“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.

ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და”სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და”ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

კუმანს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანეთის პრიმერადივიზიონში მადრიდის “რეალთან” გამართული შეხვედრის (1:3) შემდეგ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მსაჯები და ვიდეოგამეორების სისტემა გააკრიტიკა, რის გამოც ორიდან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ნიდერლანდელი სპეციალისტის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღძრეს მუხლით, რომელიც კრძალავს მსაჯების ან ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის წევრების მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებასა და მათ შეურაცხყოფას. შესაძლოა, კუმანს დისკვალიფიკაცია არ აკმარონ და 601-დან 3005 ევრომდე ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრონ.

“რეალთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ კუმანმა მსაჯები გააკრიტიკა და თქვა, რომ მიმდინარე სეზონში VAR სისტემასთან დაკავშირებული სადავო ეპიზოდები მუდმივად მისი გუნდის საწინააღმდეგოდ წყდება.

რომელმა ხუთმა კლუბმა გამოთქვა კვარაცხელიას დამატების სურვილი ბოლო 3 თვეში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ქართველი ფეხბურთელის კარიერის პერსპექტივებზე ისაუბრა.

“ლეონიდ სლუცკისთან და “რუბინის” სპორტულ დირექტორთან საუბრისას მითხრეს, რომ კვარაცხელიას ევროპაში სათამაშოდ წასასვლელად კიდევ ერთიდან ორ წლამდე პერიოდი სჭირდება.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ხვიჩას თაობაზე ხუთმა კლუბმა მომმართა: “ტორინო”, “სასუოლო”, “ზალცბურგი”, “გენტი” და “უდინეზე”.

“რუბინმა” ცოტა ხნის წინ შეკრა კარგი გუნდი. ახლა ყაზანელები კვარაცხელიას გასაყიდად მზად არ არიან და მისი გაყიდვა რომც უნდოდეთ, მე წინააღმდეგი ვიქნებოდი. მან ჯერ კიდევ უნდა ითამაშოს რუსეთის ჩემპიონატში. ალექსეი მირანჩუკი ჭკვიანი ბიჭია. მან აქ ჩემპიონატი და თასი მოიგო და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა “ატალანტაში”.

მინდა, რომ ხვიჩამ ხუთ წელიწადში მადრიდის “რეალში” ითამაშოს. მე ამის მჯერა. მჯერა, რომ ითამაშებს “რეალში” ან “ბაიერნში”. ბავარიელებს მისი დამატება ისედაც უნდოდათ, ხვიჩა მიუნხენში იყო, ჰასან სალიჰამიჯიჩს შეხვდა, იქაურობა დაათვალიერებინეს. გარკვეული საუბრები იყო, მაგრამ არ აიყვანეს. მაშინ ხვიჩა 17 წლის იყო. თქვეს, კიდევ ექვსი თვე შევხედავთო და საბოლოოდ, ასე ჩაიშალა. მე არამხოლოდ ვიმედოვნებ, არამედ ვიცი, რომ კვარაცხელია ასეთ კლუბში ითამაშებს. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც “რეალში” გადავა. ეს შეიძლება იყოს “ბარსელონა”, “რეალი”, “ბაიერნი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. მჯერა, რომ მსგავს გუნდში ითამაშებს. ასეთ კლუბში გადასვლა ახლავე რომ შეეძლოს, დღესვე გავუშვებდით. მისი “ჯენოაში” და “უდინეზეში” კი არა, “ჩელსიში”, “ინტერში”, “ბაიერნში”, “რეალში” და მსგავსი დონის კლუბებში გაყიდვა გვინდა. ღმერთს ვთხოვ, რომ ტრავმა არ მიიღო და ასეთ გუნდში აუცილებლად მოხვდება”, – აღნიშნა მამუკა ჯუღელმა.

“დილა” – “ტორპედოს” მატჩისას მოედანზე ძაღლი შევიდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გორის “დილასა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ძაღლი შევიდა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.

რას წერენ პაოკ-ის ფანები თბილისის “დინამოზე”?

