა ამისა, გამოკითხულთა ორ მესამედზე მეტმა ისიც არ იცოდა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილია მასპინძლობს.

გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის ესპანურენოვან მაცხოვრებელთა დაახლოებით 30 პროცენტი აპირებს მუნდიალისთვის თვალყურის მიდევნებას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 58 დღე დარჩა.

იხილეთ: 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

პელე: „ნეიმარი მუდმივად ჯარიმის გამომუშავებაზე ფიქრობს“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ „ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის, ნეიმარის სათამაშო სტილის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, ნეიმარი მუდმივად იმაზე ფიქრობს, როგორ გამოიმუშავოს ჯარიმა. მას მსგავსი პრობლემა ჰქონდა „სანტოსშიც“, თუმც ამ მხრივ მნიშვნელოვნად განვითარდა, რადგან ევროპაში ყველაფერი განსხვავებულადაა. ევროპაში ფეხბურთის თამაში უფრო რთულია, რადგან ფიზიკურ მხარეს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ. ეს მისთვის გამოცდილების დაგროვების და შემდგომი განვითარების კარგი საშუალება იქნება“, – ციტირებს პელეს სიტყვებს Goal.com-ი.

— რას უნდა ველოდოთ ნეიმარისგან დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე?
— მსოფლიოს ჩემპიონატი ტურნირია და არა – ერთი კონკრეტული მატჩი. მისგან მოელიდან, რომ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გახდება, თუმცა ამან შეიძლება ნეიმარს ცუდი სამსახური გაუწიოს.

ბექა დოგრაშვილი

სად ჩატარდება 2022 წლის მუნდიალის გახსნითი და ფინალური მატჩები

როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში გაიმართება. ტურნირის გახსნითი და ფინალური მატჩები ქალაქ ლუსაილში ჩატარდება, რომლის მშენებლობაც 2006 წელს დაიწყო. მშენებლობის დასასრულს ქალაქის მაცხოვრებელთა რაოდენობა 455 000 ადამიანს უნდა აღწევდეს, ფართობის კი – 35 კვადრატულ კილომეტრს.

სწორედ ლუსაილის მთავარ სტადიონზე შედგება 2022 წლის მუნდიალის პირველი და ბოლო მატჩები. სხვა სტადიონების მსგავსად, ლუსაილის არენაც ეკოლოგიური იქნება: მზის ენერგეტიკის მეშვეობით გაგრილდება, ექნება ნახშირბადის ნულოვანი გამონაბოლქვი. სტადიონის ტევადობა 86 250 იქნება.

 

მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლის დაფიქსირების ტექნოლოგიას გამოიყენებენ (ვიდეო)

ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლის დაფიქსირების სპეციალურ ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რის შესახებაც „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს.

ამჟამად საჭირო ტექნოლოგიას ბრაზილიის 12 სტადიონზე ამონტაჟებენ.

როგორც ცნობილია, 14 კამერა მინდორისა და სტადიონის პერიმეტზე დამონტაჟდება. გარდა ამისა, 7 კამერა თავის ფუნქციას კართან შეასრულებს. იმ შემთხვევაში, თუ ბურთი კარის ხაზს გადაკვეთს, წამის განმავლობაში შეხვედრის მთავარი არბიტრი და მისი სამი ასისტენტი საათზე სპეციალურ შეტყობინებას მიიღებენ.

გამოცენის ცნობით, გოლის დაფიქსირების მსგავსი სისტემა კონფედერაციის თასზე გამოიყენეს.

როგორი ფორმებით ითამაშებენ ინგლისელები მსოფლიოს ჩემპიონატზე

უკვე გაირკვა, თუ როგორი მაისურებით ითამაშებს ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე.

10 საუკეთესო მაისური მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, 10 საუკეთესო ფორმა გამოაქვყენა.

10. დასავლეთ გერმანია – 1974

9. ზაირი – 1974

8. ჰოლანდია – 1978

7. საფრანგეთი – 1986

6. საბჭოთა კავშირი – 1966

5. არგენტინა – 1986

4. ინგლისი – 1982

3. დასავლეთ გერმანია – 1990

2. ბრაზილია – 1970

1. ინგლისი – 1966

“პუმას” მაისურები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე

გთავაზობთ ცნობილი ბრენდის “პუმას” მაისურებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე.

კამერუნი

ჩილე

კოტდიუვარი

ურუგვაი

იტალია

შვეიცარია

ალჟირი

განა

ვან გალი: „ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის აუტსაიდერია“

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გალმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოლოდინების შესახებ ისაუბრა.

