მარადონა: „არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდება“

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას აზრით, მისი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება.

„ჩვენ 1986 წლის შედეგს გავიმეორებთ და ჩემპიონატს მოვიგებთ. ბრაზილია უნდა დავამარცხოთ, რომლის ნაკრები უბრალოდ საშინელია. გერმანიასა და ჰოლანდიას კარგი გუნდი ჰყავს, ესპანეთის თამაში კი უკვე მოსაბეზრებელი გახდა. დელ ბოსკეს გუნდი ბურთს აკონტროლებს, თუმცა თამაშს ვერ ამწვავებს“, – განაცხადა მარადონამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

დელ ბოსკე: „ჰოლანდიასთან სერიოზული ბრძოლა გველის“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შდეგების თაობაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ „ფურია როხას“ ჯგუში ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებები მოხვდნენ.
„ჯერ კიდევ კენჭისყრამდე, ვამბობდი, რომ ჰოლანდიის ნაკრებთან ერთ ჯგუფში მოვხვდებოდით. ყველაფერი ასეც მოხდა. ბოლო დროს ეს ნაკრები ცოტა შეიცვალა. თუმცა, მას რობენი, ვან პერსი, ვან დერ ვაარტი და სნეიდერი კვლავ ეყოლება. ასე რომ, წინ ურთულესი მატჩი გველის“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.
ალექსანდრე მატევოსოვი

2014 წლის მუნდიალი – ქვეჯგუფები ოფიციალურად დაკომპლექტდა

დასრულდა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა. 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა, თუმცა წილისყრის პროცესის დაწყებამდე ვნახეთ რამდენიმე ვიდეორგოლი, მოვუსმინეთ მუსიკალურ კომპოზიციებსაც.

თავდაპირველად სცენა ორმა პრეზიდენტმა დაიკავა – დილმა რუსეფმა – ბრაზილიის პირველმა პირმა და ზეპ ბლატერმა – ფიფას ხელმძღვანელმა. ჯერ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ნელსონ მანდელას ხსოვნას, შემდეგ კი, მეტად ემოციურ ფორმებში ისაუბრეს დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ. „ფეხბურთი გულშემატკივართა თამაშია“, – ალბათ, ეს გახლდათ მათი გამოსვლის მთავარი სათქმელი.

შემდეგ სცენაზე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე მუნდიალის ტიტულით ხელში გამოვიდა – ესეც ერთგვარი რიტუალი თასის გადაცემისა.

ტურნირის ოფიციალური ბურთი „ბრაზუკა“ რონალდომ წარადგინა, ოფიციალური თილისმა „ფულეკო“ კი – ბებეტო და მარტამ.

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა სიტყვით ისიც გამოვიდა.

წილისყრის დაწყებამდე მეოთხე კალათიდან შემთხვევითი წესით იტალიის ნაკრებმა მეორე კალათაში გადაინაცვლა. შესაბამისად, კალათებში გუნდების რაოდენობა გათანაბრდა და როგორც იქნა, წილისყრისთვის ყველაფერი გამზადდა. საბოლოო ჯამში, ნაკრებები ასე გადანაწილდნენ:

 ჯგუფი A
 1.  ბრაზილია  
 2.  ხორვატია  
 3.  მექსიკა  
 4.  კამერუნი  

 

 ჯგუფი B
 1.  ესპანეთი  
 2.  ჰოლანდია  
 3.  ჩილე  
 4.  ავსტრალია  
 ჯგუფი C
 1.  კოლუმბია  
 2.  საბერძნეთი  
 3.  კოტ დივუარი  
 4.  იაპონია  
 ჯგუფი D
 1.  ურუგვაი  
 2.  კოსტა რიკა  
 3.  ინგლისი  
 4.  იტალია  
 ჯგუფი E
 1.  შვეიცარია  
 2.  ეკვადორი  
 3.  საფრანგეთი  
 4.  ჰონდურასი  
 ჯგუფი F
 1.  არგენტინა  
 2.  ბოსნია-ჰერცეგოვინა  
 3.  ირანი  
 4.  ნიგერია  
 ჯგუფი G
 1.  გერმანია  
 2.  პორტუგალია  
 3.  განა  
 4.  აშშ  
 ჯგუფი H
 1.  ბელგია  
 2.  ალჟირი  
 3.  რუსეთი  
 4.  კორეა  

 ბექა დოგრაშვილი

მუნდიალის მატჩების მიმდინარეობისას გუნდებს ორი წუთით დასვენების უფლება მიეცათ

გუშინ ფიფა-ს ხელმძღვანელები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარ მწვრთნელებს შეხვდნენ და იტალიის ნაკრების თავკაცის ჩეზარე პრანდელის იდეა განიხილეს.

