„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეჭვის თვალით უყურებს, რომ „ბარსელონამ“ ლიონელ მესი ტრანსფერზე დააყენოს, თუმცა თუ ეს მაინც მოხდება, შვედი ფეხბურთელი ამბობს, რომ არგენტინელის ხელში ჩასაგდებად პარიზულიკლუბი აუცილებლად იბრძოლებს.
ესპანურ და ფრანგულ პრესაში იწერება, რომ მესის კატალონიურ კლუბთან გაუმჯობესებული კონტრაქტი სურს, სურვილის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, „კამპ ნოუდან“ აბარგებით იმუქრება. სხვადასხვა წყაროები არგენტინელ ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებენ „პარი სენ-ჟერმენს“.
აღნიშნულ სატრანსფერო სპეკულაციებს ზლატანიც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ შვედმა ფეხბურთელმა ერთი სეზონი „ბარსელონაში“ გაატარა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაც ჰქონდა მესისთან.
„თუ მესის ტრანსფერზე დააყენებენ, „პსჟ“ აუცილებლად ეცდება მის გადმობირებას. არ ვიცი, თავად რა მდგომარეობაშია. ვფიქრობ, ის ბედნიერია „ბარსელონაში“. მედია ქმნის ასეთ დაძაბულ ატმოსფეროს. რეალური პასუხის გაცემა მხოლოდ მესის შეუძლია“, – ციტირებს იბრას სიტყვებს „პარიზიენი“.
2 იანვარს, ყატარში, „პარი სენ-ჟერმენსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართება. ზლატანმა ამ მატჩის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
„მიხარია, რომ ეს შეხვედრა გაიმართება. შესანიშნავი მატჩი გამოვა, რომელშიც ერთმანეთს ორი დიდებული კლუბი დაუპირისპირდება. ყატარში მაცხოვრებელ ხალხს მშვენიერი შესაძლებლობა მიეცემა.
ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩივით იქნება, მაგრამ სინამდვილეში კი – ამხანაგური. იმედი მაქვს, ჩვენ გავიმარჯვებთ“, – დაასრულა იბრაჰიმოვიჩმა.
ბექა დოგრაშვილი