ბუბა დაუშვილი: “პენალტის დარტყმა თანაგუნდელებს მე ვთხოვე” (ვიდეო)

უკრაინის ჩემპიონატში მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. ლვოვის “კარპატიმ” ოდესის “ჩერნომორეცი” მიიღო და ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ბოლო გოლი 92-ე წუთზე მურთაზ დაუშვილმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. სტუმართა შემადგენლობაში მატჩი სრულად ჩაამთავრა 22 წლის მცველმა დავით ხოჭოლავამ.

აღსანიშნავია, რომ პენალტის დანიშვნის ეპიზოდში “ჩერნომორეცის” მეკარე მოედნიდან გააძევეს, ვინაიდან მან ერთი ერთზე გამოსული მეტოქე საჯარიმო მოედანზე წააქცია. ოდესელებს შეცვლის ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ და კარში მინდვრის მოთამაშე ჩადგა, დაუშვილმა კი აუღებელი დაარტყა. მატჩის შემდეგ ქართველ ნახევარმცველს “კარპატის” ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა.

“ძალიან გახარებული ვარ. გატანილ გოლს ჩემს ახალშობილ ქალიშვილს მივუძღვნი, რომელსაც მარიამი დავარქვით. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. კმაყოფილები ვართ არამხოლოდ ანგარიშით, არამედ თამაშითაც.
პენალტის დარტყმის უფლება ბიჭებისგან მივიღე. თანაგუნდელებისა და მწვრთნელების მადლიერი ვარ. მე არ ვარ პენალტების დარტყმელი, თუმცა დღეს საპატიო მიზეზი მქონდა. დარტყმის მომენტში ჩემს ქალიშვილზე ვფიქრობდი.
როდესაც კარში მეკარე დგას, უფრო მეტად მოტივირებული ხარ, თუმცა დღეს მოტივაცია ისედაც არ მაკლდა.
შესაძლოა, ჩემს გოლს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, რამდენადაც გუნდის დამაჯერებელ თამაშს. მჯერა, რომ არ გავჩერდებით და ასეთივე თავდაჯერებით გავაგრძელებთ ასპარეზობას”, – განაცხადა ბუბა დაუშვილმა.

“კარპატი” 9 ქულით დონეცკის “შახტართან” და კიევის “დინამოსთან” ერთად 1-3 ადგილებს იყოფს.

 

დაუშვილის ახალი კონტრაქტი ლვოველებთან

ლვოვის “კარპატიმ” ხელშეკრულება სამ ფეხბურთელ გაუხანგრძლივა. კლუბის სპორტული დირექტორის ცნობით მათ შორის ერთ-ერთი საქარველოს ნაკრების ნახევარმცველი, მურთაზ დაუშვილია.

ქართველი საყრდენის ანგარიშზე უკრაინული პრემიერლიგის გასულ სეზონში 17 მატჩია.

შეგახსენებთ, რომ ლვოველებმა გათამაშება მე-13 ადგილზე დაასრულეს. 26 წლის დაუშვილი “კარპატის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს.

ლიპარტია და დაუშვილი დაზავდნენ

უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურში ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” ლვოვის “კარპატის” უმასპინძლა, რომელის ღირსებას მურთაზ დაუშვილი იცავს.

ქართველთა გუნდების შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ჯაბა ლიპარტიამ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა. მურთაზ დაუშვილი კი ძირითადში იყო, თუმცა მეორე ტაიმში ის ამბროსი ჩაჩუამ შეცვალა.

“ზორია” 42 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო “კარპატის” აქტივში 14 ქულა და მე-13 ადგილია.

ფიფამ “კარპატის” “ზესტაფონის” მიმართ 295 000 ევრო დააკისრა

ფიფამ ლვოვის “კარპატის” “ზესტაფონის” მიმართ 295 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს “კარპატიმ” “ზესტაფონის” აღზრდილი მურთაზ დაუშვილი იჯარის წესით აიყვანა, შემდეგ კი ფეხბურთელთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებაც გადაწყვიტა, თუმცა უკრაინულმა კლუბმა ქართულ მხარეს საკომპენსაციო თანხა არ გადაუხადა.

“ზესტაფონმა” ფიფაში საჩივრის წერილი გააგზავნა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს სადავო საკითხთა პალატამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით იმსჯელა და დაადგინა, რომ “კარპატიმ” იმერულ კლუბს 295 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. უკრაინული წყაროების ცნობით, “ზესტაფონი” 360 ათას ევროს ითხოვდა.

“კარპატი” გამოტანილი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს.