იტალიურმა კლუბებმა თვალი ლუის გუსტავოს დაადგეს
ტურინის “იუვენტუსისა” და “მილანის” ხელმძღვანელები “ვოლფსბურგის” ნახევარმცველის, ლუის გუსტავოს გადაბირებას ცდილობენ. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, ტურინის “იუვენტუსი” მზადაა, ბუნდესლიგური კლუბის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო ზამთარშივე გადაიხადოს. მილანელებს კი მისი გადაბირება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სურთ.
პეპე ჩინურ კლუბს შეუთანხმდა
მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი, კეპლერ პეპე ჩინური სუპერ ლიგის კლუბს, “ჰებეი ფორტუნას” შეუთანხმდა. Calciomercato-ს ცნობით, ჩინელები პორტუგალიელს 15 მილიონ ევროს სთავაზობენ თითო ჩატარებულ სეზონში.
როგორც იცით, 33 წლის პორტუგალიელი ბოლო დროს “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “იუვენტუსსაც” დაუკავშირეს, თუმცა, მან ევროპაში თამაშს მანუელ პელეგრინისთან გაერთიანება არჩია, რომელიც “ჰებეის” თავკაცი გახლავთ.
“მანჩესტერ იუნაიტედს” “ლაციოს” დუეტი მოუნდა
იტალიურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელები “ლაციოს” ორი ფეხბურთელის, სტეფან დე ვრეისა და კეიტა ბალდე დიაოს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.
როგორც ცნობილი ხდება, ჟოზე მოურინიოს დე ვრეის ტრანსფერით გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერება სურს, კეიტას კი რუნის პოტენციურ შემცვლელად მოისაზრებს.
ევრა “მარსელში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა
ტურინის “იუვენტუსის” ფრანგი მცველი, პატრის ევრა კლუბს ტოვებს. RMC Sport-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე გადაწყვიტა, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება.
წყაროს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-ფეხბურთელი “მარსელთან” 1,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გვარდიოლა ახანგრძლივებს?
The Sun-ის რედაქცია ძალზედ საინტერესო და მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, “მანჩესტერ სიტის” ესპანელ სპეციალისტს, პეპ გვარდიოლას კლუბთან ახალი, უფრო გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.
მიუხედავად მისი ბოლოდროინდელი განცხადებების, რომლის მიხედვითაც პეპის სამწვრთნელო კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა, ის მზადაა “ეტიჰადის” ბინადრებთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
იტალიურმა გრანდებმა მიზანში ცესკ ფაბრეგასი ამოიღეს
იტალიური სერია ა-ს კლუბები “ჩელსის” ესპანელი ნახევარმცველის, ცესკ ფაბრეგასის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ამ ინფორმაციას Fichajes-ის რედაქცია გვაწვდის.
წყაროს ცნობით, 25 მილიონ ფუნტად შეფასებული ფაბრეგასის გადაბირების სურვილს “იუვენტუსის”, “მილანისა” და “ინტერის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.