„ფიფას სარეიტინგო სიაში მერვე თუ მეათე პოზიციაზე ვიყავით. ჩვენ არ ვართ მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები. ფავორიტებად ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს ვთვლი.

ევროპიდან ტიტულისთვის იბრძოლებენ ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებები. ჰოლანდია მსოფლიოს ჩემპიონატის აუტსაიდერია, თუმცა გუნდი უპერსპექტივოდ არ გამოიყურება. ანალოგიურს ვიტყოდი საფრანგეთის ნაკრებზე“, – ვან გალის სიტყვები „დე ტელეგრაფმა“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჰოლანდია ესპანეთის, ავსტრალიისა და ჩილეს ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი

საქართველო მსოფლიო თასზე

საქართველოს ნაკრებმა, რომლის ეროვნულ დროშაზე თეთრ ფონზე წითლად წმინდა გიორგის ჯვარია გამოსახული ინგლისში, მსოფლიო თასზე, თავი როგორც საკუთარ სახლში ისე უნდა იგრძნოს. რაგბიზე უზომოდ შეყვარებულ ამ ერს არც იდენტობა აკლია სარაგბო სამყაროში და ამ ოჯახისათვის იგი უცხო ნამდვილად არ არის.

ამ ბოლო დროს, საქართველო აღმოსავლეთ ევროპული რაგბის მძლავრს ლოკომოტივად იქცა და მათთვის გაისად გასამართი ტურნირი ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასი იქნება. ბოლო დროინდელი გამოცდილება გვანახებს, რომ ისინი სათანადოთ უნდა დააფასოს ნებისმიერმა მოწინააღმდეგემ. მსოფლიო თასზე პირველად 2003 წელს გამოჩენის შემდეგ, მათი „უხეში“ და მძლავრი შერკინება მოწინავე სარაგბო ქვეყნების გუნდებს, როგორებიცაა სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, შოტლანდია და ირლანდია, ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის.

ავსტრალიაში ჩატარებულ მსოფლიო თასზე საგზურის მოპოვება, რომელიც ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მოხდა, ყოფილი საბჭოთა ქვეყნისათვის დიდი რამ იყო. მათი სიმამამაცე და საქვეყნოდ ცნობილი თავდადება, საბჭოთა რეჟიმის დანგრევის შემდეგ უქმედ მდგარი ტრაქტორების შერკინების მანქანებად გამოყენებაში გამოიხატებოდა. ბორჯღალოსნებმა თავიანთი პირველი მსოფლიო თასის საგზური თბილისში, ეროვნულ სტადიონზე შეკრებილი 45.000 ქომაგისა და მილიონ-ნახევარი ტელემაყურებლის წინაშე მოიპოვეს, როდესაც პლეი-ოფში რუსეთის დამარცხებით 2003 წლის მსოფლიო თასზე მეოთხე ევროპულ გუნდათ გავიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი C ჯგუფში იმდროინდელ ფავორიტ და მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონ ინგლისთან, 1995 წლის მსოფლიო თასის მფლობელ სამხრეთ აფრიკასთან, სამოსთან და ურუგვაისთან მოხვდნენ, მათ ურიგო დებიუტი არ ქონიათ ავსტრალიაში.

ბორჯღალოსნების სადებიუტო მსოფლიო თასის კამპანია ინგლისთან ჯახით დაიწყო. მათი შერკინება ნამდვილად უტოლდებოდა მოწინააღმდეგისას და ასეთი თამაშით მათ ნამდვილად ადგილობრივ ქომაგთა გული მოინადირეს. 8 წუთის გავლის შემდეგ ანგარიში 3-3 იყო, მაგრამ ინგლისის კლასმა და უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ მალევე თავი იჩინა და მატჩი 84-6 დასრულდა. შემდეგ მატჩში სამოას წინააღმდეგ მგეზავმა პალიკო ჯიმშელაძემ საქართველოს 9 ქულა მოუტანა ორი ჯარიმითა და ერთი არეკნით – მატჩი 46-9 დასრულდა.

სამხრეთ აფრიკამ დამაჯერებლად 46-19 მოუგო საქართველოს, მაგრამ ინგლისისა და სამოას მსგავსად, სპრინგბოქსს დიდი დრო დასჭირდათ გაცეცხლებული ქართული წინააღმდეგობის გასატეხად.

