პეპ გვარდიოლა: ” მინდა ვისწავლო იმდენი, რამდენიც შესაძლებელია”

დღეს, მანჩესტერში შედგა პეპ გვარდიოლას, როგორც “მანჩესტერ სიტის” ახალი თავკაცის პრეზენტაცია. CityTv-სთან მიცემულ ინტერვიუში პეპმა აღნიშნა, რომ ის ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.

“ინგლისში გადმოსვლასთან და ბრიტანულ ფეხბურთში მოსვლასთან დაკავშირებით არანაირი ცუდი წინათგრძნობა არ მქონია. მინდა ვისწავლო იმდენი, რამდენიც შესაძლებელია.

რა თქმა უნდა, მაქვს გარკვეული გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ. ასევე იყო მაშინაც, როცა მიუნხენში მივედი, თუმცა მაშინ დროთა განმავლობაში ჩემი გეგმები ძირეულად შეიცვალა.

ვიცი, რამდენად ძლიერია პრემიერ ლიგა. ზოგი ამბობდა, რომ ინგლისში ჩემი ფეხბურთის თამაში გამიჭირდებოდა, ამიტომაც ჩემს თავს ვუთხარი – “რატომაც არა?” სწორედ ამიტომ ვარ აქ – იმიტომ რომ, მინდა საკუთარი თავი გამოვცადო.

უნდა მოვძებნოთ გზა, გზა გამარჯვებისაკენ და თუ მოვიგებთ ერთ მატჩს, მომდევნო კვირას ვიტყვით “კარგი, ახლა ვცადოთ და გავაკეთოთ იგივე ამ კვირასაც” – და თუ კიდევ მოვიგებთ, ვიტყვით, “გავაკეთოთ ის, რამაც ბოლო ორ მატჩში მოგება მოგვიტანა” და ასე შემდეგ.

მითხრეს, რომ ინგლისში ამის გაკეთება რთული იქნებოდა, თუმცე ჩვენ ეს “ბარსელონაში” და “ბაიერნში” გავაკეთეთ. ხალხმა შეიძლება თქვას, ‘დიახ, ეს იმიტომ რომ საქმე “ბარსელონასთან” და “ბაიერნთან” გვქონდა – ამის გაკეთება ინგლისში შეუძლებელი იქნებოდა.’ მე კი ვთქვი, კარგი, ვცადოთ.”

გვარდიოლასთან ერთად გუნდი პირველად ორშაბათს, 4 ივლისს ივარჯიშებს. პირველ მატჩში კი ინგლისური გრანდი “ბაიერნს” დაუპირისპირდება. “ალიანს არენაზე” ეს მატჩი 20 ივლისს გაიმართება.

Daily Mirror: პეპის “სიტი” ტონი კროოსსა და ლუის სუარესზე ნადირობს

Daily Mirror-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლა მადრიდის “რეალისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის, ტონი კროოსის გადაბირებას აპირებს. ამასთანავე, “მანჩესტერ სიტის” ახალი თავკაცი არ აპირებს თავი დაანებოს ოცნებას, ლუის სუარესის უკან, პრემიერ ლიგაში დაბრუნების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა მანჩესტერში მოსვლის შემდეგ უკვე განახორციელა ორი დიდი ტრანსფერი – მან 13.5 მილიონ ფუნტად შეისყიდა ნოლიტო და “დორტმუნდიდან” გადაიბირა ილკაი გიუნდოგანი.

თუმცა, “სიტის” ჯერ არ განუხორციელებია ისეთი ტრანსფერი, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედში” ზლატანის გადასვლის საპასუხო იქნება. სუარესის, ან კროოსის გადაბირება ამ მდგომარეობას თავისუფლად შეცვლის.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტონი კროოსმა უკვე ითამაშა ერთი სეზონი პეპის მეთვალყურეობის ქვეშ – როცა ის “ბაიერნში” იყო. თუმცა, შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა მადრიდის “რეალში” გადაწყვიტა გადასვლა (21.5 მილიონ ფუნტად).

41

მართალია, რომ მისი ამჟამინდელი კონტრაქტის ამოწურვამდე 4 წელია დარჩენილი, თუმცა 63 მილიონ ფუნტს ამ ხარვეზის გამოსწორებაც შეუძლია.

რაც შეეხება ლუის სუარესის ვარიანტს – გვარდიოლა კარგა ხანია, რაც ურუგვაელი ფეხბურთელის დარწმუნებას ცდილობს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლუის სუარესის წარმომადგენელი, პერე პეპ გვარდიოლას ძმა არის. ურუგვაელის გადაბირება ინგლისელებს 85 მილიონ ფუნტად შეეძლებათ. ეს 20 მილიონი ფუნტით მეტია იმ თანხაზე, რაც ბარსელონელებმა თავის დროზე “ლივერპულს” გადაუხადეს.

წყაროს ცნობით, სუარესის ოჯახს ესპანეთის დატოვების და ინგლისში დაბრუნების შესაძლებლობა საკმაოდ კარგ ვარიანტად მიაჩნიათ.