სულ ცოტახ ნის წინ გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შედმეგ, ევროპის ლიგის ფლეი-ოფში თბილისის “დინამოს” მეტოქე ბერძნული “პაოკი” იქნება.

ჩვენი მოწინააღმდეგის ფანები შემდეგ რამეს წერენ აღნიშნულ დაპირისპირებაზე…

“პაოკისთვის” “დინამო” უმარტივესი მეტოქეა.”

“თბილისის “დინამო”… ეს ისტორიული გუნდია!”

“შესანიშნავია! მგონი, ასე პირველად გაგვიმართლა”

“ყველაზე კარგი ვარიანტი პაოკ-ი – თბილისის “დინამო”

1

“ჩვენ “ოლიმპიაკოსი” არ ვართ, ასეთ გუნდებთან რომ ვმარცხდებოდეთ.”

2

“დორტმუნდი” – “მაინცის” მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნაზე გულშემატკივარი გარდაიცვალა (ვიდეო)

13 მარტს, გერმანიის ბუნდესლიგაში, დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “მაინცი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნაზე მყოფ ორ გულშემატკივარს გულის შეტევა დაემართა. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.

ამ საწმუხარო ფაქტის შემდეგ, ორივე გუნდის ფანებმა ჩვეულ სტილში გულშემატკივრობა შეწყვიტეს, ხოლო დორტმუნდელებმა “You’ll Never Walk Alone” შეასრულეს.

“მანჩესტერ სიტის” ფანებს კლუბის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის დასახელება სთხოვეს

სპორტული სააგენტო Goal.com-ის ბრიტანულმა ბიურომ “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულს” შორის გასამართ მატჩამდე “ქალაქელთა” ფანები გამოკითხა და მათ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვა. დასახელებულთა შორის ყველაზე ხშირად გიორგი ქინქლაძის სახელმა გაიჟღერა.

პოლიციამ “მანჩესტერისა” და “ლივერპულის” ფანები გააფრთხილა

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი შაბათს, “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლივერპულს” მიიღებს.

სატელევიზიო უფლებების მქონე კომპანიის მოთხოვნით, შეხვედრა გვიან, კერძოდ – თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. ამის გათვალისწინებით სამართალდამცველები შიშობენ, რომ ორივე კლუბის ფანები დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს მიიღებენ და შესაძლოა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ჰქონდეს ადგილი.

“იმედს გამოვთქვამთ, რომ ორივე კლუბის გულშემატკივრები სათანადოდ მოიქცევიან და საბოლოო შედეგის მიუხედავად, მატჩით დატკბებიან”, – ნათქვამია სამართალდამცველი ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, პოლიციამ ფანები გააფრთხილა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება და პიროტექნიკის გამოყენება დაუშვებელია.

 

“ჩელსიმ” კლუბის ხუთ ფანს მატჩებზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალა (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსიმ” კლუბის ხუთ ფანს პარიზის მეტროში რასისტული ქცევის გამო მატჩებზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალა.

ინციდენტი 2015 წლის თებერვალში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:1) დაწყებამდე მოხდა. ლონდონური კლუბის ფანებმა მეტროს ვაგონში ფერადკანიანი მამაკაცი არ შეუშვეს, თან სკანდირებდნენ: “ჩვენ რასისტები ვართ და ეს მოგვწონს”.

“ჩელსის” მატჩებზე დასწრება სამუდამოდ აეკრძალათ ჯოშ პარსონს, უილიამ სიმპსონს, ჯორდან მანდეის, დინ კალისსა და რიჩარდ ბარკლის. ეს უკანასკნელი ყოფილი პოლიციელი გახლავთ.