„სკუადრა აძურას“ დამრიგებელს სურდა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო მმართველ ორგანოს მუნდიალის მატჩების დროს გუნდებისათვის ორი წუთით დასვენების უფლება მიეცა, რისი მიზეზიც გაუსაძლისი კლიმატური პირობებია.

აღნიშნულ შეხვედრაზე ფიფა-მ იტალიელი სპეციალისტის ამ იდეას გადახედა და საბოლოო ჯამში, დააკმაყოფილა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში ჩასატარებელი პლანეტის პირველობის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს გაიმართება.

ალექსანდრე მატევოსოვი

2014 წლის მუნდიალი – კალათების ოფიციალური შემადგენლობა

ფიფამ ოფიციალურად გაამხილა კალათების შემადგენლობა, რითაც მოხდება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის განსაზღვრა.

კალათა I: არგენტინა, ბრაზილია, ბელგია, კოლუმბია, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, ურუგვაი;

კალათა II: ალჟირი, კამერუნი, ჩილე, კოტ დივუარი, ეკვადორი, განა, ნიგერია;

კალათა III: ავსტრალია, კოსტა რიკა , ჰონდურასი, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, მექსიკა, ამერიკის შეერთებული შტატები;

კალათა IV: ბოსნია/ჰერცეგოვინა, ხორვატია, ინგლისი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუსეთი.

როგორც ხედავთ, მეორე კალათაში 7 გუნდია, მეოთხეში კი – 9. წილისყრის დაწყებამდე მეოთხე კალათიდან შემთხვევითი წესით ერთი გუნდი მეორე კალათაში გადაინაცვლებს. შესაბამისად, 32 გუნდი ოთხ კალათაში თანაბრად გადანაწილდება, რის შემდეგაც ნაკრებები A, B, C, D, E, F, G და H ჯგუფებში განითესებიან.

წილისყრა 6 დეკემბერს გაიმართება.

 

ისტორიული ფაქტი – მოედანზე შესრულებული სარეკლამო ხრიკი პელეს მონაწილეობით

დღეს რუბრიკაში „ისტორიული ფაქტი“ წარმოგიდგენთ 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარ შემთხვევას, რომელიც ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელესა და ერთ-ერთ სპორტულ ფირმას შეეხება.

იმ პერიოდში ორი გერმანული სპორტული ფირმის – „ადიდასისა“ და „პუმას“ შორის გაჩაღებული კონკურენცია პიკს აღწევდა. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კომპანიებმა ე.წ. „პელეს პაქტიც“ კი გააფორმეს, რაც გულისხმობდა იმას, რომ ამ ლეგენდარულ ფეხბურთელს სარეკლამო კამპანიებში არ გამოიყენებდნენ, თუმცა ცდუნება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ…

„პუმა“ პელეს დაუკავშირდა და ერთგვარ სარეკლამო ხრიკში მონაწილეობა შესთავაზა. სპორტულმა ფირმამ ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს 120 ათასი დოლარი იმისთვის გადაუხადა, რომ მას 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე შეეკრა ბუცების თასმები. ბუნებრივია, ტელეტრანსლაციის დროს ეს პროცესი ახლო კადრით აჩვენეს და კარგად გამოჩნდა, თუ რომელი ფირმის ბუცი ეცვა პელეს. ეს „პუმას“ Formstripe-ი გახლდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი „პელეს პაქტის“ შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

ასეთი რეკლამა ბევრად უფრო იაფი და ეფექტური დაჯდა, ვიდრე მოედნის გარშემო სარეკლამო აბრების მოწყობა. შემდგომში ამ ხრიკს გერმანული კომპანიის წარმატების ერთ-ერთ ფაქტორად მოიაზრებდნენ.

 

2014 წლის მუნდიალი – კალათების სავარაუდო შემადგენლობა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე 32 ნაკრებიდან 31-ის ვინაობა ცნობილია. Fanebi.Com-ი წარმოგიდგენთ კალათების შემადგენლობას, რითაც მოხდება წილისყრის განსაზღვრა. მართალია, ეს ჯერ არაოფიციალურია, თუმცა დიდი ალბათობით სწორედ ასე გადანაწილდებიან გუნდები კალათებში.