ერთ მომენტში საქართველოსა და მათზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეს შორის ანგარიშში სხვაობა ორ ქულას წარმოადგენდა, როდესაც ამოვარდნილი მხრისგან გამოწვეული ტკივილის მიუხედავად, კვაჭმა დავით დადუნაშვილმა საქართველოს ნაკრებისათვის მსოფლიო თასის ისტორიაში პირველი ლელო დაამიწა. საფინალო სასტვენის შემდეგ ტრიბუნები ქართველების მისამართით ფეხზე დგომით გამოხატავდნენ ოვაციებს. თავის მხრივ მოთამაშეებმა ადგილობრივებს დაუფასეს გულშემატკივრობა და ისე ზეიმობდნენ თითქოს ვებ ელისის თასი მოეგოთ. თუმცა პირველი მსოფლიო თასის უკანასკნელ ჯგუფურ შეხვედრაში ქართველებს ხელი მოეცარათ – ისინი ურუგვაისთან 24-12 დამარცხდნენ და C ჯგუფის ხის კოვზიც მოიპოვეს.

2007 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე ქართველები პორტუგალიელებთან გამართული დრამატული პლეი-ოფის გავლით მოხვდნენ. კენჭისყრის შედეგად, საქართველო კვლავ რთულ, D ჯგუფში მასპინძელ საფრანგეთთან, არგენტინასთან (რომელმაც ბრინჯაო მოპიპოვა), ირლანდიასთან და ნამიბიასთან ერთად აღმოჩნდა.

მსოფლიო თასზე პირველად – მათ რიგებში უკვე ყავდათ ფრანგულ მონპელიეში მოასპარეზე, ბევრისათვის შიშის მომღვრელი მესამეხაზელი მამუკა გორგოძე. ‘გორგოძილამ’ ბორჯღალოსანთა სასტარტო შემადგენლობაში სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მალევე მსოფლიო დონის ვარსკვლავის სახელი მოიხვეჭა.

მისი დებიუტი ლიონში შედგა, სადაც ბორჯღალოსნებმა პუმებს პირველ ტაიმში ლელო არ დაადებინეს – არ დაგავიწყდეთ, რომ არგენტინამ ოთხი დღით ადრე შოკის მომგვრელი მარცხი აწვნიეს მასპინძელ საფრანგეთს მსოფლიო თასის გახსნით შეხვედრაში. მეორე ნახევარში კი, პუმებმა ქართველთა დაცვის ხაზი ოთხჯერ გაჭრეს.

ბორდოს გავსებული სტადიონი სარაგბო ისტორიაში კინაღამ ყველაზე დიდი შოკის მომსწრე გახდა, როდესაც სათამაშო დროის დასრულებამდე წოტაოდენი დროით ადრე, საქართველო ირლანდიას 10-7 უგებდა. მართალია დემპსის 55-ე წუთზე დადებულმა ლელომ ცოტა ამოასუნთქა ირლანდიელები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ბოლოს გაირკვა – ვიდეო არბიტრის გადაწყვეტილებამ ირლანდია გადაარჩინა მარცხს.

ამ მატჩის შემდეგ, ქართველები ჩრდილეოთში, ლიონში გაემგზავრნენ, სადაც ნამიბიას შეხვდნენ. აქვსენტი გიორგაძის, ირაკლი მაჩხანელისა და დავით კაჭარავას ლელოებით და მერაბ კვირიკაშვილის 15 ქულით, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე პირველ გამარჯვებას მიაღწია – 30-0. ჯგუფის უკანასკნელ მატჩში კი ქართველებმა მასპინძლებთან 64-7 დათმეს შეხვედრა.

გორგოძის წინამღოლობით, ქართველთა შერკინებამ ბრწყინვალედ მოახდინა ფრანგული ტოპ 14-ის გამოცდილების დემონსტრირება ახალ ზელანდიაში 2011 წლის მსოფლიო თასზე. თუმცა წვიმიანი ამინდის გამო, მათ თავიანთი სრული კლასის ჩვენება გაუჭირდათ გახსნით შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ინვირქარგილში. 15-6 წაგება ნაწილობრივ გულდასაწყვეტი იყო ბორჯღალოსნების შოტლანდიელი მწვრთნელისათვის, რიჩი დიქსონისათვის, რომელიც წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშისა და მწვრთნელობის შემდეგ, 2 წლით ადრე წამოვიდა შოტლანდიის რაგბის კავშირიდან და საქართველოს მწვრთნელობას შეუდგა.

B ჯგუფის დანარჩენ შეხვედრებში საქართველომ ინგლისთან (41-10) და არგენტინასთან (25-7) დათმო შეხვედრები. თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ არგენტინა 5-7 აგებდა ქართველებთან. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა ევროპის ერთა თასის გათამაშებაში თავიანთი მუდმივი მეტოქე, რუმინეთის ნაკრები 25-9 დაამარხცეს.