ფეხბურთი – ბავშვობასთან დაკავშირებული საუკეთესო მოგონება

ბევრი ჩვენგანისთვის ფეხბურთი ერთ-ერთი ის მთავარი რამაა, რომელიც ბავშვობასთან და შემდგომ ცხოვრებასთან პირდაპირ კავშირშია. ამ მოსაზრებას ყველა მკითხველი თუ არა, მისი უმეტესობა მაინც დაეთანხმება. მეტიც, ბევრისთვის ფეხბურთი მინიმუმ ათ წლამდე ერთადერთი გართობა იქნებოდა. აბა, ეზოში მეგობრებთან ერთად ბურთის გაგორებაზე უკეთესს იმ ასაკში, ალბათ, ვერაფერს წარმოვიდგენდით. მობილური ტელეფონი ერთეულებს თუ ექნებოდათ, კომპიუტერზე საუბარი კი ზედმეტია. მნიშვნელობა არ აქვს, კარგად ვთამაშობდით თუ ცუდად, ე.წ. „კაპიტნები“ ჩვენთვის ადგილს ყოველთვის გამონახავდნენ. არსებული სტერეოტიპის მიხედვით, შედარებით მსუქანი მოთამაშე მარადონას ან რონალდოს ნიჭით დაჯილდოვებული თუ არ იყო, სამწუხაროდ, სურვილის მიუხედავად, კარში ჩადგომა უწევდა (ფრაზა „ან ყველაფერი, ან არაფერი“ ამ სიტუაციას ყველაზე კარგად აღწერს). კარში დგომასაც თავისი პლიუსები ჰქონდა. მაგალითად, შეგეძლო დაგემტკიცებინა, რომ სასარგებლო ფეხბურთელი იყავი ან ძალიან კარგი მეკარე. თუმცა, გასათვალისწინებელი ისიც იყო, რომ პირველივე კარგი სეივის შემდეგ თავი ოლივერ კანად ან ჯანლუიჯი ბუფონად არ გეგრძნო, რადგან შემდეგომ, შეცდომის დაშვების შემთხვევაში, მოტივაციას დაკარგავდი და ივერვიულებდი. აი, ასაკით გაცილებით უფროსების თამაშის ყურება კი როგორც სიამოვნება, ასევე იმედგაცრუება იყო. ერთი მხვრივ, ეზოს ან სკოლის დონეზე ძალიან დაძაბულ მატჩს უყურებდი, მეორე მხვივ, ამ პროცესში ჩართული მხოლოდ მაშინ იყავი, თუ ბურთი სადმე შორს აღმოჩნდებოდა და ორივე გუნდი მთლიანი შემადგენლობით მის მოტანას გთხოვდა. ეს თხოვნა სწრაფად უნდა შეგესრულებინა, რათა მათ თვალში ამაღლებულიყავი, რაც თამაშის მცირე შანსს მაინც მოგცემდა. გული, ალბათ, მაშინ გწყდებოდათ, როდესაც ვინმე თამაშს გპირდებოდათ, თუმცა მატჩის დამთავრებისთანავე მიდიოდა, თქვენ კი ან მარტო რჩებოდით, ან მეგობრებთან ერთად ბურთის ძებნა გიწევდათ. ბურთი საერთოდ ცალკე პრობლემა იყო. ოცი კაციდან იგი ერთ-ერთს მაინც თუ გააჩნდა, მთელი დღის განმავლობაში გარეთ ყოფნა გარანტირებული იყო. უსიამოვნო მხოლოდ ის თუ იყო, ამ ოცი კაციდან ის ერთადერთი სწორედ შენ იყავი – ყოველთვის ბურთის იდეალურ მდგომარეობაში დატოვებაზე დარდობდი და როცა მისი გაბერვის დრო დგებოდა, დამატებითი „პროცედურების“ გავლა გიწევდა. საინტერესო ისიც იყო, თუ ვინ რამდენს კენწლიდა. აქაც, რა თქმა უნდა, ნიჭით ერთეულები თუ გამოირჩეოდნენ, თუმცა, ვაღიაროთ, რომ დღეს თითქმის ყველა სხვა საქმიანობითაა დაკავებული და ფეხბურთთან შეხება, ამ მხვრივ, არ აქვს, თორემ, ფეხბურთელობაზე, შეიძლება, დღესაც კი ვოცნებობდეთ. სხვა და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ისიც იყო, თუ სად გვეთამაშა. დღეს ამის პრობლემა არ არსებობს, ყოველ უბანში მინიმუმ სამ ხელოვნურ საფარიან სათამაშო მოედანს იპოვით. ადრე კარიც კი არ იყო, რაც ქვების პოვნას ან კედელზე ხაზების დახატვას საჭიროებდა.