The Guardian: პეპ გვარდიოლა ვიქტორ ვალდესისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას აპირებს

ინგლისური “გარდიანის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები ვიქტორ ვალდესის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდებიან.

წყარო გვამცნობს, რომ “ქალაქელები” 34 წლის ფეხბურთელისთვის კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ, რომელიც სავარაუდოდ სულ მალე მოიპოვებს თავისუფალი აგენტის სტატუსს.

როგორც იცით, ესპანელი მეკარე ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედში” ირიცხება, სადაც გასულ სეზონში, ლუი ვან გაალის მიწვევით მივიდა. თუმცა, ვიქტორმა მხოლოდ ორჯერ შეძლო “იუნაიტედის” ღირსების დაცვა, რის შემდეგაც არენდით ბელგიურ კლუბში გადაბარგდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” სათავეში პეპ გვარდიოლა უდგას, რომელსაც ვიქტორთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებს. ვალდესის გადაბირება სწორედ მისი, პირადი სურვილია.

გვარდიოლას კიდევ 6 ფეხბურთელის გადაბირება სურს

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა დორტმუნდის “ბორუსიადან” ილკაი გიუნდოგანის შეძენის შემდეგ გაჩერებას არ აპირებს და კიდევ 6 ფეხბურთელის გადაბირებას ეცდება.

ესპანელი სპეციალისტი მანჩესტერულ კლუბში კიდევ ერთი ნახევარმცველის, ერთი ცენტრალური მცველის, ფრთებზე მოთამაშე ორი მცველისა და ერთი თავდამსხმელის გადაბირებას აპირებს.

“ქალაქელთა” სიაში მოხვდნენ ჯონ სტოუნზი (“ევერტონი”), ემერიკ ლაპორტე (“ატლეტიკი”), “რეალის” ნახევარმცველი, ტონი კროოსი და “შალკეს” ვინგერი ლეროი სანე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პეპის სიაში ვერ მოხვდა “იუვეს” ლიდერი, პოლ პოგბა, რომელთანაც ინგლისური კლუბი კარგა ხნის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

რუმენიგე: “პეპის ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა ყოფილიყო”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე თვლის, რომ პეპ გვარდიოლას ბოლო მატჩი “რეკორდმაისტერი” მწვრთნელის რანგში არა თასის ფინალი, არამედ ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა ყოფილიყო.

“მინდა ამ საღამოს ერთი გმირი გამოვყო და ეს გმირი პეპ გვარდიოლაა. ჩვენ მასთან ერთად სამი წელი გავატარე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამი წელი დიდებული იყო. ჩვენ ბევრი ტიტული მოვიგეთ, ეს თასი მეშვიდე იყო.

მაგრამ აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ არის ერთი რაღაც, რაც ძალიან მაბრაზებს – ის, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე ვიქნებით ერთად.

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონს თუ განვიხილვათ, მივხვდებით, რომ საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ და ფინალის საგზურიც დავიმსახურეთ, თუმცა მილანში ვერ ვითამაშებთ. ეს ცოტა არ იყოს მაბრაზებს კიდეც, პეპის ბოლო მატჩი ჩემპიონთ ლიგის ფინალი უნდა ყოფილიყო.

ჰიონესმა ჩვენ ტრიპლეტი მოგვაგებინა, რომ არა პეპი, მომავალ წელს დუბლს ვერ მოვიგებდით. ასეთი წარმატებული წლის შემდეგ ძალიან რთულია დუბლის გაფორმება. ჩვენ მისი მადლობელნი უნდა ვიყოთ.”

ტუხელი: “გვარდიოლა საუკეთესოა და ის ძალიან დაგვაკლდება”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა აღიარა, რომ პეპ გვარდიოლა გერმანული ფეხბურთისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

გერმანიის თასის ფინალურ მატჩამდე, პრესასთან საუბრისას ტუხელმა თქვა:”გვარდიოლას გუნდებს ყოველთვის ჰქონდათ რაღაც გამორჩეული.

ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობაა, როცა საკუთარ შესაძლებლობებს საუკეთესოსთან ზომავ. დიახ, პეპი საუკეთესოა და მისი არყოფნა გერმანული ფეხბურთისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.

რა თქმა უნდა ამავდროულად არის დადებითი მხარეც – მე მასთან დაპირისპირება აღარ მომიწევს, მაგრამ გულწრფელი რომ ვიყო, ის მეც ძალიან მომენატრება.”

გვარდიოლა: “ბაიერნში” არ დავბრუნდები”

პეპ გვარდიოლა მომავალში ბავარიაში დაბრუნებას არ გეგმავს. ეს განცხადება მან ბუნდესლიგიდან გავარდნილი “ჰანოვერის” დამარცხების შემდეგ გააკეთა (3-1).

“არა მგონია უკან დავბრუნდე. “ბაიერნს” ახალი მწვრთნელი ესაჭიროება, რომელთან ერთადაც კლუბი ახალ დონეზე იბრძოლებს.”