ბრაზილიის მუნდიალის მონაწილე ნაკრებთა ვინაობა სრულად თბილისის დროით ხვალინდელი დღის დილის 05:00 საათზე გახდება ცნობილი, როდესაც ურუგვაისა და იორდანიის ნაკრებთა შორის მატჩი დასრულდება. პირველი შეხვედრა სამხრეთ ამერიკელებმა დიდი უპირატესობით, ანგარიშით 5:0 მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ფაქტობრივად გაინაღდეს.

ტრადიციულად, 32 გუნდი ოთხ კალათაში გადანაწილდება. პირველ კალათაში მოხვდება ტურნირის მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები და ფიფას ოქტომბრის თვის რეიტინგით 7 საუკეთესო გუნდი. ესენია: 1) ესპანეთი, 2) გერმანია, 3) არგენტინა, 4) კოლუმბია, 5) ბელგია, 6) ურუგვაი*, 7) შვეიცარია.

რა პრინციპით შეივსება მეორე კალათა, ეს ფიფას ჯერჯერობით არ განუცხადებია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გუნდები როგორც წინა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ახლაც გეოგრაფიული პრინციპით დალაგდებიან.

მე-2 კალათაში უნდა მოხვდნენ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაკრებები, მე-3 კალათაში – აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ნაკრებები, მე-4 კალათაში კი – ევროპის ნაკრები გუნდები.

თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე იმ ევროპულ ნაკრებთა რაოდენობა, რომლებიც ფიფას რეიტინგის ტოპ-შვიდეულში არ შედიან, 9 არის და არა – 8. ამიტომ, ყველაზე ცუდი რეიტინგის მქონე ევროპული ნაკრები მე-3 კალათაში გადაინაცვლებს, ასეთი გუნდი კი საფრანგეთი გახლავთ. „მამლები“ ვერ მოხვდებიან ჯგუფში სხვა ევროპულ ნაკრებთან ერთად. აქედან გამომდინარე, პირველი კალათიდან შესაძლებელია საფრანგეთის მეტოქედ მოგვევლინოს არგენტინის, კოლუმბიის, ურუგვაის ან ბრაზილიის ნაკრებებიდან ერთ-ერთი.

გთავაზობთ კალათების არაოფიციალურ შემადგენლობას:

 კალათა I (ფიფას რეიტინგის ტოპ-შვიდეული)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 ბრაზილია (მასპინძელი) 11
 ესპანეთი 1
 გერმანია 2
 არგენტინა 3
 კოლუმბია 4
 ბელგია 5
 ურუგვაი* 6
 შვეიცარია 7
 კალათა II (აზია+ჩრდ. ამერიკა)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 აშშ 13
 მექსიკა 24
 კოსტა-რიკა 31
 ჰონდურასი 34
 იაპონია 44
 ირანი 49
 სამხრეთ კორეა 56
 ავსტრალია 57
 კალათა III (სამხ. ამერიკა+1 ევროპული ნაკრები)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 ჩილე 12
 კოტ-დივუარი 17
 ეკვადორი 22
 განა 23
 ალჟირი 32
 ნიგერია 33
 კამერუნი 59
 საფრანგეთი 21
 კალათა IV (ევროპა)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 ჰოლანდია 8
 იტალია 9
 ინგლისი 10
 პორტუგალია 14
 საბერძნეთი 15
 ბოსნია/ჰერცეგოვინა 16
 ხორვატია 18
 რუსეთი 19

* ურუგვაის ნაკრებს ჯერ არ გაუნაღდებია მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა 6 დეკემბერს შედგება.

ბექა  დოგრაშვილი

რამდენი ნაკრები ითამაშებს 2018 წლის მუნდიალზე?

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი მიშელ პლატინი საფეხბურთო საზოგადოებას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდთა რაოდენობის 32-დან 40-მდე გაზრდას სთავაზობს.

უეფას პრეზიდენტის მოულოდნელი შემოთავაზება, ალბათ, ფიფას ხელმძღვანელის, იოზეპ ბლატერის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც მსოფლიო პირველობაზე აფრიკისა და აზიის წარმომადგენელთა გაზრდა ევროპის კვოტის შემცირებით არ გამორიცხა.