Rugby.Ge

დეშამი: „საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ამბიციური უნდა იყოს“

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცადა, რომ მისი გუნდი ეცდება, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს. ფრანგი სპეციალისტის თქმით, „მამლებმა“ 2010 წელს გამართულ მუნდიალზე განცდილი წარუმატებლობა უნდა დაივიწყონ.

„საფრანგეთის ნაკრები ამბიციური უნდა იყოს. ბრაზილიაში მივდივართ სურვილით, რომ ტურნირზე მაქსიმალურად მაღალი შედეგი ვაჩვენოთ. მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის იმას, რაც 2010 წელს მოხდა. ეს ისტორიად დარჩება, მაგრამ არ უნდა გავიხსენოთ. მთავარი ისაა, რაც წინ გველის: მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ჩვენს კედლებში გაიმართება. გულშემატკივრები მხარს გვიჭერენ. პრესაში ყველაფერი შეიძლება დაიწეროს, თუმცა მე ჩემი ფეხბურთელების მჯერა“, – დეშამის სიტყვები ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთთან ერთად Е ჯგუფში შვეიცარიის, ეკვადორისა და ჰონდურასის ნაკრებები მოხვდნენ.

ბექა დოგრაშვილი

სუარესი: „უოლკოტისა და ფალკაოს შემთხვევებმა შემაშფოთა“

„ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი გამოტყდა, რომ თეო უოლკოტისა და რადამელ ფალკაოს მძიმე ტრავმებმა შეაშფოთა. სავარაუდოდ, უოლკოტსა და ფალკაოს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევთ. აღნიშნულის მიუხედავად, მერსიაიდული გუნდის ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ მუნდიალის გამო ენერგიის დაზოგვასა და ფრთხილად თამაშს არ აპირებს.

„უოლკოტისა და ფალკაოს ტრავმებმა შემაშფოთა. ამ ფაქტებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, ბევრი დაფრთხა კიდეც, თუმცა მე კლუბისთვის ძალებს არ დავზოგავ. ცუდზე ფიქრი არ შეიძლება. თითოეული მსოფლიოს ჩემპიონატი უნიკალური შანსია. ყველას სურს ამ ტურნირზე თამაში, თუმცა მე ინგლისის ჩემპიონატზე ფიქრი მირჩევნია. მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთვები მუნდიალზე“, – სუარესის სიტყვებს A Bola ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატის მისაღებად მზად არ არის?

დაახლოებით ხუთ თვეში ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს სტარტს, თუმცა სამხრეთ ამერიკიდან საგანგაშო ცნობები ვრცელდება. 2013 წლის ბოლოს ქვეყანას ტურნირის მასპინძელი ყველა სტადიონი უნდა ჩაებარებინა, თუმცა ამ დროისთვის სამუშაოები არენათა საერთო რაოდენობის მხოლოდ ნახევარზეა დასრულებული.

შექმნილი მდგომარეობის გამო, ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ტურნირის მასპინძელი მხარის გაკრიტიკებას არ მოერიდა.

„ბრაზილია ახლაღა მიხვდა, რა არის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზება. იმ დროიდან მოყოლებული, რაც მე მსოფლიოს ფეხბურთის მმართველ ორგანოს ვხელმძღვანელობ, ფიფა საქმის ასეთი გაჯანჯლების წინაშე არასდროს დამდგარა. მათ მუშაობა გაცილებით გვიან დაიწყეს. არადა, ბრაზილია ფეხბურთის ისტორიაში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ტურნირის მოსამზადებლად მთელი შვიდი წელიწადი მიეცა“, – შვეიცარიული გამოცემა „24 საათისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სწორედ ამ სიტყვებით გააკრიტიკა ფიფას პრეზიდენტმა ტურნირის ორგანიზატორები.

გარდა ამისა, ზეპ ბლატერმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ ბრაზილიის უკმაყოფილო მოსახლეობის პროტესტმა კვლავ მოიცვას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქები, როგორც ეს 2013 წელს გამართული კონფედერაციის თასის გათამაშების მიმდინარეობის დროს მოხდა.

„ახალი დემონსტრაციებისა და საპროტესტო აქციების მოლოდინში ვართ, მაგრამ მე ამაზე არ ვნერვიულობ. მჯერა, რომ ბრაზილიელები ფეხბურთს თავდასხმის სამიზნედ არ აირჩევენ. ფეხბურთი მათთვის რელიგიაა“, – აღნიშნა ფიფას პრეზიდენტმა.

ბექა დოგრაშვილი