იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე საშემოდგომო ბაშოს მე-3 დღე პირველი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა თეიმურაზ ჯუღელისათვის. აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას სტატუსით მოასპარეზე ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა, იაპონელი გოლიათი, ფუჯიაძუმა მძლავრი მიძალებით დაჯაბნა და ოშიტაოშის ილეთით დასცა დოჰიოზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს შერკინება გაგამარუსა და ფუჯიაძუმას შორის რიგით მე-5 იყო და გამარჯვება ხუთივეჯერ ჩვენ სუმოისტს დარჩა.
როგორც გითხარით, გაგასთვის ეს პირველი მოგება იყო მიმდინარე ბაშოზე, პასივში კი ისევ 2 მარცხი რჩება.
ჩვენებურის მომდევნო მეტოქე კიდევ ერთი მძიმეწონოსანი იაპონელი, მე-14 მაეგაშირად განთესილი, მასუნოიამა იქნება, რომელიც სუსტი ფილტვებითა და სუნთქვის უკმარისობით გამოირჩევა. იაპონელს აკი ბაშოზე ქართველის მსგავსი ბალანსი აქვს (1 მოგება, 2 მარცხი). აი ურთიერთშეხვედრებში კი ჩვენი სეკიტორი საგრძნობ უპირატესობას ფლობს – განვლილი 6 შერკინებიდან 5 გაგას სასარგებლოდ დასრულდა.
რაც შეეხება დღის სხვა შეხვედრებს, ბაშოს მე-3 დღესაც ფაქტობრივად ყველა ფავორიტმა გამარჯვება იზეიმა, გარდა იაპონელი ოძეკი კისენოსატოსი. იაპონელთა მთავარ იმედს თანამემამულე მე-2 მაეგაშირა ოკინოუმისთან შეემთხვა მარცხი.
3 დღის თავზე საერთო ჯამში 7 დაუმარცხებელი სუმოისტი ყავს სექტემბრის ბაშოს. ესენი არიან: იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკები – კაკურიუ, კოტოშოგიკუ, კოტოოშუ და რიგითი მაეგაშირები – კიოკუტენჰო, იოშიკაძე, ტამავაში.