„ბატონ ბლატერს სრულიად ვეთანხმები. ტურნირში უფრო მეტი აფრიკული და აზიური ნაკრები უნდა მონაწილეობდეს, თუმცა ევროპული ნაკრებების რაოდენობის შემცირების ნაცვლად, მონაწილეთა ოდენობა 40-მდე უნდა გაიზარდოს. შესაძლებელია, დავამატოთ ორი ნაკრები აფრიკიდან, ორი – აზიიდან, ორი – ამერიკიდან, ერთი – ოკეანეთიდან და ერთიც – ევროპიდან“, – ციტირებს პლატინის სიტყვებს „თაიმსი“.

უეფას პრეზიდენტის წინადადება განსხვავებულად შეიძლება გავიგოთ: როგორც ბლატერის მხარდაჭერა და ევროპისთვის ადგილების შენარჩუნების მცდელობა; ან როგორც სურვილი, გვიჩვენოს ბლატერის იდეის აბსურდულობა. როგორც მოგეხსენებათ, პლატინი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბლატერის შემცვლელის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება. ფრანგის ეს განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც ერთგვარ წინასაარჩევნო ნაბიჯად.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავდაპირველად 13 გუნდი ასპარეზობდა, შემდეგ მათი რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, მოგვიანებით ტურნირი 24 ნაკრებამდე გააფართოვეს, ბოლოს კი – ჩემპიონატმა დღევანდელი სახე მიიღო. ახლა ევროპას 13 ადგილი აქვს, აფრიკას – 5, აზიას – 4 პლუს შესაძლებლობა სამხრეთ ამერიკას ერთი ადგილი აართვას.

დღეს არსებული ფორმატით, 32 გუნდი 8 ჯგუფში ნაწილდება (თითოეულში 4 ნაკრები). პლატინის პროექტი, თუ შეიძლება ამას პროექტი დავარქვათ, გულისხმობს თითოეული ჯგუფის 5 გუნდამდე გაფართოებას. მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა პლანეტის პირველობის გახანგრძლივებას გამოიწვევს.

„ფეხბურთი იცვლება, უკვე 209 ფედერაცია არსებობს, – საუბრობს პლატინი. – თუ ფიფას წევრთა რაოდენობა იზრდება, რატომ უნდა შევიზღუდოთ? 40 გუნდი ცუდი არ არის. ტურნირის ხანგრძლივობა მხოლოდ სამი დღით გაიზრდება. სამაგიეროდ, გულშემატკივრები კმაყოფილნი დარჩებიან“.

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის დეკემბერში, ბრაზილიის ქალაქ სალვადორში გაიმართება. სწორედ იქ განიხილავს პლატინი კოლეგებთან ერთად თავის იდეას. ის დარწმუნებულია, რომ მხარს დაუჭერენ. აღსანიშნავია, რომ ზეპ ბლატერმა პლატინის იდეის შესახებ არაფერი იცოდა. პირად საუბრებში ფრანგს მისთვის არაფერი უთქვამს. ისე გამოვიდა, რომ უეფას პრეზიდენტმა ბლატერს  თავისი ინოვაციის შესახებ საგაზეთო ინტერვიუს მეშვეობით ამცნო.

ბექა დოგრაშვილი

როგორი ფორმებით იასპარეზებენ ბრაზილიელები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე

ბრაზილიურმა პორტალმა Globoesporte-მ ფოტოები გაავრცელა, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორი იქნება ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორმა 2014 წელს, ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

camisa_brasil2

 

Copy of camisa_maior

12

როუზს ესპანეთში გამგზავრება სურს

”ჩიკაგო ბულზის” უკანახაზელს დერიკ როუზს ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა 500-ზე მეტი დღის განმალობაში არ აქვს მიღებული. მისი აღდგენითი პროცესი ამჟამად გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და იგი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეხვედრებში უნდა დაბრუნდეს პარკეტზე.

თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კი 24 წლის კალათბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების სურვილი გამოთქვა.

”თუ შემდეგ წელს აშშ-ს ნაკრებში გამომიძახებენ, მაშინ ჩემთვის ეს უდიდესი პატივი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მაიკ კჟიჟევსკის ჩემი გამოძახება მოუნდება, გუნდში რა თქმა უნდა ვიქნები”, – განაცხადა როუზმა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი დერიკმა მუხლის სერიოზული ტრავმის გამო გამოტოვა.

ალექსანდრე მატევოსოვი