632274

მატჩის დასრულებისთანავე “რეკორდმაისტერმა” გერმანიის ჩემპიონობა აღნიშნა. “ბაიერნის” ფეხბურთელებმა ბუნდესლიგის მოგება როგორც ყოველთვის, წელსაც ლუდით აღნიშნეს. ბავარიელთა ტრადიციის შეფასებაც სთხოვეს:” ლუდი ძალიან ცივი იყო! მართლაც რომ კარგი ტრადიციაა, ბარსელონაში ასე არ ხდებოდა.”

ივიცა ოლიჩმა პეპ გვარდიოლა მკაცრად გააკრიტიკა

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა თავდამსხმელმა, ივიცა ოლიჩმა ამჟამად ბავარიელთა ამჟამინდელ თავკაცი, პეპ გვარდიოლა გააკრიტიკა, რომელმაც ბოლო სამი წლის მანძილზე ერთხელაც ვერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა.

“ზედიზედ სამი წელია, რაც გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპიდან აგდებენ, “ბაიერნის” მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, ეს სრული კრახია.”

როგორც იცით, “რეკორდმაისტერი” ბოლოს “ატლეტიკომ” გამოაგდო ჩემპიონთა ლიგიდან. ოლიჩმა მათი მოქმედებებიც შეაფასა: “მართალია, რომ “ატლეტიკო” ანტიფეხბურთს თამაშობს, თუმცა მათ ზუსტად იცოდნენ, თუ რა სჭირდებოდათ.

ჭადრაკის ამ პარტიაში, დიეგო სიმეონეს ყველა სვლა სწორი იყო, გვარდიოლა კი საკუთარ ფილოსოფიაში აიბლანდა. გვარდიოლამ თავისი მისია ვერ შეასრულა.”

Daily Mail: გვარდიოლამ თვალი “ვესტ ჰემის” ახალგაზრდა ფეხბურთელს დაადგა

“მანჩესტერ სიტის” მომავალმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მიზნად “ვესტ ჰემის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, რის ოქსფორდის გადაბირება დაისახა. ამ ინფორმაციას ინგლისური Daily Mail ავრცელებს.

თუმცა, “ვესტ ჰემი” მას ასე ადვილად არ გაუშვებს – “ჩაქუჩების” ხელმძღვანელები მისთვის ახალი, გაუმჯობესებული პირობების შეთავაზებას აპირებენ, ახალი კონტრაქტი მზადების პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე გახლავთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი 17 წლის ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში.

როგორც იცით, “სიტი” ამავდროულად “ევერტონის” მცველთან, ჯონ სტოუნზთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომლის გადაბირებითაც ლონდონის “ჩელსიც” გახლავთ დაინტერესებული.

გვარდიოლა: “მომკალით, თუ “ბაიერნი” “ატლეტიკოს” ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებს”

მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი, პეპ გვარდიოლა იმდენად არის დარწმუნებული იმაში, რომ ბავარიული გრანდი შინ, “ატლეტიკოს” სასურველი ანგარიშით დამარცხებას შეძლებს, მზადაა სკუთარი თავიც კი დადოს სასწორზე.

“მარცხი სუფთა ტაქტიკურმა წაგებამ გამოიწვია. უბრალოდ ერთი თავდამსხმელით მინდოდა თამაში.

ორი ფორვარდით თამაშის არც თუ ისე კარგი გამოცდილება მაქვს. მინდოდა მეტი კონტროლი გვქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ ტომას მიულერით თამაში მიყვარს.

ლისაბონში, რობერტ ლევანდოვსკის გარეშეც მოვიგეთ. თუმცა შემდეგში ეს პრობლემატური გახდა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ჯერ არაფერი დასრულებულა. შანსი კიდევ გვაქვს. თუ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც ვგეგმავ, შეგიძლიათ მომკლათ!”

გვარდიოლა საულზე: “მისთვისვე აჯობებს, თუ მესის არ შეადარებენ”

მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (1-0), ერთადერთი გოლის ავტორზე, საულ ნიგესზე ისაუბრა.

“საულს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მე მის შესაძლებლობებს დიდ პატივს ვცემ. თუმცა, მისთვისვე აჯობებს, თუ მას ლეო მესის არ შეადარებენ.

რაც შეეხება ორმატჩიან დაპირისპირებას, კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ ვის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ის, რაც საულმა გააკეთა შეიძლება შემდეგშიც მოხდეს.

მართალია გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ერთ გოლს მაინც ვიმსახურებდით. რა თქმა უნდა, თავის გამართლებას არ ვაპირებ.”

ალონსო: “პიროვნულად პეპი და ჟოზე ერთმანეთს ძალიან გვანან”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველს, ჩაბი ალონსოს სჯერა, რომ პიროვნულად ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა მსგავსები არიან, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფია ემხრობიან.

“საფეხბურთო კუთხით პეპი და ჟოზე აშკარად განსხვავებული ადამიანები არიან, თუმცა მათ პიროვნულობაში ბევრ მსგავსებას ვხედავ.

მოურინიო 100%-ით კონკურენტუნარიანია, მას ყველაზე მეტად მოგება უნდა და ამის მისაღწევად გზიდან ყველას იშორებს.” – განაცხადა ალონსომ, რომელიც ამჟამად პეპის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.