“ინტერი” პოგბასთვის ბრძოლაში ჩაერთო

“ტუტოსპორტის” ცნობით, მილანის “ინტერი” პოლ პოგბასთვის ბრძოლაში ჩაერთო.

წყაროს თანახმად, “ნერაძური” საფეხბურთო აგენტ მინო რაიოლას “ევერტონის” ფორვარდ მოიზე კინის შესაძლო ტრანსფერის გამო დაუკავშირდა, თუმცა საუბრის დროს პოლ პოგბას სახელმაც გაიჟღერა, რომელიც სწორედ რაიოლას კლიენტი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბასა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის არსებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს გასდის, თუმცა კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლევა.

პოლ პოგბამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში შვიდი, ხოლო ინგლისის ლიგის თასზე ერთი მატჩი ჩაატარა. ამ სეზონში მის აქტივში ორი შედეგიანი გადაცემაა.

პოლ პოგბას რესტორანში თეფში ესროლეს (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ პოლ პოგბას უსიამოვნო ფაქტი შეემთხვა.

ფრანგი ფეხბურთელი მანჩესტერის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანს მეგობრებთან ერთად ეწვია. “სანის” ცნობით, პოგბას მაგიდასთან რამდენიმე პირი ავტოგრაფის მისაღებად მივიდა, მაგრამ ფრანგისგან უარი მიიღეს. 23 წლის ნახევარმცველის ასეთმა პასუხმა უცხო პირები აღაშფოთა, აგრესია კი ძალადობრივი ქმედებებით გამოხატეს. მათგან ერთ-ერთმა პოგბას მიმართულებით თეფშიც ისროლა, მაგრამ ფრანგს აცდა.

საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა, სიტუაცია რესტორანის უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა განმუხტეს.

Twitter-მა პოლ პოგბას საკუთარი სმაილი შეუქმნა

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველ პოლ პოგბას სოციალურმა ქსელმა Twitter-მა საკუთარი სმაილი შეუქმნა. პოგბას სმაილის დასაწერად ფრანგი ფეხბურთელის გვარს წინ ჰეშთეგი უნდა დაურთოთ (#Pogba).

პოგბა: “მაკრიტიკებენ? გაზეთებს არ ვკითხულობ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა კრიტიკოსებს გამოეხმაურა. 23 წლის ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში პირველი გოლი გაიტანა და “ლესტერ სიტისთან” ჩატარებული მატჩის (4:1) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“დღეს ძალზედ ყურადღებით ვიყავით მოედანზე. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა და ძალიან კარგად ვითამაშეთ. შედეგითა და გატანილი გოლით კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, ეს ბოლო გოლი არ იქნება.

ბევრს მაკრიტიკებენ? მე გაზეთებს არ ვკითხულობ. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: “ყველაფერს ცხოვრება განსჯის”, – ციტირებს პოგბას სიოტყვებს “სქაი სპორტსი”.

პოგბა: “ოქროს ბურთის” მოგება მინდა”

ტურინის “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ “ოქროს ბურთის” მოგება სურს.

“ვშრომობ და ვთამაშობ იმისთვის, რომ ვიყო საუკეთესო. მეორე პოზიციაზე ყოფნა არ მაინტერესებს. მინდა, რომ “ოქროს ბურთი” მოვიგო”, – ციტირებს 22 წლის ფრანგი ფეხბურთელის სიტყვებს Guerin Sportivo.

 

პოგბამ ვარცხნილობა კიდევ ერთხელ შეიცვალა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა თავისი ვარცხნილობით გულშემატკივრების გაოცებას განაგრძობს. ამჯერად 22 წლის ფეხბურთელმა თავზე ცნობილი იაპონური მულტფილმის სიმბოლო გამოისახა.

“იუვენტუსი” უახლოეს მატჩს იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში “ნაპოლის” წინააღმდეგ გამართავს.

პოგბას ახალი ორიგინალური ვარცხნილობა აქვს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა პოლ პოგბამ იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში “რომას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში ახალი ვარცხნილობით წარსდგება. ფრანგი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ დღეს გოლს გაიტანს და თავის სტილში აღნიშნავს, რომელსაც “ბანგი” ეწოდება.

“ახალი ვარცხნილობა დღევანდელი “ბანგ”, “ბანგ” ბანგისთვის”, – დაწერა სოციალურ ქსელში პოგბამ.

A video posted by Paul Labile Pogba (@paulpogba) on

ზიდანის მთავარი სატრანსფერო მიზანი — პოლ პოგბა

მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ პოლ პოგბას გადაბირებას შეეცდება.