თამაშზე მგონი საკმარისად ვისაუბრეთ, ახლა უშუალოდ ყურებაზე გადავიდეთ. ეზოში ან სკოლაში მეგობრებთან ერთად ნაყოფიერი თამაშის შემდეგ საღამოს მისი ყურების დროც დგებოდა. პარალელურად იმაზეც ვფიქრობდით, რომ მეორე დღეს სკოლაში წასვლა გვიწევდა და, შესაბამისად, ადრე ადგომაც, რის გამოც მშობლები, დიდი ალბათობით, მაქსიმუმ პირველი ტაიმის ყურების საშუალებას გვაძლევდნენ, მეორე დღეს, ანგარიშის არცოდნის შემთხვევაში, სკოლაში ადრე მივდიოდით, რათა ფეხბურთის „მცოდნე“ ბავშვებისგან განვლილი შეხვედრის ანგარიში გაგვეგო. კლასში ბევრი ფეხბურთის მაყურებელი თუ სწავლობდა, თითქმის ყველა მასწავლებელს ორმაგი სამუშაოს შესრულება და მათი დაწყნარება უწევდა. კამათი გაკვეთილების დაწყების წინ იწყებოდა, დასვენებაზე და უშუალოდ გაკვეთილებზე გრძელდებოდა და სასწავლო დღის დასრულების შემდგომ სრულდებოდა. თუ ბოლო წლებში ერთმანეთს „ბარსას“ ან „რეალს“ ადარებენ, ადრე არჩევანი გაცილებით დიდი იყო. ხან „ბარსა“ „მილანის“ შედარებას იწყებდნენ, ხან „რეალი“ „იუვენტუსის“… ის, რომ თუნდაც იტალიურ კლუბებს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, უმეტესწილად, სწორედ ამ გუნდების გასულ წლებში მიღწეული წარმატებაა. დღეს რთულია, 8-9 წლის ბავშვის წარმოდგებნა, რომელმაც ფეხბურთის ყურება ახლა დაიწყო და იტალიური ფეხბურთის საუკეთესო პერიოდის შესახებ გაეგოს. არადა, ერთ დროს მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ლიგას თავისი ხიბლი ჰქონდა. ტელევიზორში სერია ა-ს მატჩების ნახვა ერთი სიამოვნება იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ამდენი ვარსკვლავის ფონზე, ყველას სხვადასხვა ფავორიტი ჰყავდა, რაც საკმაოდ საინეტერესო კამათისა და დისკუსიის საგანი ხდებოდა. წარმოიდგინეთ, პატარა ბიჭები, რომლებიც თვლიან, რომ ფეხბურთში ჩახედულები არიან და ერთმანეთისთვის ამა თუ იმ ფეხბურთელის ან გუნდის სიძლიერის დამტკიცებას ცდილობენ. მსგავს სიტუაციაში საკუთარი თავი ახლა რომ დავინახოთ, ალბათ, გაგვეცინება კიდეც. არადა, მატჩების გარჩევისას თავს ფეხბურთის ექსპერტებად წარმოვიოდგენდით და გვეგონა, რომ ამაში ბადალი არ გვყავდა. ორმაგად სასიამოვნო ამის გამო უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან კომპლიმენტების მიღება იყო, მაშინ თავს ნამდვილ საფეხბურთო გურუებად ვგრძნობდით. უფროსი თაობისგან ქართულ ფეხბურთზე ისტორიები მაშინაც გვესმოდა. ძველი თაობის ამ ისტორიების წყალობით ამაყები ვხვდებით, რადგან ოდესღაც ჩვენს ქალაქისა და ქვეყნის გუნდში მიხეილ მესხის, დავით ყიფიანის, ვიტალი დარასელიას და სხვა მაღალი დონის შემსრულებლები თამაშობდნენ, რომლებმაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში თავისი კვალი სამუდამოდ დატოვეს. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ თბილისური კლუბის მსგავს წარმატებას ჯერ არ მოვსწრებივართ და ძალიან გაგვიხარდება, თანამედროვე ფეხბურთში გუნდი „ოქროს ბიჭების“ მიერ მიღწეული შედეგის 50%-ს მაინც თუ მიაღწევს. რამდენიმე წელიწადში კი ვხვდებოდით, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ჩვენგან ვერ დადგებოდა, ამიტომაც, ცოდნის ხარჯზე, ჟურნალისტობაზე ან კომენტატორობაზე ოცნებაც გაჩნდა.