“სამეფო კლუბის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სატრანსფერო სია ჩამოწერა და მთავარ მიზნად სწორედ პოგბა დაასახელა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუსი” მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკებები, თუ 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

ცნობისთვის, პოლ პოგბას “ბებერ სინიორასთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წელს ეწურება. ფრანგი ფეხბურთელის წლიური ჯამაგირი 4,5 მილიონ ევროს შეადგენს.

 

“ჩელსი” და “იუვენტუსი” პოგბას ტრანსფერზე შეთანხმდნენ, თუმცა…

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტისთვის” ცნობილი გახდა ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ პოლ პოგბას ლონდონის “ჩელსიში” არშემდგარი ტრანსფერის დეტალები.

როგორც წყარო იუწყება, 24 აგვისტოს კლუბები 22 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. ინგლისელებს პოგბას სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, თუმცა თავად ფეხბურთელმა “სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლა არ ისურვა.

გამოცემის თანახმად, პოგბამ ეს გადაწყვეტილება აგენტ მინო რაიოლასთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ მიიღო. “ჩელსი” ფრანგ ნახევარმცველს მნიშვნელოვნად გაზრდილ ხელფასს შეპირდა, თუმცა ფეხბურთელმა ტურინში დარჩენა ამჯობინა. შეგახსენებთ, რომ იგი “იუვენტუსში” წელიწადში 4,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, პოლ პოგბას სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

 

პოგბა — “იუვეს” ახალი ათიანი

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა პოლ პოგბამ საკლუბო ნომერი იცვალა.

22 წლის ფრანგი ფეხბურთელი “ბებერი სინიორას” რიგებში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე ამ ნომრით კარლოს ტევესი თამაშობდა, რომელიც “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნდა.

პოლ პოგბამ გასულ სეზონში “იუვენტუსის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

მოურინიო: “პოგბა ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა შეაქო და ისურვა, რომ ფრანგი ფეხბურთელი მის გუნდში თამაშობდეს. ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა პოგბა ეიფელის კოშკს შეადარა, რითაც მიგვანიშნა, რომ “ჩელსი” ამ ძვირადღირებული ფეხბურთელის დამატებას არ შეეცდება.

“პოგბა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. იგი ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა. თუ ის “იუვენტუსში” დარჩება, ტურინელები კვლავ ძლიერ ძალად დარჩებიან. თუ პოგბა სხვაგან გადავა, ის გუნდი მომენტალურად გაძლიერდება.

ყველა დაინტერესებულია პოგბათი, მაგრამ არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგიძლია და რასაც ვერ გააკეთებ. მე ძალიან მომწონს ეიფელის კოშკი, მაგრამ ჩემს ეზოში ვერ დავიდგამ”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს საფეხბურთო პორტალი Goal.com-ი.

 

დესაი: “პოგბასთვის საუკეთესო ვარიანტი “რეალი” იქნება”

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი მარსელ დესაი თვლის, რომ პოლ პოგბამ ტურინის “იუვენტუსი” არ უნდა დატოვოს და თუ მაინც გადაწყვიტა “ბიანკონერიდან” აბარგება, მადრიდის “რეალში” უნდა გადავიდეს. მისი თქმით, 22 წლის ნახევარმცველისთვის პრიორიტეტი შესაძლოა, ფინანსები და პრესტიჟი იყოს.

“იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, მოიგო იტალიის ჩემპიონატი. რატომ უნდა გადავიდეს პოგბა სხვაგან? თუ “მანჩესტერ სიტის” აირჩევს, ცხადი იქნება, რომ ამას ფულის გამო გააკეთებს. თუ მადრიდის “რეალში” გადავა, აქ უკვე მისთვის პრიორიტეტული პრესტიჟის საკითხი იქნება.

შესაძლოა, მისთვის საუკეთესო ვარიანტი სწორედ “რეალი” იყოს, რადგან “სამეფო კლუბის” ფილოსოფია შეტევას გულისხმობს. სამი ნახევარმცველის პირობებში პოგბა თავს უკეთ წარმოაჩენს. ერთადერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მას მარცხენა ფლანგზე გადაადგილება უყვარს ხოლმე, აქ კი “რეალს” კრიშტიანუ რონალდუ ჰყავს. მაინც ვთვლი, რომ თუ პოგბა “იუვენტუსიდან” წავა, მისთვის საუკეთესო ვარიანტი “რეალი” იქნება”, – დესაის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.