ბავშვობის ფეხბურთთან დაკავშირებული მოგონებები ფეხბურთელების და გუნდების პლაკატების დაგროვებასთანაც ასოცირდება. მახსოვს, როგორ გამიხარდა, როდესაც სკოლაში კლასელმა ორი პლაკატი მაჩუქა, რაც შემდგომ პატარა გატაცებადაც კი იქცა. განსაკუთრებით სასიხარულო იყო, როცა რომელიმე ჟურნალში საყვარელი მოთამაშის პლაკატი გხვდებოდა და შემდგომ ერთ-ერთი ოთახის კედელს ამშვენებდა.

სავარაუდოდ, ბევრს სპორტის ამ სახეობამ არასაფეხბურთო ცოდნაც მოგცათ. მაგალითად, უკვე ათი წლის ასაკში საფეხბურთო კლუბების წყალობით ბევრი ქვეყნის დედაქალაქი ვიცოდით. ამ მხვრივ გეოგრაფიაზე ზოგადი ცოდნის მოპოვებას სწორედ ფეხბურთს უნდა ვუმადლოდეთ. ვინც დამეთანხმება, ალბათ, იმასაც დაადასტურებს, რომ მეექვსე კლასში გეოგრაფიის შესავალში ნაცნობი ინფორმაციის წაკითხვით ამაყი დარჩა და საყვარელი თამაშიც გაიხსენა.

მსგავსი მიზეზების გამო მსოფლიოში სპორტის ყველაზე ცნობილი სახეობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ფეხბურთს კიდევ არაერთი მსგავსი დადებითი მხარე აქვს, ყველას ერთ სტატიაში ნამდვილად ვერ ჩავტევთ… ამიტომაც, გიყვარდეთ ფეხბურთი!

Fanebi.Com-ის ოფიციალური Android აპლიკაცია

ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა იცის, როგორ ვზრუნავთ საიტის განვითარებაზე, მომხმარებლების კომფორტზე და მათ მაქსიმალურად წახალისებაზე.

Fanebi.com-ი კიდევ ერთ საინტერესო და სასიხარულო სიახლეს გთავაზობთ.

შეიქმნა Fanebi.com-ის ოფიციალური აპლიკაცია Android-ის მომხმარებლებისთვის. ანუ მათ, ვინც საიტზე მობილური ტელეფონის ან პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით შემოდიან ხოლმე, ამიერიდან საშუალება ექნებათ, პირდაპირ აპლიკაციის მეშვეობით მიიღონ სპორტული სიახლეები, ნახონ ცხრილები და მიმდინარე მატჩები.

აპლიკაცია არის სრულიად უფასო და მისი ჩამოწერისთვის საჭიროა, ეწვიოთ ლინკს:

https://play.google.com/store/apps/details?id=ge.cyberia.fanebi&hl=ge

თუკი თქვენ გაქვთ iPhone ან სხვა iOS სისტემაზე მომუშავე აპარატურა, ჩვენ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ სპეციალურ აპლიკაციას სპეციალურად ამ სისტემისთვის.

ვეცდებით, მომავალში კიდევ უფრო დავხვეწოთ ამ მიმართულებით ჩვენი ვებგვერდი და მისი ფუნქციები. ამ მხრივ მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს.

Fanebi.Com — იყავი ნამდვილი ფანი